გურამ თევზაძე – ჯონ ლოკი
ინგლისელი ფილოსოფოსი ჯ. ლოკი შეეცადა ემპირიზმის სასარგებლოდ გამოეყენებინა რაციონალისტური მიმდინარეობისათვის დამახასიათებელი ნაკლი, რომელიც გამოცდილების საფუძველზე მიღებული ცოდნის მნიშვნელობის დამცირებაში გამოიხატებოდა. რაციონალისტური პოზიცია, პირდაპირ, თუ არაპირდაპირ, ადამიანში თანშობილი ცოდნის, ანუ თანდაყოლილი იდეების აღიარებას ემყარება. ლოკი ფიქრობდა, რომ თანდაყოლილი იდეების წინააღმდეგ ბრძოლა ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა, რადგან უარყოფდა არა მარტო მათ ფაქტიურ არსებობას ჩვენს ცნობიერებაში, არამედ უარყოფდა საერთოდ არაცნობიერის არსებობას ჩვენს ფსიქიკაში. ცხადია, თანმიმდევრული ემპირიზმის პოზიციებიდან თანდაყოლილის არსებობა ამის გარეშე არ უარიყოფა – არ დასაბუთდება, რომ ყველაფერი რაც ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს გონებაშია არსებული, გამოცდილებისაგანაა მიღებული. ეს ემპირისტებისათვის ზოგადი და უეჭველი დებულებაა. მაგრამ ისინი ყურადღებას არ აქცევენ იმას, რომ ეს დებულება თავისში წინააღმდეგობას შეიცავს. ასეა, რადგან გამოცდილების საფუძველზე მიღებული ცოდნა, როგორც ცნობილია, რაიმე საყოველთაო და აუცილებელი დებულების დადგენის საშუალებას არ იძლევა. რასაც იგი ადგენს, ყოველთვის, მეტად-ნაკლებად, ალბათურია. ამდენად, მას არც არაცნობიერის ჩვენს ფსიქიკაში არსებობის უდავო გამორიცხვა შეუძლია. წმინდა ემპირიზმის ეს წინააღმდეგობრივი ბუნება ლოკთან ნათლად გამოჩნდა. წმინდა რაციონალიზმის ნაკლოვანება კი, ცოტა უფრო ადრე, ბ. სპინოზას მოძღვრებაში გახდა ნათელი. ამის გამო ლოკის შემდეგ, დღის წესრიგში დადგა მათი სინთეზის პრობლემა, რომლის განხორციელებასაც გ. ფ. ვ. ლაიბნიცი შეეცდება, ხოლო იმანუელ კანტი დაასრულებს.
ლაიბნიცი ლოკის წინააღმდეგ დაწერილ ნაშრომში – “ახალი გამოკვლევა ადამიანის გონების შესახებ” ასე აჯამებს ლოკის შეხედულებებს: იგი პ. გასენდის მოძღვრების მომხრეა, რომლის სისტემა, არსებითად, დემოკრიტეს (ძვ. წ. 460-370) სისტემის იგივეობრივია, რამდენადაც გასენდიც აღიარებს სიცარიელეს და ატომებს, ისიც ფიქრობს, რომ მატერიას შეეძლო ეაზროვნა, რომ არ არსებობენ თანშობილი იდეები, ხოლო ჩვენი სული “წმინდა დაფაა”. იგი ასაბუთებს, რომ ადამიანი ყოველთვის არ აზროვნებს. როგორც ჩანს ეს მოაზროვნე მხარს უჭერს დეკარტის წინააღმდეგ გასენდის შენიშვნათა დიდ ნაწილს.
ჯ. ლოკი იურისტის ოჯახში დაიბადა. ოქსფორდის უნივერსიტეტში ბუნებისმეტყველებას და მედიცინას სწავლობდა. ფილოსოფოსებიდან მასზე ყველაზე დიდი გავლენა დეკარტმა მოახდინა; მაგრამ თვლიდა, რომ ამ ფრანგმა მოაზროვნემ პრინციპულად მცდარი მოძღვრება შექმნა. ამიტომ მიზნად დაისახა თანამედროვეები მისი გავლენისაგან გაეთავისუფლებინა. ამ მიზნისათვის იგი გულმოდგინედ სწავლობს უ. ოკამის (1300-1350) სკოლის ნომინალისტურ ლოგიკას. მისი კონცეფცია ყალიბდება, როგორც ზომიერი ნომინალიზმი, ანუ კონცეპტუალიზმი, რომელიც ზოგადის არსებობას მხოლოდ ადამიანის გონებაში მიიჩნევს შესაძლებლად.
1667-1675 წლებში ლოკი გავლენიან ლორდ შეფსტბერის ოჯახშია, როგორც ექიმი, ბავშვების აღმზრდელი და მეგობარი. იგი იზიარებს შეფსტბერის ბედს. იგულისხმება ინგლისიდან მისი განდევნა, დაბრუნება და აღზევება. ამ დიდკაცის შვილიშვილი, ცნობილი განმანათლებელი, ესთეტიკოსი ანტონ შეფსტბერი (1667-1709), რომელსაც კანტი დიდ პატივს სცემდა, ლოკის აღზრდილი იყო. ლოკის მეგობრებად ითვლებოდნენ კლინიკური მედიცინის ფუძემდებელი თ. სიდენჰემი, ქიმიაში ექსპერიმენტული მეთოდის შემტანი რ. ბოილი და ი. ნიუტონი. ჯ. ლოკი და ი. ნიუტონი, საყოველთაო აღიარებით, ინგლისის სიამაყედ მიიჩნეოდნენ.
ფრ. კოპლსტონი შემდეგნაირად ახასიათებს ლოკს, როგორც ადამიანს და როგორც მოაზროვნეს: “როგორც მისი შრომებიდანაა ცხადი, ლოკი ძალიან ზომიერი ადამიანი იყო. ის ემპირისტი იყო იმ აზრით, რომ სჯეროდა: ჩვენი ცოდნის მასალა იკვებება გრძნობადი აღქმებიდან და ინტროსპექციიდან. მაგრამ იგი არ იყო ემპირისტი, იმ აზრით, რომ ჩვენ თითქოს მხოლოდ გრძნობადი წარმოდგენების ცოდნა შეგვიძლია. მისთვის დამახასიათებელი მორიდებული წესით, ლოკი იყო მეტაფიზიკოსი. იგი იყო რაციონალისტი, რამდენადაც სჯეროდა, რომ ყველა შეხედულება და რწმენა გონების სამსჯავროს წინაშე უნდა დაეყენებია და არ უყვარდა, ემოციების გამოხატულებანი და რაციონალურად დაფუძნებული მსჯელობების საფუძვლად გრძნობების გამოყენება. მაგრამ ის არ იყო რაციონალისტი იმ აზრით, რომლითაც უარყოფენ სპირიტუალურ რეალობას, ან ზებუნებრივ წესრიგს, ან ჭეშმარიტების ღვთაებრივი გამოცხადების ნამდვილობას, რომლებიც გონების საპირისპირონი კი არ არიან, არამედ გონებაზე მაღლა დგანან იმ აზრით, რომ არ შეიძლება მხოლოდ გონებით იქნან აღმოჩენილი და მაშინაც კი, როცა აღმოჩენილი არიან, შეიძლება სრულად გასაგები არ იყვნენ. იგი უარყოფს ავტორიტარიზმს, როგორც ინტელექტუალურ, ისე პოლიტიკურ სფეროში. იყო ერთ-ერთი უპირველესი წარმომადგენელი შემწყნარებლობის პრინციპისა. მაგრამ იგი შორს იყო ანარქიზმისაგან და მისთვის არსებობდა საზღვარი სანამდეც შეიძლებოდა შემწყნარებლობის პრინციპის მიყენება. იგი რელიგიური ადამიანი იყო, მაგრამ არავითარ სიმპათიას არ გრძნობდა ფანატიზმისადმი. მასში ვერავინ დაინახავს ბრწყინვალე ექსტრავაგანტობას, ან გენიალურ აღმაფრენას, მაგრამ მასში ვნახავთ უკიდურესობათა არარსებობას და საღ აზრს.
ლოკის ძირითადი ნაშრომი – „გამოკვლევა ადამიანური გონების შესახებ“ _ გამოიცა 1690 წელს. მისი პოპულარობა იმდენად დიდი იყო, რომ ავტორი ამ წიგნის ექვს გამოცემას მოესწრო. სხვა შრომებიდან საჭიროა დავასახელოთ – „მესამე წერილი შემწყნარებლობის შესახებ“ (1693) „აზრები აღზრდის შესახებ“ (1696). აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ლოკის შემწყნარებლობა სპეციფიკურია. იგი მომთმენია ყველა რელიგიის და სექტის მიმართ, რამდენადაც მათ რაღაცნაირად მაინც სწამთ ღმერთი, მაგრამ საოცრად შეუბრალებელია, როცა საქმე ათეისტებს ეხება. თუმცა ნაშრომში „ქრისტიანობის გონივრულობის შესახებ“ (1695) ამ რელიგიას წარმოადგენს, როგორც სიყვარულის აპოლოგიას. შემწყნარებლობის ამ სახეს, ლოკის გავლენით, ფრანგ მოაზროვნეებთანაც შევხვდებით. სოციოლოგები დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ მის „2 ტრაქტატს მმართველობაზე“, სადაც იგი ძალაუფლების განაწილების პრინციპს იცავს.
დეკარტისგან წამოსული რაციონალიზმის საპირისპიროდ ლოკი ცდილობს დაასაბუთოს, რომ ნებისმიერი საკვლევი საგნის წარმოშობის ცოდნა ნიშნავს მისი არსის, მისი რაობის ცოდნას. ეს დებულება მისთვის უდავოა. თუ მე გავიგებ ჩემი იდეების (როგორც დეკარტს ესმოდა „იდეა“) ჩემს ცნობიერებაში წარმოშობის გზას, მე მეცოდინება მათი ბუნება და ღირებულება. ამგვარი მიდგომის სამართლიანობის დადგენა, ლოკისათვის აუცილებელია ყოველგვარი შემეცნებისათვის. თავისი ძირითადი ნაშრომის შესავალში, რომელსაც ეწოდება “წერილი მკითხველს“, ლოკი გვაუწყებს, თუ რა გარდაუვალია შემეცნების სხვაგვარად დაწყების მარცხი. ამ „სხვაგვარად დამწყებში“ ლოკი, უპირველეს ყოვლისა, რაციონალისტს გულისხმობს. ამ პოზიციის მცდარობის დადგენას იგი საკუთარ გამოცდილებას უმადლის და მკითხველსაც უზიარებს მას: ხუთი-ექვსი მეგობარი, გვიყვება ლოკი, ვმსჯელობდით აბსტრაქტულ, ე.ი. ზოგად პრობლემებზე (მაგალითად, რა არის სუბსტანცია? რა არის სული? რა არის მატერია? და ა.შ.) და მალე წავაწყდით გადაულახავ სიძნელეებს. გამოსავლის ძიებისას ავტორმა თანამოსაუბრეებს შესთავაზა: ამგვარ საკითხებზე მსჯელობამდე, ადამიანის გონების შესაძლებლობანი გამოკვლეულიყო, დადგენილიყო, თუ რისი შემეცნება შეუძლია ჩვენს გონებას და რისი არა. ამ წამოწყების შედეგია ლოკის ძირითადი ნაშრომი: „გამოკვლევა ადამიანური გონების შესახებ“ და მთელი მისი ფილოსოფია. ზოგი ფილოსოფოსი ამგვარ მიდგომას შემეცნების თეორიის, როგორც დამოუკიდებელი ფილოსოფიური მეცნიერების დაბადებად მიიჩნევს.
საკამათო არაა, რომ საგნებს ჩვენ ვიმეცნებთ იმ წარმოდგენების საშუალებით, რომლებიც ჩვენს ცნობიერებაში, ჩვენს აზროვნებაში მოგვეპოვება. სხვა საკითხია, კვლევის დასასრულს, საბოლოოდ, რა ღირებულებას მივაწერთ მათ ჩვენს ცოდნაში. დეკარტის კვალად, ლოკი ამ წარმოდგენებს იდეებს უწოდებს და განსაზღვრავს მათ, როგორც „სულის ობექტს აზროვნების დროს“ (80,20). წარმოდგენები ჩვენი ცნობიერების მთელ შინაარსს ამოწურავენ. ლოკის მიზანია დაადგინოს, თუ რას აძლევენ ისინი გონებას, შესასწავლი საგნების თვალსაზრისით, სანამდე წვდება მათი ძალა. ასევე ისიც, თუ რა მიმართება გვაქვს ჩვენ ამ საგნებთან (მაგალითად, ხის შესახებ ჩვენი წარმოდგენა რა მიმართებაშია ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებლად არსებულ ხესთან?). ისიც დასადგენია, თუ რა მიმართება გვაქვს ჩვენ იმასთან, რასაც ჩვენი იდეები, ანუ წარმოდგენანი ნათლად ვერ სწვდება; როგორია ჩვენი რწმენის ბუნება და როგორია ჩვენი მდგომარეობა და ქცევა, როცა ვეთანხმებით რაიმეს, რის შესახებაც სარწმუნო ცოდნა არა გვაქვს. ლოკი იმედოვნებს, რომ ჩვენი შესაძლებლობების ცოდნა „დაგვიცავს ჩვენ სკეპტიციზმისა და უმოქმედობისაგან“ (იქვე,18).
„გამოკვლევა ადამიანის გონების შესახებ“ ოთხი წიგნისაგან შედგება: პირველი წიგნი იმის დასაბუთებას ცდილობს, რომ ჩვენს ცნობიერებაში, ანუ ჩვენს სულში, არავითარი თანშობილი იდეები არ არსებობენ _ არც თეორიული და არც პრაქტიკული. ადამიანს მხოლოდ შემეცნების უნარი აქვს თანშობილი. ცოდნა კი ყველა შეძენილია გამოცდილებისაგან. ჩვენი გონება, როგორც უნარი, არის „წმინდა დაფა“ (ტაბულა რასა), რომელზედაც ყოველივე იწერება გამოცდილების ჩვენზე ზემოქმედებით. ამ ზემოქმედებას ჩვენ ვაცნობიერებთ ჩვენი შეგრძნებებით და აღქმებით. ეს დებულება ახალი არ არის. როგორც პლატონი გვაუწყებს „თეეტეტში“, უკვე ჰომეროსთან გვხვდება აზრი, რომ სულში არის რაღაც ცვილის მსგავსი, რომელზედაც აღიბეჭდება ის, რასაც განვიცდით ჩვენგან დამოუკიდებული საგნების ზემოქმედებით. ამისაგან განსხვავებით ლოკი მთელს ჩვენს სულს მიიჩნევს ასეთად. ლოკისათვის ცნობიერება არის იმის აღქმა, რაც ჩვენს სულში ხდება (80,397) _ განსხვავებით მატერიალისტებისაგან, რომელთათვის ჩვენ თავად საგნებს აღვიქვამთ, ანუ, რომელთათვისაც, როგორც მარქსი ამბობს, “ცნობიერება არის გაცნობიერებული ყოფიერება“. როგორც ვხედავთ, ლოკისათვის ჩვენს ცნობიერებას უშუალოდ მოეცემა არა ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი საგნები, არამედ მხოლოდ მათი აღქმები ჩვენს სულში. აქ გარკვეული შეუსაბამობაა რადგან, როგორც დავინახავთ, ლოკისათვის აღქმები თავადაც ცნობიერებანი არიან. ამდენად, ჩვენი შემეცნება იკეტება ცნობიერებაში. შემეცნებისას ჩვენს ცნობიერებას მისგან დამოუკიდებლად არსებულ სინამდვილესთან კი არა აქვს მიმართება, არამედ ჩვენი ცნობიერების ერთი მხარე მეორე მხარეს აღიქვამს და აანალიზებს. ამ ასპექტს, ერთი მხრივ, ჯ. ბერკლი (1685-1753) განავითარებს და საგნის არსების საგნის თვისებათა ჯამთან გაიგივებით სუბიექტურ იდეალიზმს ჩამოაყალიბებს; მეორე მხრივ, ეს ასპექტი, ჩვენი ცნობიერებისაგან დამოუკიდებელი საგნების დაშვებით, კანტის (1724-1804) თავისთავადი ნივთის თავისებურ წინასწარწვდომას იძლევა.
თუ ჩვენს სულში რაიმეს იდეაა თანშობილი, ეს, ლოკის აზრით, უსათუოთ ღმერთის იდეა უნდა იყოს. მაგრამ, მისი თქმით, მოგზაურები ამტკიცებენ, რომ ზოგ ხალხს საერთოდ არა აქვს ასეთი იდეა. არც ზნეობრივი პრინციპებია თანშობილი. ამის საბუთად იგი მიუთითებს კანიბალების არსებობაზე, აგრეთვე კათოლიკე მისიონერის ა. ლამბერტის ცნობაზე იმის შესახებ, რომ სამეგრელოში ჯერ კიდევ ცოცხალ ბავშვებს მარხავენ (80,45). ფაქტიურად ასევე იქცეოდნენ ბერძნებიც და რომაელებიცო. ამით ლოკს რაიმე რასობრივ ნიშნებზე კი არ სურს მიუთითოს (ასეთი რამ მისთვის უცხოა), არამედ იმაზე, რომ ადამიანში ყველაფერი ჩვეულებისა და აღზრდის საფუძველზე ყალიბდება. მისთვის კიდევ უფრო უეჭველია, რომ ადამიანებს არა აქვთ თანშობილი ლოგიკური, ან მათემატიკური იდეები. განა ყველა ადამიანს ესმის, ან შეუძლია დაიცვას მსჯელობისას იგივეობის მარტივი კანონი, რომელიც მხოლოდ იმას ამტკიცებს, რომ ყველაფერი საკუთარი თავის ტოლია?
ადვილი დასანახია, რომ ლოკს იდეის თანშობილობა ესმის ისე, როგორც ეს პლატონის მიერ მოგონების თეორიის საილუსტრაციოდ მოშველიებული მითის ზედაპირული გაგების საფუძველზე დამკვიდრდა: იდეათა სამყაროდან გადმოვარდნილ და სხეულში მოქცეულ სულს თანდათან ახსენდება ის ცოდნა, რომელიც მას გადმოვარდნამდე ჰქონდა. პლატონს ამით უნდოდა მსმენელთათვის როგორმე გაეგებინებინა, რომ ჩვენი ცოდნა მხოლოდ გამოცდილებას არ ემყარება, რომ არსებობენ პრინციპები, რომლებიც გამოცდილების ცვალებადობას არ ემორჩილება, რომ, პირიქით, სწორედ ეს პრინციპებია არიან ამ გამოცდილების გაგების საფუძველი. მაგალითად, იმის გასაგებად, რომ რაიმე ორი საგანი ერთმანეთის ტოლია, მე წინასწარ უნდა ვიცოდე, თუ რას ნიშნავს ტოლობა როგორც ასეთი. თუმცა, ჩვეულებრივ, ჩვენ ამაზე შეიძლება არც გვიფიქრია. იდეათა თანდაყოლილობის მომხრეთათვის არ იქნება საბუთი, თუ ვიტყვით, რომ ტოლობის შესახებ ეს დებულება გამოცდილების საფუძველზეა მიღებული, როგორც მსგავსი საგნების საერთო ნიშნების ერთიანობა. მაგრამ ემპირიიდან განზოგადოებით მიღებულს, როგორც არისტოტელე ამბობდა, ვერ ექნება აუცილებლობა და საყოველთაობა, რაც იგივეობის კანონს გააჩნია. დეკარტთან თანდაყოლილობა თუ თანშობილება მითიურთან და ფიზიოლოგიურთან არსებითი კავშირისაგან თავისუფლდება. მისთვის თანდაყოლილი მხოლოდ ის არის, რაც მეცნიერულ ად დასაბუთდება. ამიტომ ასხვავებს იგი ამგვარ ზოგადს, გამოცდილებიდან განზოგადოების გზით მიღებული ზოგადისაგან. გასენდის, ჰობსისა და ლოკისათვის ეს განსხვავება არ არსებობდა. როგორც ჩანს ეს ასე იყო უმრავლესობისთვისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში გაუგებარი დარჩებოდა, რატომ დაუჯერა ლოკს მისმა თამადროვე მოაზროვნეთა დიდმა ნაწილმა და თანშობილი იდეების ღირსების აღსადგენად რატომ გახდა საჭირო ლაიბნიცის გენია.
ლოკმა ჩათვალა, რომ მან უარყო თანშობილი იდეების ჩვენს ცნობიერებაში არსებობის შესაძლებლობა და თავისი ძირითადი ნაშრომის, მეორე, მოცულობით ყველაზე დიდი წიგნი მიუძღვნა იდეების ბუნების, მათი წარმოშობისა და მათი ურთიერთდამოკიდებულების საკითხს. იდეა ისაა, რითაც სული აზროვნების დროს არის დასაქმებული. ესენია: განცდები, ფერები, საგნები და სხვა, მაგალითად, ტკივილი, წითელი, ანდა თეთრი ფერი, ხე, ქვა, სპილო და სხვა (80,79).
ლოკი ამტკიცებს, რომ იდეების წყარო ორია: გარეგანი და შინაგანი გამოცდილება. აქ იგულისხმება გარე სამყაროს საგნების ზემოქმედება ჩვენი გრძნობის ორგანოებზე და ამ მასალის მოწესრიგება (შედარება, სახელდება, დაჯგუფება და სხვ.), რითაც ჩვენი სული დასაქმებულია აზროვნების დროს. ჩვენს ცნობიერებაში ჩვენი ცოდნის სხვა წყარო არ არსებობს. ჩვენი სულის ოპერაციებში, როგორც ჩვენი დაკვირვების ობიექტში, რომლებიც იდეათა განსხვავებულ სახეს გვაძლევს, ლოკი გულისხმობს აღქმას, აზროვნებას, ეჭვს, რწმენას, განსჯას, შემეცნებას, სურვილს, და სხვ. (80,80). პირველი წყაროსგან ჩვენში იქმნებიან ჩვენგან დამოუკიდებლად არსებული სხეულების იდეები, ხოლო მეორე წყაროსგან – მოაზროვნე სუბიექტის იდეა. ორივე მათგანი უცნობია ჩვენთვის.
იდეათა ბუნების გაგებისათვის ლოკი მათ ორ ჯგუფად ჰყოფს: მარტივად და რთულად. მარტივ იდეებს სული იღებს რეფლექსიიდან, შეგრძნებებიდან. ესენია: ფერი, სუნი, გემო, სიმაგრე და სხვა. ისინი დაუშლელია, როგორც თავისებური ატომები. გონებას შეუძლია მათი შედარება, შეერთება, გამეორება და ა.შ. მაგრამ ვერავითარი სული ვერ გამოიგონებს და ვერც მოსპობს თუნდაც ერთ მარტივ იდეას, რომელიც მასში გაჩნდა. მათი კლასიფიკაცია იმის მიხედვით ხდება, თუ რა გზით მოექცევიან ჩვენში ისინი: ერთი შეგრძნებით არიან გამოწვეულნი თუ რამოდენიმეთი, მხოლოდ რეფლექსიით არიან შექმნილნი, თუ რეფლექსიისა და შეგრძნებების ერთიანობით. ამ ოთხი ჯგუფიდან შედარებით ძნელი მისახვედრია, თუ რას გულისხმობს ლოკი რეფლექსიის გზით მიღებულ მარტივ იდეებში. მათ შორის ძირითადია აღქმა, ანუ აზროვნება და სურვილი, ანუ ნება. რეფლექსიის ამ მარტივ იდეებს თავიანთი მოდუსები აქვს: მარტივ იდეათა მოდუსებია: მოგონება, განსხვავება, განსჯა, მსჯელობა შემეცნება, ნება და ა.A.შ. იდეათა ორივე წყაროს საფუძველზე იქმნება ისეთი მარტივი იდეები, როგორიაა სიამოვნება და ვნება, ასევე ძალა, არსებობა, ერთიანობა.
რაც შეეხება რთულ იდეებს, მათ მიმართ ჩვენი სული აქტიურია. ისინი იქმნებიან სულის მიერ მარტივი იდეეების შედარებით, შეპირისპირებით და განცალკევებით. ასე იქმნებიან სუბსტანციების, მიმართების და მოდუსების იდეები. მოდუსებს ლოკი უწოდებს ისეთ იდეებს, რომლებიც თავისში არ შეიცავენ დამოუკიდებელი არსებობის ნიშნებს. მაგალითად, “სამკუთხედი”, “მადლიერება” “მკვლელობა” და სხვ. იდეები იყოფიან, აგრე თვე რეალურად და ფანტასტურად.
ლოკის აზრით, ყველა მარტივი იდეა რეალურია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ისინი ყველანი საგნებს შეიძლება მივაწეროთ. მაგალითად, სითეთრე უფრო მეტად როდია თოვლში, ვიდრე ტკივილი, თუმცა ისინი შეიძლება ჩვენში მისგან იყვნენ გამოწვეულნი. იდეები ერთამნეთისგან მათი ჩვენთვის გასაგებობის, ანუ სინათლის (სიცხადის) მიხედვითაც განსხვავდებიან. რთულ იდეებს ჩვენ ვაერთებთ სიტყვებით და ესაა მათი ბუნდოვანების მიზეზი. ამას ლოკი დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. მიზეზი, საგანი, იდეა, სიტყვა ლოკის თეორი ის სამი ძირითადი კომპონენტია.
ბეკონისა და ჰობსის ტრადიციის თანახმად, ლოკიც დიდ ყურადღებას აქცევს სიტყვების მნიშვნელობას შემეცნებაში. მისი “გამოკვლევანის” მესამე წიგნი წარმოადგენს ენის ფილოსოფიას. აქ განიხილება ენის მნიშვნელობა, სიტყვისა და ტერმინის ურთიერთმიმართება, ზოგადი და კონკრეტული ტერმინების რაობა, სიტყვის ბოროტად გამოყენება და ამგვარი ვითარების თავიდან აცილების საშუალებანი.
სიტყვები ის გრძნობადი ნიშნებია, რომელნიც აუცილებელი არიან ადამიანთა ურთიერთობისათვის. მაგრამ ცალკე სიტყვა იდეის ნიშანია მხოლოდ იმისთვის, ვინც მისით სარგებლობს. სიტყვები ზოგადნი ხდებიან მხოლოდ იმიტომ, რომ მათ ზოგადი იდეების ნიშნად აცხადებენ. თავად იდეები კი ზოგადნი ხდებიან მათთვის იმ ნიშანთა ჩამოცილებით, რომლებიც ამ იდეებს რაიმე კონკრეტულ ვითარებას (დროს, ადგილს, პიროვნებას) აჯაჭვავენ. ეს არის აბსტრაქციის პროცესი. რაც მისგან დარჩება საგანში, ის საერთოა მრავალი კონკრეტულისათვის. მაგალითად, თუ პეტრეს, ანდა პავლეს გავათავისუფლებთ ნაციონალობის, ეპოქის, გარკვეული პროფესიის, მისი თავისებური ხასიათის და სხვა სპეციფიკური ნიშნებისაგან, დაგვრჩება ის, რაც მრავალი, ანდა ყველა ადამიანისათვის საერთოა. მაგრამ ასეთი რამ რეალურად არასდროს და არსად არ არსებობს. ის მხოლოდ აბსტრაქციის შედეგია და მხოლოდ ჩვენს ცნობიერებაში აქვს ბინა. ცნობიერებაში მისი დამაგრება ხდება სიტყვებით.
სიტყვების მიერ იდეების შინაარსის ამგვარი დამაგრება და სხვებისათვის გადაცემის შესაძლებლობა სიტყვათა ძირითადი დანიშნულებაა. მაგრამ სიტყვები ხშირად ზუსტად არ ასახავენ იმ საგნებს, რომლებზედაც მიუთითებენ. ხშირად ეს საგნები სულაც არ არსებობენ (მაგალითად, ეშმაკი, კენტავრი და სხვ.). ლოკი აქ სალაპარაკო ენის გაწმენდის ფრ. ბეკონისეულ ტრადიციას აგრძელებს. ლოკი სალაპარაკო ენას მეცნიერებაში გამოსაყენებლად ამზადებს. ამისათვის საჭიროა სიტყვების მნიშვნელობის დაზუსტება. არ უნდა ვიხმაროთ ისეთი სიტყვები, რომელთა შესაბამისი იდეები არა გვაქვს (80,473).
აღნიშნული ნაშრომის IV წიგნში ლოკი შემეცნების პრობლემას განიხილავს. შემეცნება მისთვის არის ორი იდეის შესაბამისობა-შეუსაბამობის დადგენა. საგნები, რომელთაც ჩვენი შემეცნება ეხება, ჩვენივე საკუთარი იდეებია. გვაქვს ეს იდეები ჩვენს ჩვენს ცნობიერებაში ნათლად გვაქვს მოცემული. ლოკს მტკიცედ სჯერა, რომ ჩვენს ცნობიერებაში არაფერი შეიძლება არსებობდეს, რაც გაცნობიერებული არა გვაქვს. იმის დაშვება, რომ ჩვენი სული ფიქრობს რაღაცაზე და რაღაცა დონით, მაგრამ ამას ჩვენ ვერ ვამჩნევთ, ლოკისათვის უაზრო დაშვებაა: ჩვენ ამით ერთი კაციდან ორ პიროვნებას ვქმნით, წერს იგი (81,118.133). შემეცნება არის იდეების მოწესრიგება სხვადასხვა დონეზე, სხვადასხვა სიცხადით და დამარწმუნებლობით. თანაც, ჩვენივე იდეების ფარგლებს გარეთ გაუსვლელად. მაგრამ ადამიანისათვის დამახასიათებელი შემეცნებითი უნარები ამას ვერ ახერხებენ. შემეცნების სამი სახიდან (ინტიუციური, დემონსტაციული, ანუ რაციონალური და სენსორული, ე.ი. გრძნობადი) ვერც ერთი, ცალკე აღებული და ვერც ერთად, ვერ წვდება იდეების მთელს სფეროს. ცნობიერების სფერო შემეცნების სფეროზე გაცილებით დიდია.
ეს გამიჯვნა გარკვეული ზომით აწესრიგებს ლოკის მსოფლმხედველობის შინაარსს. მაგრამ ლოკთან ისიც ჩანს, რომ ეს გამიჯვნა, ე.ი. ცნობიერებაში შეუმეცნებადი იდეების დაშვება ყოველთვის ვერ გვშველის. ამგვარი ვითარებაა, ლოკის მიერ უსასრულობის ცნების დაწვრილებითი ანალიზისას, რომელსაც იგი მიმართავს “განაზრებანის…” II წიგნის XVII თავში. ლოკი $ 22-ში ამტკიცებს, რომ ადამიანისათვის შეუძლებელია უსასრულობის პოზიტიური იდეის ქონა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ცნობიერებაში გვაქვს სასრულო საგანთა იდეები, მაგალითად, რიცხვის, რაიმე სივრცის, დროის და მათი უსასრულო მატების, ანდა კლების შესაძლებლობიდან ვასკვნით უსასრულოს იდეის ჩვენში არსებობის შესახებ. მაგრამ ჩვენ ხომ იძულებულნი ვართ სასრულოს გააზრებიდან უსასრულოს შესახებ დავასკვნათ? ეს ყველაზე ნათლად ჩანს რიცხვთა მწკრივის გააზრებისას. მისი უსასრულო ზრდის კანონიერებაNარ გვაძლევს უფლებას, რომ ჩვენში, ან ჩვენს გარეთ უსასრულო რიცხვი აქტუალურად არსებულად ჩავთვალოთ (8,192-194).
შესაძლებელია, გვაუწყებს ლოკი, ზოგიერთმა მათემატიკოსმა, რომელიც შორს წავიდა გონითი ჭვრეტის სფეროში, გამონახა სხვა გზები და თავის სულში უსასრულობის პოზიტიური იდეა შეიყვანა: მაგრამ ეს არ უარყოფს იმას, რომ უსასრულობის იდეა მათაც პირველად ჩვენს მიერ აქ გადმოცემული გზით მოიპოვეს (8,202).
შესაძლებელია ლოკი ამ მათემატიკოსებში გულისხმობდეს თავის დიდ მეგობარს ი. ნიუტონს (1643—1727) და თავის ოპონენტს გ.ფ.ვ. ლაიბნიცს (1646-1716), რომელთაც ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად წამოაყენეს უსასრულო სიდიდის აღრიცხვის უმნიშვნელოვანესი მეთოდი და რომელიც ლაიბნიცმა თავისი ფილოსოფიის ერთ-ერთი ძირითადი პრინციპის, უსასრულო მონადათა პრესტაბილური ჰარმონიის გასააზრებლადაც გამოიყენა. საინტერესოა, რომ ლოკის “გამოკვლევათა” 1997 წლის შემოკლებულ გამოცემაში ის ნაწილი, სადაც უსასრულობის პრობლემაა განხილული, ამოღებულია (5,98). შესაძლებელია ეს ბ. რასელის ფილოსოფიის გავლენითაც მოხდა. იგი ფიქრობდა, რომ ლაიბნიცი არ იყო სწორი, როცა ცდილობდა დაემტკიცებია მისი მეტაფიზიკისათვის საჭირო უსასრულო მცირეთა არსებობა. მას შემთხვევა არ გაუშვია ხელიდან, რომ გ.ვ. ჰეგელსაც (1770-1830) გადასწვდომოდა, რომელსაც სურდა “მეტაფიზიკური არეულობა შეეტანა მათემატიკაში” (86.836).
უმაღლესი დამარწმუნებლობა, ლოკის აზრით, აქვს ინტუიციურ შემეცნებას. მაგრამ მისი მოქმედების არე ძალზე შეზღუდულია. მასში შედის საკუთარი მეს არსებობაში ჩვენი დარწმუნებულობა (ეს ლოკთან დეკარტის ტრადიციის გაცლენაზე მიუთითებს) და საგანთა განსხვავების ანალიზური დადგენა (მაგალითად, იმისი, რომ თეთრი არაა შავი, რომ სამკუთხედი არაა ოთხკუთხედი). მაგრამ ამ მიმართებების პოზიტიური დადგენისათვის აუცილებელია დემონსტრაციული შემეცნება, რომელიც მხოლოდ იმგვარ ვითარებებს იკვლევს, სადაც შესაძლებელია შესადარებელ იდეებს შორის გამაშუალებელი დადგინდეს. ეს მხოლოდ გარკვეული სფეროს თავისებურებაა. რაც შეეხება გრძნობად შემეცნებას, “იგი არ ვრცელდება ჩვენი გრძნობებისათვის ნამდვილად წარმოდგენილ საგანთა არსებობის საკითხს იქეთ” (81.539). ჩვენი გრძნობებისათვის მოცემულ საგანთა რაობის გაგებისას კი მხოლოდ ალბათურ შემეცნებასთან გვაქვს საქმე. Eეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვუშვებთ სხეულებს, როგორც ჩვენი შეგრძნებების მიერ მოწ ოდებული იდეების სუბსტანციებს, თუმცა მათი ბუნების შემეცნება ჩვენ არ შეგვიძლია. ეს საგნები თავისებური უცნობებია, რომელთაც სუბსტანციებს ვუწოდებთ. ჩვენს მიერ დაშვებულ ამ საგან-სუბსტანციებს ჩვენ ორნაირ ნიშნებს მივაწერთ: პირველნი ისინია, რომლებიც ჩვენ მათთვის დამახასიათებლად მიგვაჩნია, ჩვენთან მათი მიმართების გარეშე (ეს მათი, ე.წ. პირველადი თვისებებია); ხოლო მეორენი ისინია, რომლებიც საგნებს, სუბსტანციებს მხოლოდ ჩვენთან მიმართებაში აქვთ (ეს, ე.წ. მეორადი თვისებებია). ლოკისათვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის დასაბუთებას, რომ საგანი, ანუ სუბსტანცია, არ იშლება უნაშთოდ მის თვისებებზე. არც მხოლოდ პირველად თვისებებზე _ არც მხოლოდ მეორადზე და არც ორივეს ჯამზე. ამდენად საგნის ყველა თვისების ცოდნა არ ნიშნავს ამ საგნის ცოდნას. იმის არსებობის უარყოფა, რაც საგნის თვისებებს ერთიანობაში მოიყვანს, არ შეიძლება, მაგრამ ჩვენ არც მისი შემეცნების უნარი გაგვაჩნია. აქ ვლინდება ლოკის აგნოსტიციზმი, ე.ი. რაღაცის არსებობის უეჭველი დაშვება, როგორც შეუმეცნებადის.
Lლოკის ფილოსოფიის ამ აგნოსტიკურ ასპექტიდან გამომდინარე შედეგებს ჯ. ბერკლი და დ. ჰიუმე წარმოაჩენენ და განავითარებენ. ისინი საგანთა მეორადი თვისებების სუბიექტურობას, პირველად თვისებებზეც გაავრცელებენ და საგნების შემმეცნებელი სუბიექტსაგან დამოუკიდებელ არსებობას საეჭვოდ (დ. ჰიუმე) და დაუშვებლად (ჯ. ბერკლი) ჩათვლიან.
მაგრამ ლოკის ფილოსოფიის აგნოსტიკური ასპექტი გავლენას ახდენს მის მიერ შემეცნების სახეთა კლასიფიკაციის დამაჯერებლობაზე. განსაკუთრებით მორალურ და რელიგიური მსჯელობების დახასიათების დროს. ერთი მხრივ, ლოკი ამტკიცებს, რომ მორალური ცოდნა შეიძლება ისევე ნათელი იყოს, როგორც მათემატიკური; მაგრამ, მეორე მხრივ, კანონი, რომელსაც ღმერთი თავისუფალი ნებით ადგენს, ჩვენ შეიძლება მხოლოდ გამოცხადებით ვიცოდეთ. ეს კი გონების კომპეტენციას საკმაოდ სცილდება. ამიტომაც შენიშნავენ მკვლევრები, რომ ეთიკისა და მათემატიკის სიცხადეთა შედარება, რაზედაც „გამოკვლევანის…“ IV წიგნშია მსჯელობა იმის საპირისპიროა, რასაც ლოკი IIწიგნში ამტკიცებს (36. IV. 126.)
აქ ნათლად ვლინდება რწმენისა და გონების მიმართების გაგების არსებითი მნიშვნელობა ფილოსოფიური მსოფლმხედველობისათვის, რასაც თავად ლოკი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა. რწმენისა და გონების სფეროთა და ფუნქციათა გამიჯვნას ლოკი აუცილებელ მომენტად მიიჩნევდა. Uუამისობა „თუ დიდი არეულობების არა, ყოველ შემთხვევაში, დიდი დაპირისპირების და შეცდომების“ მიზეზი იყო.
ყოველი სექტა, გვარწმუნებს ლოკი, დიდი ხალისით იყენებს გონებას, სანამ ფიქრობს, რომ იგი მათ მხარეზეა; მაგრამ, როცა გონება მათ რაღაც პრინციპს არ ეთანხმება, “იწყებენ ყვირილს, რომ ეს არის რწმენის საქმე და იგი მაღლა დგას გონებაზე. გონებას ლოკი უწოდებს იმგვარ დებულებათა დამაჯერებლობის, ან ალბათობის აღმოჩენის უნარს, რომლითაც ჩვენი სული (Mინდ) აღწევს იმგვარი იდეებიდან დედუქციით, რომლებიც მან საკუთარი ბუნებრივი უნარებიდან, შეგრძნებებიდან და რეფლექსიიდან მიიღო. რაც შეეხება რწმენას, იგი არის სულის თანხმობა იმგვარ დებულებეზე, რომლებიც იქმნებიან არა გონითი დედუქციების გზით, არამედ მათი შემომთავაზებელი პიროვნებისადმი ჩვენი ნდობით. ჩვენ მას ვენდობით, რომ ეს დებულებები რაღაც არაჩვეულებრივი კომუნიკაციის გზით, ღმერთისგან მოიცემა. აღმოჩენის ამ გზას უწოდებენ გამოცხადებას (53. 378). მაგრამ არანაირი გამოცხადების მიმღებს არ ძალუძს სხვა ადამიანებისათვის ისეთი მარტივი ახალი იდეის გადაცემა, რომელიც ამ ადამიანებს მანამდე არ ჰქონდათ მიღებული. რადგან ეს გადაცემა ხდება სიტყვით, სიტყვა კი ახალი მარტივი იდეის შესახებ ვერაფერს გვეტყვის, თუ ეს მარტივი იდეა, მანადე, ფარული სახით არ იმყოფებოდა ჩვენს სულში. ისევე, როგორც დაბადებით ბრმას ვერ აუხსნი, თუ რა არის, მაგალითად, წითელი ფერი. ამის გაუთვალისწინებლად ვერც პავლე მოციქული გაგვაგებინებდა, თუ რა ნახა მესამე ცაზე. პავლემ ჩვენს სულში შეუმჩნევლად, „ფარული სახით არსებული“ იდეები წამოსწია _ შეიძლება ითქვას, ჩაგვახედა საკუთარ სულში. ეს თვალსაზრისი კი არ ეთანხმება ლოკის ძირითად დებულებასთან, რომ ჩვენს სულში ხოლოდ ის არსებობს, რაც გაცნობიერებულია.
გარდა ამისა, განაგრძობს ლოკი, გამოცხადების შინაარსს, რომელიც ჩვენს ნათელ გონებას ეწინააღმდეგება, გონება ვერ მიიღებს, ე.ი. გონება ვერ მიიღებს იმას, რაც მას არაგონივრული ეჩვენება. მაგალითად, იმას, რომ ერთი და იგივე ადამიანი, ერთსა და იმავე დროს სივრცის სხვადასხვა ადგილას იმყოფება (53. 382). როგორც ვხედავთ, ლოკი არ ეკუთვნის იმ მოაზროვნეებს, რომლებიც დაეთანხმებიან ქრისტიანობის დიდი აპოლოგეტი ტერტულიანეს ცნობილ დებულებას _ „მწამს, რადგან აბსურდია“.
ლოკი არ უარყოფს, რომ არსებობს მრავალი რამ, რის შესახებაც ჩვენ არასრული ცოდნა გვაქვს, ან საერთოდ არაფერი ვიცით. ამგვარად არსებულები გონებაზე მაღლა დგანან. მათი შინაარსი ჩვენი გონებისა და გონებითი უნარებისათვის მაშინაც კი მიუწვდომელია, როცა ისინი გვევლინებიან. მაგალითად, გონებისთვის მიუწვდომელია ის, რომ მკვდრები აღსდგებიან, ან, რომ ანგელოზებმა ღმერთის ორგულობის გამო დაკარგეს პირველადი ბუნება და სხვა. ეს მხოლოდ რწმენის საგნებია, რომელთაც გონებასთან არაფერი ესაქმებათ. მაგრამ გონების სრული უგულებელყოფა აქაც არ შეიძლება. ლოკის აზრით, ეს იმას ემგვანება, რომ მავანმა თვალები იმისათვის დაითხაროს, რათა უკეთ დაინახოს ის ვარსკვლავები, რომლებიც ტელესკოპში არ ჩანან. რწმენით ასეთ გატაცებას ლოკი უწოდებს ენთუზიაზმს. ის არ ემორჩილება არც გონებას, არც რწმენას და საკუთარ ფანტაზიას მიჰყვება. ასეთ ენთუზიასტებს ლუთერიც თავგამოდებით ებრძოდა, თუმცა კულტურის ისტორიაში მათი ღირებულების ხელაღებით უარყოფა არ იქნება გამართლებული. ლუთერისა და ლოკის შეხედულება ამ ადამიანების მიმართ, ალბათ უფრო ნათელი გახდება, თუ ვიტყვით, რომ ეს ხალხი, მათი აზრით, ზნეობრივი მანიაკები იყვნენ.
ლოკი ახალ ფილოსოფიაში დეიზმის ერთ-ერთ ფუძემდებლად ითვლება. მისი აზრით, ღმერთის იდეა არა მარტო თანშობილი არ არის, არამედ თავისთავად, არც აუცილებელია, თუკი ცხოველის დონეზე დავრჩებით და არ დავუფიქრდებით სამყაროს რაობის საკითხს. მაგრამAთუკი დავინტერესდით მისით, მაშინ სამყაროს საოცარი მიზანშეწონილი აგებულება, მისი კანონზომიერება, აუცილებლობით მიგვიყვანს ღმერთის, როგორც სამყაროს პირველმიზეზის დაშვებამდე. ამდენად ღმერთის იდეაც აუცილებლად გაჩნდება ჩვენს ცნობიერებაში. ლოკის ეს „ბუნებრივი რელიგია“ მართალია არ ემთხვეოდა ღმერთის შესახებ ოფიციალურ ეკლესიურ წარმოდგენას, როგორც პიროვნული ნების მქონე ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე კეთილ არსებაზე, მაგრამ ეს მაინც ღმერთის არსებობის ტრადიციული, კოსმოლოგიური დასაბუთების ვარიანტი იყო, რომელიც რომის კათოლიციზმს დაპირისპირებულ ინგლისის ეკლესიასაც დასაშვებად მიაჩნდა.
მსოფლმხედველობის დასაბუთების ლოკისეულ, მეტნაკლებად თანმიმდევრულ ძიებაში, ძნელი არაა დავინახოთ მისი მიერ გამოსავალი ემპირისტული პრინციპების „ღალატი“. იგი ადამიანის ცნობიერებაში მხოლოდ იმას უშვებდა არსებულად, რაც გონებას გამოცდილებიდან ჰქონდა მიღებული. მაგრამ, არისტოტელედან მოყოლებული, გამოცდილების საფუძველზე მიღებული ცოდნა არ ითვლებოდა აუცილებლობის და საყოველთაობის ხასიათის მქონედ. ლოკი კი ღმერთის ცნების აღიარებას აუცილებლად თვლიდა და ათეისტებისათვის არსებობის უფლებაც არ მიაჩნდა დასაშვებად. ამდენად, იგი არც ემპირიზმის ფარგლებში რჩებოდა და თავად გადიოდა დასაბუთებადის ფარგლებს გარეთ, ანუ თავად უშვებდა იმ შეცდომას, რომლის დაშვებისგანაც, თავისი ძირითადი შრომის დასაწყისში, მკითხველის დაცვა სურდა.
თავისი ძირითადი შრომის IV წიგნის X თავში (დასკვნებში) ლოკი ღმერთის არსებობის დასაბუთებისათვის კამპანელას მსგავს მეთოდს იყენებს: ღმერთს მათემატიკური სიცხადისა და დამაჯერებლობის მქონედ აცხადებს. თუმცა თავად მათემატიკური დასაბუთებაც მუდამ „თუ,… მაშინ“-ის სფეროშია. ამ შემეცნების საფეხურებია: I. ჩვენ ვიცით, რომ ვართ, II, ისიც ვიცით, რომ არაფრისგან არაფერი არ წარმოიშვება; III, ის, რამაც მე წარმომშვა, მარადია და უძლიერესია, IV ე.ი იგი არის ღმერთი.
ამგვარი დასაბუთების საფუძვლად ლოკს კიდევ ერთი პოსტულატი აქვს, რომელიც, უჩვენებს, რომ მისთვის სამყაროში ზეაღმავალი განვითარება პრინციპულად გამორიცხულია. ის, რაც თავად არ აზროვნებს ვერ წარმოშობს იმას, რაც აზროვნებს (40. 629) ე.ი. ადამიანს. ამრიგად, ონტოლოგიურად განვითარება საბოლოო ანგარიშით, შესაძლებელია, მხოლოდ, როგორც ემანაცია.
ლოკის უშუალო მემკვიდრემ, ირლანდიელმა ფილოსოფოსმა ჯ. ტოლანდმა (1770-1722). ლოკის შემეცნების თეორიიდან, მასწავლებლისაგან განსხვავებით, არა დეისტური, არამედ ათეისტური დასკვნები გამოიტანა. იგი შეეცადა მოძრაობის მექანისტური გაგების გადალახვას და თანმიმდევრული მატერიალისტური პოზიციებიდან გააკრიტიკა დიდი ჰოლანდიელი ფილოსოფოსის, ბ. სპინოზას (1632-1677) მეტაფიზიკური დებულებანი, მოძრაობისა და აზროვნების სუბსტანციასთან კავშირის თაობაზე. ამ შენიშვნების მნიშვნელობა გასაგები გახდება, როცა აღნიშნულ პრობლემებზე სპინოზას შეხედულებებს განვიხილავთ. ახლა კი მხოლოდ იმის გახსენებით შემოვიფარგლებით, რომ ლოკის დიდი ტოლერანტობა არ ვრცელდებოდა ათეისტებზე, რომელთა მიმართ დიდი მოაზროვნე შეუბრალებელი სისასტიკით გამოირჩეოდა. ალბათ, ესეც ერთ-ერთი მიზეზი იყო, რომ ტოლანდმა ვერ შესძლო ბოლომდე საკუთარი პოზიციის შენარჩუნება. 1705 წელს გამოქვეყნებულ ნაშრომში, რომელსაც “პანთეისტიკონი” ეწოდება, ისიც დეიზმის პოზიციაზე გადადის. აღსანიშნავია, რომ ტერმინი “პანთეიზმი” ამ ნაშრომით შევიდა ფილოსოფიურ სიტყვათხმარებაში. ფილოსოფიის ისტორიკოსები იმაზეც მიუთითებენ, რომ ლოკის მოძღვრების დიდი გავლენა აშკარაა ცნობილი რევოლუციური პოეტის და მოაზროვნის პ. ბ. შელის (17992-1822) წიგნზე რომელსაც “ათეიზმის აუცილებლობა” ეწოდება (86,661).
ლოკის დეიზმი ეთიკური ნორმების როგორც შეფარდებითის გაგებისათვის ფართო სფეროს სტოვებდა. Lლოკის მეორე მოწაფემ ბ. მანდევილმა (1670-1714) ეთიკური ნორმების შეფარდებითობის პრინციპი უკიდურესი ეგოიზმის დასაბუთების ცდამდე მიიყვანა და ლოკის ავტორიტეტული ოპონენტის, ი. კანტის ეთიკის და რელიგიის თეორიის საყურადღებო წინამორბედის, ლორდი ა. ე. შეფსტბერის (1671-1713) შეხედულებათა დევალვაციაUგანიზრახა. ცნობილია, რომ ბ. მანდევილი, ფრ. ნიცშეზე დიდი ხნით ადრე, შეეცადა ეჩვენებინა ჭეშმარიტი მორალის შეუძლებლობა თანამედროვე კულტურაში.
საქართველოში ლოკის მოძღვრება ფრანგი განმანათლებლობის დეისტი და ათეისტი წარმომადგენლების შეხედულებებთან კავშირში შემოვიდა. ამით აიხსნება ცნობილი ქართველი თეოლოგის, ს. დოდაშვილის მასწავლებლის იონა ხელაშვილის (1772-1837) მიერ ლოკის მოძღვრების მკაცრი შეფასება. “ლოქ ბრიტანიისა”, მისი აზრით, გრძნობად გამოცდილებას გაუმართლებლად დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა. იგი ლაიბნიციანელ ს. კლარკთან (1675-1729) კამათის დროს მკვრეხელურ პოზიციას იცავდა. ამიტომ იგი ღმერთმა დასაჯა: ტანჯვით გარდაიცვალა და მისი წიგნები უარყვეს. იგი აფრთხილებდა დოდაშვილს, არ ნდობოდა ლოკს და განსაკუთრებით კი, ვოლტერს (1694-1779). ს. დოდაშვილმა კი, როგორც ცნობილია, თავის ძიებებში ძირითად ორიენტირად კანტის ფილოსოფია აირჩია და თავის “ლოგიკაში” პოზიტიურად შეაფასა ლოკის დიდი წვლილი საკაცობრიო კულტურაში. ლოკმა გვიჩვენაო ცნებათა წარმოშობის, მათი შედგენისა და დაშლის პროცესი, დაგვანახა, ჩვენი ცოდნის ბუნება და საზღვრები (8, 53).
წიგნიდან “ახალი დროის ფილოსოფიის ისტორია“, თბილისი, 2009