ეკონომიკაფილოსოფია

ფრიდრიხ ოგიუსტ ფონ ჰაიეკი – “გზა ბატონყმობისაკენ”

თარგმანი პაატა შეშელიძის (საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტი)

(სრული სახით გამოქვეყნდა 1944 წელს, ხოლო წინამდებარე თარგმანი არის 1945 წლის აპრილში ”რიდერს დაიჯესტში” გამოქვეყნებული ტექსტის შემოკლებული ვერსია).

გერმანელი ნაციონალ-სოციალისტების მიერ მე-19 საუკუნის 30-ან და 40-ან წლებში განხორციელებული ძალმომრეობის მნიშვნელოვანმა მასშტაბებმა, გააძლიერა იმის რწმენა, რომ დიდ ბრიტანეთსა და ამერიკის შეერთებულ შტატებში შეუძლებელია ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბება. მაგრამ, ნება მოგვეცით, გაგახსენოთ _ ჯერ კიდევ 30-იანი წლების დასაწყისში, იმის ალბათობა, რომ ასეთი რამ გერმანიაში მოხდებოდა, წარმოუდგენელი იყო არა მხოლოდ თავად გერმანელთა ცხრამეათედისთვის, არამედ ყველაზე უფრო მტრულად განწყობილი უცხოელი დამკვირვებლებისთვისაც კი.

უამრავი თავისებურება, რომელიც მაშინ აღიქმებოდა, როგორც ”სახასიათოდ გერმანული”, ამჟამად ამერიკასა და ინგლისს ერთნაირად ახასიათებს. უამრავი ნიშანი, მაგალითად ხელისუფლების გაზვიადებული თაყვანისცემა, ”გარდაუვალობისადმი” მორჩილება, ყველაფრის ”მოწესრიგებით” (ახლა ამას ”დაგეგმვას” ვუწოდებთ) გატაცება, მომავალში გერმანიის მსგავსი მიმართულებით განვითარების შესაძლებლობაზე მიუთითებს.

საფრთხის არსსა და შესაძლო შედეგებს ამ ქვეყნებში კიდევ უფრო ცუდად აღიქვამენ, ვიდრე გერმანიაში აცნობიერებდნენ. მთავარი უბედურება კი კვლავ იმის არდანახვაა, რომ გერმანიაში ნაცისტურ ძალებს მეტწილად სოციალისტური მრწამსით აღტკინებული იმ ადამიანების კეთილგანწყობამ გაუხსნა გზა, რომლებიც ყოველივე იმას ემხრობოდნენ, რაც მათთვის მიუღებელი იყო. ცოტა ვინმე თუ აცნობიერებს, რომ ფაშიზმისა და მარქსიზმის აღზევება, წინარე პერიოდის სოციალისტური ტენდენციების საწინააღმდეგოდ მიმართული უკუქმედება კი არა, მათი გარდაუვალი შედეგი იყო. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ზემოხსენებულ მოძრაობათა ლიდერების დიდმა ნაწილმა, იტალიელი მუსოლინიდან მოყოლებული (ფრანგი ლავალისა და ბრიტანელი ქვისლინგის ჩათვლით), მოღვაწეობა დაიწყეს, როგორც სოციალისტებმა და დაამთავრეს, როგორც ფაშისტებმა ან ნაცისტებმა.

დღეს, დემოკრატიულ ქვეყნებში, მათი უმრავლესობა, ვისაც გულწრფელად სძაგს ნაციზმის ყოველგვარი გამოვლინება, სინამდვილეში იმ იდეალებს ემსახურება, რომელთა განხორციელებაც უშუალოდ ხსნის გზას საძულველ ტირანიამდე. მათი უმეტესობა, ვისი შეხედულებებიც მოვლენათა განვითარებაზე გავლენას ახდენს, ძირითადად, სოციალისტები არიან.

მათ სჯერათ, რომ ჩვენი ეკონომიკური ცხოვრება ”გონივრულად მართვადი” უნდა იყოს და კონკურენციას – ”ეკონომიკური დაგეგმვა” უნდა ჩაენაცვლოს. მაგრამ, განა შეიძლება წარმოვიდგინოთ იმაზე უფრო დიდი ტრაგედია, ვიდრე ჩვენდა უნებურად, იმის სრულიად საწინააღმდეგო ნაყოფის მიღებაა, რისკენაც ასე ვილტვოდით, როდესაც მიზამნიმართულად ვცდილობდით, რომ ჩვენი მომავლი უმაღლესი იდეალების მიხედვით მოგვეწყო?

დაგეგმვა და ძალაუფლება

საკუთარი მიზნების მისაღწევად, დამგეგმავებს ისეთი ძალაუფლება სჭირდებათ, რომლის მსგავსი მანამდე არ ყოფილა და ადამიანების ერთი ჯგუფის მიერ სხვებზე უშუალო ბატონობას გულისხმობს. მათი წარმატება დამოკიდებული იქნება მოპოვებული ძალაუფლების მოცულობაზე. შესაბამისად, ეკონომიკური საქმიანობის ცენტრალიზებული მართვა თავისუფლების დათრგუნვას მოითხოვს. ამ პროცესს გარკვეულწილად დემოკრატია უშლის ხელს. ამიტომ, დაგეგმვასა და დემოკრატიას შორის დაპირისპირება გარდაუვალი ხდება.

ბევრ სოციალისტს სავალალო ილუზია ჰქონდა, რომ თუკი კერძო პირებს იმ ძალაუფლებას ჩამოართმევდნენ, რომლითაც ისინი ინდივიდუალისტურ წეს-წყობილებაში სარგებლობდნენ და მას საზოგადოებას გადასცემდნენ, ძალაუფლებაც მოისპობოდა. მათ მხედველობიდან გამორჩათ ის, რომ ძალაუფლების იმგვარი კონცენტრირება, როდესაც მისი გამოყენება მხოლოდ ერთადერთი გეგმის განხორციელებისთვისაა შესაძლებელი, ძალაუფლების არა უბრალო გადაცემას, არამედ უსაზღვროდ გაფართოებას გულისხმობს.

ცალკე ადამიანის ხელში მთელი იმ ძალაუფლების მოქცევით, რომელიც წარსულში თითოეულის მიერ საკუთარი შეხედულებით გამოიყენებოდა, ძალაუფლების მასშტაბი უსაზღვროდ და მანამდე არნახულად იზრდება. ამასთან იმდენად, რომ თითქმის ძირეულად ცვლის მის ხასიათს.

სრულიად მცდარია იმის მტკიცება, რომ ის ყოვლისმომცველი ძალაუფლება, რომელიც ცენტრალურ საგეგმო კომიტეტს ჰქონდა, ”არ იქნება კიდევ უფრო დიდი, ვიდრე ძალაუფლება, რომლითაც კერძო სტრუქტურების დირექტორთა საბჭოები სარგებლობენ”. უნდა აღინიშნოს, რომ კონკურენტულ საზოგადოებაში ვერავინ სარგებლობს იმ ძალაუფლების მცირედი ნაწილითაც კი, რომლითაც ცენტრალური საგეგმო კომიტეტი ისარგებლებს. ძალაუფლების დეცენტრალიზება ნიშნავს ძალაუფლების აბსოლუტური მოცულობის მნიშვნელოვან შემცირებას, ხოლო ის ერთადერთი კონკურენტული წეს-წყობილება, რომელიც ერთი ადამიანის მიერ მეორეზე ძალაუფლების განხორციელების შესაძლებლობას მინიმუმამდე კვეცს. ვის შეუძლია სერიოზულად დაეჭვდეს, რომ იმ მილიონერის ძალაუფლება, რომელიც შესაძლოა ჩემი დამქირავებელიც იყოს, განუზომლად უფრო ნაკლებია, ვიდრე დაბალჩინოსანი ბიუროკრატის შესაძლებლობები, რომლის ხელშიცაა სახელისუფლებო იძულების აპარატი და ვის კეთილგონიერებაზეცაა დამოკიდებული, როგორ ვიცხოვრო და ვიშრომო?

ნებისმიერ შემთხვევაში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში თვით ყველაზე ცუდად ანაზღაურებად არაპროფესიონალ მუშას გაცილებით მეტი თავისუფლება აქვს, რომ ცხოვრება თავისი სურვილისამებრ მოიწყოს, ვიდრე ბევრ მეწარმეს ნაცისტურ გერმანიაში ან შედარებით უკეთესი ანაზღაურების მქონე ინჟინერსა და მენეჯერს _ რუსეთში. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ინგლისში ადამიანს თითქმის არანაირი წინააღმდეგობა არ გადაეღობება, თუკი სურს, რომ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი ან პროფესია, ხმამაღლა გამოთქვას თავისი შეხედულებები _ ასე ან ისე გაატაროს თავისუფალი დრო. მის ფიზიკურ უსაფრთხოებასა და თავისუფლებას არ ემუქრება ისეთი საშიშროება, რომელიც უხეში ძალით მიაჯაჭვავს იმ საქმესა და გარემოს, რომელიც უმაღლესი ხელისუფლის მიერ მისთვის არის განსაზღვრული.

ჩვენს თაობას დაავიწყდა, რომ კერძო საკუთრებაზე დაფუძნებული წეს-წყობილება თავისუფლების ყველაზე მნიშვნელოვანი გარანტიაა. ეს კი ასეა მხოლოდ იმიტომ, რომ წარმოების საშუალებების გამგებლობა გადანაწილებულია უამრავ დამოუკიდებლად მოქმედ კონკურენტ ადამიანს შორის, რომელთაც შეუძლიათ თვითონვე გადაწყვიტონ, როგორ უნდა მოიქცნენ. როდესაც წარმოების საშუალებები მხოლოდ ერთ ხელშია მოქცეული, თუნდაც ეს იყოს “საზოგადოება”, როგორც ერთიანი მთლიანობა ან დიქტატორი, ვინც არ უნდა ახორციელებდეს ამ ზედამხედველობას, მას ჩვენზე სრული ძალაუფლება აქვს. ის, რასაც ეკონომიკური ძალაუფლება ეწოდება, შეიძლება ძალდატანების საშუალებაც იყოს კერძო პირების ხელში, მაგრამ ის ადამიანის მთელ ყოფაზე ვერასოდეს გავრცელდება. მაგრამ მაშინ, როცა ეკონომიკური ძალაუფლება ცენტრალიზებულია, როგორც პოლიტიკური ძალაუფლების ერთგვარი იარაღი, ისეთ ხარისხის დამოკიდებულებას ამკვიდრებს, რომელიც მონობისგან ძნელად თუ გამოირჩევა.

კარგად არის ნათქვამი: იმ ქვეყანაში, სადაც ერთადერთი დამქირავებელი სახელმწიფოა, ოპოზიციაში ყოფნა შიმშილით სიკვდილს ნიშნავს.

* * *

საფრთხის წინაპირობა

სოციალიზმისა და ტოტალიტარიზმის გამოვლინების ყველა ფორმისგან განსხვავებით, ინდივიდუალიზმი თითოეული პიროვნების მიმართ ქრისტიანულ პატივისცემასა და რწმენაზეა დაფუძნებული და გულისხმობს, რომ სასურველია ადამიანმა თავისუფლად განავითაროს ღმერთის მიერ საკუთრივ მისთვის ბოძებული ნიჭი და მიდრეკილებები. ეს ფილოსოფია რენესანსის პერიოდში ჩაისახა, ხოლო შემდეგ ის დაიხვეწა და იმ სახით გავრცელდა, რომელსაც დასავლურ ცივილიზაციად ვიცნობთ. საზოგადოების განვითარება ზოგადად ცალკეული პიროვნებების იმ მარწუხებიდან გათავისუფლებისკენ იყოს მიმართული, რომლებიც მათ ფეოდალურ საზოგადოებაში ბოჭავდა.

შესაძლებელია, რომ ამ მარწუხებიდან ადამიანების პიროვნული ენერგიის გამოთავისუფლების ყველაზე თვალსაჩინო შედეგი მეცნიერების გასაოცარი აღმავლობა იყო. მხოლოდ სამეწარმეო თავისუფლებამ გახსნა გზა ახალი ცოდნის თავისუფლად გამოყენებისკენ, თანაც მხოლოდ მას შემდეგ, რაც თითოეულისთვის, ვინც კი მზად იყო საკუთარი პასუხისმგებლობით ემოქმედა, ხელმისაწვდომი გახდა ყველაფერი, რაც მეცნიერებამ იმ უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯების შედეგად შექმნა, რამაც ბოლო 150 წლის მანძილზე მნიშვნელოვნად შეცვალა სამყაროს იერსახე. ამ ზრდა-განვითარების შედეგებმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.

ყველგან, სადაც კი ის წინააღმდეგობები აღმოიფხვრა, რომლებიც პიროვნების გამჭრიახობის თავისუფალ გამოვლენას ეღობებოდნენ, ადამიანებს მზარდი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშუალება სწრაფად გაუჩნდათ. მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის, მშრომელმა ადამიანმა დასავლურ სამყაროში ყოფიერი კეთილდღეობის, უსაფრთხოებისა და პიროვნული დამოუკიდებლობის ისეთ დონეს მიაღწია, რომ 100 წლის წინ ამის წარმოდგენაც კი ძნელი იყო.

ამ წარმატების შედეგი ადამიანებს შორის საკუთარ ბედ-იღბალზე ზემოქმედების ახლებური შეგრძნების გაღვივება და რწმენის განმტკიცება იყო, რომ მათ შეეძლოთ თავიანთი ყოფაცხოვრება უსაზღვროდ გაეუმჯობესებინათ. უკვე მიღწეული აღიქმებოდა ერთხელ და სამუდამოდ უზრუნველყოფილ და მარადიულ მიღწევად, ხოლო, განვითარების ტემპი ითვლებოდა არადამაკმაყოფილებლად. მეტიც, ის წანამძღვრები, რომელთაც ასეთი წინსვლა შესაძლებელი გახადეს, კიდევ უფრო სწრაფი წინსვლის წინაღობად იქნა მიჩნეული. შეიძლება ითქვას, რომ ლიბერალიზმის თვალსაჩინო წარმატება თვითონვე ხდებოდა საკუთარი კრახის მიზეზიც.

არც ერთი კეთილგონიერი ადამიანი არ ეჭვობდა, რომ მე-19 საუკუნის ეკონომიკურ მიდგომებზე დაფუძნებული აღმავლობა მხოლოდ დასაწყისი იყო, რადგან არსებობდა წინსვლის უზარმაზარი შესაძლებლობები იმ მიმართულებით, საითკენაც მაშინ მივდიოდით. თუმცა, ამჟამად გამეფებული შეხედულებების შესაბამისად, უკვე აღარ ისმის კითხვა, თავისუფალ საზოგადოებაში როგორ უნდა გამოვიყენოთ სპონტანურად წარმოქმნილი ენერგია უფრო უკეთესად. ამის გამო განვიზრახეთ ამ ძალებისგან გამიჯვნა და მათი თავისუფალ საზოგადოებაში “კოლექტიურობითა” და “მიზანმიმართული” მითითებებით ჩანაცვლება.

საყუარდღებოა, რომ ლიბერალიზმი ყველაზე სრულად გერმანიაში უარყვეს. ეს გამოვლინდა როგორც საკუთრივ სოციალიზმის უფრო რადიკალური სახესხავაობის (ნაციზმის) განხორციელებაში, ისე, უმეტესწილად “მოწესრიგებისა” და “დაგეგმვის” მცდელობებში. მე-19 საუკუნის ბოლო და მე-20 საუკუნის პირველი მეოთხედის განმავლობაში, გერმანია საკმაოდ წინ წავიდა, როგორც სოციალიზმის თეორიის, ისე მისი პრაქტიკული განხორციელების კუთხით. თანაც იმდენად დაწინაურდა, რომ ის საკითხები, რაზეც საბჭოურ რუსეთში ასე ფართოდ მსჯელობენ, გერმანელებმა დიდი ხანია უკან მოიტოვეს. გერმანელები ნაციზმის აღმოცენებამდე გაცილებით ადრე აკრიტიკებდნენ ლიბერალიზმსა და დემოკრატიას, კაპიტალიზმსა და ინდივიდუალიზმს.

გერმანელი და იტალიელი სოციალისტები ნაცისტებზე დიდი ხნით ადრე იყენებდნენ იმ ხერხებს, რომლებიც მოგვიანებით ნაცისტებმა და ფაშისტებმა უფრო შედეგიანად გამოიყენეს. პირველად სოციალისტებმა შეიმუშავეს ისეთი პოლიტიკური პარტიის შექმნის იდეა, რომელიც თრგუნავდა პიროვნების თვითმყოფადობის ყველა გამოვლენას და მოიცავდა მის ნებისმიერ საქმიანობას აკვნიდან _ საფლავამდე და მოითხოვდა, რომ ადამიანს ყველაფერში პარტიის შეხედულებებით ეხელმძღვანელა. სწორედ სოციალისტები იყვნენ პირველები და არა ფაშისტები, რომლებმაც მცირეწლოვანი ბავშვების პოლიტიკურ ორგანიზაციაში გაწევრიანება დაიწყეს, რომ მათი აზროვნება ემართათ. პირველები არა ფაშისტები, არამედ სწორედ სოციალისტები იყვნენ, ვინც სპორტისა და სხვა თამაშების, ფეხბურთისა და ტურიზმის ორგანიზება ისეთი პარტიული კლუბების სახით განიზრახეს, სადაც წევრები სხვა პოლიტიკური შეხედულებებისგან დაცული იქნებოდნენ. პირველად სოციალისტებმა მოითხოვეს, რომ პარტიის წევრებს თავი სხვებისგან მისალმებისა და მიმართვის ფორმით გამოერჩიათ. სწორედ მათ შექმნეს ტოტალიტარული პარტიის პროტოტიპი, რომელსაც სტრუქტურა “უჯრედების” სახით ექნებოდა ორგანიზებული და წევრების პირად ცხოვრებაზე პერმანენტული თვალთვალის მექანიზმებს გამოიყენებდა.

ხელისუფლებაში ჰიტლერის მოსვლის დროისთვის, გერმანიაში ლიბერალიზმი უკვე მკვდარი იყო, ის სოციალიზმმა მოკლა.

ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც სოციალიზმიდან ფაშიზმში გადასვლის უშუალო მოწმე გახდა, ამ ორ წყობას შორის კავშირი აშკარა, მაგრამ დემოკრატულ ქვეყნებში ხალხის უმეტესობას სოციალიზმისა და თავისუფლების შერწყმის შესაძლებლობა კვლავ სწამდა. მათ ვერ წარმოედგინათ, რომ დემოკრატიული სოციალიზმი, ბოლო რამდენიმე თაობის უდიდესი უტოპია, არა მარტო განუხორციელებელია, არამედ კიდევაც რომ ეცადო და ძალისხმევა არ დაიშურო მის მისაღწევად, იძლევა ისეთ შედეგს, რომელიც სრულებით განსხვავდება ჩანაფიქრისგან _ ემხობა თავად თავისუფლება. მოსწრებულად ითქვა, რომ “ის, რაც ხელისუფლებას ყოველთვის გარდაქმნის ამქვეყნიურ ჯოჯოხეთად, ადამიანმა თავის სამოთხედ გადაქცევა სცადა”.

შემაშფოთებელია ინგლისსა და ამერიკაში იგივე სურათი _ როგორ უხეშად არღვევენ და უპატივცემულოდ ეპყრობიან ძველებური ყაიდის ლიბერალიზმის ყოველგვარ გამოვლინებას.

“კონსერვატიული სოციალიზმი” იყო დევიზი, რომლითაც მწერალთა დიდმა ნაწილმა შეამზადა გარემო, სადაც გერმანელმა ნაციონალ-სოციალისტებმა წარმატებული კარიერა შეიქმნეს. სწორედ “კონსერვატიული სოციალიზმი” განსაზღვრავს დღევანდელობასაც.

დაგეგმვის ლიბერალური გზა

დაგეგმვის პოპულარობას მეტწილად ის განაპირობებს, რომ, რა თქმა უნდა, ყველას შეძლებისამებრ საერთო პრობლემების წინასწარი განჭვრეტა სურს. დაგეგმვის დღევანდელი მომხრეები და ლიბერალები კამათობენ არა იმაზე, რამდენად მიზანშეწონილია ჩვენი საქმიანობის დაგეგმვა, არამედ იმაზე, რომელია საუკეთესო გზა ასეთი ქმედების განსახორციელებლად.

საკითხი ისმის ასე: ან ჩვენ შევქმნით ისეთ გარემოპირობებს, რომელიც გასაქანს მისცემს თითოეული პიროვნების ცოდნასა და ინიციატივას, რაც შეიძლება წარმატებულად დაგეგმონ საკუთარი ცხოვრება, ან მთელი სამეურნეო ცხოვრება “დადგენილი გეგმის” მიხედვით უნდა ვმართოთ, რაც ნიშნავს, “საზოგადოებრივი რესურსების წინასწარგამიზნულ განკარგვას იმგვარად, რომ მიესადაგოს საგეგმო კომიტეტის წევრების შეხედულებას, თუ ვის რა უნდა ერგოს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში”.

მნიშვნელოვანია, რომ ერთმანეთისგან განვასხვავოთ წინააღმდეგობა დაგეგმვის უახლესი ტიპისა და დოგმატურად გაგებული ლაისსეზ ფაირე (ფრ. _ ნება მიბოძეთ ვიმოქმედოთ. რედ. შენიშვნა) მიდგომის მიმართ. ლიბერალური მტკიცებულებები არ გულისხმობს მოვლენათა შენარჩუნებას არსებული სახით; უპირატესობა ენიჭება კონკურენციის საუკეთესო შესაძლებლობების გამოყენებას, როგორც ადამიანთა ძალისხმევის კოორდინირების საშუალებას. ეს მოსაზრება დაფუძნებულია იმის რწმენაზე, რომ ეფექტური კონკურენციის პირობების შექმნა ცალკეული პიროვნებების ძალისხმევის ხელშეწყობის საუკეთესო შესაძლებლობაა. ლიბერალიზმი, ცხადად აჩვენებს, რომ კონკურენციის ნაყოფიერებისთვის მოხერხებული საკანონმდებლო ჩარჩოებია აუცილებელი და არც ძველი და არც ამჟამად მოქმედი კანონები მნიშვნელოვანი შეცდომებისგან დაცული არ არის.

მიუხედავად ყველაფრისა, ლიბერალიზმი ეწინააღმდეგება იმას, რომ ეკონომიკური საქმიანობა კონკურენციის მაგივრად დირექტიულ მართვას დაექვემდებაროს. ის აღიარებს კონკურენციას, მიიჩნევს უმთავრესად, არა მარტო იმიტომ, რომ ყოველმხრივ შედეგიანი მეთოდია, არამედ იმიტომ, რომ ის ერთადერთი მეთოდია, რომელშიც ხელისუფლება ძალადობრივად ან ნებელობით არ ერევა. ლიბერალიზმი ემიჯნება “გონიერი საზოგადოებრივი ზედამხედველობის” საჭიროებას და ცალკეულ პიროვნებებს შანსს აძლევს, თავად გადაწყვიტონ, რამდენად შეესაბამება მათი კონკრეტული საქმიანობის ანაზღაურება სათანადო ძალისხმევასა და დანახარჯებს.

კონკურენციის დადებითი შედეგების გამოყენებას ხელს არ უშლის გარკვეულ საკითხებში სახელმწიფოს ჩარევა. მაგალითად, სამუშაო საათების საზღვრებისა და ზოგიერთი სანიტარიული ნორმის დადგენა, საყოფაცხოვრებო უზრუნველყოფის მრავალმხრივ მზარდი სისტემის დამკვიდრება, შესაძლებელია, სრულიად შეესატყვისებოდეს კონკურენციის წესების დაცვას. მაგრამ არის აგრეთვე ისეთი სფეროებიც, სადაც კონკურენტული წყობა განუხორციელებელია. მაგალითად, ტყის გაჩეხვის მავნე შედეგები ან საწარმოო გამონაბოლქვთან დაკავშირებული ფაქტორები მხოლოდ კერძო მესაკუთრის უფლებების განხილვით ვერ შემოიფარგლება. მაგრამ ის, რომ სახელისუფლებო მითითებები უნდა გამოვიყენოთ იქ, სადაც კონკურენცია სრულყოფილი ვერაა, სავსებით არ ამტკიცებს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავახშოთ კონკურენცია იქ, სადაც შესაძლებელია მისი ამოქმედება. იმ პირობების შექმნა, რომელიც კონკურენციას შესაძლებლობების ფარგლებში, შედეგიანს გახდის _ გაყალბებისა და თაღლითობისგან დაცვა, მონოპოლიების აღკვეთა _ ის ამოცანებია, რომელთა გადაწყვეტა ქმნის ფართო და უეჭველ ასპარეზს სახელისუფლებო მოღვაწეობისთვის.

ეს არ ნიშნავს იმას, რომ შესაძლებელია მოინახოს რაღაც “შუალედური გზა” კონკურენციასა და ცენტრალურ მართვას შორის. თუმცა, ერთი შეხედვით, ამაზე უკეთესი რა უნდა იყოს ან სხვა რა უნდა მოუვიდეთ თავში მოაზროვნე ადამიანებს. მხოლოდ “საღი აზრის” მოხმობა ამ საკითხში არასაიმედოა. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია კონკურენციასთან გარკვეული სახელისუფლებო რეგულირების შეხამება, ეს სავსებით შეუთავსებელია ჩვენთვის მისაღები ნებისმიერი მასშტაბის დაგეგმვასთან, ისე, რომ მან არ შეწყვიტოს წარმოების ქმედითი მმართველის ფუნქციის შესრულება.

ორივე, როგორც კონკურენცია, ისე ცენტრალური მართვა, უმოქმედო და უშედეგო იარაღარად გადაიქცევა, თუ ისინი არასრულყოფილად გამოიყენება, ამიტომ მათი შერწყმა ნიშნავს, რომ ვერც ერთი ვერ იმუშავებს.

დაგეგმვისა და კონკურენციის შეხამება შესაძლებელია მხოლოდ თვით კონკურენციის ხელშეწყობისა და არა კონკურენციის შეფერხების დაგეგმვაში. დაგეგმვა, რომლის წინააღმდეგაც მთელი ჩვენი კრიტიკაა მიმართული, სწორედ რომ კონკურენციის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებაა.

* * *

უდიდესი უტოპია

უეჭველია, რომ მათ უმრავლესობას, ვინც დემოკრატიულ ქვეყნებში მოითხოვდა მთელი ეკონომიკური საქმიანობის ცენტრალური მმართველობისადმი დაქვემდებარებას, კვლავ სჯერა, რომ სოციალიზმისა და პიროვნული თავისუფლების შეხამება შესაძლებელია. თუმცა, ბევრი მოაზროვნე სოციალიზმს ჯერ კიდევ ადრეულ პერიოდში თავისუფლების მესაფლავედ აღიქვამდა.

ამჟამად, არცთუ ისე კარგად ახსოვთ, რომ სოციალიზმი თავიდანვე აშკარად ავტორიტარული იყო. ის წარმოიშვა საფრანგეთის რევოლუციის ლიბერალური ტენდენციების საწინააღმდეგოდ სრულიად ღიად მიმართულ რეაქციად. ფრანგი ავტორები, რომლებმაც დასამაბი მისცეს მას, ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ მათი იდეების განხორცილება მხოლოდ ძლიერ დიქტატორულ მთავრობას შეეძლებოდა დაგეგმვის მომხრეთა შორის. სენ-სიმონი იყო, რომელმაც იწინასწარმეტყველა, რომ ისინი, ვინც მის შეთავაზებულ საგეგმო კომიტეტებს არ დაემორჩილებოდა, “პირუტყვად ჩაითვლებოდა”.

ყველაზე მკაფიოდ ფრანგმა პოლიტიკურმა მოაზროვნემ დე ტოკვილმა დაინახა, რომ დემოკრატია სოციალიზმთან შეურიგებელ წინააღმდეგობაშია. “დემოკრატია აფართოებს ინდივიდუალური თავისუფლების სივრცეს”, _ ამბობდა ის. “დემოკრატია თითოეულ ადამიანს უნარჩუნებს ყველა დამახასიათებელ ღირებულებას”, _ თქვა მან 1848 წელს, “მაშინ, როდესაც სოციალიზმი ადამიანს მხოლოდ ნივთად, მხოლოდ არითმეტიკულ ერთეულად წარმოადგენს. დემოკრატიას და სოციალიზმს არაფერი აქვს საერთო, გარდა ერთი სიტყვისა _ თანასწორობა. მაგრამ ხაზგასასმელია განსხვავება: დემოკრატია ისწრაფვის თანასწორობისკენ თავისუფლებაში, სოციალიზმი თანასწორობას შეზღუდვასა და მორჩილებაში ხედავს.”

ამ ეჭვების გასაქარვებლად და ყველაზე ძლიერი პოლიტიკური მოტივით _ “თავისუფლებისკენ ლტოლვით”, თავიანთი პოზიციების გასამყარებლად, სოციალისტები “ახალი თავისუფლების” ქადაგებას მიეძალნენ. სოციალიზმი იყო ის, რასაც “ეკონომიკური თავისუფლება” უნდა მოეტანა, რომლის გარეშეც პოლიტიკურ თავისუფლებას გახვრეტილი შაურიანის ფასიც კი არა აქვს.

ამ არგუმენტისთვის მეტი დამაჯერებლობის მისანიჭებლად, სიტყვა “თავისუფლება” დაუქვემდებარეს შინაარსობრივ ცვლილებას. ეს სიტყვა ადრე ნიშნავდა თავისუფლებას ძალადობისგან _ ერთი ადამიანის ნებელობითი ძალაუფლებისგან მეორეზე, ახლა კი ამ სიტყვამ სხვა დატვირთვა შეიძინა: ის ნიშნავს თავისუფლებას სიდუხჭირისგან, თავის დაღწევას იმ ზღუდეებიდან, რომლებიც მუდმივად კვეცენ ყველა ჩვენთაგანის არჩევანის ასპარეზს. ასე გაგებული თავისუფლება კი, რა თქმა უნდა, უბრალოდ ძალაუფლების ან სიუხვის სხვა სახელია. “ახალი თავისუფლების” მოთხოვნა სხვა არაფერი იყო, თუ არა სიმდიდრის ხელახალი გადანაწილების შესახებ ძველი მოთხოვნის განახლებული გამოვლინება.

იმის მტკიცება, რომ გეგმური ეკონომიკა თვალსაჩინოდ ნაყოფიერი იქნებოდა, ვიდრე კონკურენტული წყობა, მკვლევართა უმეტესობამ თანმიმდევრულად უარყო. თუმცაღა, დაგეგმვისკენ ყველაზე მეტად სწორედ ეს ცრუ იმედი გვიბიძგებს.

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სოციალისტების დაპირება უფრო მეტი თავისუფლების შესახებ წმინდა და გულწრფელია, გასულ წლებში დამკვირვებლები ერთმანეთის მიყოლებით გამოთქვამდნენ გაოცებას სოციალიზმის გაუთვალისწინებელი შედეგების, გარემოებების იმ არაჩვეულებრივი მსგავსების გამო, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში კომუნიზმისა და ფაშიზმის შედეგებს ახასიათებს. როგორც ეს მწერალმა პიტერ დრაკერმა გამოხატა 1939 წელს, “მარქსიზმის მეშვეობით თავისუფლებისა და თანასწორობის მიღწევის რწმენის სრულმა გაქარწყლებამ რუსეთი აიძულა, რომ დადგომოდა თავისუფლების უარყოფისა და უთანასწორობის ტოტალიტარული საზოგადოებისკენ მიმავალ იმავე გზას, რომელიც მის კვალდაკვალ გერმანიამაც გაიარა. კომუნიზმი და ფაშიზმი არსობრივად ერთი და იგივე სულაც არ არის. ფაშიზმი არის საფეხური, რომელიც მიღწეულ იქნა მას შემდეგ, რაც კომუნიზმის სიყალბე დადასტურდა და ეს სიყალბე ისევე დადასტურდა რუსეთში, როგორც პრეჰიტლერულ გერმანიაში”.

არანაკლებ მნიშვნელოვანია 1933 წლამდე გერმანიის კომუნისტურ და ფაშისტურ მოძრაობათა შედგენილობის ხარისხსა და სამსახურებრივ იერარქიაზე ინტელექტური დაკვირვება. რაოდენ იოლად იყო შესაძლებელი ახალგაზრდა კომუნისტების გადასვლა ნაცისტების ბანაკში, ან პირიქით _ ნაცისტების კომუნისტების ბანაკში, ყველასთვის, განსაკუთრებით კი ორივე პარტიის პროპაგანდისტებისთვის კარგად იყო ცნობილი. კომუნისტები და ნაცისტები უფრო ხშირად ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, ვიდრე სხვა პარტიებს და ეს უბრალოდ იმიტომ ხდებოდა, რომ ისინი ერთმანეთს ერთი და იგივე შეხედულებების ადამიანების ყურადღებისა და მხარდაჭერისათვის ეცილებოდნენ და ერთმანეთს საძულველ ერეტიკოსებს უწოდებდნენ. მათმა საქმიანობამ აჩვენა, თუ რამდენად ახლოს იყვნენ ისინი ერთმანეთთან. ორივესთვის ჭეშმარიტი მტერი ძველი ტიპის ლიბერალი იყო, რომელთანაც მათ საერთო არაფერი ჰქონდათ.

მაშინ, როდესაც ნაცისტებისთვის კომუნისტები და კომუნისტებისთვის ნაცისტები, ამ ორივესთვის კი სოციალისტები, განიხილებოდნენ შესაძლო ახალწვეულებად, რომლებისგანაც მათი პარტიული მშენებლობისთვის საჭირო მასალა უნდა მომზადებულიყო, ყველა მათგანისთვის ცხადი იყო, რომ მათ შორის ყოველგვარი კომპრომისი, ისევე როგორც იმათთან, ვისაც პირადი თავისუფლების რწმენა ჰქონდა, შეუძლებელია.

ის, რაც მათ თავისუფლებისკენ მიმავალ გზად წარმოგვიდგინეს, ფაქტობრივად არის პირდაპირი გზა ბატონყმობისკენ. ძნელი არაა იმის დანახვა, რა შედეგი გვექნება, როცა დემოკრატია დაგეგმარების მიმართულებას დაადგება. დაგეგმარების მიზანი ზოგიერთების მიერ ისეთი გაურკვეველი ტერმინებით განიმარტება, როგორიცაა “საზოგადო კეთილდღეობა”. იქ, სადაც ხალხმა არ იცის, როგორი იქნება საბოლოო შედეგი, რეალური თანხმობა არ მიიღწევა. ხალხის თანხმობა იმაზე, რომ უნდა განხორციელდეს ცენტრალიზებული დაგეგმვა, საბოლოო შედეგების შესახებ შეთანხმების გარეშე, უცილობლად დაემსგავსება სიტუაციას, როდესაც ადამიანთა გარკვეული ჯგუფი ერთმანეთს ავალდებულებს იმოგზაურონ ერთად მარშრუტის შეუთანხმებლად: ყოველივე ამის შედეგად, შესაძლოა უმრავლესობამ იძულებით იმოგზაუროს იქ, სადაც საერთოდ არ სურდა მოგზაურობა.

დემოკრატიულ საკრებულოებს არ შეუძლიათ დაემსგავსონ საგეგმო კომიტეტებს. მათ არ შეუძლიათ უზრუნველყონ შეთანხმებები ყველა საკითხზე _ სახელმწიფო რესურსების გამოყენების ყველა მიმართულებაზე _ რამეთუ არსებობს მოქმედების უამრავი შესაძლებლობა. მაშინაც კი, თუკი კონგრესი შეძლებს, მუხლობრივი განხილვისა და ყოველ საკითხში კომპრომისის მიღწევის გზით შეთანხმდეს ზოგიერთი პროგრამის განხორციელებაზე, ეჭვგარეშეა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მაინც არავის დააკმაყოფილებს.

ასეთი ხერხით ეკონომიკური გეგმის დასახვა კიდევ უფრო ნაკლებად შესაძლებელია, ვიდრე მაგალითად, წარმატებული საომარი კამპანიის დაგეგმვა დემოკრატიული პროცედურებით. სტრატეგიულად გარდაუვალი გახდება, რომ სათანადო გადაწყვეტილებების მომზადება ექსპერტებს დაეკისროთ. და მაშინაც კი, როდესაც ამ მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, დემოკრატია წარმატებას აღწევს მეურნეობის ცალკეული სექტორების დაგეგმვაში, კვლავ პრობლემად რჩება ამ ცალკეული გეგმების შერწყმა-შეხამება. თანდათანობით სულ უფრო განმტკიცდა მოთხოვნა, რომ ზოგიერთ მმართველ ორგანოს ან ცალკეულ პირს მიეცეს ძალაუფლება, იმოქმედოს საკუთარი პასუხისმგებლობით. ეკონომიკური დიქტატორის მოსვლისთვის ცრემლისღვრა დამახასიათებელი საფეხურია დაგეგმვის მიმართულებით მოძრაობისას.

ამრიგად, საკანონმდებლო ორგანო შემოიფარგლება იმ პირთა შერჩევით, რომლებსაც პრაქტიკულად აბსოლუტური ძალაუფლება მიენიჭებათ, ხოლო მთლიანად წეს-წყობილება დიქტატურის ისეთი ტიპისკენ გადაიხრება, რომლის დროსაც მთავრობის ხელმძღვანელი თავის პოზიციებს პერიოდულად სახალხო არჩევნებით გაამყარებს, მაგრამ, მას ექნება სრული ძალაუფლება, თავისი ბრძანების შესაბამისად, ამომრჩეველთა ხმები სინამდვილეში წარმართოს იმ მიმართულებით, რომელიც მას სჭირდება.

დაგეგმვა განაპირობებს დიქტატურას, რადგან დიქტატურა არის ძალადობის ყველაზე ეფექტური და მეტად საჭირო ხერხი, თუკი აუცილებელია, რომ ცენტრალური დაგეგმვა ფართო მაშტაბებით გახდეს შესაძლებელი. არანაირი გამართლება არა აქვს ფართოდ გავრცელებულ აზრს იმის შესახებ, რომ რაკი ძალაუფლება მოპოვებულია დემოკრატიული პროცედურებით, ის არ შეიძლება იყოს ნებელობითი; ძალაუფლების წყაროს არ შეუძლია ხელისუფლება ნებელობისგან დაიცვას; დიქტატურისგან თავის დასაცავად თავად ხელისუფლება უნდა იყოს შეზღუდული.

ეკონომიკური სისტემის მართვისთვის გამოყენებული “პროლეტარიატის ჭეშმარიტი დიქტატურის” დემოკრატიული ფორმაც კი, სავარაუდოდ ისევე სრულად მოსპობს ადამიანების პიროვნულ თავისუფლებას, როგორც ყველა მანამდე არსებული ავტოკრატიული წყობა.

პიროვნული თავისუფლება შეუძლებელია შეეგუოს ერთი კონკრეტული მიზნის უზენაესობას, რომელსაც მთელი საზოგადოება მუდმივად უნდა დაექვემდებაროს.

გარკვეულწილად, ეს ფაქტი ომის დროს თავად გამოვცადეთ, როდესაც გადაუდებელი და დამთრგუნავი აუცილებლობის მიმართ აბსოლუტურად ყველაფრის დაქვემდებარება იყო ის საფასური, რომელიც გადავიხადეთ, რათა საკუთარ თავისუფლებას ხანგრძლივად გავფრთხილებოდით. მაღალფარდოვანი გამონათქვამები იმის შესახებ, რომ მშვიდობის მისაღწევად საჭიროა ყველაფრის ისე კეთება, როგორც ეს ომში გამარჯვების მისაღწევად ვისწავლეთ, სრული შეცდომაა. ომის დროს კეთილგონივრულია თავისუფლების დროებითი შეზღუდვა, რათა მომავალში ის უფრო დაცული იყოს, გეგმური ეკონომიკის ინტერესებს კი თავისუფლების მუდმივი შეზღუდვა მოაქვს.

მათთვის, ვინც თვალი ადევნა სოციალიზმის ფაშიზმად გარდაქმნას მე-20 საუკუნის პირველ ორ მეოთხედში, კავშირი ამ ორ წეს-წყობილებას შორის სრულიად ცხადია. სოციალისტური პროგრამის რეალიზება თავისუფლების განადგურებას ნიშნავს. დემოკრატიული სოციალიზმი, ბოლო რამდენიმე თაობის უდიდესი უტოპია, უბრალოდ განუხორციელებელია.

რატომ ექცევა სათავეში ყველაზე უარესი?

ეჭვს არ იწვევს ის, რომ ინგლისური და ამერიკული “ფაშიზმი” იტალიური და გერმანული სახესხვაობებისგან დიდად განსხვავდება; უეჭველია ისიც, რომ თუ ეს წეს-წყობილება ძალადობის გარეშე დამკვიდრდებოდა, შესაძლოა უკეთესი პოლიტიკური წინამძღოლიც კი მიგვეღო. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საბოლოოდ ფაშისტური წეს-წყობილება ჩვენში ძლიერ განსხვავებული ან გაცილებით ნაკლებ აუტანელი აღმოჩნდება, ვიდრე მისი პროტოტიპები იტალიასა და გერმანიაში. არსებობს სარწმუნო მიზეზები, რომ ტოტალიტარული სისტემების ყველაზე ცუდი თავისებურებები, ადრე თუ გვიან, აუცილებლად გამოვლინდება.

ზუსტად ისე, როგორც დემოკრატი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც ცდილობს ეკონომიკური ცხოვრების დაგეგმვას, სულ მალე აღმოჩნდება იმ ალტერნატივის წინაშე, რომ ან მოიპოვოს დიქტატორული ძალაუფლება, ან შეეგუოს მისივე გეგმების სრულ კრახს, ტოტალიტარული მიდრეკილებების წინამძღოლიც, ასევე მალე დადგება უზნეობასა და წარუმატებლობას შორის არჩევანის წინაშე. სწორედ ამ მიზეზითაა განპირობებული, რომ ტოტალიტარიზმისკენ მიდრეკილ საზოგადოებაში წარმატებებს, როგორც წესი, უპრინციპო, არაკეთილსინდისიერი პირები აღწევენ. ის, ვინც ამას ვერ ხედავს, ჯერ კიდევ ვერ სწვდება იმ უფსკრულის სიღრმეს, რომელიც ტოტალიტარიზმს ინდივიდუალისტური დასავლური ცივილიზაციისგან არსებითად აშორებს.

ტოტალიტარულმა ლიდერმა გარშემო უნდა შემოიკრიბოს ადამიანები, ვინც ნებაყოფლობით ემორჩილება იმგვარ დისციპლინას, რომელიც უნდათ, რომ ხალხის დანარჩენ ნაწილს თავს ძალით მოახვიონ. სოციალიზმის დამყარება მხოლოდ იმ მეთოდებითაა შესაძლებელი, რომლებიც თავად სოციალისტთა უმრავლესობამ უარყო. ეს არის გაკვეთილი, რომელიც წარსულში მოღვაწე მრავალი რეფორმატორის საქმიანობიდან უნდა ვისწავლოთ. ადრეული პერიოდის სოციალისტურ პარტიებს თავიანთი დემოკრატიული იდეალები ბორკავდა; ისინი არ მიმართავდნენ მკაცრ მეთოდებს იმისთვის, რომ გადაეწყვიტათ მათ მიერ არჩეული ამოცანები.

ნიშანდობლივია, რომ გერმანიასა და იტალიაში, ფაშიზმის აღზევება სოციალისტური პარტიების მიერ სახელისუფლებო პასუხისმგებლობის თავიდან არიდებით იყო განპირობებული. ისინი გულწრფელად არ იყენებდნენ იმ მეთოდებს, რომელთაც თვითონ გაუკვალეს გზა და კვლავ იმედოვნებდნენ, რომ მოხდებოდა სასწაული და უმრავლესობა მთელი საზოგადოების გარკვეული გეგმის მიხედვით ორგანიზების იდეას საკუთარი ნებით დათანხმდებოდა. სხვებს კი უკვე გარკვეული ჰქონდათ, რომ გეგმურ საზოგადოებაში მოვლენათა განვითარება დამოკიდებული იქნებოდა არა იმაზე, რას დაეთანხმებოდა ხალხის უმრავლესობა, არამედ იმაზე, ვისგან შეიქნებოდა ყველაზე დიდი ჯგუფი, რომლის წევრებიც საზოგადოების ნებისმიერი საქმიანობის ერთ კალაპოტში მოქცევის მიზნით საკმაოდ შეთანხმებულად იმოქმედებდნენ.

არსებობს სამი ძირითადი მიზეზი, რის გამოც ნებისმიერ საზოგადოებაში აღტკინებულ თანამოაზრეთა ასეთი მრავალრიცხოვანი ჯგუფი, არა საუკეთესო, არამედ ყველაზე უარესი წევრებისაგან ყალიბდება.

პირველი _ რაც უფრო მაღალია პიროვნებების განათლება და ინტელექტი‚ მით უფრო მრავალფეროვანია მათი გემოვნება და შეხედულებები. თუ გვსურს‚ რომ შეხედულებების ერთგვაროვნების უფრო მაღალი ხარისხი აღმოვაჩინოთ, დაკვირვებისთვის უფრო დაბალი ზნეობრივი და ინტელექტური სტანდარტები უნდა დავაწესოთ და მივმართოთ იმ ფენებს, სადაც პრიმიტიული ინსტინქტები ბატონობს. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ადამიანთა უმრავლესობას დაბალი ზნეობრივი სტანდარტები აქვს და მხოლოდ იმის მანიშნებელია, რომ ერთგვაროვანი ღირებულებების მქონე ადამიანთა ყველაზე დიდ ჯგუფს სწორედ დაბალი ზნეობრივი მოთხოვნები აქვს.

მეორე _ ვინაიდან ეს ჯგუფი არ არის საკმარისად დიდი იმისთვის, რომ წინამძღოლთა მიზანსწრაფვას მხარი სათანადოდ აუბას, ის იძულებულია იმავე პრიმიტიული მსოფლმხედველობის საფუძველზე საკუთარ რიგებში კიდევ უფრო მეტი ადამიანი მიიღოს. მან მხარდაჭერა დამჯერი და დამყოლი ადამიანებისგან უნდა მიიღოს, რომლებსაც საკუთარი თავის რწმენა არა აქვთ და მზად არიან სხვისი შეხედულებები მიიღონ, თუკი მათ ამას საკმაოდ ხშირად და ხმამაღლა ჩასჩიჩინებენ. ესენი იქნებიან ბუნდოვანი და არასრულყოფილი შეხედულებების მქონე მერყევი ადამიანები, რომლებიც თავიანთი სულიერი აღტკინებითა და ემოციური მდგომარეობით მზად არიან ტოტალიტარულ პარტიას მიენდონ.

მესამე _ მომხრეების შეთამხმებულ ორგანიზმად შესადუღაბებლად, ლიდერმა საერთო ადამიანურ სისუსტეებს უნდა მოუხმოს. როგორც ჩანს‚ ადამიანებს უფრო უადვილდებათ ნეგატიური, ვთქვათ მტრის საერთო სიძულვილიდან ან შეძლებულებისადმი შურიდან გამომდინარე‚ პროგრამის ირგვლივ შეთანხმება, ვიდრე რომელიმე პოზიტიური ამოცანის მიზანდასახვა.

დაპირისპირებას “ჩვენსა” და “მათ” შორის მუდამ იყენებს ის, ვინც ფართო მასების მორჩილებას ესწრაფვის. სამიზნე “მტერი” შეიძლება ქვეყნის გარეთ ან ქვეყნის შიგნით იყოს, მაგალითად, ებრაელი გერმანიაში ან კულაკი _ რუსეთში. ნებისმიერ შემთხვევაში ამ ხერხს უდიდესი უპირატესობა აქვს, რადგან წინამძღოლს მოქმედების უფრო მეტ თავისუფლებას ანიჭებს, ვიდრე ნებისმიერი პოზიტიური პროგრამა.

ტოტალიტარულ ჯგუფში ან პარტიაში წარმატების მიღწევა მნიშვნელოვანწილად უზნეო საქციელისათვის მზადყოფნაზეა დამოკიდებული. პრინციპი _ შედეგი ამართლებს საშუალებას, ინდივიდუალურ ეთიკაში განიხილება‚ როგორც ყოველგვარ ზნეობაზე უარის თქმა, კოლექტივისტურ ეთიკაში კი აუცილებლად მთავარ სამოქმედო დებულებად გარდაიქცევა. არ არსებობს ისეთი რამ, რის გასაკეთებლადაც ჭეშმარიტი კოლექტივისტი მზად არ იყოს‚ თუკი ეს “საერთო კეთილდღეობას” ემსახურება, რადგან მისთვის სწორედ “საერთო კეთილდღეობა” არის ის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელიც განსაზღვრავს, რა უნდა იყოს განხორციელებული.

თუკი ერთხელ მაინც აღიარეთ, რომ ინდივიდი მხოლოდ საშუალებაა‚ რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს იმ დიადი ერთობის მიზნების მისაღწევად, რასაც საზოგადოება ან ერი ეწოდება‚ მაშინ ამას აუცილებლად მოჰყვება იმ ტოტალიტარულ შესაძლებლობათა უმრავლესობის აღიარებაც‚ რაც მანამდე ასე გვაშფოთებდა. შეურიგებელობა და განსხვავებული აზრის დაუნდობელი ალაგმვა‚ თვალთმაქცობა და დასმენა, ცალკეულ პირთა ცხოვრებისა და ბედნიერებისადმი სრული გულგრილობა, კოლექტივიზმის არსებითი და გარდაუვალი მახასიათებლებია. ქმედებები, რომელიც ჩვენი ყველა გრძნობის ამბოხს იწვეს, მაგალითად: ტყვეების დახვრეტა ან მოხუცებისა და ავადმყოფების მოკვდინება, აიხსნება, როგორც უბრალო მიზანშეწონილობა. ასობით ათასი ადამიანის დედაბუდიანად აყრა და გადასახლება პოლიციის ძალისმიერ ინსტრუმენტად გადაიქცა, რასაც თითქმის ყველა ეთანხმებოდა‚ თვით მსხვერპლთა გარდა.

იმისათვის‚ რომ ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის სასარგებლო მსახური გახდეს, ადამიანი მზად უნდა იყოს ყველა მისთვის ნაცნობი ზნეობრივი კანონის უარსაყოფად‚ თუკი მისთვის დადგენილი შედეგის მისაღწევად ეს საჭიროა. ტოტალიტარული მანქანა დაუნდობლობისა და უპრინციპობისთვის ხელსაყრელ გარემო-პირობებს ქმნის. არც გესტაპო და არც საკონცენტრაციო ბანაკების ადმინისტრაცია, არც პროპაგანდის სამინისტო და არც SA ან SS სპეცსამსახურები (ან მათი რუსული ანალოგები) ჰუმანური გრძნობების გამოვლენისთვის შესაფერისი ადგილები არ არის. თუმცა ტოტალიტარულ სახელმწიფოში მაღალი თანამდებობებისკენ გზას სწორედ ასეთ ადგილებში თავის გამოჩენს გულისხმობს.

გამოჩენილი ამერიკელი ეკონომისტი, პროფესორი ფრენკ ნაითი სამართლიანად აღნიშნავს, რომ კოლექტივისტური სახელმწიფოს ხელისუფლებამ “სურვილის არსებობა-არარსებობის მიუხედავად ასე უნდა იმოქმედოს და ალბათობა იმისა, რომ ხელისუფლებაში მყოფ ადამიანებს ექნებათ გამორჩეული ხასიათი, რაც მათ არ გამოაყენებინებს ძალაუფლებას, ისევე დაბალია, როგორც იმის ალბათობა, რომ უკიდურესად სათნო გულის მქონე პიროვნებამ მონათა პლანტაციებში მკაცრი ზედამხედველის თანამდებობა მიიღოს”.

შემდეგი მოსაზრება, რომელიც ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს, გულისხმობს: კოლექტივიზმი ნიშნავს სიმართლის დასასრულს. ტოტალიტარული სისტემის ეფექტური მუშაობისთვის არასაკმარისია, ყველა აიძულონ, რომ დამგეგმავების დასახული მიზნების განსახორციელებლად იმუშაონ; არსებითი ისაა, რომ ხალხმა ეს მიზნები უნდა გაითავისოს, რაც საინფორმაციო წყაროების სრული კონტროლითა და მიზანმიმართული აგიტაცია-პროპაგანდით მიიღწევა.

ხალხის იმ მდგომარეობამდე მისაყვანად, რომ აღიარონ იმ ყველაზე ეფექტური გზა-ღირებულებების სამართლიანობა, რომელსაც თვითონვე უნდა ემსახურონ, საჭიროა მათი დარწმუნება, რომ ეს ზუსტად ის ღირებულებებია, რომელიც მანამდე ჰქონდათ, მაგრამ შესაძლოა ვერ ხვდებოდნენ და არ აცნობიერებდნენ. ამ მიზნის მისაღწევად ყველაზე ეფექტური მეთოდი ძველი სიტყვების შეცვლილი მნიშვნელობით გამოყენებაა.

ტოტალიტარული რეჟიმის ზოგიერთი თავისებურება გარეშე დამკვირვებლისთვის ისევე დამაბნეველია, როგორც ენის სრული გაუკუღმართება, რაც ჯერ კიდევ ახასიათებს მთელ ინტელექტურ გარემოს.

სიტყვა “თავისუფლება” ამ თვალსაზრისით ყველაზე მეტად ხელყოფილია. ტოტალიტარულ სახელმწიფოში მას ისევე ხშირად იყენებენ, როგორც ყველა სხვაგან. მართლაც, შეიძლება ითქვას, რომ ყველგან, სადაც კი თავისუფლება იმ სახით როგორადაც ჩვენ გვესმის, მოისპო, ეს ხალხისთვის რაღაც ახალი სახის თავისუფლების დაპირების სანაცვლოდ მოხდა. თვით ჩვენ შორისაც არიან დამგეგმავები, რომლებიც ჩვენვე გვპირდებიან “კოლექტიურ თავისუფლებას”, რომელიც ისეთივე მტკნარი სიცრუეა, როგორც ტოტალიტური პოლიტიკოსების მიერ ნათქვამი ნებისმიერი სხვა რამ. “კოლექტიური თავისუფლება” არის არა საზოგადოების ცალკეული წევრების თავისუფლება, არამედ თვით დამგეგმავთა განუსაზღვრელი თავისუფლება, საზოგადოებას მოექცნენ ისე, როგორც მათ მოეპრიანებათ. ეს არის უკიდურესობამდე მიყვანილი თავისუფლებისა და ძალაუფლების აღრევა.

უმრავლესობისთვის დამოუკიდებელი აზროვნების საშუალების შეზღუდვა ძნელი არ არის. მაგრამ უმცირესობა, რომელიც კრიტიკისადმი მიდრეკილებას ინარჩუნებს, აგრეთვე ჩაჩუმებული, უნდა იქნეს. საზოგადოების მხრიდან კრიტიკა ან თუნდაც ეჭვების გამოხატვა ძირშივე უნდა აღმოიფხვრას, რადგან ამას შეუძლია შეასუსტოს რეჟიმის მხარდაჭერა. სიდნეი და ბეატრიჩე ვებები რუსულ საწარმოებში არსებული მდგომარეობის შესახებ ასე მოგვითხრობდნენ: “სანამ საქმე აღმავლობას განიცდის, დაგეგმვის წარმატებულობისადმი ნებისმიერი ეჭვის საჯაროდ გამოთქმა, არაკეთილგანწყობილი ქმედება და ღალატიც კია, რადგან ამან შესაძლოა დანარჩენ მოსამსახურეთა ნებასა და ძალისხმევაზე იქონიოს გავლენა.”

კონტროლი ვრცელდება იმ საგნებზეც, რომლებსაც ერთი შეხედვით არც კი შეიძლება, რომ პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდეს. მაგალითად, ალბათობის თეორიას დაუპირისპირდნენ, როგორც “სემიტურ შეტევას ქრისტიანულ და ჭეშმარიტ გერმანულ საგანთა წყობაზე”, აგრეთვე იმიტომ, რომ ის “უპირისპირდება დიალექტურ მატერიალიზმს და მარქსისტულ დოგმატიკას”. ყველა ქმედება გამართლებული უნდა იყოს გააზრებული საზოგადოებრივი მიზნით. არ უნდა ხდებოდეს სპონტანური, უმართავი ქმედება, რადგან ამას შესაძლებელია მოყვეს გაუთვალისწინებელი შედეგები, რომლებიც გეგმით უზრუნველყოფილი არ არის.

ეს წესები სპორტულ თამაშებსა და გართობაზეც კი ვრცელდება. მკითხველს ვუტოვებ გამოსაცნობად, სად დაითანხმეს მოჭადრაკეები, რომ ოფიციალურად გამოეცხადებინათ: ჭადრაკისვე სასიკეთოდ “ჩვენ ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავუსვათ წერტილი ჭადრაკის ნეიტრალიტეტს.”

შესაძლოა, ყველაზე შემაშფოთებელი ის იყოს, რომ ინტელექტუალური თავისუფლების მიმართ უპატივცემულობის გამოვლენა მხოლოდ ტოტალიტარული სისტემის ჩამოყალიბების შედეგი არაა. ის ყველგან თავს იჩენს, სადაც კოლექტივისტურ რწმენას ხელგაშლილი ეგებებიან. ყველაზე მეტად დამთრგუნველი იმასთან შეგუებაა, რაც სოციალიზმის სახელთანაა დაკავშირებული და ოპოზიციური იდეებისადმი შეუწყნარებლობის ღიად ქადაგებას გულისხმობს. კოლექტივისტური აზროვნების ტრაგედიაა ის, რომ მის მიერ კეთილგონიერების გაიდეალება, კეთილგონიერებისვე განადგურებით სრულდება.

კოლექტივიზმის გაბატონების შედეგად ზნეობრივი ღირებულებების ცვლილების გამომწვევი ერთი მიზეზი განსჯის საგანგებო საზრდოს იძლევა. ეს არის ღირსებები, რომელსაც სულ უფრო და უფრო ნაკლებად სცემენ პატივს ბრიტანეთსა და ამერიკაში, არადა ანგლოსაქსებს სიამაყით აღავსებდა თვითგამორჩეულობის შეგრძნება ზუსტად ამ ღირსებების გამო, რაც უპირატესობის შეგრძნებას აძლევდა. ეს ღირსებები იყო დამოუკიდებლობა და თავდაჯერებულობა, პირადი ინიციატივა და ადგილობრივი პასუხისმგებლობა, ნებაყოფლობითი საქმიანობის წარმატებისადმი რწმენა, მეზობლების საქმეებში ჩაურევლობა და განსხვავებულისადმი შემწყნარებლობა, აგრეთვე ხელისუფლებისა და მოხელეთა ძალაუფლების ჯანსაღი შეზღუდვა.

თითქმის ყველა წეს-ჩვეულება და ინსტიტუტი, რომლებმაც ინგლისსა და ამერიკაში ეროვნული ხასიათი და ერთიანი ზნეობრივი გარემო ჩამოაყალიბეს, ამავდროულად კოლექტივიზმსა და მის ცენტრალისტურ ტენდენციებს ეწინააღმდეგებოდნენ.

* * *

დაგეგმვა კანონის უზენაესობის საპირისპიროდ

თავისუფალ ქვეყანას დესპოტურისაგან არაფერი განასხვავებს ისე თვალნათლივ, როგორც კანონის უზენაესობის სახელით ცნობილი დიადი პრინციპების დაცვა. თუ საქმის ტექნიკური მხარის განხილვას თავს ავარიდებთ, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა ნებისმიერ ქმედებაში შეზღუდულია წინასწარ დაწესებული და გაცხადებული კანონმდებლობით _ წესებით, რომლებიც საშუალებას იძლევიან, წინასწარ იქნეს განჭვრეტილი, ის, თუ როგორ გამოიყენებს ხელისუფლება თავის ძალაუფლებას ამა თუ იმ კონკრეტულ ვითარებაში. შესაბამისად, თითოეული კონკრეტული პიროვნება სწორედ ამ ცოდნაზე დაფუძნებით შეძლებს საკუთარი საქმიანობის დაგეგმვას. ამრიგად, თამაშის ცნობილი წესების ფარგლებში, ყოველი ცალკეული პირი თავისუფალია, ესწრაფვოდეს საკუთარ მიზნებს და იყოს დარწმუნებული, რომ ხელისუფლების ძალაუფლება მისი ძალისხმევის გასაქარწყლებლად არ იქნება გამოყენებული.

ეკონომიკის სოციალისტური დაგეგმვა სრულიად საწინააღმდეგოს გულისხმობს. საგეგმო კომიტეტი საკუთარ თავს ზოგადი წესით ვერ შეზღუდავს და ძალის გამოყენებაზე უარს ვერ იტყვის. როდესაც სახელმწიფო წყვეტს, რამდენი ღორი უნდა გაიზარდოს ან რამდენი ავტობუსი უნდა მოძრაობდეს, რომელი ქვანახშირის მაღარო უნდა აითვისონ ან რა ფასში უნდა გაიყიდოს ფეხსაცმელი, შეუძლებელია ყველაფრის წინასწარი განჭვრეტა. ყოველდღიური შემთხვევითობები მოვლენათა განვითარებაზე არსებით გავლენას ახდენს. ამასთან, ასეთი გადაწყვეტილებების მიღებისას, აუცილებელია სხვადასხვა პირებისა და ჯგუფების ინტერესების გაწონასწორება.

საბოლოოდ კი, საგეგმო კომიტეტში თავმოყრილი გარკვეული ადამიანები საკუთარი შეხედულებებისამებრ წყვეტენ, რომელი პირებისა თუ ჯგუფების ინტერესები უფრო მნიშვნელოვანია და შემდეგში ეს შეხედულებები, ქვეყნის კანონმდებლობის ნაწილი ხდება. საკმაოდ ცნობილია, რომ რაც უფრო მეტს “გეგმავს” ხელისუფლება, მით უფრო რთულია საკუთარი ცხოვრების დაგეგმვა ცალკეულ პირების. ამ ორ მიდგომას შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაა. ეს იგივეა, რაც განსხვავება საგზაო ნიშნების დადგმასა და ხალხისათვის იმის მისათითებლად, თუ რომელი გზა უნდა აირჩიონ.

მეტიც, ცენტრალური დაგეგმვის პირობებში, ხელისუფლება ვერ იქნება მიუკერძოებელი. სახელმწიფო აღარ არის მცირე უტილიტარული მექანიზმი, რომელიც ეხმარება ცალკეულ პირებს მათი განუმეორებელი თვითმყოფადობის განვითარებაში და ისეთ წარმონაქმნად გადაგვარდება, რომელიც საკუთარი შეხედულებით ირჩევს, რას მიანიჭოს უპირატესობა სხვადასხვა ადამიანების კერძო მოთხოვნებს შორის და ნებას აძლევს ერთ ადამიანს აკეთოს ის, რასაც მეორეს უკრძალავს. ამასთან ცენტრალური დაგეგმვა გულისხმობს, რომ საკანონმდებლო გზით დადგინდეს, როგორი უნდა იყოს ცალკეული ადამიანების ფულადი უზრუნველყოფა და რა ქონებას უნდა ფლობდეს ყოველი განსხვავებული კატეგორიის ადამიანი.

კანონის უზენაესობა ანუ ხელისუფლების მიერ გარკვეული ადამიანებისთვის დადგენილი საკანონმდებლო პრივილეგიები, კანონის წინაშე თანასწორობის ის გარანტიაა, რომელიც მთავრობის ნებელობით ძალმომრეობას უპირისპირდება. მნიშვნელოვანია ის, რომ სოციალისტები (და ნაცისტები) ყოველთვის უკმაყოფილობას გამოთქვამდნენ “ზოგადი” სამართალის მიმართ, რითიც უარყოფდნენ კანონებს, რომლებიც არ საზღვრავენ ცალკეული ადამიანების კეთილდღეობის საკითხებს. ამის საპირისპიროდ ისინი “კანონის სოციალიზაციას” მოითხოვდნენ და მოსამართლეთა დამოუკიდებლობას ეწინააღმდეგებოდნენ.

გეგმურ საზოგადოებაში კანონმა ყველა იმ მიზანსწრაფვისა და ჩანაფიქრის ლეგალიზება უნდა მოახდინოს, რომელიც ხელისუფლების ძალადობრივ ქმედებებს მოსდევს. თუ კანონი ამბობს, რომ ამა თუ იმ გამგეობას ან მმართველ ორგანოს შეუძლია აკეთოს ის, რაც სურს, მაშინ ყველაფერი, რასაც ასეთი გამგეობა ან მმართველი ორგანო გააკეთებს, ლეგალურად ჩაითვლება _ თუმცა ამგვარი ქმედება კანონის უზენაესობას სრულებითაც არ ნიშნავს. შეუზღუდავი ძალაუფლების მქონე ხელისუფლების არსებობისას გამოხატული არ არის, რომ ყველაზე დესპოტური წესებიც კი კანონად იქცეს; ამ გზით დემოკრატია შესაძლოა გადაიზარდოს ყველაზე სრულყოფილ დესპოტიზმში, რაც კი შეიძლება წარმოვიდგინოთ.

კანონის უზენაესობის შეგნება მხოლოდ ლიბერალურ ეპოქაში აღმოცენდა და ის ამ დროის ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენაა. ის კანონებში განსახიერებული თავისუფლებაა. როგორც იმანუილ კანტი ამბობდა: “კაცი თავისუფალი არის, თუ მას არა პიროვნების, არამედ მხოლოდ და მხოლოდ კანონის მორჩილება სჭირდება.”

არის კი დაგეგმვა “გარდაუვალი”?

აშკარაა, რომ დამგეგმავთა მცირერიცხოვანი ჯგუფი დღეს კმაყოფილებით აღნიშნავს, რომ ცენტრალური დაგეგმვა სასურველია. მათი უმრავლესობა ამტკიცებს, რომ იძულებულნი ვართ დავემორჩილოთ მოვლენათა ასეთ განვითარებას იმ გარემოებათა გამო, რომლებსაც ვერ ვაკონტროლებთ.

ყველაზე ხშირად მიზეზობენ, რომ ცენტრალური დაგეგმვის გარეშე შეუძლებელია თანამედროვე ცივილიზაციის სირთულეთა დაძლევა. ეს არგუმენტი კონკურენციის მექანიზმის ფუნქციონირების შესახებ სრულიად არასწორ შეხედულებას ეფუძნება. არადა, სწორედ თანამედროვე პირობების სირთულის გამოა, რომ კონკურენცია არის ის ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც შესაძლებელია ქმედებების კოორდინირების ადეკვატურობის მიღწევა.

იქ, სადაც მდგომარეობა იმდენად მარტივია, რომ ცალკეულ პირს, ან გამგეობას შეუძლია ფაქტების ეფექტური გამოკვლევა, არ წარმოიშობა სურთულეები კონტროლსა და დაგეგმვაში. მაგრამ, როგორც კი მხედველობაში მისაღები ფაქტორები მატულობს და კომპლექსური ხდება, უკვე ერთ ცენტრს აღარ შეუძლია, მათ კვალში მისდიოს. სხვადასხვა საქონელზე მოთხოვნამიწოდების მუდმივად ცვალებადი პირობები ვერასოდეს იქნება სრულყოფილად ცნობილი ერთი ცენტრისათვის და ვერც იმას შეძლებს, რომ საკმაოდ სწრაფად მოახდინოს რეაგირება.

ფასებში მხოლოდ კონკურენციის პირობებში აისახება ყველა მნიშვნელოვანი მონაცემი. ვერც ერთი სხვა ეკონომიკური წყობა ვერ პასუხობს ამ ამოცანას. მეწარმე, რომელიც თვალს მხოლოდ განსაზღვრული ნაწარმის ფასების დინამიკას ადევნებს, მომხმარებლების მოთხოვნილებებთან საკუთარი საქმიანობის მისადაგებას იოლად ახერხებს. მსგავსად ინჟინრისა, რომელსაც მხოლოდ ზოგიერთ მაჩვენებელზე დაკვირვებით შეუძლია, რომ მექანიზმის მოქმედებას მიადევნოს თვალყური.

ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტის ამ მეთოდთან შედარებით, რაც დეცენტარალიზაციას და ამასთან ერთად ფასების სისტემის ავტომატურ კოორდინაციას გულისხმობს, ცენტრალური მართვის მეთოდი წარმოუდგენლად მოუხერხებელი, პრიმიტიული და შებოჭილია.

გაზვიადებული არ იქნება თუ ვიტყვით, რომ ჩვენი საწარმოო სისტემის ზრდის უზრუნველსაყოფად, თუკი იძულებული გავხდებოდით მიგვემართა ცენტრალური დაგეგმვისათვის, ის ვერასოდეს მიაღწევდა მრავალფეროვნებისა და მოქნილობის იმ დონეს, რომელიც ამჯერად აქვს. თანამედროვე ცივილიზაცია მიღწეულ იქნა სწორედ იმიტომ, რომ ის არ საჭიროებს ყველაფრის ერთ ქარგაზე მორგებას. კონკურენტულ წყობაში შრომის დანაწილება იმაზე ბევრად უფრო სრულყოფილადაა განხორციელებული, ვიდრე ეს წინასწარი დაგეგმვის პირობებში იქნებოდა შესაძლებელი. ეკონომიკური სისტემის ყოველი შემდგომი გართულება კონკურენტული ხერხების გამოყენებას ადრინდელზე უფრო მნიშვნელოვანს ხდის, ხოლო ცენტრალური მმართველობის აუცილებლობას და მიზანმიმართული კონტროლის საჭიროებას კიდევ უფრო აკნინებს.

ასევე ამტკიცებენ, რომ ტექნოლოგიურმა ცვლილებებმა კონკურენცია შეუძლებელი გახადა სულ უფრო მეტ სფეროში და ერთადერთი არჩევანი, რომელიც დაგვრჩა, არის არჩევანი კერძო მონოპოლიების მიერ პროდუქციის კონტროლსა და მთავრობის მიერ განხორციელებულ მართვას შორის. თუმცა, მონოპოლიების ზრდა არა იმდენად ტექნოლოგიური წინსვლის გარდაუვალი გამოძახილია, რამდენადაც ქვეყნების უმრავლესობაში განხორციელებული პოლიტიკის შედეგი.

ამ სიტუაციის ყველაზე საყურადღებო გამოკვლევა ეროვნული ეკონომიკის დროებით კომიტეტს ეკუთვნის, რომელსაც გადაჭარბებულ ლიბერალურ მიდრეკილებებში ნამდვილად ვერ დავადანაშაულებთ. კომიტეტი ადგენს: საწარმოთა უმრავლესობის შესაძლებლობები ვერ წარმოჩნდა. ცენტრალიზებული მართვის ხერხებმა, რომლებსაც სავარაუდოდ კონკურენცია უნდა ჩაენაცვლებინა, თავადვე განიცადეს წარუმატებლობა მრავალ სფეროში… არ შეიძლება დაეთანხმო იმ დასკვნას, რომ წარმოების მასშტაბების გაზრდით მიღებული უპირატესობა აუცილებლად გამოიწვევს კონკურენციის მოსპობას… გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკის უშუალო დახმარებით მონოპოლიები ხშირად საიდუმლო მოლაპარაკებებისა და შეთანხმებების გზით იქმნება. კონკურენტული პირობები შეიძლება აღდგეს მხოლოდ მაშინ, როცა ასეთი შეთანხმებები გაუქმდება და სათანადო პოლიტიკა შეიცვლება.

ნებისმიერი, ვინც აკვირდება, როგორი თანმიმდევრულობით ესწრაფვიან მონოპოლისტები სახელმწიფოს დახმარებას საკუთარი კონტროლის ეფექტურობის გასაზრდელად, ოდნავადაც არ დაეჭვდება, რომ მოვლენათა ასეთ განვითარებისას გარდაუვალი არაფერია.

ამერიკის შეერთებულ შტატებში ძლიერმა პროტექციონისტურმა პოლიტიკამ მონოპოლიების ზრდას ხელი შეუწყო. გერმანიაში კი, კარგად მოფიქრებული პოლიტიკის წყალობით, 1878 წლიდან კარტელების რიცხვი მუდმივად იზრდება. სწორედ აქ ჩატარდა სახელმწიფოს დახმარებით “მეცნიერული დაგეგმვისა” და “წარმოების მიზანიმართული ორგანიზების” პირველი ფართომასშტაბიანი ექსპერიმენტები, რომლებმაც განაპირობეს კიდეც უდიდესი მონოპოლიების ჩამოყალიბება. გერმანიაში კონკურენციის შეზღუდვა იყო წინასწარ გათვლილი პოლიტიკის შედეგი, რომელიც განხორციელდა იმ იდეალის მისაღწევად, რასაც ახლა დაგეგმვა ეწოდება.

უდიდესი საფრთხე ძევს ორი უძლიერესი ჯგუფის _ ორგანიზებული მეწარმეების და ორგანიზებული მშრომელების პოლიტიკაში, რომლებიც მხარს უჭერენ წარმოების მონოპოლისტურ ორგანიზებას. მონოპოლიათა ზრდა ორგანიზებული მეწარმეებისა და ორგანიზებული მშრომელების კარგად მოფიქრებული თანამშრომლობის შედეგია, რომლის შედეგადაც მშრომელების პრივილეგირებული ჯგუფები ინაწილებენ მეწარმეთა მონოპოლიურ მოგებას საზოგადოებისა და განსაკუთრებით, იმ მშრომელების ხარჯზე, რომლებიც წარმოების ნაკლებად ორგანიზებულ დარგებში არიან დასაქმებული. მიუხედავად ყველაფრისა, არ გვაქვს
მიზეზი ვიფიქროთ, რომ მოვლენათა ასეთი განვითარება გარდაუვალია.

მოძრაობა დაგეგმვისკენ მიზანმიმართული პოლიტიკური ქმედებების შედეგია და არანაირი გარეშე აუცილებლობა არ გვაიძულებს ამას.

შესაძლებელია რომ დაგეგმვამ გაგვათავისუფლოს საზრუნავისგან?

დამგეგმავთა უმეტესობას, ვინც გულისყურით ეკიდება თავისი ამოცანების პრაქტიკულ ასპექტებს, მცირედი ეჭვიც არ ეპარება იმაში, რომ დაგეგმილი ეკონომიკა დიქტატორული გზებით უნდა იმართოს, ხოლო ურთიერდამოკიდებულ ღონისძიებათა რთულ ერთობლიობას მოხელე ექსპერტები უნდა ხელმძღვანელობდნენ, რომელთა წინამძღოლის ხელში მოქცეული განუზომელი ძალაუფლება დემოკრატიულმა პროცედურებმა არ უნდა შეზღუდოს. დამგეგმავები გვამშვიდებენ იმით, რომ მთავრობის დირექტივები “მხოლოდ” ეკონომიკურ საკითხებს შეეხება. ასეთ დაპირებებს თან სდევს ის რჩევაც, რომ სიცოცხლის ნაკლებად მნიშვნელოვან ასპექტებში თავისუფლების დათმობით შევძლებთ თავისუფლებას მივაღწიოთ სხვა, უფრო მაღალ ღირებულებებში. ამის საფუძველზე ხალხი, ვინც ვერ იტანს პოლიტიკურ დიქტატურას, ხშირად ხმამაღლა მოითხოვს დიქტატურას ეკონომიკურ სფეროში. ვინ იქნება წინააღმდეგი, თუკი დაგეგმარება ნამდვილად გაგვათავისუფლებს ნაკლებად მნიშვნელოვანი საზრუნავისგან და აქედან გამომდინარე, გაგვიადვილებს არსებობას, რომ უფრო მშვიდად ვიცხოვროთ და მაღალფარდოვანი მოსაზრებებით დავკავდეთ?

საუბედუროდ, წმინდა ეკონომიკური მიზნები არ შეიძლება გამოცალკევდეს სხვა ცხოვრებისეული მიზნებისგან. ის, რასაც მცდარად “ეკონომიკურ მოტივს” უწოდებენ, უბრალოდ ბედნიერებისკენ ზოგად სწრაფვას ნიშნავს. თუ ჩვენ ძალ-ღონეს ფულისთვის ვხარჯავთ, ეს იმიტომ, რომ ფული გვაძლევს შესაძლებლობას, გავაკეთოთ უდიდესი არჩევანი, რომ დავტკბეთ საკუთარი საქმიანობის ნაყოფით _ თუკი ერთხელ გამოვიმუშავებთ, თავისუფალნი ვართ, ფული ისე დავხარჯოთ, როგორც მოგვესურვება.

რადგან ჩვენი ფულადი შემოსავლები შეზღუდულია, ვგრძნობთ იმ საზღვრებს, რომელიც გვამყოფებს შედარებით სიღარიბეში, ამიტომ ბევრს სძულს ფული, როგორც ამ შეზღუდვათა სიმბოლო.

სინამდვილეში ფული არის თავისუფლების ერთ-ერთი უძლიერესი იარაღი, რომელიც ადამიანმა გამოიგონა. სწორედ ფული ხსნის გზას არჩევანის იმ თავბრუდამხვევი მრავალფეროვნებისკენ, რომელსაც თანამედროვე საზოგადოება სთავაზობს უბრალო ადამიანებს _ ეს არჩევანი დღეს ბევრად უფრო დიდია იმაზე, რაც სულ რამდენიმე თაობის წინ, მხოლოდ მდიდრებისთვის იყო ხელმისაწვდომი.

ჩვენ უკეთ გავიგებთ ფულის სამომხმარებლო დანიშნულებას, თუ რეალურად წარმოვიდგენთ რა მოხდებოდა, მრავალი სოციალისტის სახასიათო წინადადების მიხედვით “ფინანსურ მოტივებს” “არაეკონომიკური მოტივები” რომ ჩაენაცვლოს. თუ ყველა ჯილდო ფულადი ანაზღაურების ნაცვლად, საგანგებო პრივილეგიის მინიჭების გზით გაიცემა, ეს უბრალოდ ნიშნავს, რომ ამ “წყალობის” მიმღებს არჩევანის გაკეთების უფლება უკვე აღარ ექნება. ამიტომ ის, ვინც აწესებს ჯილდოს, განსაზღვრავს არა მარტო მის მოცულობას, არამედ მისი გამოყენების წესსაც.

ეგრეთ წოდებული ეკონომიკური თავისუფლება, რომელსაც დამგეგმავები დაგვპირდნენ, უფრო ზუსტად ნიშნავს იმას, რომ უნდა გაგვიადვილდეს საკუთარი ეკონომიკური პრობლემების გადაწყვეტა და აგვცილდეს ყველაზე მწარე ხვედრი, რასაც ცხოვრება გვიმზადებს. რადგანაც თანამედროვე პირობებში თითქმის მთლიანად გარეშე პირების მომსახურებაზე ვართ დამოკიდებული, ეკონომიკური დაგეგმვა ძალაუნებურად ჩვენი ყოფის სფეროს მოიცავს.

ძნელად თუ მოიძებნება ცხოვრების რომელიმე ასპექტი, პირველადი საყოფაცხოვრებო საჭიროებებიდან დაწყებული, ოჯახთან და მეგობრებთან ურთიერთობების, ჩვენი საქმიანობის თავისებურებების გათვალისწინებისა და თავისუფალი დროის გამოყენების ჩათვლით, რომ დამგეგმავმა არ ისარგებლოს თავისი “მიზანმიმართული ჩარევის” უფლებით. დამგეგმავთა ზეგავლენა ჩვენს პირად ცხოვრებაზე ნაკლებშესამჩნევი ძნელად თუ გახდება, თუკი ხელისუფლება წარმოებაზე კონტროლს შეინარჩუნებს, ხოლო მომხმარებელს შემოსავლების საკუთარი სურვილით განკარგვის მხოლოდ მინიმალური თავისუფლება ექნება. ჩვენი არჩევანის თავისუფლება კონკურენტულ საზოგადოებაში ემყარება იმას, რომ თუ ერთი პირი უარს იტყვის დააკმაყოფილოს ჩვენი სურვილები, შეგვიძლია სხვას მივმართოთ. მაგრამ მონოპოლისტის შემთხვევაში, მის მოწყალებაზე ვართ დამოკიდებული. ხოლო ხელისუფლება, რომელიც მართავს მთელ ეკონომიკურ ურთიერთობებს, ყველაზე ძლევამოსილი მონოპოლისტია, რისი წარმოდგენაც კი შეიძლება.

მას უნდა ჰქონდეს სრული ძალაუფლება გადაწყვიტოს, რა უნდა გვერგოს და რა ვადებში. მან არა მარტო უნდა განსაზღვროს, რა საქონელი და მომსახურება უნდა იყოს ხელმისაწვდომი და რა რაოდენობით, არამედ უნდა მართოს კიდეც მათი განაწილება რეგიონებსა და ჯგუფებს შორის; ამასთან შეეძლოს, თუკი მოისურვებს, საკუთარი სურვილის შესაბამისად მიანიჭოს უპირატესობა ამა თუ იმ პირს. არა ჩვენი საკუთარი, არამედ ვიღაც სხვა პირის შეხედულება, რა უნდა მოგვწონდეს და რა არა, განსაზღვრავს იმას, რა უნდა მივიღოთ.

ხელისუფლების ნება კიდევ უფრო მეტად განსაზღვრავს და წარმართავს ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას, თუკი სადმე ვმუშაობთ. უმრავლესობისთვის დრო, რომელსაც სამსახურში ვხარჯავთ, ცხოვრების უდიდესი ნაწილია. ხოლო ჩვენი სამსახური კი, როგორც წესი განსაზღვრავს სად და როგორი ხალხის გარემოცვაში ვცხოვრობთ. აქედან გამომდინარე, სამუშაოს არჩევის თავისუფლება ჩვენთვის ალბათ უფრო მნიშვნელოვანიც კია საკუთარი ბედნიერებისთვის, ვიდრე მოცალეობის ჟამს შემოსავლის განკარგვის თავისუფლება.

საუკეთესო ქვეყანაშიც კი, ზოგადი სახით ასეთი თავისუფლება ბუნებრივად შეზღუდულია. ხალხის ძალზე მცირე ნაწილს აქვს მრავალფეროვანი არჩევანის საშუალება. მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ მაინც გვაქვს გარკვეული არჩევანი, არ ვართ აბსოლუტურად მიჯაჭვული ჩვენთვის მიჩენილ სამუშაო ადგილზე და თუ რაიმე აუტანელი გახდება, ან სხვა რაიმე მიიპყრობს ჩვენ გულისყურს, ყოველთვის არის იმის შესაძლებლობა, რომ გარკვეული მსხვერპლის ფასად ახალ მიზანს მივაღწიოთ. შესაძლოა ცუდია, რომ მხოლოდ მანქანის ჭანჭიკი იყო, მაგრამ კიდევ უარესია, როცა აღარ გვაქვს ამ მდგომარეობიდან გასვლის საშუალება, თუკი მიჯაჭვულები ვართ იმ ადგილს და ხელმძღვანელებს, რომლებიც მოგვიჩინეს.

ჩვენს თანამედროვე სამყაროში არსებობს უამრავი საშუალება გავიუმჯობესოთ არჩევანის შესაძლებლობა, მაგრამ “დაგეგმვა” აუცილებლად საწინააღმდეგო მიმართულებით იმოქმედებს. დამგეგმავმა უნდა გასცეს ნებართვა ვაჭრობისა თუ სხვა საქმიანობების წამოწყებაზე ან დაადგინოს გადახდის ვადები, ან ორივე ერთად. დაგეგმვის ყველა შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ასეთი კონტროლი და შეზღუდვები წესდებოდა.

კონკურენციის პირობებში, ნივთების უმეტესობას ფასი ადევს, ხშირად, საშინლად მაღალიც კი. ჩვენ მსხვერპლად ერთი ნივთი უნდა გავიღოთ, რომ მივიღოთ მეორე. ალტერნატივა, მაშასადამე, არა არჩევანის თავისუფლება, არამედ ბრძანება და აკრძალვაა, რომელიც უნდა აღსრულდეს.

ის, რომ ხალხს სურს თავიდან აიცილოს მძიმე სინამდვილისგან თავსმოხვეული მწარე ხვედრი, გასაკვირი არაა. მაგრამ ძალიან ცოტას თუ უნდა, რომ თავი აარიდოს არჩევანს მხოლოდ იმიტომ, რომ მათ მაგივრად ეს სხვებმა გააკეთონ. ხალხს მხოლოდ ის სურს, რომ არჩევანის გაკეთება სულ არ იყოს საჭირო. ისინი სავსებით მზად არიან დაიჯერონ, არჩევანი სულაც არ არის აუცილებელი და ის უბრალოდ გამოწვეულია იმ განსაკუთრებული ეკონომიკური სისტემით, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ის, რაზეც ისინი სინამდვილეში წუხან, ეკონომიკური პრობლემა არის.

სასურველ ილუზიას, რომ ეს ნამდვილად აღარ არის ეკონომიკური პრობლემა, ხელი შეუწყო იმის მტკიცებამ, თითქოს გეგმური ეკონომიკა უფრო ნაყოფიერი იქნება, ვიდრე კონკურენტული წყობა. ეს მტკიცება პრობლემის მკვლევართა უმეტესობამ მეტ-ნაკლები თანმიმდევრულობით უარყო. სოციალისტური შეხედულებების მქონე ბევრი ეკონომისტი ახლა მხოლოდ იმას იმედოვნებს, რომ გეგმური საზოგადოება ისეთივე ეფექტური და შედეგიანი იქნება, როგორიც კონკურენტული წეს-წყობილებაა. ისინი დაგეგმვის პრინციპს იმიტომ იცავენ, რომ ის საშუალებას მოგვცემს ვუზრუნველვყოთ სიმდიდრის უფრო მიუკერძოებელი განაწილება. ხოლო თუკი გვინდა, გამიზნულად დავადგინოთ ვის რა უნდა ერგოს, მთლიანი ეკონომიკური წესწყობილება უდავოა დაგეგმარებას უნდა დავუქვემდებაროთ.

მაგრამ პასუხგასაცემია კითხვა, ხომ არ გამოიწვევს ფასი, რომელიც უნდა გადავიხადოთ ვიღაცის სამართლიანობის იდეალების განხორციელებისთვის, უფრო მეტ უკმაყოფილებას და მეტ ჩაგვრას, ვიდრე სამეურნეო ძალების ეგზომ საძრახისი თავისუფალი ურთიერთ-თანამშრომლობის დროს?

რა პრინციპით ან ვალდებულებებით უნდა იხელმძღვანელოს მთავრობამ, როდესაც სიმდიდრეს ანაწილებს? არსებობს კი გარკვეული პასუხი იმ უამრავ კითხვაზე, რა შედარებითი უპირატესობები წამოიწევს წინ?

ამ კითხავზე პასუხს მხოლოდ ერთი ზოგადი პრინციპი, ერთი მარტივი წესი იძლევა. ესაა ყოველი ცალკე პირის სრული თანასწორობა. ეს მიზანი განაწილებითი სამართლიანობის ბუნდოვან იდეას სულ ცოტა ნათელს მაინც მოჰფენდა. მაგრამ ხალხი, საზოგადოდ, ასეთი სახის მექანიკურ თანასწორობას სასურველად არ მიიჩნევს და სოციალიზმიც, არა სრულ თანასწორობას, არამედ “უფრო მეტ თანასწორობას” ჰპირდება.

ეს ფორმულა პრაქტიკულდ ვერც ერთ კითხვას ვერ სცემს პასუხს, ყოველ კერძო შემთხვევაში ვერ გვათავისუფლებს, თითოეული პიროვნების ან ჯგუფის დამსახურებების შეფასების აუცილებლობისგან, თან, ვერც ამ გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს. ერთადერთი, რაზეც ის მოგვითითებს სინამდვილეში, არის ის, როგორ წავართვათ მდიდარს რაც შეიძლება მეტი. ხოლო, როგორც კი საქმე ნარჩენების განაწილებაზე მიდგება, პრობლემა ისეთივე რჩება, როგორც “უფრო მეტი თანასწორობის” ფორმულის არარსებობის შემთხვევაში.

ნათქვამია, რომ პოლიტიკურ თავისუფლებას ეკონომიკური თავისუფლების გარეშე მნიშვნელობა არა აქვს. ეს, რასაკვირველია, სრული სიმართლეა, მაგრამ არა იმ გაგებით, როგორითაც მას დაგეგმვის მომხრეები იყენებენ. ეკონომიკური თავისუფლება, რომელიც ნებისმიერი სხვა სახის თავისუფლების წინაპირობაა, ვერ იქნება თავისუფლება ეკონომიკური საზრუნავიდან, რასაც სოციალისტები გვპირდებიან. ეკონომიკური პრობლემებიდან თავის დაღწევა შესაძლებელი მხოლოდ არჩევანის უფლების ჩვენთვის მონდობით არის. ეს უნდა იყოს ეკონომიკური ქმედების ისეთი თავისუფლება, რომელიც არჩევანის უფლებასთან ერთად, გულისხმობს შესაბამის უფლების გამოყენების რისკსა და პასუხისმგებლობას.

უსაფრთხოების ორი სახესხვაობა

ყალბად, თუმცა უფრო სამართლიანად გაგებული “ეკონომიკური თავისუფლების” მსგავსად ეკონომიკური უსაფრთხოება ყოველთვის ჭეშმარიტი თავისუფლების აუცილებელ პირობად არის წარმოდგენილი. გარკვეულწილად ეს მართალიცაა და მნიშვნელოვანიც. დამოუკიდებელი აზროვნება ან ხასიათის სიმყარე იშვიათად თუ ვლინდება იმათ შორის, ვისაც არ შეუძლია თავისივე ძალისხმევით გაიკვლოს გზა.

მაგრამ არსებობს უსაფრთხოების ორი სახესხვაობა: ყველას უზრუნველყოფა საარსებო მინიმუმით და ცხოვრების ისეთი პიროებების დაცვა, რომელშიც თითოეული პიროვნება ან ჯგუფი თვითმყოფადობის გამოვლენის უფლებით სარგებლობს.

იმ საზოგადოებაში, რომელმაც მიაღწია სიმდიდრის გარკვეულ დონეს, ერთი შეხედვით არ არსებობს საფუძველი, რომ პირველი სახესხვაობის უსაფრთხოება თავისუფლებისთვის საფრთხის შექმნის გარეშე ყველასათვის ხელმისაწვდომი გახდეს. ეს არის ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად საკმარისი მინიმალური ოდენობის საკვები, თავშესაფარი და ტანსაცმელი. აგრეთვე, თითქოს არ არსებობს არავითარი მიზეზი, თუ რატომ არ უნდა დაგვეხმაროს სახელმწიფო საყოფაცხოვრებო დაზღვევის ყოვლისმომცველი სისტემის შექმნაში, რომელიც ცხოვრების იმ ბედუკუღმართობისგან დაგვიცავს, რომელთა წინაშეც ცოტა ვინმე თუ არის სათანადოდ უზრუნველყოფილი. მაგრამ თავისუფლებას სწორედ უსაფრთხოების პირველი სახესხვაობა უთხრის ძირს. სინამდვილეში ის გამიზნულია ცალკეული პირებისა და მათი ჯგუფების შემოსავლების კლებისგან დასაცავად. თუკი, როგორც ეს სულ უფრო მეტ შემთხვევაში ხდება, ცალკეული ხელობის წარმომადგენლებს, რომელთა მდგომარეობა უმჯობესდება, ნება ეძლევათ, ხელფასებისა ან მოგების სახით წარმოდგენილი საკუთარი მაღალი შემოსავლების დაცვის მიზნით, შესაბამის საქმიანობაში სხვების ჩართვა არ დაუშვან, მაშინ, იმ ხელობების წარმომადგენლებს, რომლებზეც მოთხოვნა მცირდება, მკვეთრად ეზღუდებათ სამოქმედო ასპარეზი და ეს ყოველივე უმუშევრობის ზრდას იწვევს. აქ კი არ შეიძლება მცირედი ეჭვი გაჩნდეს, რომ ყოველივე ეს ძირითადად უსაფრთხოებისთვის ბრძოლის ბოლო ათწლეულებში გამოყენებული იმ მეთოდების შედეგია, რომლებმაც უმუშევრობა და დაუცველობა მნიშვნელოვნად გაზარდა.

იმ ადამიანების მდგომარეობის სრული უიმედობა, რომლებიც პოლიტიკური მფარველობის მიღმა დარჩნენ, შესაძლოა მხოლოდ იმათ შეაფასონ სათანადოდ შეფასებული, ვისაც ეს თავად აქვს გამოცდილი. ტოტალიტარულ საზოგადოებაში ასეთი ადამიანების ყოველგვარი აღმასვლა შეჩერებულია. არასოდეს არ ყოფილა ერთი კლასის მიერ მეორის უფრო დაუნდობელი ჩაგვრა, ვიდრე კონკურენციის “რეგულირების” შედეგად მეწარმეთა უფრო უზრუნველყოფლი ნაწილის მიერ შედარებით ნაკლებად წარმატებულთა ჩაგვრა. ზოგიერთმა ლოზუნგმა იმდენივე ზიანი და მსხვერპლი მოიტანა, რამდენიც ფასების განსაზღვრისა და გადასახადების სტაბილიზაციის გაიდეალებამ, რომელიც იცავს ზოგიერთების შემოსავლებს და თანდათან უფრო არასაიმედოს ხდის დანარჩენების მდგომარეობას.

ინგლისსა და ამერიკაში საგანგებო პრივილეგიებმა, განსაკუთრებით კონკურენციის “რეგულირების” სახით გარკვეული ფასებისა და ხელფასების “სტაბილურობამ”, მზარდი მნიშვნელობა შეიძინა. ერთი ჯგუფისთვის საგანგებო პირობების შექმნის ყოველი მცდელობა აუარესებს დანარჩენების მდგომარეობას. თუ თქვენ გარკვეულ ნაწილს უზრუნველყოფთ ნამცხვრის განსაზღვრული ოდენობით, მაშინ დანარჩენების წილი პროპორციულად შემცირდება ნამცხვრის მთლიან ზომასთან შედარებით. ამასთან, უსაფრთხოების მნიშვნელოვანი შემადგენელი, რომელსაც კონკურენტული წყობა გვთავაზობს ანუ შესაძლებლობათა დიდი მრავალფეროვნება, უფრო და უფრო მცირდება.

შემზღუდველი ზომების მეშვეობით, უსაფრთხოების მისაღწევად სახელმწიფოს ხელშეწყობით განხორციელებულმა ზოგადმა ძალისხმევამ, დროის გარკვეულ პერიოდში საზოგადოების პროგრესული ტრანსფორმაცია განაპირობა. ამაშიც ისევე, როგორც ბევრ სხვა საკითხში, გერმანია პირველობდა და სხვა ქვეყნები უკან მიჰყვებოდნენ. ასეთი განვითარება დაჩქარებულ იქნა სოციალისტური მოძღვრების განსხვავებული ეფექტით. ნებისმიერი ხასიათის საქმიანობაში ეკონომიკური რისკისა და ზნეობრიობის წინასწარგამიზნული უგულვებელყოფა ნახტომი იყო ისეთი ზემოგებისკენ, რომელიც ამართლებდა რისკს, თუმცა ძალიან ცოტას თუ შეეძლო მისი დაგემოვნება.

არ შეგვიძლია ვუსაყვედუროთ ჩვენს ახალგაზრობას, როდესაც ისინი სამეწარმეო რისკთან შედარებით უპირატესობას ანიჭებენ დაცულ, ანაზღაურებად თანამდებობებს, რადგანაც მათ სიყმაწვილიდანვე ესმით, რომ ეს არის უფრო პატივსაცემი, უანგარო და მიუკერძოებელი საქმიანობა. დღევანდელი ახალგაზრდა თაობა გაიზარდა იმ გარემოში, სადაც სკოლასა და პრესაში კომერციული სამეწარმეო სულისკვეთება იყო, სამარცხვინოდ, ხოლო მოგების მიღება _ უზნეობად; ხოლო 100 პიროვნების სამუშაოდ აყვანა იყო ექსპლუატაცია, იმავე რაოდენობის ადამიანებზე მბრძანებლობა კი _ სასიქადულო საქმე.

შედარებით ასაკიან ხალხს შესაძლოა ეს გაზვიადებულად მოეჩვენოს, მაგრამ უნივერსიტეტის მასწავლებლის ყოველდღიური გამოცდილება მცირე ეჭვს თუ ტოვებს, რომ ანტიკაპიტალისტური პროპაგანდის შედეგად, საზოგადოებრივი ღირებულებები მნიშვნელოვნად შეიცვალა, თუმცა ჯერ შენარჩუნებულია ამა თუ იმ სახით. ისმის კითხვა, ხომ არ დავანგრევთ ახალი მოთხოვნების დაკმაყოფილებისკენ მიმართული ინსტიტუციონალური ცვლილებებით იმ ღირებულებებს, რომლებსაც კვლავ უფრო მეტად ვაფასებთ?

ძირეული წინააღმდეგობა, რომელთანაც ჩვენ საქმე გვაქვს, საზოგადოების ორგანიზების ორი სახესხვაობის შეუთავსებლობაა, რომელთაც ხშირად მოიხსენიებენ, როგორც სავაჭროსა და სამხედროს.

სამხედრო ნაწილში, სამუშაო და სამხედრო პირი ერთნაირად არის დაქვემდებარებული ხელმძღვანელზე და ეს არის ერთადერთი წყობა, რომელშიც პირმა შეიძლება თავი მოიტყუოს იმით, რომ აქვს სრული ეკონომიკური უსაფრთხოება. თუმცაღა, ასეთი უსაფრთხოება, მიუხედავად ყველაფრისა, განუყოფელია თავისუფლების შეზღუდვებისა და მხედრული ცხოვრების იერარქიული მმართველობისგან და ეს არის ყაზარმული უსაფრთხოება.

საზოგადოებაში, რომელიც აღიარებს თავისუფლებას, ძნელი წარმოსადგენია ადამიანების უმრავლესობა მზად იყოს უსაფრთხოების ამ ფასად შესაძენად. მაგრამ პოლიტიკა, რომელსაც დღეს ანიჭებენ უპირატესობას, სწრაფად ქმნის პირობებს, რომელშიც უსაფრთხოებისკენ სწრაფვა უფრო ძლიერდება, ვიდრე თავისუფლების სიყვარული.

თუ არ ვანგრევთ პიროვნულ თავისუფლებას, კონკურენცია არ უნდა შეიზღუდოს. დავუშვათ, რომ თანაბარი საარსებო პირობები ყველასთვის იქნება უზრუნველყოფილი; მაგრამ კეთილი უნდა ვინებოთ და ვაღიაროთ, რომ ამავდროულად ცალკეული კლასებისთვის ყოველგვარი პრივილეგიები უნდა გაუქმდეს, უარყოფილ იქნეს ყველა წინაპირობა, რომელიც ხელს უშლის ახალმოსულებს, საერთო კეთილდღეობა გაიზიარონ და შესაბამისი პირობები სათავისოდაც უზრუნველყონ.

შესაძლებელია, საკამათო არ იყოს ზოგიერთი საჭიროებისგან სათანადო დაცვა პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი მიზანი რომ უნდა გახდეს, მაგრამ არაფერია უფრო დამღუპველი, ვიდრე თანამედროვე ინტელექტუალურ ლიდერთა საქციელი, რომლებიც უსაფრთხოებას თავისუფლების ხარჯზე განადიდებენ. ფაქტის საჯაროდ აღიარებისთვის არსებითი მნიშვნელობა აქვს იმის ხელახლა გათავისებას, რომ თავისუფლების მისაღწევად საჭიროა ფასის გადახდა და ჩვენ, როგორც თვითმყოფადი არსებები მისი შენარჩუნებისათვის გარკვეული მატერიალური მსხვერპლის გასაღებად მზად უნდა ვიყოთ.

უნდა აღვადგინოთ ის რწმენა, რომელსაც ეფუძნებოდა თავისუფლება ანგლოსაქსურ ქვეყნებში და ბენჟამინ ფრანკლინმა გამოხატა არა მხოლოდ ერების, არამედ ჩვენდამი, როგორც ცალკეული პირებისადმი განკუთვნილ გამონათქვამში: “ისინი, ვინც დათმობენ ძირითად თავისუფლებას დროებითი უსაფრთხოების მოსაპოვებლად, არ იმსახურებენ არც თავისუფლებას და არც უსაფრთხოებას”.

უკეთესი სამყაროსკენ

უკეთესი სამყარო რომ ავაშენოთ, უნდა გვეყოს სიმამაცე, ყველაფერი ახლიდან დავიწყოთ.

გზა უნდა გავასუფთაოთ ყველა იმ წინაღობისგან, რომლითაც ადამიანთა წინდაუხედაობამ ბოლო დროს ჩვენი სავალი ბილიკი ჩახერგა და გამოვათავისუფლოთ პირთა შემოქმედებითი ენერგია. უნდა შევქმნათ პროგრესისთვის ხელსაყრელი პირობები და არა “დაგეგმილი პროგრესი”. მაგრამ ისინი, ვინც მზად არიან, რომ განახლებისთვის აუცილებელი სიმამაცე გამოიჩინონ, იმათ რიგებში როდი არიან, ვინც “დაგეგმვას” მისტირის და არც მათთან დგას, ვინც “ახალ წესრიგს” ქადაგებდა და ვისაც ჰიტლერის ხელმეორედ განსახიერებაზე უკეთესი რამის მოფიქრება არ ძალუძს, რაც თავის მხრივ, სხვა არაფერია, თუ არა მე-20 საუკუნის პირველი 40 წლის ტენდენციების გაგრძელება. სწორედ ისინი, ვინც ყველაზე ხმამაღლა მისტიროდა გეგმურ ეკონომიკას, ყველაზე მეტად არიან იმ იდეების გავლენის ქვეშ, რამაც გამოიწვია მეორე მსოფლიო ომი და ჩვენი მტანჯველი უბედურებების უმეტესი ნაწილი.

თავისუფალი ადამიანების სამყაროს შექმნის მცდელობის მთავარი სახელმძღვანელო პრინციპი უნდა იყოს: ერთადერთი ჭეშმარიტად პროგრესული პოლიტიკა _ პიროვნული თავისუფლების პოლიტიკა.

წყარო: საქართველოს ახალი ეკონომიკური სკოლა. თავისუფლების ბიბლიოთეკა – ტომი II. ლიბერალიზმი და ძალაუფლება

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button