ქართული გვარები

გიგაურთა გვარი

გვარსახელი “გიგაური” ფუძეში შეიცავს წინაპრის საკუთარ სახელს “გიგა”, “გიგი”, “გიგო”. ეს ეპონიმური ტიპის გვარსახელია. გვარმოდენილობა “გიგაური” სათავეს იღებს ბუდეხევსურეთის, წყალსიქითის თემის სოფელ ბლოდან.

KARIBCHE

გადმოცემით, ბლოელ გიგაურთა წინაპარი – გიგა, არდოტელ ზვიადაურთა წინაპარი – ზვიადა და მუქოელ წოწკოლაურთა წინაპარი – წოწკურა ძმები ყოფილან. მათი პირვანდელი საცხოვრისი სოფელი ბლო ყოფილა. ხევსური ზვიადაურები და ფშაველი წოწკოლაურები დღესაც ბიძაშვილობენ გიგაურებთან.

ბლოდან გიგაურები ოთხი მიმართულებით წასულან: არხოტისკენ, დათვისისკენ, წინა ფშავისა და ერწო-თიანეთისკენ. არხოტელი გიგაურები ხევში გადასულან, ხოლო ხევიდან მათი ნაწილი ქსნისკენ წასულა. არხოტელ გიგაურთაგან მომდინარეობენ მოხევე და ქსნელი გიგაურები.

დათვისელი გიგაურები არაგვზე გადასახლებულან – ჭართლის თემში, ხოლო წინაფშაველი და ერწოთიანელი გიგაურები ბარად, ძირითადად, კახეთის სოფლებში ჩასახლებულან. ქართლის სოფლებში მოსახლე გიგაურები მეტწილად ქსნელი და არაგველი გიგაურების განაყრები არიან.

ამჟამად ხევსურეთის ბლოში გიგაურთა გვარის ერთადერთი კომლი შემორჩა, ხოლო არხოტისა და დათვისის ხევებში გიგაურები აღარ ცხოვრობენ.

ეთნოგრაფიული მონაცემებით, დათვისელ გიგაურებს ძმობა ჰქონდათ ლიქოკელ სისაურებთან. დათვისის ხევის სოფელ გველეთში, მთავარანგელოზის ჯვარში დღესაც დგას მიწაში ღრმად ჩარჭობილი გრძელი სიპის ქვა, გიგაურ-სისაურთა ძმობის სამანი. ასევე გადმოცემით ვიცით, რომ დათვის-გველეთელ გიგაურებს ხანგრძლივი მტრობა ჰქონდათ მოწმაოელ ბეკურაულებთან, რომლებიც ბოლოს გაუძევებიათ ხევსურეთიდან და სოფელი მოწმაოც გიგაურებს დარჩენიათ.

XVI საუკუნიდან დავითისის თემის გიგაურები მამულების გამო უძილაურთა თემის ფშავლებს დაუპირისპირდნენ. უძილაურებს ისევ მამულის გამო ხანგრლივი დავა ჰქონდათ გიგაურთა მოძმე სისაურებთანაც. იმხანად დათვისის თემსა და გიგაურთა გვარს მოთავეობდა მთავარანგელოზის ხევისბერი, სახელოვანი მეომარი, კაცთკითხული და გოლიათი გიგა გიგაური. “მე ეგეთ არვინ მინახიაო, გიგა რო ვნახე გიაურიო”, – ნათქვამია მის შესახებ ხალხურ ლექსში.

ფშავლები ლაშარის ჯვარში შეყრილან. გიგაც მიუწვევიათ, რომ მთის სამართლით – რჯულით სადავო საქმე მოეგვარებინათ. მაგრამ “გიგა არ სჯერავ ნარჯულავსაო”, და მტრობა ისევ გაგრძელებულა. გიგაურთ ხევისბერის ზურგს უკან გიგაურთა დიდი გვარი იდგა და ამადაც ერჩოდა ძალა, ფშავლებს გზას არ ანებებდა თურმე. ფშაველი უძილაურის ნახევრად ხუმრობით ნათქვამია მაშინდელი:

“კოპალავ, შენამც გენაცვლებიო,
მხოცველი თუ ხარ დევებისაო,
გიგას ვერ მახკლავ გიგაურსაო?
ორწყალში ყარაულად მდგომსაო”.

ამავე XVI საუკუნის მეორე ნახევარში გიგაურები მონაწილეობენ ბარელ ფეოდალებზე გახშირებულ თავდასხმებში.

1561 წელს გიგაურ-სისაურ-სამხარაულთა ლაშქარი სანაგ სისაურის მეთაურობით მუხრანის ციხეს დასცემიან: “ხოლო აშოთან, ძემან ბაგრატ მუხრანბატონისამან, ბრძოლა უყო და მოსწყვიდნა იგინი და აოტნა, გარნა მოიკლა იგიცა მათ მიერ”. ვკითხულობთ “ქართლის ცხოვრებაში”. ეს იყო ქართული სამეფო ხელისუფლების შესუსტებისა და ამის შედეგად “მთის აშლილობის” შავბნელი პერიოდი.

XVII საუკუნეში, “სისხლის წვიმების” ჟამს, ზურაბ არაგვის ერისთავს გიგაურები დათვის-გველეთ-მოწმაოდან აუყრია და არაგვზე, ჭართლის თემში გადმოუსახლებია.

ნაჩქარევი გადასახლებისას გიგაურებს მთავარანგელოზის თას-განძი მიწაში ჩაუმარხავთ და ამ ამბის ხსოვნას რამდენიმე თაობაში ინახავდნენ. ბოლოს ჭართალში დაბადებული და გაზრდილი რამდენიმე გიგაური ხევსურეთში წასულა, წინაპართა სალოცავში. ამათ გადმოცემით სცოდნიათ გველეთის მთავარანგელოზის განძის ჩამარხვის ადგილი. უძებნიათ, ამოუთხრიათ და მართლაც უპოვიათ. მალვით ჭართალში გადმოუტანიათ წინაპართა ჯვარ-ხატები და აქაც საგიგაურო სალოცავი დაუარსებიათ.

ჭართალში გადმოსახლებული გიგაურები დამხვდურ ხუციანიძეთა იმხანად რიცხვმრავალ გვარს შეეფიცნენ. საერისთავოს ლაშქართან ნაომარ, დაცოტავებულ გიგაურებს უცხო გარემოში ადგილობრივი ძლიერი გვარის მფარველობა ესაჭიროებოდათ. ხუციანიძეებმა ახალმოსახლე გიგაურებს ძმური დახმარება გაუწიეს.

მთაში ამბობენ, “ჭირვეულობა რიგით არისო”. გავიდა დრო და ჭართლელი გიგაურები გამრავლდნენ და გაძლიერდნენ, ხოლო ერთ დროს ძლიერი ხუციანიძეთა გვარი ლეკების დაცემისას ერთიანად გაწყდა. ერთი ფეხმძიმე რძალი გადარჩენილა მხოლოდ და გიგაურებს შეუფარებიათ. ამ რძალს ვაჟი შეეძინა – ხუციანიძეთა ამოწყვეტილი გვარის ხელმეორედ გამრავლების ერთადერთი იმედი. ბიჭი გიგაურთა ერთი განშტოების – ჩიტაურთა ოჯახში იზრდებოდა. მომხდარა ისე, რომ ამ ბიჭს, ახალწამოზრდილს, წისქვილში ხუციანიძეთა ძველი მეტოქეების, ლალიაშვილთა გვარის კაცი მოუკლავს. ფეხზე დამდგარა თემი, ლალიაშვილები შურის საძიებლად შემართულან. ახლა კი მართლა უნდა გათავებულიყო ხუციანიძეთა გვარი. მაგრამ მათ ხომ თავის დროზე დახმარების ხელი გაუწოდეს გიგაურებს. ახლა კი ხუციანიძეებს უჭირდათ.

ჩიტაურ-გიგაურები ლალიაშვილთა სალოცავში მივიდნენ. ის ბიჭი, უკანასკნელი ხუციანიძეც მიიყოლეს და ლალიაშვილებს ხატის წინაშე უთხრეს: ამ ბალღს აქამდე ჩვენ ვზრდიდით, ახლა თქვენთვის მოგვიბარებია. ცივმა წყალმა ან თბილმა პურმა რომ აწყინოს და რამე დაემართოს, მაინც თქვენ დაგაბრალებთ და საგიგაუროსთან გექნებათ საქმეო. გაჭრა ამ სიტყვამ – “მობარებული მგელმა იცისო”, ლალიაშვილებმა დაინდეს მოსისხლე და აღარ აღიგავა პირისაგან მიწისა გვარი ხუციანიძეთა. დღევანდელი ხუციანიძეები გიგაურთა წყალობით გადარჩენილ იმ ერთ ბიჭზე მოდიან.

გიგაურთა და ხუციანიძეთა შორის ძმობა ხომ უკვე იყო და ამას დაემატა ნათელმირონობა ხუციანიძეთა და ლალიაშვილთა შორის. ეს გვარები ერთმანეთში ქალს არ ათხოვებდნენ.

ქსანსა და არაგვზე, თიანეთში, ქართლსა და კახეთში გიგაურთა გვარიდან მრავალი ახალი შტონაყარი გვარი წარმოიშვა. ძირად გიგაურები არიან ქსნელი: თორელაშვილები, მაწიაშვილები, მამამთავრიშვილები, როსტევანიშვილები, გათენაშვილები, ჭოხურები, გაბრიელაშვილები, ხრიკულები, პავლიაშვილების ნაწილი და სხვები; არაგველები: ჩიტაურები, ციხელაშვილები, თათარაშვილები, კოტორაშვილები, გოგიშვილები, შალვაშვილები, ბუჩაშვილები, ჯიქურები, ჯიქურაულები, გუდაშვილები, მიჯახტაშვილები, მელიწკაურები, ქადაგიშვილები, ბაბულაშვილები, პირმისაშვილები, ქაფიაშვილები, ფერხულები, ჯანგირაშვილები, ღანიაშვილები, თათიკაშვილები, ფრიდონაშვილები, საღირაშვილები, ჩანადირები, ყარსიმაშვილები, მახარაშვილები, მერაბაშვილები, ნამგალაურები, ლაშაურები, ლოხიშვილები, ჯლანტიაშვილები და სხვები.

ძირად გიგაურები არიან წინაფშაველი და გუდამაყრელი ანთაურები, თიანელი მეჭიაურები, ახმეტელი ჩაჩაურები და სხვები.

ძველიდან ახალი გვარსახელების წარმოშობა საყოველთაოდ გავრცელებული მოვლენა იყო მთელ საქართველოში. ძველ გვარში ჯერ კომობა, მამიშვილობა, ბუნი, ბაბუიშვილობა, ბუდობა ჩნდება, შემდეგ კი ამის საფუძველზე წარმოიქმნება ახალი შტონაყარი გვარსახელი. გვარმოდენილობა, რა თქმა უნდა, უცვლელი რჩება.

აქ ჩამოთვლილი ყველა გვარი ძირად გიგაურია. როგორც ვხედავთ, გიგაურებს გვარჩამოვლილობა ერთი აქვთ, ხოლო გვარსახელი – მრავალი.

გიგაურთა და ძირად გიგაურთა სალოცავებია: ახალაურთ კლდე – არხოტის თემის სოფელ ჭიმღაში, მთავარანგელოზის ჯვარი – დათვისის თემის სოფელ გველეთში (ამჟამად ამ ჯვარს არაბულები ლოცულობენ, რომლებიც უკანასკნელ ხანებამდე “ადგილის ბეგარს” უხდიდნენ გიგაურებს), გიგაურთ ხატი – ქსნის ხეობის სოფელ საძეგურთან, საგიგაურო დედა ღვთისმშობელი – არაგვზე, ჭართლის თემის სოფელ ზენუბანთან. გიგაურთა მთავარი სალოცავია მუხის გიორგის ჯვარი – ბუდეხევსურეთის სოფელ ბლოში.

ქართულ საისტორიო საბუთებში გიგაურთა გვარი XIV საუკუნიდან იხსენიება.

მეფე ალექსანდრეს 1391 წლის სიგელში გიგაური თავისი მამულით აზნაურ მაღალაძის ყმად იხსენიება. შემდეგი საუკუნეების საბუთებში გიგაურები ჩანან შიდა ქართლში: საამილახვროს, საციციანოს, სამაჩაბლოსა და საეკლესიო მამულებში. ესენი იყვნენ თავისუფალი მთიელების შთამომავლები, რომლებიც ბარად ჩამოსახლების შემდეგ ბატონყმურ დამოკიდებულებაში აღმოჩნდნენ ადგილ-მამულის მფლობელ მებატონეებთან.

რევაზ არაგვის ერისთავის მსახური გიგაური მოწმედ იხსენიება ნინია ოდიშელიძისთვის მიცმულ სააღაპე წიგნში, რომელიც 1678 წლით თარიღდება.

1690 წლის მაწია მწერლიშვილის მიერ დავით ქსნის ერისთავისთვის მიცემულ ვენახის ნასყიდობის წიგნში მოწმედ დასახელებულია ოძისელი გიგნია გიგაური.

მღვდლის მელაოზ გიგაურის ხელით არის დაწერილი XVII საუკუნის II ნახევრის ერთი ნასყიდობის წიგნი, რომლითაც ვინმე ბოწიაშვილს ნაზვერევი მიუყიდია ტარსაიჭაშვილისთვის.

1750-იან წლებში იოსებ რუსთველი ეპისკოპოსი კახეთში მცხოვრებ შიო გიგაურისშვილს ღვთაების ყმად მოიხსენიებს. როგორც ირკვევა, მარტყოფელი გიგაურები საეკლესიო გლეხები ყოფილან.

1776-1777 წლების საბუთებიდან ირკვევა, რომ ქსნის ხეობაში მცხოვრები გიგაურების ერთი სახლი ეკონომიურად საკმაოდ დაწინაურებულა და საკუთარი ყმებიც ჰყოლია, მაგრამ ვერ შეუნარჩუნებია, რადგან იმ ყმებს ძველი მებატონეები, თავადი რატიშვილები წამოდავებიან და სამართლით გაუტანიათ.

ამასთან დაკავშირებით ბეენა გიგაურის პირობის წიგნში ვკითხულობთ: “ესე წიგნი მოგეც მე, ბეენა გიგაურმა, თქვენ, რატისშვილს ბეჟანს… ასე რომ შენი ყმები გოჩაშვილები გიორგი, ლაზარე, მახარე, გლახა, პეტრე – ეს ხუთნი ძმანი და ამათ გარდა კიდევ ამათი ბიძაშვილი ბერი და ბერის შვილები გიორგი, როსტევან, იესე და ქიტესა – ესენი ყოველნივე მე მყუანდენ ნასყიდობითა და მამის ჩემისაგან ნასყიდნი იყვნენ. ამ შენს ყმებს გლეხებზე ლაპარაკი და დავა დამიწყევი და ბატონის სამართალში ჩავცვივდით. ბატონის სამართლის ძალითა ეს გოჩაშვილები, ამ წიგნში რომ სწერიან, ყოველნივე შენ დაგრჩნენ…”

სხვა საბუთიდან ირკვევა, რომ ეს ყმები, რატიშვილებისგან გაქცეულნი, თავიანთი ნებით მისულან გიგაურებთან, მაგრამ გიგაურები აზნაურები არ ყოფილან და ყმები ვერ შეინარჩუნეს, მეფის სამართალმა ყმები კანონიერ მეპატრონეს დაუბრუნა.

1794 წელს ჭართლელმა გიგაურებმა ხევსურეთში მიტოვებული მამულების დაბრუნება სცადეს. ამ მიზნით მათ გიორგი ბატონიშვილს მიმართეს:

“ღმერთმან ბედნიერის ხელმწიფის ძის გიორგის ჭირი მოსცეს ერთობლივ გიგაურებს.

მერე ამას მოვახსენებთ: ყმაც თქვენი ვართ და მამულიც თქვენია, მაგრამ იმ თავითვე დათვისის გველეთი და წინაკარი ჩვენი არის, მაგრამ ზურაბ ერისთავმა ჩვენ რომ აგვყარა, ის მამულიც იქავ გაოხრდა. ერთი ობოლი დაგვრჩა, ფშავში გაიზარდა. ჯერ ღმერთსა ვფიცავ და მერე თქვენს მზესა, რომ იმ თავით ამ თავამდინ ამ ობოლთან გაუყრელნი გახლავართ, მამულიც, ხატიც, ყველა საერთო გვაქვს. დღეს ადგილი ნათხოვრათა გვაქვს. ყმა თქვენი ვარ, ისევ ჩემს მკვდარს მამულს უნდა მოვეჭიდო…”

ვერ მოეჭიდნენ თავის მკვიდრ მამულს ჭართლელი გიგაურები. ამ არზის დაწერიდან ერთი წლის შემდეგ საქართველოს კრწანისის ომი ელოდა, ჭართლელი გიგაურები კი არაგველები იყვნენ…

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის გიგაურთა გვარის მეომრები გამოდიოდნენ ცალკერძ ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენედ და მემარცხენედ მიმსვლელ-მცემელთა და შუაგულ სადროშოებში, ცალკერძ კახეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში, თავად ბაგრატიონ-მუხრანბატონთა, ამილახვართა და ალავერდელ ეპისკოპოსთა დროშების ქვეშ.

ამჟამად გიგაურები ცხოვრობენ: ხევსურეთში, ხევში, წინა ფშავში, ქსანსა და არაგვზე, ერწო-თიანეთში, შიდა ქართლში, ალგეთზე და თრიალეთში, გარე და შიგნით კახეთში, ქიზიყსა და შირაქში.

საქართველოში გიგაურთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი ოთხი ათას ხუთასს აჭარბებს. განსაკუთრებით მრავლად არიან გორის, კასპის, მცხეთის, დუშეთის, ახმეტის, ახალგორისა და დედოფლისწყაროს რაიონებში.

ღმერთმა ამრავლოს გვარი გიგაურთა!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button