კინემატოგრაფია

თამარ კობიძე – “ივანე მრისხანეში პროეცირებული ეიზენშტეინი: მოტივთა ბრძოლა და საკუთარ თავზე გამარჯვება”

სერგეი ეიზენშტეინის შემოქმედების მკვლევარი დომინიკ ფერნანდესი რეჟისორის შესახებ გამოცემულ თავის მონოგრაფიაში აღწერს ფილმ “ივანე მრისხანეს” შექმნის ისტორიას: “ფილმი ჩაეშვა წარმოებაში 1941 წელს, სულ მოკლე ხანში ჰიტლერული გერმანიის თავდასხმის შემდეგ. მისი პირველი ნაწილი ნაჩვენები იყო 1944 წელს და მან სტალინური პრემია დაიმსახურა. მეორე ნაწილის მონტაჟი დასრულდა 1946 წლის თებერვალში. ცენზურამ ვეტო დაადო ფილმს. 1946 წლის თებერვალში ეიზენშტეინს დაემართა პირველი ინფარქტი, ხოლო სამუშაოთა დამთავრებიდან რამდენიმე დღის შემდეგ, 1948 წლის 11 თებერვალს, გარდაიცვალა მეორე ინფარქტისაგან. “ივანე მრისხანეს” მეორე ნაწილი მხოლოდ რეჟისორის გარდაცვალების მეათე წლის თავზე, 1958 წელს, იქნა ნაჩვენები”.(1)

ასეთია ფაქტები. მაგრამ რა დგას ამ მშრალი ქრონოლოგიის მიღმა?

გერმანელ იმპერიალისტთა პირისპირ აღმოჩენილი რუსეთის მოსახლეობისათვის, რომელსაც მათგან დაპყრობის საფრთხე ემუქრებოდა, უნდა ჩაენერგათ პატრიოტიზმი და საკუთარი თავის რწმენა. ამიტომაც თვით სტალინის მიერ იყო მიღებული “ივანე მრისხანეს” ეკრანიზაციის გადაწყვეტილება, სადაც ივანეს სახით წარმოადგენდნენ ეროვნულ გმირს, რომლის სახელიც რუსთა გულებს სამშობლოსათვის საბრძოლველად განაწყობდა. ეს მეტად საპასუხისმგებლო მისია “ალექსანდრე ნეველის” ავტორს – ეიზენშტეინს – დაეკისრა.

რა ცნობებს ფლობდა ხსენებულ თემაზე ამ დროისათვის უკვე სახელგანთქმული რეჟისორი?

რუსულ ისტორიოგრაფიაში მეფეზე საპირისპირო მოსაზრებები არსებობდა, არათუ მხოლოდ სხვადასხვა მკვლევრებში, არამედ ერთსა და იმავე ავტორთან, ივანეს ცხოვრების ეტაპებთან მიმართებაში. ასე, მაგალითად, “კარამზინი თვლიდა, რომ ეს პიროვნება ბიოგრაფიის პირველ ნახევარში ანგელოზივით წმინდა იყო, ხოლო მეორე ნახევარში – მონღოლთა ურდოზე მეტად დამღუპველი რუსეთისათვის; პოლევოი უფრო დადებითი შეფასებისკენ იხრებოდა; ბელინსკისათვის ივანე მრისხანე იყო დაცემული ანგელოზი, რომელიც თვით თავის დაცემის ჟამსაც ავლენდა რკინისებურ ნებისყოფას და მაღალ გონებრივ შესაძლებლობებს”.(2)ივანე მრისხანე – Ivan the Terrible

კლუჩევსკი მიიჩნევდა, რომ “ამ ამოუცნობ კაცში ერთმანეთს ენაცვლებოდა დიდსულოვნება და სინანული, გულითადობა და უხეში ხუმრობები, სისასტიკე და
ადამიანებისადმი სიძულვილი”.(3)

ამდენად, იმისათვის, რომ ბელადის პოზიციის გაზიარება გაემართლებინა, ეიზენშტეინს ჯერ საკუთარი თავი უნდა დაერწმუნებინა სტალინის ივანესადმი დამოკიდებულების მართებულობაში და ცნობილი ისტორიული პირების დასკვნათა თამამ კრიტიკულ შეფასებას იძლეოდა: “ბელინსკი ხედავდა “უწყინარი”, ლმობიერი ივანეს “მრისხანედ” გარდასახვას, მაგრამ ვერ აცნობიერებდა ამ გარდასახვის ისტორიულ მნიშვნელობას, რომელიც იმით იყო განპირობებული, რომ გაეერთიანებინა რუსეთი, რასაც ეწინააღმდეგებოდნენ ვიწრო მესაკუთრე ფეოდალი ბოიარები”.(4)

ამ გადასახედიდან ეიზენშტეინი ივანე მრისხანეს “სახელმწიფო იდეის პოეტ შემოქმედსაც” კი უწოდებდა და შემდეგ უკვე შეეძლო ის რეალური მიზეზიც გაემხილა, რომელიც სინამდვილეში გახლდათ მისი შემოქმედებითი იმპულსი: “ისტორიული პერსონაჟის ხასიათში, წერდა რეჟისორი, მე დამატყვევა მისმა ტრაგიკულმა გაორებამ და იმავდროულად, ამ გაორების საოცარმა შერწყმამ ერთ პიროვნებაში; მუშაობის პროცესში ჩემგან განცდილი სიხარული და სინანული თითქოს მეფის ბუნების თავისებურებათა ანაბეჭდად მქონდა დამჩნეული”.(5)

ეს ტრაგიკული გაორება რეჟისორისათვის მარტოოდენ შემოქმედებითი დაინტერესების საბაბი როდი იყო – აქ ადგილი ჰქონდა ივანეს პიროვნებისა და მისი საკუთარი პიროვნების მისტიკურ დამთხვევებსა და პარალელებს. კლუჩევსკის ბიოგრაფიულ აღწერილობას თუ მივუბრუნდებით, იქ მეფის ბავშვობის შემდეგ სურათს ვიხილავთ: “ობლობაში გაზრდილი ივანე ბავშვობიდან ყველაფერს განსაკუთრებული სიფრთხილით ეკიდებოდა, ადამიანების მიმართ უნდობლობით და ჭირვეულობით გამოირჩეოდა. ბავშვობაში მას ხან ანებივრებდნენ, ხან აღიზიანებდნენ; ხან ეფერებოდნენ, როგორც ხელმწიფეს, ხან შეურაცხყოფდნენ, როგორც ბავშვს”.(6)

ივანე მრისხანე – Ivan the Terrible

ეიზენშტეინიც, თუმცა ობოლი არ იყო, მაგრამ, ერთმანეთს გაცილებულ დედასა და მამას შორის: მამისადმი, ერთდროულად, კეთილიც რჩებოდა და ვერც იტანდა, როგორც დესპოტიზმის წინა სახეს; დედასთან ერთდროულად თავშესაფარსაც ეძებდა და გაურბოდა კიდეც, როგორც საკუთარი არასრულფასოვნების კომპლექსის მიზეზს.(7)

ზრდასრული ეიზენშტეინი ისევ ბავშვობის კომპლექსებით იყო შეპყრობილი, მტრობითა და, თანადროულად, შიშით მამის მიმართ. შიში მოდიოდა მტრობისაგან – მამის სამყაროს მიუღებლობით: როდესაც შვილს გარეგნულად აქვს მამის სიყვარულის მოვალეობა, მაგრამ გულის სიღრმეში მის მიმართ სიძულვილს გრძნობს.(8) აქედან გამომდინარე, რაც შეეხება “გაორებას”, საკუთარი თავის პროეცირების გარდა, მამის პიროვნებისკენაც ხდებოდა აპელირება.

კინომცოდნე ნ. ზორკაია აღნიშნავს: “დროდადრო ივანე მრისხანეში ეიზენშტეინი თავის თავს, ანუ პატარა ბავშვს კი არ ხედავდა, რომელიც ვერ ჰგუობდა ბავშვობიდან მის გარემომცველ სამყაროს, არამედ – ტირანული ძალის გამოხატულებას – საკუთარ მამას”.(9)

გავიხსენოთ რეჟისორის დაუფარავი აღიარება: “ტირანი მამები ტიპიურნი იყვნენ მე-19 საუკუნისათვის, ჩემმა კი – მეოცეს მოატანა. ბავშვობიდან: მანჟეტები და გახამებული საყელო იქ, საცა გახეული და მელნით დასვრილი შარვალი უნდა მცმოდა. ნიადაგი ჩემი სოციალური პროტესტისათვის იკვებებოდა არა სოციალური უსამართლობის წიაღიდან, ან მატერიალური დაუკმაყოფილებლობის გრძნობიდან, არამედ სოციალური ზეწოლის, სახელდობრ, მამის ოჯახური ტირანიისაგან, როგორც ტომის მეთაურის ტირანიისაგან პირველყოფილ საზოგადოებაში”.(10)

ამ ფრაზებში არაორაზროვნად არის გამოვლენილი ფროიდისეული ფილოსოფიური ინტოქსიკაციით ნასაზრდოები იდეური კონცეფცია და, აქედან გამომდინარე, სრულიად ლოგიკურია თანამედროვე მკვლევარის, კოზლოვის შეფასებაც: “თავის წერილში “როგორ გავხდი რეჟისორი” (სადაც გამომწვევი გულახდილობა შენივთებულია ნატიფ ირონიასთან), ეიზენშტეინი საკუთარ შემოქმედებას უქვემდებარებს ფსიქოანალიზს, თავის თავს წარმოადგენს “არაადამიანურ” შემოქმედად, ხოლო ფილმების სიუჟეტებს – სადიზმის სუბლიმაციის ფორმად. ძნელი არ არის წარმოვიდგინოთ, რა ფასად უჯდებოდა მას ამბივალენტური სიყვარულ-სიძულვილი”.(11)

“The Battleship Potemkin” – Sergei Eisenstein

მივმართოთ თვით რეჟისორის აღიარებებს: “ჩემს ფილმებში ხვრეტენ ადამიანთა ბრბოებს, ფლოქვებით ამსხვრევენ მიწაში ყელამდე ჩაფლული ყმების თავის ქალებს, ჭყლეტენ ბავშვებს ოდესის კიბეებზე, აგდებენ სახურავებიდან (“გაფიცვა”), მოსაკლავად აძლევენ თავიანთ მშობლებს (“ჩალის მდელო”), ეკრანზე ნამდვილი სისხლისაგან იცლებიან ხარები (“გაფიცვა”) ან სისხლის სუროგატისაგან – მსახიობები (“პოტიომკინი”); ერთ ფილმში წამლავენ ხარებს (“ძველი და ახალი”), სხვაში – დედოფლებს (“ივანე მრისხანე”), მოკლული ცხენი გადაეკიდება გადახსნილ ხიდზე (“ოქტომბერი”), ისრები ერჭობა მესერზე გაკრულ ადამიანებს ალყაში მოქცეულ ყაზანში (“ივანე მრისხანე”) და განა შემთხვევითია, რომ წლების მანძილზე ჩემი საყვარელი გმირი იყოს არა სხვა ვინმე, არამედ ივანე ვასილის ძე მრისხანე!”(12)

“The Battleship Potemkin” – Sergei Eisenstein

1943 წლის დეკემბერში, გადაღებების 32 უძილო ღამის შემდეგ ეიზენშტეინი თავის დღიურში წერს: “გრძნობაა სიძულვილისა… სიძულვილისა ივანე მრისხანესადმი, შემდეგ – პატივმოყვარეობა!”(13) ხოლო ეს პატივმოყვარეობა, რარიგ გასაკვირიც არ უნდა იყოს, ადის თვით უმაღლესი ხელისუფლის დონემდე: “ივანე კეთილია – რამდენადაც პირადულია, უპირველეს ყოვლისა – ის არის ნაზავი ჩემი და ჩვენი დროის წამყვანი ფიგურისა!”(14)

ასე და ამრიგად, აღჭურვილი საკუთარი, ბელადისა და მეფისეული თვისობრივი მახასიათებლებით, ეიზენშტეინი შეუდგა თავის გოლგოთას და მუშაობის პროცესში საკუთარი საქმიანობის მთელი წინააღმდეგობრივი არსი სრულად გადმოსცა თავის მოგონებებში:”ივანე მრისხანეს ხასიათის თავისებურებებმა, წერდა იგი, არათუ მხოლოდ ჩამითრიეს, არამედ მის შინაგან კონფლიქტებში ჩაღრმავების სურვილმა სავსებით დაჩრდილა ობიექტური სახელმწიფოებრივი ქმედებების სრულყოფილად გადმოცემის გეგმა ჩემს ფილმში, სადაც უპირატესად აისახა შინაგან წინააღმდეგობათა გადალახვის პროცესები თვით ივანეს პიროვნებაში. ამან გამოიწვია ყურადღების ცენტრის გადატანა უმთავრესიდან, ერთიანი სახელმწიფოს მშენებლობიდან, მეორეხარისხოვანზე – მშენებლის შინაგანი ტრაგედიის გახსნაზე. ნაწილობრივ აქედანაც იბადება მთელი შემდგომი უსიამოვნებების სათავე…”(15)

სწორედ ამ “მეორეხარისხოვანს” გულისხმობდა ფერნანდესი, როდესაც წერდა, რომ “სინამდვილეში არც მკაცრი მეფე და არც მეფე რეფორმატორი არ აინტერესებდა ეიზენშტეინს, იგი ივანე მრისხანეს სხვა მნიშვნელობას ანიჭებდა!”(16) ეს “სხვა” კი მეფისა და საკუთარი ტრაგედიის შეთანადებით ივანე მრისხანეს მეფობის დასკვნით ნაწილში უნდა გამოჩენილიყო. თუ ისევ ფერნანდესს დავესესხებით: “თუკი პირველ ნაწილში რეჟისორი უჩვენებს მეფეს ძალაუფლების გაფურჩქვნის პერიოდში, რომელიც იბრძვის რუსეთის საგარეო საზღვრების გამაგრებისა და შინაგანი მტრების – ბოიარების ძალაუფლების ალაგმვისათვის, მეორე ნაწილში ნაჩვენებია ადამიანი, ვისი მეფური სიდიადეც ქვე არის დამხობილი უდიდესი ფსიქოლოგიური უბედურების შეგრძნებით”.(17)

ივანე მრისხანე – Ivan the Terrible

ამ მოვლენის ასახვისას, უკვე სადღეისოდ, მკვლევარები ერთმანეთის მსგავს შეფასებებს იძლევიან. ჩვენ მიერ უკვე ციტირებული კოზლოვი წერს: “ეიზენშტეინის მიერ დასახული ერთმმართველობის აპოლოგია თავიდან გარდაისახებოდა ერთმმართველობის ტრაგედიად, ხოლო ყველა მეთოდისა და საშუალების გამამართლებელი დიადი მიზნის იდეა – იცვლებოდა კითხვით იმ საშინელი ფასის შესახებ, რომელიც უნდა გაღებულიყო ამ მიზნის მისაღწევად”.(18)

იგივე მოსაზრებაა გამოთქმული ეიზენშტეინის ბიოგრაფის, ნაუმ კლეიმანის, მიერ: “ეიზენშტეინს სურდა ივანე მრისხანესათვის ხოტბა აღევლინა, მაგრამ საკუთარი გენიალობის გამო ეს ვერ შეძლო და გამართლების ნაცვლად გამოუვიდა ბრალდება… ეიზენშტეინი ჰგავდა მიკრობიოლოგს, რომელიც საკუთარ თავზე ატარებს ცდებს”.(19)

სხვათა შორის, იმავე ავტორს მოჰყავს მეტაფიზიკური წანამძღვრები – ავტორის ადრეულ ფილმთან დაკავშირებული, რამაც, მისი აზრით, გავლენა მოახდინა რეჟისორის მთელ შემოქმედებაზე. აი, ეს მოსაზრებაც: “ეიზენშტეინმა დაიწყო მუშაობა “ჩალის მდელოზე”. გადაღება დაიწყო 35-ში და შეწყვიტა 36-ში, როდესაც მოხვდა საავადმყოფოში “შავი ყვავილის” უმძიმესი ფორმით. ეს იყო თითქმის მისტიკური ისტორია – იმ დროისათვის “შავი ყვავილის” ერთადერთი შემთხვევა მთელ მოსკოვში! ფილმის გადამღები ჯგუფიდან მხოლოდ იგი დაავადდა რეალურ ეკლესიაში სამაროვანის გახსნისას. როგორც ჩანს, XVIII საუკუნეში რომელიღაც სასულიერო პირი “ყვავილით” გარდაიცვალა და ეს მძიმე სასჯელი სწორედ ეიზენშტეინს ერგო, რომელიც იმ დროს იღებდა ეკლესიის განადგურების ეპიზოდს. ამან დიდი გავლენა მოახდინა მის პიროვნებაზე და ეიზენშტეინმა ბევრი რამ გადაახალისა თავის შემოქმედებაში”.(20)

ბეჟინის მდელო. სერგეი ეიზენშტეინი ფილმის გადაღებისას – Bezhin Meadow

საგანგებოდ უნდა აღვნიშნოთ, რომ საკუთარ პიროვნულ თვისებებთან ერთად ამ მისტიკურ ბიოგრაფიულ ეპიზოდს, ცხადია, შეეძლო გადამწყვეტი როლი ეთამაშა ივანე მრისხანეს როლის ხორცშესხმისათვის და ერთსახოვნად აღტაცებულობის შარავანდედში არ მოექცია ის მეფე, რომლის მონოლოგი გულის შემძვრელი სიტყვებით აქვს გადმოცემული ისტორიკოს კლუჩევსკის: “სხეული გამომეფიტა, სული ავადობს, სულიერი და ფიზიკური ჭრილობები გამიმრავლდნენ, არ არსებობს ექიმი, რომელიც დამხსნიდა ამ სნებას; ველოდი, ვინმე მოსულიყო თანაგრძნობისათვის და – არავინ მოვიდა, სიკეთეზე ბოროტებით მპასუხობენ, სიყვარულზე – სიძულვილით”.(21)

და აი, ეიზენშტეინი ივანეს ბიოგრაფიის პირველი ნახევრის შემდეგ იღებს მეორე სერიას. ეს ფილმი სრული სახით სტალინს სჭირდება იმდენად, რამდენადაც მას სურს, ივანე მრისხანე აღდგენილი და მასობრივ შემეცნებაში რეაბილიტირებული და განდიდებული იხილოს, როგორც თვით მისი – ბელად სტალინის – წინამორბედი!

როდესაც სტალინს ეკითხებიან, შეიძლება თუ არა მისი პეტრე პირველთან შედარება, ის ჯიუტად პასუხობს “არა”, ხოლო ივანე მრისხანესთან შედარებას – თანხმდება! (22) როგორც მრავალმნიშვნელოვნად შენიშნავს ბორის პასტერნაკი: “ჩვენს კეთილისმყოფელს ეჩვენება, რომ აქამდე ძალიან სენტიმენტალურნი ვიყავით და დროა, გონს მოვეგოთ. პეტრე პირველი უკვე არაშესაფერის პიროვნებად ითვლება. ღიად არის გაცხადებული ახალი გატაცება – ივანე მრისხანე, “ოპრიჩნინა”, სისასტიკე… ამ თემებზე იწერება ახალი ოპერები, დრამები და სცენარები. ხუმრობა როდია!” (23) ივანე მრისხანე წარმოჩენილი უნდა იყოს, როგორც პროგრესული სახელმწიფო მოღვაწე და ოპრიჩნინა – როგორც ხელისუფლების წარმმართველი ყველაზე მიზანშეწონილი ინსტრუმენტი!(24)

სტალინისთვის დიახაც საპროგრამოა ივანეს თვითმპყრობელური პოსტულატი: “ორი რომი დაეცა, მესამე – მოსკოვი დგას, მეოთხე რომი კი აღარ იქნება. მესამე რომს, მოსკოვურ “დერჟავას” ერთადერთი მეპატრონე ჰყავს – ეს მე ვარ!”(25)

იოსებ სტალინი – Joseph Stalin, 1949

ეიზენშტეინი კი რასა იქმს? იღებს მამხილებელ ფილმს გაორებულ პიროვნებაზე მისთვის ჩვეულ გარემოებათა და პიროვნებების ჰიპერტროფირებული ასახვით.(26) ივანე ჯერ ხომ ბოიართა აჯანყების აღმკვეთი და რუსული მიწების გამაერთიანებელი იყო პირველ სერიაში და მეორე სერიაში ხატავს სურათს საკუთარი ხალხის დამრბევზე, ისტორიული რუსული ქალაქის – ნოვგოროდის გამანადგურებელზე, მოსკოვური ჩამოხრჩობების ორგანიზატორზე, შვილის მკვლელ მამაზე და თანაც ისე, რომ ფილმში სრულ ასახვას პოვებს პიროვნებისა და ქვეყნის ტრაგედია. ამავე დროს მთელი ფილმი აგებულია იგავსიტყვიერებაზე.

ანდრეი ტარკოვსკის მართებული შენიშვნით: “ეს ფილმი არათუ მხოლოდ მთლიანობაშია იეროგლიფი, იგი ნაწილ-ნაწილადაც იეროგლიფებისაგან შედგება – მსხვილი, წვრილი და უწვრილესი იეროგლიფებისაგან – მასში ერთი დეტალიც კი არ არის, რომ ფარული საზრისით არ იყოს დატვირთული!”(27)

ეიზენშტეინმა სამთავრობო დავალება მიიღო გარეგნული მორჩილებით, დამკვეთები, ალბათ, გამორიცხავდნენ რეჟისორის მიერ მიღებულ თვითმკვლელობის ტოლფას გადაწყვეტილებას – იდეალური ხელისუფლის ნაცვლად გამოესახა სისხლისმსმელი ტირანი, ვისთან მსგავსებაც საქებარი კი არა, საძრახისი და მამხილებელი იქნებოდა. მათ ვერ გათვალეს, რომ საქმე აქვთ ხელოვანთან, რომელსაც, მისივე დახასიათებით, თვით საკუთარი თავის სასწორზე შეგდების ფასად არაფრად უღირს “დონ-კიხოტური გამოხტომები”! რეჟისორს უკვე პირველ სერიაშივე ჰქონდა მინიშნებული და მეორეში განამტკიცა თვალსაზრისი, რომ ერთი ადამიანის შეუზღუდავი ხელისუფლება – სხვებზე განვრცობილი, ამ ადამიანს ამსგავსებს არა ღმერთს, არამედ – ეშმაკს. ამადაც ათქმევინებს ეიზენშტეინი მიტროპოლიტ ფილი პეს ივანესათვის: “შენი ზრახვები ღმერთისგან კი არა, ეშმაკისაგან არის!”(28) ეიზენშტეინს მტკიცედ სწამს, რომ: “შეიძლება ძალადობის ახსნა, დაკანონება, დასაბუთება, მაგრამ არ შეიძლება მისი გამართლება, თუ შენ ადამიანი ხარ!”(29)

ივანე მრისხანე – Ivan the Terrible

სტალინური რეჟიმი მოითხოვდა, ივანე მრისხანე გამოეყვანათ ქვეყნის ინტერესების დამცველად, ისტორიული ფაქტები კი ჯიუტად ღაღადებდნენ მის პარანოიალობასა და დევნის მანიით შეპყრობილობას!(30) ეკრანზე საოცარი რამ აღიბეჭდა: თითქოს მიზიდულობის ორი ცენტრი გაჩნდა – ერთმა პოლიტიკური თემა მიიზიდა, მეორემ – ფსიქოლოგიური; ანუ – ერთი ივანე მრისხანეს მოღვაწეობის ოფიციალურ კონცეფციას ასახავდა, მეორე კი – ეპოქის ტრაგიკულ სულს! და ეს ცენტრები განლაგებული იყო: პირველი – პირველ სერიაში, მეორე – მეორე სერიაში.(31)

რეჟისორი მიხეილ რომი იგონებს დასკვნითი ნაწილის გადაღებასთან დაკავშირებულ იმდროინდელ შთაბეჭდილებებს: “ეიზენშტეინს პირდაპირ ვერავინ გაუმხილა, რომ ივანე მრისხანეში მძაფრად იგრძნობოდა მინიშნება სტალინზე, მალიუტა სკურატოვში – ბერიაზე, ოპრიჩნიკებში – მის დამქაშებზე. კიდევ სხვა რამეებიც დავინახეთ, მაგრამ ვერ გავბედეთ თქმა. მაგრამ ეიზენშტეინის კადნიერ ქცევაში, მისი თვალების ელვარებაში, მის გამომწვევ, სკეპტიკურ ღიმილში ვგრძნობდით, რომ ის მოქმედებდა შეგნებულად, რომ მან გადაწყვიტა ჯიქურ სვლა!”(32)

ივანე მრისხანე – Ivan the Terrible

ამასვე ადასტურებს ნ. ბლეიმანი: “ვეკითხები, ეს შინაგანი ბრძოლები, ეჭვები, ჩადენილი საქციელის ფიქრიანი განსჯა – ეს თითქოს პუშკინის თემაა, მაგრამ ძალიან რომ წააგავს თანამედროვე ცხოვრების თემატიკას? ის კი მპასუხობს: – და მეც თუ ესა მსურს?”.(33)

იგივე აზრი აქვს გამოთქმული მსახიობ მიხეილ კუზნეცოვს: “ვეუბნები – სერგეი მიხაილოვიჩ, რა ხდება? აი, 1200 ბოიარი მოკლულია. მეფე – მრისხანეა… რაღას ინანიებს? უეცრად ეიზენშტეინი მპასუხობს: აი, სტალინმა უფრო მეტი ადამიანი გაანადგურა და არ ინანიებს. ნახოს, იქნებ მოინანიოს კიდეც!”(34)

მოინანია თუ არა სტალინმა, ეს ცალკე თემაა, მაგრამ “ივანე მრისხანეს” მეორე სერიის შემდეგ კი დანამდვილებით ასე თქვა: “ფილმი კი არა, რაღაც კოშმარია!” და ბერიამაც დაუდასტურა: “ჰო, ცუდი დეტექტივია”. დადგენილების მიღებაც არ დაუყოვნებიათ: “რეჟისორმა ს. ეიზენშტეინმა გამოავლინა უვიცობა ისტორიული ფაქტების ასახვისას. ივანე მრისხანეს “ოპრიჩნიკების” პროგრესული ლაშქარი ამერიკული “კუ-კლუს-კლანის” მაგვარი დეგენერატების ჯგროდ წარმოადგინა, ხოლო ივანე მრისხანე, ძლიერი ხასიათისა და თვისებების ადამიანი, ჰამლეტისმაგვარ სუსტი ხასიათის და უნებისყოფო ადამიანად”. (3)

ივანე მრისხანე – Ivan the Terrible

სხვათა შორის, სტალინი განსაკუთრებულად უკმეხად ეკიდებოდა ივანეს სარწმუნოებისადმი მიმართებას ფილმსა თუ მეფის პირად ცხოვრებაში, რადგან მიაჩნდა, რომ ლოცვებში დაკარგული დრო ივანეს უნდა მოეხმარებინა ბოიარების ჯილაგის ამოწყვეტაში. სწორედ რელიგია იყო, მისი აზრით, დამნაშავე, რომ ეს ვერ მოასწრო.(36) ეიზენშტეინს სიცოცხლის ფასად უღირდა ფილმის გადარჩენა და პირადი აუდიენცია ითხოვა ბელადთან, “ხარვეზების გამოსასწორებლად”. სტალინმაც არ დაამადლა რჩევა-დარიგებები. თუ გავითვალისწინებთ, რომ ივანეში იგი თავის “ალტერ ეგოს” ხედავდა, სავსებით გასაგებია მისი დამრიგებლური პათოსიც: “თქვენი მეფე უხერხემლოა, უსაყვედურა მან რეჟისორს, ის ჰამლეტსა ჰგავს. ივანე კი დიდი და ბრძენი კაცი იყო… ისიც მართალია, რომ ის მეტისმეტად მკაცრი იყო. თქვენ შეგიძლიათ უჩვენოთ მისი სისასტიკე, მაგრამ უნდა აღნიშნოთ, რით იყო ეს გამოწვეული”.(37)

სტალინთან პირადი შეხვედრის შემდეგ და ხარვეზების გამოსწორების პირობის მიცემის კვალობაზე, ეიზენშტეინმა მიიღო ფილმზე მუშაობის გაგრძელების უფლება. ეს იყო თავგამეტებული კაცის ბოლო გაბრძოლება. “არ მინდა დავიხიო უკან, თავის გულის ფიქრს ანდობდა დღიურებს, იმ ივანე მრისხანესაგან, როგორადაც ის დავხატე სცენარში და პირველ სერიაში. არა მაქვს ისტორიული სიმართლის გამრუდების და შემოქმედებითი კრედოსგან გადახვევის უფლება”(38) მაგრამ უკვე დამდგარიყო “ყველაზე საშინელი შემოდგომა”. (39) რეჟისორის ცხოვრებაში ვერ მოესწრო წუთისოფლისთვის განსაზღვრულ საკუთარ სამოქმედო პროგრამის ასრულებას: “ცხოვრებაში ყოველთვის შეიძლება მიაღწიო სიმართლეს – თუ გეყოფა სიცოცხლე”.(40) მას არ ეყო სიცოცხლე.

კიდევ ერთი მისტიკური ისტორია: სერგეი ეიზენშტეინის ახლობლები ყვებოდნენ მის ცრურწმენებსა და ბედისწერისადმი ბრმა მორჩილებაზე. განსაკუთრებით ეს აისახებოდა ივანე მრისხანესადმი დამოკიდებულებაში. ეიზენშტეინმა იცოდა, რომ ივანე ხოცავდა ყველას, ვინც კი მის პიროვნებას ეხებოდა – ასე, მაგალითად, კარამზინი მოკვდა სწორედ ივანე მრისხანეს ბიოგრაფიის კვლევის დროს, “რუსეთის სახელმწიფოს ისტორიაზე” მუშაობის პროცესში; ალექსეი კონსტანტინეს ძე ტოლსტოი – გალექსილი ტრილოგიის, “ივანე მრისხანეს” წერისას; ალექსეი ნიკოლოზის ძე ტოლსტოი – ივანე მრისხანეზე დრამატული დილოგიის შექმნის ჟამს… ავისმომასწავებელი მოლოდინით შეპყრობილმა რეჟისორმა ძლივძლივობით გამოსტყუა თავისი აღსასრულის ჟამის უწყება იმ დროს მასავით ალმა-ატაში ევაკუირებულ ცნობილ წინასწარმეტყველ ვოლფ მესინგს, რომელმაც სიცოცხლის ხანგრძლივობა 50 წლით დაუდგინა. მართლაც ასე მოხდა – ეიზენშტეინი გარდაიცვალა თავის ორმოცდამეათე წლისთავზე, საიუბილეო თარიღიდან მეათე დღეს.

სერგეი ეიზენშტეინი ინფარქტისაგან გარდაიცვალა. გარდაიცვალა საკუთარ სამუშაო მაგიდასთან, გულის შეტევისაგან. სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა კინოს სახლის დიდ დარბაზში. ხალხი ცოტა იყო – მორეკეს სტუდენტები. კინოს ცნობილი მუშაკებიც კი არ მოსულან. საპატიო ყარაულში მხოლოდ ВГИК- ის დაბალი კურსის სტუდენტები იდგნენ. ეტყობა, თანამშრომელმარეჟისორებმა ვერ გაბედეს კუბოსთან მიახლოება! ესეც კიდევ ერთ, დასკვნით ტრაგიკულ ფურცლად ჩაიწერა შემოქმედის ბიოგრაფიაში.

ოთხი წლის შემდეგ სტალინმა წამყვან რეჟისორებს დაავალა ფილმების გადაღება გამოჩენილ ისტორიულ პიროვნებებზე. ივანე მრისხანეს სახის ეკრანზე ხელახალი გაცოცხლება მიენდო ივანე პირიევს. მაგრამ ამ შეკვეთის შესრულებას წინ სტალინის სიკვდილი გადაეღობა, ხოლო ბელადის გარდაცვალებიდან ხუთი წლის შემდეგ მოიხსნა ცენზურა “ივანე მრისხანის” მეორე სერიაზე. ეს სერია აღდგა დავიწყების ბურუსიდან, როგორც მისი ავტორის გამარჯვება საკუთარ თავზე და შემოქმედებითი თავისუფლების დამთრგუნველ დიქტატორულ რეჟიმზე!

ლიტერატურა:

1. Фернандес Д., Эйзенштейн, Санкт-Петербург, “Инапресс”, 1995, с. 156-157.
2. Эйзенштейн С., Неравнодушная природа. В 2 томах, т. 2, Москва, “Эйзенштейн-центр”, 2006, с. 125-126.
3. Ключевский В. Исторические портреты. М., “Правда”, 1990, с. 97-98.
4. Эйзенштейн С., Названный труд, с. 126.
5. iqve, gv. 125.
7. Фернандес Д., Назв. тр., с. 143-144.
8. http://www.sem40.ru/ourpeople/famous/16830/
9. http://www.hronos.km.ru/biograf/eizen.html
10. http://www.bibliotekar.ru/eyzenshteyn/1.htm
11. “Киноведческие записки”. 1992, №15, с. 29.
12. http:/www.bibliotekar.ru/eyzenshteyn/1.htm
13. “Киноведческие записки”. 1992, №15, с. 33
14. http://www.bibliotekar.ru/eyzenshteyn/1.htm
15. Эйзенштейн С. Назв. тр., с. 420.
16. Фернандес Д., Назв. тр., с. 163.
17. iqve, gv. 157-158.
18. “Киноведческие записки”, 1992, №15, с. 22.
19. “Киноведческие записки”, 1999, №41, с 25.
20. iqve, gv. 24.
21. Ключевский В., Назв. тр., с. 97.
22. http://www.lebed.com/1999/art1085.htm
23. “Новый мир”, 1988, №6, с. 218.
24. http://www.militera.lib.ru/research/suhodeev_vv/10.htm
25. http://www.russkoekino.ru/books/ruskino/ruskino-0046.shtml
26. http://www.sloveri,yandex.ru/dict/krugosvet/article/3/35/1007221/htm
27. “Искусство кино”, 1967, №4, с. 32.
28. http://www.russkoekino.ru/books/ruskino/ruskino-0046.shtml
29. http://www.baiterek.kz/index.php?journal=29&page=451
30. http://www.newtimes.ru/magazine/2007/issue038/art_006.xml
31. http://www.hronos.km.ru/biograf/eizen.html
32. “Киноведческие записки”, 1992, №15, с 37-38.
33. Блейман М., О кино – свидетельские показания. М.,
“Искусство”, 1973, с. 424-425.
34. “Киноведческие записки”, 1992, №15, с. 35.
35. iqve, gv. 38-39.
36. http://www.lebed.com/1999/art1085.htm
37. http://www.inosmi.ru/translation/210190.html
38. http://www.militera.lib.ru/research/suhodeev_vv/10.html
39. http://www.bibliotekar.ru/eyzenshteyn/1.htm
40. iqve.
6. Ключевский В., Назв. тр., с. 95-96.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button