პრობლემა
საქართველოში დემოკრატიული ფასეულობების სისტემური დანერგვის საქმეში პირველი ნაბიჯები მე–19 ს. 60–70–იან წლებში გადაიდგა ლიბერალ მოაზროვნეთა პუბლიკაციებისა და სამოქალაქო აქტივობის მეოხებით. უნდა აღინიშნოს, რომ ეს იყო დასავლურ კულტურულ და პოლიტიკურ გარემოსთან ინტეგრაციის მზაობა, რაც სტრატეგიულად ითვალისწინებდა განმანათლებლობის გამოწვევების პასუხისგებას. ქართულ ჟურნალ–გაზეთებში იბეჭდებოდა სტატიები ისეთი აქტუალური პრობლემების შესახებ, როგორიცაა კანონის წინაშე თანასწორობა, ანტისემიტიზმი, ქალთა ემანსიპაცია, რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების უფლებების დაცვა, სეკულარიზაცია.
მე–19 საუკუნემდე დემოკრატიული ღირებულებები, იმისდა მიუხედავად, გამყარებული იყო თუ არა ის პოლიტიკურ საფუძველზე, დამოუკიდებლად ყალიბდებოდა მის მიღმა, მსოფლმხედველობრივ არხებში. შესაბამისად, მათი კვლევა მე–18 საუკუნეში განვითარებულ მოვლენებამდეც მეთოდოლოგიურად გამართლებული უნდა იყოს[1]. ერთ–ერთ ქართულ ხალხურ ლექსში აკუმულირებულია კოლექტიური დამოკიდებულება უცხოსა და განსხვავებულის მიმართ: „ყველა ადამის შვილი ვართ, / თათარიც ჩვენი ძმა არი, / ჩვენსა და სომხებსა შუა / განყოფილება რა არი?! / თუ ქალი გეტყვის დობასა, / ის უკეთესი და არი…“ მოყვანილ მცირე პასაჟში თანაბრად დოზირებულია ეთნიკური, რელიგიური (თათარი – მუსლიმანი), გენდერული თანასწორობის იდეა. უცხოს მიმართ პოზიტიური დამოკიდებულება ქართული ენის ლექსიკურ დონეზეც ვლინდება: საუცხოო ნიშნავს არა მიუღებელს, საშიშს ან მდაბიოს, არამედ ჩინებულსა და განსაკუთრებულს. უცხოთა მიმართ ქართული ლიტერატურა თანმიმდევრულად შემწყნარებელი იყო. ამ ტოლერანტობის შედეგად ლიტერატურისა და კულტურის ისტორიაში ადგილი დაიკავეს წმინდა ნინომ, ევსტათი მცხეთელმა, აბო თბილელმა, ცამეტმა ასურელმა მამამ, საიათნოვამ, იეთიმ გურჯმა და სხვ.
მიუხედავად ლიტერატურის გავლენიანობის შესუსტებისა თანამედროვე სამყაროში, საქართველოში საზოგადოების დიდ ნაწილს მის მიმართ გამორჩეული, ხშირად საკრალური დამოკიდებულებაც აქვს[2]. ვფიქრობთ, საზოგადოებაში დემოკრატიული ღირებულებების პოპულარიზაციას ყველაზე ეფექტურად და შედეგიანად გაუძღვებიან ქართველი მწერლები, რომელთა მიმართ ნდობისა და თაყვანისცემის ხარისხი ხალხში მაღალია.
დემოკრატიული ღირებულებების სისტემურ კვლევას ქართულ ლიტერატურაში ჯერჯერობით პრეცედენტი არ აქვს. მეტიც, ისინი საბჭოთა პერიოდის კრიტიკასა და სასკოლო პრაქტიკაში ჩამოყალიბებული სტერეოტიპების საშუალებით შეგნებულად გადაიფარებოდა. ამის შედეგად ცნობილი მწერლები – ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი, აკაკი წერეთელი ფართო საზოგადოებისთვის დღესაც ხშირად ყალბ ჰეროიკასა და პათეტიკასთან გაიგივდება. გარდა ამისა, საბჭოთა პერიოდის ლიტერატურაში ყურადღებას იმსახურებს სპეციალური მოვლენა – „ჰუმანიზმი“ და „ტოლერანტობა“, რომელიც, საზოგადოდ, ტოტალიტარიზმის წიაღში ერთა ძმობის იდეის პროპაგანდას ემსახურება. აღნიშნული პერიოდის ლიტერატურაში ჰუმანური და ლიბერალური რიტორიკა მეცნიერულ გადახედვას და სპეციალურ შესწავლას საჭიროებს, რაც აღწერითი კვლევის სპეციფიკაში ვერ მოთავსდება. შესაბამისად, ჩვენი კვლევის არეალში ვითვალისწინებთ ქართველ მწერალთა ტექსტებს მეხუთე საუკუნიდან მეოცე საუკუნის ოციან წლებამდე (გასაბჭოებამდე).
[1] განსაკუთრებით კი შუასაუკუნეების ქრისტიანულ ლიტერატურულ ძეგლებში, სარაინდო ეპოსში და მისთ. [2] ჩვენი დაკვირვებით, საქართველოში ჯერ კიდევ მაღალია ლეგიტიმური ავტორების ავტორიტეტის ხარისხი, თუმცა ეს პრობლემა არ არის შესწავლილი სპეციალური კვლევების საშუალებით.