სხვადასხვა

ილია ჭავჭავაძე. საგაზეთო შენიშვნები თფილისის ქალაქის გამგეობის მიმდინარე საქმეებზე

ხვალ, 18 მაისს, განკითხვის დღეა. განკითხვის დღეა იმისი თუ, _ ვინ უნდა მოუაროს, ვინ უნდა უპატრონოს ტფილისს ამ ოთხს წელიწადს და ვინ უნდა იზრუნოს და ისაქმოს ადამიანურის გულისტკივილითა და გულმოდგინებით ჩვენის კეთილდღეობისათვის, ჩვენის ავკარგიანობისათვის.
აქამდე თუ ხმოსნების ამორჩევას საბჭოსათვის ყურს არ ვათხოვებდით და გულგრილად ვეკიდებოდით, დიდი შეცოდება იყო ჩვენ მიერ ტფილისისა და მისთა მკვიდრთა წინაშე. ეხლა სულ სხვა დროა. ტფილისი ჩვენი მშობელი ქალაქია, ყველანი, ვინც აქა ვშობილვართ, აქა ვცხოვრობთ, აქა ვტრიალებთ, _ რა მილეთისაც გინდ იყოს კაცი, _ მისი შვილები ვართ და სამსახური უნდა გავუწიოთ ერთნაირის გულისცემითა, ერთნაირის ნატვრითა, რომ ჩვენი დედაქალაქი გამოკეთდეს, გამოფაქიზდეს, მოჯობინდეს, მოჯამრთელდეს. ღმერთმა არა დაიშურა რა ჩვენის დედაქალაქისათვის. ჰაერი, წყალი, ადგილი _ ყველაფერი, რითაც ბუნება მოსაწონებლად ჰქმნის ადამიანის საცხოვრებელს, იმოდენად კარგი გვაქვს, რომ ბევრი უცხოელი შემოგვნატრის. თუ რამ ცუდია აქ, და ბევრი რამაც არის ცუდი, სულ იმისი ბრალია, რომ დედაქალაქს შვილობას არ ვუწევთ, გულდადებით არ ვექცევით, სიყვარულით, სიყვარულით არ ვპატრონობთ.
კანონმა ნება მოგვცა ჩვენს დედაქალაქს ჩვენვე მოვუაროთ, ჩვენვე ვუპატრონოთ ამ მხრით. ჩვენც საკმაო ხარჯს ვიხდით, რომ ეს პატრონობა, ეს მოვლა ყინულზე დაწერილი თამასუქი არ იყოს, ხარჯიც ტყუილუბრალოდ არ იქსაქსებოდეს, საქმე ჩვენდა საკეთილოდ კეთდებოდეს და კეთილი დღედადღე ემატებოდეს ჩვენს მშობელს ქალაქსა.
ყველამ ერთად, რომ პატრონობა და მოვლა მოვინდომოთ, შეუძლებელია. კანონმა ეს კარგად იცოდა და დაგვიწესა უკეთესნი კაცნი რიცხვით ოთხმოცი ამოირჩიეთ თქვენ შორის და იმათ მიანდეთ ეგ პატრონობა და მოვლაო. და აი ხვალ ამისი განკითხვაა. რომ ჩაუფიქრდეთ, თქვენვე იტყვით ჩვენთან ერთად, რომ ეს სახუმარი საქმე არ არის. ერთი გულმრუდობით აქედ თუ იქით წასული კენჭი შემძლებელია იმისთანა კაცები დასვას საბჭოში, რომ მერე თქვენი მშობელი ქალაქი, თქვენ თვითონ, თქვენი ოჯახი, თქვენი ცოლ-შვილი თავსა და პირს იხოკდეს, _ ეს რა ღმერთი გაგვიწყრა, როგორ ამოვირჩიეთ ეს ჩვენი წამწყმედელნი და დამღუპავნიო? იცოდეთ, დიდი ცოდვა-მადლი თანა სდევს არჩევანსა და ვიდრე ხელი კენჭის ჩასაგდებად დაიძროდეს, თქვენს ნამუსს, თქვენს სინდისს, თქვენს გულს, თქვენს ჭკუას რამდენჯერმე დაეკითხეთ _ ვინ არის ღირსეული და ვინ არა, განურჩევლად დიდისა და პატარისა.
იცოდეთ, თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც თქვენი სიკეთე, თქვენი სიყვარული, თქვენთვის გულშემატკივრობა სულელობად არ მიაჩნია.
თქვენ გინდათ კაცი, რომელსაც უნდა ებრალებოდეს თქვენი თავი, თქვენი ცოლ-შვილი და თქვენის ოფლით მონაგარს ფულს, ხარჯად თქვენს მიერ გაცემულს, თქვენს კეთილად ცხოვრებას, თქვენს მშვიდობით და უშიშრად ყოფნას ახმარებდეს, რამოდენადაც ყოველივე ეს შესაძლოა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ მდიდარს განგებ არ აკლებდეს ქალაქის ხარჯსა და ხმაამოუღებელს შეუძლებელს განგებვე არ უმატებდეს, და რაც მდიდარს დააკლეს, ღარიბს არ ახდევინონ.
თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენი მიყრუებული უბნები ტალახისა და ტყლაპოებისაგან არა ჰყარდეს და მარტო მდიდართა ქუჩები არა ჰლაპლაპებდეს სიფაქიზითა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ ხორაგი, საჭმელ-სასმელი, ქალაქის ბაზარში კარგი და საღი იყოს და თქვენ არ გახდენდნენ, არ გაფუჭებდნენ და ამ მხრით უშიშარ იყვნეთ.
თქვენ გინდათ კაცი, რომ პურს, ღვინოს, საჭმელ-სასმელს ჩარჩები თუ სხვა ვინმე განგებ მამასისხლად არა ჰხდიდნენ და ამით თქვენ და თქვენს ცოლ-შვილს არ უძვირებდნენ საჭირო საზრდოს და საკვებსა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ ქალაქის მოხელეებს ხელსა და კალთას არ აფარებდნენ, როცა იგინი არ ვარგანან და ტყუილუბრალოდ სჭამენ თქვენის ოფლით მონაგარს ფულსა ჯამაგირების სახითა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ ბუნებითად კეთილი ჰაერი თქვენის დედაქალაქისა არ იშხამებოდეს უწმინდურების სიყრალითა და არა გშხამვიდეს თქვენ, თქვენს ოჯახს, თქვენს წვრილშვილსა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ წყალი უვნებელი და მოუწყვეტელი გქონდეთ და ამასთანაც, რაც შეიძლება იეფი.
თქვენ გინდათ კაცი, რომ რაკი ხორაგს თუ სასმელს ბაზარში ჰყიდულობთ, დახათრიჯამებული იყვნეთ, რომ წამხდარს და მოწამლულს არ შემოგაპარებენ.
თქვენ გინდათ კაცი, რომ თქვენს წვრილშვილებს სწავლა-განათლების გზა და სახსარი მისცეს, გული კეთილს შეუჩვიოს, ჭკუა სჯასა და მოსაზრებასა, რამდენადაც შესაძლოა.
თქვენ გინდათ კაცი, რომ თითმის ორ მილიონამდე ყოველწლივ შემოსავალი ქალაქისა, თქვენგანვე ხარჯად აღებული, თქვენვე და თქვენს ქალაქს საერთოდ ჰხმარდებოდეს გამოზოგვითა და ცოდნითა და არა აქეთ-იქით იქსაქსებოდეს გულდაუდებლობით და უთავდარიგობითა.
ერთის სიტყვით, ბევრი სხვაც არის, მაგრამ ყველას ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ესეც საკმაოა, თუ ღმერთმა გვაგონა, და ამაებს მაინც ხვალ შესაფერი კაცები ამოვურჩიეთ.
ამიტომა ვთქვით ზევით, რომ ხვალინდელი დღე სახუმარი დღე არ არის. სიმძიმე და სიდიდე იმ მოვალეობისა, რომელსაც ხვალ კისრად ვღებულობთ და ასე თუ ისე ავასრულებთ, წინ უნდა წაიმძღვაროს ყველამ და ისე მივიდეს კენჭის მისაცემად. აქ ვინც უმტყუვნებს და უღალატებს იმას, რასაც სინიდისი, ნამუსი, კაცური კაცობა ამხელს, იგი უმტყუვნებს, იგი უღალატებს თავისს თავს, თავისის ცოლ-შვილის, ოჯახის ბედნიერებას და კეთილდღეობას.
ვისაც ხელი მიგიწვდებათ, ყველანი უნდა მიხვიდეთ არჩევანზე და თქვენი მოქალაქური, კაცადკაცური მოვალეობა გადაუხადოთ თქვენს მშობელს ქალაქსა.
იცოდეთ, რომ ვისაც ხვალ ჩააბარებთ საბჭოში ხმოსნობას, იმას აბარებთ მთელის ოთხის წლის თქვენს საერთო სვე-ბედსა, თქვენის ოჯახობის საერთო კეთილსა და ბოროტსა. ოთხი წელიწადი ბევრის რისამეა შემძლებელი, ავიც შეიძლება ბევრი მოგვაყენოს კარს და კარგიც.
გულს ნუ გაიმრუდებთ, სულს ნუ წაიწყმედავთ! იცოდეთ, ეს დიდი საქმე თქვენს ნამუსს, თქვენს სინიდისს, თქვენს პატიოსნებას აბარია. ახსენეთ ღმერთი, და ღვთისა და მართლის სახელით, შეუდექით არჩევანის დიდს საქმეს და მარჯვენას თქვენსას ის არ აქმნევინოთ, რასაც გული და სინიდისი არ გეუბნებათ.

ტფილისი, 16 მაისი. 1897 წ.

ილია ჭავჭავაძე /თხზულებათა აკადემიური გამოცემა/XIII ტომი/თბ. ილიას ფონდი/2007 წ./ გვ. 410-413

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button