იაკობ გოგებაშვილი ქართველ და სომეხ ხალხთა ურთიერთობის შესახებ
ძნელად იპოვი სხვა საგანს, რომელიც განმარტებული და გაგებული იყოს უფრო მცდარად და უკუღმართად, ვიდრე ქართველთა და სომეხთა ურთიერთდამოკიდებულებაა. ამ ურთიერთობის შესახებ სასტიკად ცდებიან არა მარტო კავკასიის ფარგლებს იქით, რამედ ჩვენშიც. ანტაგონიზმი, ურთიერთი სიძულვილი – აი ტერმინები, რომლებითაც განსაზღვრავენ სომეხთა და ქართველთა ურთიერთობას, მიუხედავად ათასობით ფაქტებისა, რომელნიც მკვეთრად ეწინააღმდეგებიან ასეთს მცდარ გაგებას. რაღა შორს წავიდეთ, ამ გაზაფხულს დედაქალაქის სასამართლოში ვიღაც პიროვნებამ, რომელსაც რატომღაც ქართველად მოჰქონდა თავი, მოურიდებლად განაცხადა მთელი რუსეთის გასაგონად, შეურაცხყოფილად ვგრძნობ თავს, რომ სომეხი მიწოდესო, იმიტომ, რომ თითქოს, ქართველებსა და სომხებს შორის არსებობს ურთიერთი სიძულვილი და თითქოს ქართველისათვის ყველაზე მძიმე შეურაცხყოფაა, როცა მას სომეხს უწოდებენ…
ქართველებს და სომხებს შორის არ არსებობს არავითარი ანტაგონიზმი, არამედ მათ შორის არსებობს უაღრესად მტკიცე, უაღრესად გულითადი ძმური ურთიერთობა… ქართველი ისევე ადვილად და სიამოვებით უწევს სამსახურს სომეხს, აბამს მასთან მეგობრულ ურთიერთობას, როგორც თავის თვისტომთან. კავშირურთიერთობისა და შეთანხმებულობის ეს სულისკვეთება ყველაზე ნათლად მჟღავნდება სოფლის საზოგადოებრივ თანამდებობაზე არჩევნების დროს. ქართლში არ გაგონილა სომეხთა და ქართველთა პარტიებად დაყოფა არჩევნების დროს, ისევე, როგორც სხვა შემთხვევებშიც. ასეთი დაყოფა რომ იყოს, ვერც ერთი სომეხი ვერ გავიდოდა, რადგან სომხები ყველა სოფელში, სადაც ისინი ცხოვრობენ, უმცირესობას შეადგენენ; ამავე დროს მათ თანამდებობებზე ირჩევენ სოფლების მიხედვით, მაგალითად, მამასახლისად, ქართველებზე უფრო ხშირად, თვით კავთისხევში, სადაც ამ სტრიქონებს ვწერ, მამასახლისად არის სომეხი, რომელსაც აგერ უკვე ცხრა წელია, ერთხმად ირჩევს სასოფლო საზოგადოება; ამავე დროს კი ამ სოფელში სომხები მოსახლეობის მეოთხედს ძლივს შეადგენენ.
მაგრამ ქართველთა და სომეხთა ერთ ორგანულ მთელად შეერთებას ყველაზე მკაფიოდ ცხადყოფს მათი რელიგიური ცხოვრების გამოხატულებანი… ეროვნული სულისკვეთების ნათესაობა იმდენად ძლიერია, რომ მან სრულიად გააქარწყლა რელიგიური განსხვავების შეგნების გავლენა და ორივე ეროვნების თვით რელიგიურ ცხოვრებაშიც კი თამხმობა და ერთობა შეიტანა… მართლმადიდებელი მღვდელი, რომელიც ზიარებაზე უარს ეტყოდა უეცრად მომაკვდავ სომეხს იმიტომ, რომ ის სხვა სარწმუნოებისაა, თავისი მრევლის საყოველთაო გულისწყრომას დაიმსახურებდა. ურთიერთპატივისცემა და რელიგიური თავაზიანობა, თუ შეიძლება ასე ითქვას, იქამდე მიდის, რომ სომხები სოფლად, ქართველთა რელიგიური გრძნობა რომ არ შეურაცხყონ, არ ხსნილობენ აღდგომის წინადღით, როგორც მათ ამის ნებას აძლევს საეკლესიო კანონები, ელოდებიან გათენებას და ქართველებსავით შეექცევიან სახსნილო საჭმელს.
ჰკითხეთ ქართველს: რატომ ცდილობს ის, მართლმადიდებელმა მღვდელმა აზიაროს მომაკვდავი სომეხი, რომელიც სხვა სარწმუნოებისაა და ის გიპასუხებთ: რაც ქართველის მაცხონებელია, არ შეიძლება ასეთი არ იყოს სომხისთვისაცო. ასეთ პასუხს, გამსჭვალულს ეროვნული ნათესაობისა და ურთიერთობის შეგნებით, თქვენ გაიგონებთ სომხისაგანაც… მრავალი ქალაქელი სომხისთვის ქართველთა ეკლესიები სალოცავი ადგილებია, რომელთაც პატივს სცემენ ისეთივე მოკრძალებით, როგორც ქართველები და ხშირად მიდიან შორეულ ადგილას, თუმცა ეს მათ ძვირად უღირთ, რათა ტაძრის დღესასწაულის დროს ილოცონ. მეორე მხრივ, სომეხთა განთქმულ სალოცავს, სურბ-კარაპეტის სახელწოდებით, რომელიც თბილისის ერთ-ერთ სამხრეთ გარეუბანშია, დიდ პატივს სცემს მრავალი ქართველი, დიდი რაოდენობით ესწრებიან რელიგიურ-სახალხო ზეიმს, რომელიც იმართება ამ ეკლესიის ხატობაზე… ქართველი და სომეხი ინტელიგენციის საერთო ძალებით სომხურ-ქართული სპექტაკლების მოწყობა, კეთილი ამხანაგობა ზოგიერთი საერთო ლიტერატურული წამოწყების განხორციელებისას, ქართულ ლიტერატურაში მონაწილეობა ბევრი განათლებული სომხისა, რომლებიც სრულყოფილად დაუფლებიან ქართულ ენას, განათლებული სომეხი ახალგაზრდობის მონაწილეობა ქართული გაზეთის `დროების~ ათი წლის საიუბილეო დღესასწაულზე – მრავალი ამგვარი მოვლენა აშკარად მოწმობს, რომ ხალხიდან წარმომდგარი ურთიერთი ძმობის სულისკვეთება აღაფრთოვანებს ხოლმე ორივე ეროვნების განათლებულ ფენებსაც…
საერთო საფრთხე აერთიანებს ქართველებსა და სომხებს… მტრების მიერ დაპყრობილი ოლქებიდანაც ბევრი სომეხი გადმოსახლდა საქართველოში. როგორ ეპყრობა მათ ქართველი საზოგადოება და მთავრობა? უაღრესად ჰუმანურობით. ნაცვლად უნდობლობისა, დაეჭვებისა, უუფლებობისა, მყარდება ქართველთა და სომეხთა სრული თანსწორუფლებიანობა. სახელმწიფოებრივ თანამდებობათა დაკავების საქმეში არავითარი განსხვავება არ არის ქართველებსა და სომხებს შორის და უკანასკნელნი პირველთა თანაბრად იღებენ უმნიშვნელოვანეს თანამდებობებს სახელმწიფოში. სომეხთა რელიგია, ენა, ეროვნულობა ხელშეუხებელი ხდება და არავის არ მოსდის თავში ველური და სასტიკი აზრი – წაართვან მათ ეროვნული თავისებურებანი, გაუპიროვნონ და გააქართველონ ისინი. სამაგიეროდ, სომხებიც ასევე ეპყრობიან ქართველებს. ნდობას სრული ნდობით უპაუხებენ, იმსჭვალებიან გულწრფელი ერთგულებით საქართველოსადმი და სახელმწიფოებრივი ინტერესებისათვის თავდადებაში ეცილებიან ქართველებს. ისინი საქებური თავგანწირვით იბრძვიან თავიანთი ახალი სამშობლოს მტრების წინააღმდეგ და არც ერთხელ არ შეუბღალავთ თავიანთი რეპუტაცია ღალატით. ორივე მხარე იმსჭვალება ურთიერთი პატივისცემით. ქართველები სომხებში პატივს სცემენ კეთილგონივრულობით აღსავსე პრაქტიკულ ჭკუას, თანდაყოლილ ვაჭრულ სულს, შეუპოვრობას ერთხელ დასახული მიზნის მიღწევაში, თავშეკავებას; თავის მხრივ სომხები ქართველებში პატივს სცემენ თეორიულ ჭკუას, რაც, სხვათა შორის, მკაფიო გამოხატულებას ჰპოულობს პოეტური შემოქმედების დიდად ნიჭიერ ნაწარმოებებში, ხასიათის რაინდულ თვისებებს, ურყევ პატიოსნებას… გულკეთილობას, სიმპათიურ ხასიათს და უძლეველ მამაცობას, რამაც შეუნარჩუნა ხალხს მისი ტერიტორია. სწორედ ამ ძმური ურთიერთობით, რომელიც დამკვიდრდა თანასწორუფლებიანობის ბრძნული პოლიტიკის გამო, აიხსნება, სხვათა შორის, ის საკვირველი ფაქტი, რომ პატარა საქართველომ შესძლო გმირული ბრძოლის ატანა მრავალრიცხოვანი მტრების წინააღმდეგ მთელ რიგ საუკუნეთა მანძილზე სომხეთის დაცემის შემდეგ…
იაკობ გოგებაშვილი/რჩეული თხზულებანი/ტ. 1/თბილისი 1989/გვ. 99