აკაკი წერეთლის არაკი თავისუფლებაზე
არაკი
ლურჯამ თქვა: “ჩემი პატრონი
მე მეპყრობოდა ავადო:
ორივე ფეხში ბორკილი
მეყარა სატანჯავადო!
მხედნიდა… თავისუფლება
არ მქონდა ჩემდა თავადო,
და ჩემი ბედის ვარსკვლავი
ცაზედ ეჭედა შავადო”.
“ცით ჩამოვარდა წერილი,
დამფარველი და მხსნელიო.
ეწერა: “თავისუფლება!..
მოისპოს წესი ძველიო!”
მაშინვე შემტყდა ბორკილი,
მომეხსნა ყელ–საბელიო:
შევხტი და შევინავარდე,
თვალი შემაშრა სველიო.
ვამბობდი: “ჯერ ეს რა არი?
უფრო კარგ ბედსაც ველიო:
მევე ვარ ჩემი პატრონი,
და ზეცა ჩემი მცველიო!”
მაგრამ მიმუხთლა შავ–ბედმა:
ფუ! შერცხვეს ეს სოფელიო!
საითაც ფეხი გავადგი,
ყოველგან მტაცეს ხელიო;
მითხრეს: “აქ შენი რა არი?
სად მოხვალ ჭკუათხელიო?
შენთვის არც მთაა, არც ბარი,
არც მინდორი და ველიო!
მაშ ამგვარს თავისუფლებას
მიჯობს, შემჭამდეს მგელიო!..”
გლეხკაცმა უთხრა ლურჯასა:
“ნეტავ, რას ამბობ მაგასო?
ეგ ჩემი გულის ისარი
შენ მაინც ვინღა დაგასო?
ერთს ჯამში ჩემი ნაღველი
რით ვინ გალესა და გვასო?
და სანამ უნდა ვითმენდეთ
ამდენ წვასა და დაგვასო?”
აქ ლურჯამ დაიხვიხვინა,
მაღლა წიხლები აჰყარა;
გლეხმაც რაღაცა იფიქრა,
თავი მიწისკენ დახარა,
იარაღს ხელი მოჰკიდა,
შრომისა ოფლი დაღვარა,
და მაშინ ბედის ვარსკვლავმაც
მაღლიდან ძლევა ახარა.
აკაკი წერეთელი/ არაკი/ რჩეული ნაწარმოებები ხუთ ტომად/ ტ. 1/ თბ. 1988/ გვ. 235–236