განხილვაესე

ვაჭართა სახეები „ვეფხისტყაოსანში“

– „„ვეფხისტყაოსანში“ აისახა ვაჭართა საზოგადოება, მათი ქალაქ-სახელმწიფო- გულანშარო, მათი ცხოვრების წესი. გულანშარო – ყვავილების ქალაქია, კოხტა, ტურფა, ფერადი, უამრავი ბაღით დამშვენებული. საინტერესოა, რომ ზღვაში ამოზრდილი ეს ქალაქი ავთანდილის მიერ ხრიოკ, დაუსახლებელ, უდაბურ ადგილებში მოგზაურობის შემდეგ, ერთგვარ ოაზისად, ამქვეყნიურ სამოთხედ მოსჩანს: „ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა, ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრის ბევრითა. მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!“ ვაჭრად გადაცმულ, ნესტანის საძებნელად ჩამოსულ ავთანდილს პირველად უსენის მებაღე ხვდება, რომელიც, ეტყობა, ფატმან ხათუნთან საკმაოდ დაახლოებული პირიცაა. მებაღე გაოცებულ-აღტაცებული შესცქერის ავთანდილს, მისი მშვენიერებით გაოგნებული ჰპირდება, რომ ვაჭართა ქალაქის ამბებს დაწვრილებით მოუყვება: „ჰკადრა: „გხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.“ სწორედ მებაღისგან ვიგებთ, რა ქალაქია გულანშარო, ვინ არის მისი ხელმწიფე, ვაჭართა უხუცესი, ფატმან-ხათუნი. მებაღეს აშკარად აქვს თხრობის ნიჭიც. მებაღე უყვება ავთანდილს, რომ გულანშაროს ნავსადგურში დიდძალი სიმდიდრით, საქონლით დატვირთული გემები შემოდიან: „აქ მოდის ტურფა ყველაი, ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა.“ იმ დროს, როცა რაინდებს, ავთანდილსა და ტარიელს უკვირთ, რომ ფრიდონისკენ მიმავალთ ვაჭარმა ცხენი კი არ აჩუქა, მიჰყიდა: „მუნ ვაჭარმან ოქროს ფასად ცხენი მისცა, არ უძღვანა“ – ვაჭართა ქალაქში აღებ-მიცემობაა გაჩაღებული. აქ მეფეთ-მეფე ოქროა, სიმდიდრეა. ადამიანიც იმით ფასდება, ვის რამდენი ქონება აქვს დაგროვებული. მითუმეტეს, რომ აქ ღარიბი ერთ დღეში შეიძლება გამდიდრდეს. ყიდვა-გაყიდვა, მოგება-წაგება – აი, ასე ცხოვრობენ ვაჭრები: „დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ; უქონელნი საქონელსა წელიწდამდის დაიდებენ.“ მნიშვნელოვანია, რომ სწორედ ვაჭართა სახელმწიფოში გამოჩნდა ოქროს//ფულის ყოვლისშემძლე ძალა: „ნახე, თუ ოქრო რასა იქმს, კვერთხი ეშმაკთა ძირისა.“ რუსთაველი გმობს ოქროსმოყვარეობას, სიხარბეს, როგორც ადამიანის დამამცირებელს, მისი ხორცისა და სულისათვის მავნებელს, შთაგონების, აღმაფრენის შემზღუდველს: „ვა, ოქრო მისთა მოყვასთა აროდეს მისცემს ლხენასა, დღედ სიკვდილამდის სიხარბე შეაქმნევს კბილთა ღრჭენასა, შესდის და გასდის, აკლია, ემდურვის ეტლთა რბენასა, კვლა აქა სულსა დაუბამს, დაუშლის აღმაფრენასა.“ როგორც ვხედავთ, განსხვავებით პატრონყმური, რაინდული საზოგადოებისგან, ვაჭართა სამეფოში გადამწყვეტი არა ადამიანთა სოციალური ჩამომავლობა, არამედ ეკონომიკური მდგომარეობაა, ამიტომაცაა, რომ ამ ქალაქში დახვეწილი მანერების მქონე, მაღალზნეობრივი, განათლებული, სახელის მოხვეჭაზე ორიენტირებული არისტოკრატი-რაინდის ადგილს მატყუარა, ფიცის გამტეხი, შანტაჟისტი, მოღალატე, მხდალი, მხოლოდ ქონების დაგროვებაზე ფიქრით შეპყრობილი, გონჯი, უღირსებო ვაჭრები იკავებენ. მათი ტიპური წარმომადგენელია ვაჭართა უხუცესი უსენი. სწორედ მასთან უნდა გამოცხადდნენ თავდაპირველად გულანშაროში სავაჭროდ ჩამოსული ვაჭრები, დაათვალიერებინონ საქონელი, საუკეთესოს გადაარჩევენ მეფისთვის, ფულს გადაუხდიან და მხოლოდ ამის შემდეგ აძლევენ ნებას, როგორც უნდათ, ისე ივაჭრონ. ეტყობა, უსენს ერთგვარი მთავარი მებაჟის ფუნქცია ეკისრებოდა. უსენი ფატმან ხათუნის მეუღლეა. გარეგნულად შეუხედავი, ამიტომაც დაეძებს მზესავით მომხიბლავ ახალგაზრდა საყვარლებს ფატმანი: „მით არ ჯერ ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.“ უსენი, ასევე, ფატმანის დახასიათებით, არის „ლმობიერი“ კაცი, ეს კიდევ დიდი უბედურება არაა, მაგრამ მას არ შეუძლია მიცემული სიტყვის, პირობის შესრულება. მისთვის ფიცის გატეხა ჩვეულებრივი მოვლენაა: „დაავიწყდეს იგი ფიცნი, რა მუსაფნი, რა მაქანი! მართლად თქმულა: „არა ჰმართებს ყვავსა ვარდი, ვირსა რქანი.“ მართალია, უსენი აშკარად „რქიანია“, თუმცა მთლად უჭკუო კაცი არ უნდა იყოს, რადგან, ჯერ ერთი, ის ვაჭართა უფროსია, მეორე, იმოდენა ქონება დააგროვა, რომ მეფეც კი ეუბნება: „ვერ გარდვიხდი, თავმან ჩემმან, ძღვენთა შენთა ნაათალსა.“ სულელი ადამიანი კი ამას ნამდვილად ვერ მოახერხებდა. ამასთან ერთად, ის მეფის უახლოესი პირია, მისი „არიფია“, მისი თანამეინახეა: „უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ, არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი. აწ ნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსტრომელი.“ ეს ფატმანისეული დახასიათებაა უსენისა და კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, როგორ არ მოსწონს, უფრო მეტი, ეზიზღება მას თავისი ქმარი: მკვეხარა, მაბეზღარა, უღირსებო, ფიცის გამტეხი ვაჭარი. გულანშაროს, ვაჭართა ქალაქ-სახელმწიფოს მბრძანებელია მელიქ-სურხავი: „მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.“ ეს სრულიად განსხვავებული სამყაროა. როგორც უკვე ვთქვით, არაბეთისა და ინდოეთისაგან დიდად განირჩევა ის ცხოვრების წესი და მორალი, რომელიც აქ მეფობს. ის, რომ მელიქ-სურხავი ბრძენი მმართველია, ჩანს იქიდან, რომ მისი ქალაქი უმდიდრესია, აყვავებულია, განვითარებულია ვაჭრობა. აქ მოსვლით მოხუციც კი გაახალგაზრდავდება, მტერიცა და მოყვარეც მის მცხოვრებთ შენატრიან: „აქა მოსვლითა გაყმდების, კაციცა იყოს ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები; ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები; ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.“ როგორც ვხედავთ, „ვეფხისტყაოსანში“ ნაჩვენებია ვაჭართა ქალაქის მუდამ მჩქეფარე, სიცოცხლით, მხიარულებით, ქეიფითა და ლხინით სავსე ცხოვრება. განსაკუთრებით ლამაზი იყო მათი ახალი წლის – ნავროზობის დღესასწაული, რომელიც ათი დღის განმავლობაში გრძელდებოდა. ეს დღეები უქმე იყო გულანშაროში: „არცა ვინ ვაჭრობს ვაჭარი, არცა ვინ წავა გზობასა.“ მთელი ქალაქი მოირთვებოდა, სადღესასწაულოდ იკაზმებოდნენ მოქალაქეები. მეფე დიდ დარბაზობა-ნადიმს მართავდა, ქალაქის მოედანზე სპორტული შეჯიბრებები და სანახაობა იმართებოდა. ისმოდა მუსიკალურ საკრავთა დამატკბობელი ხმები. სამეფო კარზე ვაჭრებს უსენი, მათ ცოლებს კი ფატმანი წარუძღვებოდა, მეფე-დედოფალს ძვირფას საჩუქრებს უძღვნიდნენ, ისინიც, თავის მხრივ, ასაჩუქრებდნენ მათ. მელიქ-სურხავს კარგი ურთიერთობა აქვს ქვეშევრდომებთან. როგორც ვთქვით, ვაჭართა სამეფოში აბსოლუტურად განსხვავებული ეთიკური ღირებულებებია. აქ მთავარი ფასეულობა ქონებაა, ფულია. სწორედ ამ ნიშნით მეგობრობს მეფე ვაჭართა უხუცეს უსენთან, რომელსაც სიმდიდრის გარდა სხვა ღირსება არ გააჩნია. სამეფო კარისა და ვაჭრების ურთიერთობა ემყარებოდა ორმხრივ სარგებლობას: მეფე და მისი მეომრები იცავდნენ ვაჭრებსა და მათ ქონებას, ხოლო ვაჭრები, სამაგიეროდ, ძვირფას საჩუქრებს მიართმევდნენ მათ. მელიქ-სურხავის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ მას შესანიშნავი ვაჟი-მემკვიდრე ჰყავდა: ვაჟკაცი, უშიშარი, კარგი მეომარი. ფატმანი მას ახასიათებს, როგორც „უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა.“ გულანშაროს მეფეს მშვენიერების დანახვა-დაფასების ნიჭიც აღმოაჩნდა, გამჭრიახობაც, რომ ნესტანში განსაკუთრებული ქალი დაენახა არა მარტო გარეგნულად, არამედ – სულიერადაც. აი, რა ზუსტად დაახასიათა მან უცხო ასული: „ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების… ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი.“ მელიქ-სურხავი გულუხვი და კეთილგანწყობილი მეფეა. ამაზე მეტყველებს მის მიერ ქაჯეთიდან მომავალი მეგობრების დიდებული დახვედრა და ტარიელ-ნესტანის შვიდდღიანი ქორწილი. როგორც ვხედავთ, ვაჭართა სახელმწიფოს, მელიქ-სურხავის სახით, ნამდვილად ღირსეული მეფე ჰყავს, რომელიც გამუდმებით ზრუნავს მოქალაქეთა და ქვეყნის კეთილდღეობაზე. ჭაშნაგირს მელიქ-სურხავის სასახლის კარზე მნიშვნელოვანი თანამდებობა უკავია: „ისი კაცი ჭაშნაგირი დარბაზს იყო მეტად ხასი.“ ჭაშნაგირი გარეგნულადაც მშვენიერი, ახოვანი, მომხიბლავი ყმაწვილი იყო: „შემოდგა კარსა ყმა ვინმე კეკლუცი, ტან-ნაკვთიანი.“ ის ფატმანის საყვარელია და, როგორც მისი სიტყვებიდან, მოქმედებიდან ჩანს, საკმაოდ თავმოყვარე და ამაყიც – არ პატიობს საყვარელს ღალატს: „გამკიცხე, ბოზო დიაცო, და დამდევ გასათრეველად, მაგრა სცნობ ხვალე პასუხსა მაგა საქმისა მზღვეველად: ვარ შენთა შვილთა შენითა კბილითა დამაჭმეველად, დავშალო, წვერთა ფუ მიყავ, ხელიღა ვრბოდე მე ველად!“ რა თქმა უნდა, მოღალატე ქალის მისი საიდუმლოს გამჟღავნებით შანტაჟი არ ამშვენებს ჭაშნაგირს. ბოლოს და ბოლოს, ფატმანი გათხოვილი ქალი იყო და მასთან ურთიერთობას იმთავითვე ოჯახის ღალატი ედო საფუძვლად. ამ ე.წ. „სიყვარულისა“ და შანტაჟისთვის სიცოცხლით აზღვევინა მას ფატმანმა. კიდევ ერთ ვაჭართა უხუცესს ვეცნობით პოემაში და ის უსამია – ბაღდადელი ვაჭრების უფროსი, ბრძენი, ბევრისმნახველი, დაფიქრებული: „უსამ იყო ქარავნისა უხუცესი, კაცი ბრძენი.“ მან აუხსნა ავთანდილს, თუ ვინ იყვნენ და რა გასაჭირი დასდგომოდათ: „გარდახდა. ჰკადრეს: „ჩვენ ვართო მობაღდადენი ვაჭარნი, მაჰმადის სჯულის მჭირავნი, აროდეს გვისმან მაჭარნი. ზღვათა მეფისა ქალაქსა სავაჭროდ გარდმონაჭარნი. საქონელ-სრულნი, მდიდარნი, არ ლარნი გვქონან ნაჭარნი.“ ბრძენი უსამი მაშინვე მიხვდა, რომ სანდო და უშიშარ რაინდთან ჰქონდათ საქმე და უყოყმანოდ მიანდო ვაჭართა სიცოცხლე და ქონება ავთანდილს. ის ენაწყლიანი კაციცაა, მშვენივრად ამკობს უცნობ მოყმეს: „მზეო, სიცოცხლე და შენ ამოჰხე ჩვენი მლხენი.“ მართალია, ავთანდილი ვაჭრებს ლაჩრებს უწოდებს, მაგრამ ომი მათი ხელობა არაა, ისინი არიან „ომისაცა უმეცარნი“. უსამის კიდევ ერთი კარგი თვისებაა ხაზგასმული პოემაში: მადლიერების გრძნობა. მან შესთავაზა ავთანდილს დიდძალი ქონება, თხოვნაც შეუსრულა, საიდუმლოც შეუნახა და ჭაბუკი გულანშაროში ისე შევიდა, როგორც ვაჭართა უხუცესი. უაღრესად კოლორიტული სახე-ხასიათია გულანშაროს ვაჭართა უხუცესის, უსენის, მეუღლე, ფატმან-ხათუნი. მართალია, რუსთაველი მის დასახატავად მზესა და მთვარეს არ იყენებს მეტაფორა-შედარებებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფატმანიც ძალიან მიმზიდველი, სიცოცხლით სავსე, მხიარული ქალია: „ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი; დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.“ როგორც ავტორისეული დახასიათებიდანაც ჩანს, ფატმანი ამქვეყნიურ სიამეთა მოყვარული ქალია, არ იკლებს გართობასა და ლხინს, უყვარს კარგი მასპინძლობა და სტუმრებთან მხიარულობა: „პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი.“ ავთანდილსაც: „მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა.“ რა თქმა უნდა, ფატმანის სამყარო და აქ არსებული წესები აბსოლუტურად განსხვავდება რაინდთა საზოგადოებაში მოქმედი ზნეობრივი ნორმებისაგან. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ცოლქმრული ღალატი, ფიცის გატეხა, განსაცდელის წინაშე ლაჩრული შიში, შანტაჟი და ახლობელი ადამიანის უყოყმანოდ გაწირვა ვაჭართა ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ფატმანისთვის სრულიად ბუნებრივია დროებითი, წუთიერი გატაცებები იმ დროს, როცა რაინდთა წრეში მიღებულია „შორით დაგვა, შორით ალვა“, როცა იქ სავალდებულოა, რომ მიჯნურმა „გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში“, ფატმანს არ მოსწონს მეუღლე, რადგან: „მით არ ჯერ-ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.“ ის ეძებს ჭაშნაგირის მსგავს წარჩინებულ და მოხდენილ ჭაბუკებს, თუმცა იმათაც დაუნანებლად გასწირავს სასიკვდილოდ, თუკი მის ინტერესებს საფრთხე შეექმნება. ხოლო როცა ჭაშნაგირზე უფრო მშვენიერი ახალგაზრდა გამოჩნდება, მაშინვე გაუმიჯნურდება და ავთანდილს თავშეუკავებელი ვნებით სავსე ბარათს სწერს. შემთხვევით არ ამბობს არაბი ჭაბუკი ფატმანის ე.წ. სიყვარულის შესახებ: „რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია.“ რუსთაველი არასოდეს ხატავს ადამიანს მხოლოდ დადებით ან უარყოფით პერსონაჟად, ის ცდილობს მასში დაინახოს კარგიც და ცუდიც. ასეა ფატმანის შემთხვევაშიც. ვაჭართა უფროსის ცოლს აქვს რამდენიმე თვისება, რითაც ის ჩვენს სიმპათიას იმსახურებს. ჯერ ერთი, მას გააჩნია მშვენიერების დანახვა-აღქმისა და დაფასების უნარი. ამის მაჩვენებელია მისი ნესტანისადმი დამოკიდებულება. მას შეუძლია უერთგულოს ნესტანს, იყოს უხვი. ტყუილად როდი მიმართავს მას ინდოეთის მეფის ასული ასე: „დედისა მჯობო დედაო!“ ფატმანმა, მართლაც, დიდი დახმარება გაუწია ავთანდილს, ფაქტობრივად, აპოვნინა ნესტანი. ფატმან ხათუნი ვაჭართა წრის ტიპური წარმომადგენელია, თავისი საეჭვო მორალით, თუმცა მას აქვს დიდი, თბილი და მოსიყვარულე გული, შეუძლია ერთგულებაც და უანგაროდ მხარში დგომაც. ასე რომ, „ვეფხისტყაოსანში“ სრულყოფილადაა დანახული და დახატული ვაჭართა საზოგადოების როგორც უარყოფითი, ასევე დადებითი მხარეები. ნაჩვენებია, რომ ვაჭრობას დიდი როლი ეკისრებოდა ქვეყნის აყვავების, ეკონომიკური გაძლიერების საქმეში. ამიტომაც არის გარკვეული ურთიერთობა ვაჭრებსა და რაინდებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ მათ მორალურ, ცხოვრებისეულ პრიორიტეტებს შორის დიდი განსხვავებაა, ისინი ერთმანეთს მხარში უდგანან, მათი კარგი ურთიერთობა ორივე მხარისთვის ხელსაყრელია და ეს თვალნათლივ ვნახეთ ავთანდილისა და ბაღდადელი ვაჭრებისა თუ გულანშაროს ქალაქ-სახელმწიფოს მაგალითზე.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button