ესე

ვეფხისტყაოსნის“ ადრესატები, ავტორის ვინაობა და სიუჟეტის გაუცხოების საკითხი პროლოგის მიხედვით

– „„თუ „ვეფხისტყაოსანი“ არ იცი, ძნელად დაგიჯერებს ვინმე, რომ ქართველი ხარ“ – წერდა ნოდარ დუმბაძე და მართლაც, რუსთაველის იგავმიუწვდენელი მშვენების პოემა ქართველი ერის სავიზიტო ბარათია მსოფლიოს კულტურული საზოგადოების წინაშე. ის ხომ ქართველებისთვის არასოდეს ყოფილა ჩვეულებრივი, თუნდაც მაღალმხატვრული ნაწარმოები, ის ქართველთა წიგნთა წიგნი, მათი ბიბლია იყო, რომელმაც უდიდესი მისია შეასრულა – ხელი შეუწყო ქართველი ერის ეთნოკულტურული სახის, მისი ზნეობრივი კოდექსის ჩამოყალიბებას. დღეს, საყოველთაო გლობალიზაციის ეპოქაში, მულტილინგვისტურ თუ მულტიკულტურულ გარემოში მოქცეულ მცირერიცხოვან, თუმცა დიდი ისტორიისა და კულტურის ერს კიდევ უფრო სჭირდება გენიალური წინაპრის დახმარება, მისი ბრძნული დარიგებებისთვის ყურის მიპყრობა, უაღრესად პრაქტიკული შეგონებების ცხოვრებაში გამოყენება, თუნდაც აი, ასეთის: „რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს: მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს, კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს, არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვათა უწუნობდეს.“ ამ ლაკონიური აფორიზმით რუსთაველი პროფესიონალიზმისკენ, საკუთარი საქმის საუკეთესოდ კეთებისაკენ მოგვიწოდებს. არადა, როგორ გვაკლია და გვჭირდება დღეს სწორედ ეს თვისებები. ის გვახსენებს იმასაც, რომ ადამიანის ცხოვრებაში უმთავრესი სიყვარულია და ამ ნიჭს მოკლებული კაცი შესაბრალისია. ყველაფერი ეს „ვეფხისტყაოსნის“ პროლოგში-დასაწყისში, პოემის მშვენიერ მხატვრულ წინასიტყვაობაში წერია. პროლოგი ღვთისადმი მიმართვით იწყება. სწორედ უზენაესს შესთხოვს რუსთაველი შეწევნას იმ დიდ საქმეში, რასაც შემოქმედება ჰქვია. ხელოვანიც ხომ ისევე ქმნის ახალ სამყაროს, როგორც თავის დროზე ღმერთმა შექმნა უთვალავი ფერით შემკული უმშვენიერესი ქვეყანა, ისიც ისევე აცოცხლებს თავის პერსონაჟებს, როგორც უფალმა შთაბერა სული ყველა არსებულს: „რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა, ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა, ზეცით მონაბერითა, ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა.“ სწორედ უფალს ევედრება პოეტი, რომ დაიცვას ყოველგვარი ბოროტებისაგან, მისცეს დიდი სიყვარულის განცდის უნარი და იმქვეყნად წასაღები ცოდვების ტვირთიც შეუმსუბუქოს. პროლოგის შემდეგი კომპოზიციური ელემენტი უკვე პოემის ადრესატთა ხსენება-ქებაა. რუსთაველი გვიმხელს, რომ თავის ქმნილებას მზე-თამარ მეფესა და მის მძლეთამძლე მეუღლეს – დავით სოსლანს უძღვნის. მათ დასახატავად კი მელნად გიშრის ტბას, ხოლო კალმად – რხეულ ლერწამს იყენებს, შედეგი კი ასეთია: „გასტეხს ქვასაცა მაგარსა, გრდემლი ტყვიისა ლბილისა.“ რუსთაველი უფალს სთხოვს, მისცეს დიდი ოსტატობა, სიტყვის ფლობის უნარი, მხურვალე გული, რათა ღირსეულად აღწეროს ტარიელისა და მისი მეგობრების თავგადასავალი. შემდეგ პოეტი თავის ვინაობასაც გვაცნობს: „დავჯე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარ-სობილი, აქამდის ამბად ნათქვამი, აწ მარგალიტი წყობილი.“ პროლოგის მომდევნო სტროფმა კი დიდი თავსატეხი გაუჩინა პოეტის შთამომავლობას: „ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები, ვით მარგალიტი ობოლი, ხელის-ხელ საგოგმანები, ვპოვე და ლექსად გარდავთქვი, საქმე ვქმენ საჭოჭმანები.“ ნუთუ ქართველთა, მართლაც რომ, „ხელის-ხელ საგოგმანები მარგალიტის“ ამბავი სპარსულია?! რა თქმა უნდა – არა! რუსთაველმა აქ მიმართა ე.წ. სიუჟეტის გაუცხოების მხატვრულ ხერხს. ეს ხერხი სხვა არაერთ შემოქმედსაც გამოუყენებია. პოეტმა მოქმედება უცხო ქვეყნებში გადაიტანა, რატომ? ამ კითხვას სხვადასხვაგვარად პასუხობენ და ყველა ვარიანტში არის სიმართლის მარცვალი: ჯერ ერთი, ასეთ დიდ ადამიანს მტერიც ბევრი ეყოლებოდა; გავიხსენოთ რუსთაველის გენიალური მემკვიდრის, ვაჟას, სიტყვები: „ცუდას რად უნდა მტერობა, კარგია მუდამ მტრიანი“, მეორე მიზეზი, სახელმწიფო ცენზორები ან, როგორც დიდმა აკაკიმ უწოდა მოხდენილად – „აზრიყლაპიები“ – არიან, აი, ამათი დევნისგან დაიცვა პოემაცა და თავიც; მესამე – აშკარა ისტორიული ანალოგიები მე-12 საუკუნის საქართველოს სოციალურ-პოლიტიკურ ვითარებასთან (ერთადერთი ქალი მემკვიდრეები, ინდოეთის შვიდი სამეფო და ა.შ.). ასე რომ, „ვეფხისტყაოსნის პროლოგში“ რუსთაველმა გაგვიმხილა, რომ მისი პოემა „ღაწვ-ბალახშ, თმა-გიშერის“ მქონე მზე-თამარ მეფესა და მის მძლეთამძლე მეუღლეს, დავით სოსლანს ეძღვნება, ვისაც შვენის ფარ-ხმლის, საბრძოლო იარაღის ტარება. მან, შესავალშივე განმარტა, რომ ის რუსთაველია, რაც შესაძლოა, რუსთავის მფლობელსაც ნიშნავს და პოეტის ზედწოდებად, ერთგვარ ფსევდონიმად იქცა. “ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button