ესე

დედათა ემანსიპაციის შესახებ. ილია ჭავჭავაძე

ერთს დროს დიდი და გაცხარებული ლაპარაკი ჰქონდა ევროპიის ლიტერატურას და ნამეტნავად რუსეთისას ეგრეთწოდებულ “დედათა ემანსიპაციის” თაობაზედ. მომხრენი ამ საქმისა ჰხედავდნენ, რომ ეხლანდელი ურთიერთობა მამათა და დედათა სქესისა ვერ არის სამართლიანად მოწყობილი და აშენებულია უმართლო მოძღვრებაზედ, ვითომ დედაკაცი მამაკაცთა ტყვე და მონა არისო და ამის გამო ბევრში უფლებას თავისუფალის ადამიანისას მოკლებულიაო. ამის მიხედვით დაჩაგრულთა დედათა მომხრენი სწერდნენ და ჰქადაგობდნენ, რომ ქალებს უნდა მიენიჭოთ ყოველივე უფლება, რაც მამაკაცთა აქვთ მინიჭებული, ასე რომ ამ ორ სქესთა შორის ურთიერთობა სამართლიანის თანასწორობით დადგენილ იქმნას კაცთა ცხოვრებაშიო.

ბევრი კარგი რამ ითქვა ამაზედ, ბევრი საბუთიანი “ჰო” და “არა” გამომჟღავნდა და ბევრიც უქმი, წინდაუხედავი სიტყვა დაიხარჯა. მაინცდამაინც საბუთი აქვს კაცს სთქვას, რომ ეს საგანი საკმაოდ გამორკვეულია დღეს და თეორიულად მრავალკეცად და გონებადასმით გარჩეული და გაჩხრეკილი. ჩვენ ეს ბუნება და ისტორია ამ ფრიად საყურადღებო საქმისა აქ დღეს ორიოდე სიტყვით მოვიხსენიეთ, იმიტომ რომ აზრად არა გვაქვს ამ საგნის ბუნება და ისტორია დაწვრილებით გამოვიკვლიოთ.

იაპონელი სუფრაჟისტები. მე–20 ს. 20–იანი წლები

ჩვენ მარტო ის გვინდა ვსთქვათ, რომ ამ თეორიულად საკმაოდ კარგად გარჩეულმა საქმემ საზოგადოების ყურამდე სრულის სავსებით ვერ მიაღწია. ბევრს კაცსა, თუ ქალსა ჰგონია დღესაც რომ აქ მარტო იმაზეა ლაპარაკი, ვითომც ამ ემანსიპაციის საქმეში სხვა არა არის რა, გარდა იმისა, რომ ქალთა, თუ დედათა მხოლოდ უფლება მიენიჭოთ და იმას კი აღარავინა ჰფიქრობს, რომ არ არის არც ერთი იმისთან უფლება კაცთა ურთიერთობაში, რომელსაც არ მოსდევდეს მოვალეობაცა. მართალია, მამაკაცს ეხლანდელს ცხოვრებაში ბევრი იმისთანა უფლება აქვს, რომელიც სამართლიანად ქალსაც ეკუთვნის, მაგრამ მამაკაცი ამასთანავე მსახურია სახელმწიფოსი, ქვეყნისა, საზოგადოებისა, ოჯახისა და ყოველგვარი მძიმე ტვირთი ადამიანთა რთულის ცხოვრებისა კისრად ადევს. დღეს ქალები რომ იძახიან, _ მოგვეცით უფლებაო, ეს ძახილი თუმცა სამართლიანია, მაგრამ ჰრჩება ხმად მღაღადებლად უდაბნოსა შინა: იმიტომ რომ ყველანი ჰხედვენ, რომ ქალები ბევრწილად უქმნი და უვარგისნი არიან იმ მოკლედ შემოხაზულ წრეშიაც კი, რომელშიაც დღეს იმყოფებიან, და იმ მცირეოდენს მოვალეობასაც ვერ უძღვებიან, რაც დღეს მიზომილი აქვთ საზოგადოებასა, თუ ოჯახობაში.

ეს დღევანდელი უქმობა და უვარგისობა ქალებისა ხელზედ დახვეული აქვთ ყველას, ვინც კი დედათა ემანსიპაციას არ ემხრობა და ეწინააღმდეგება. თითო-ოროლა მაგალითი საქმითა და გამჭრიახობით გამოჩენილ ქალებისა ამ წინააღმდეგობის საბუთს ბევრს არას არღვევს. ამ მაგალითებს მარტო ბედნიერ შემთხვევად სთვლიან და უფროს-ერთს ქალზედ კი ისევ ის უვარგისობის აზრი ჰრჩება.

ამერიკაში იგრძნეს ქალებმა, რომ ეს ასეა და სამართლიანის ემანსიპაციის მოსაპოვებლად იმას აღარა სჯერდებიან, რომ იძახონ: უფლება მოგვეცითო. იმათ უფრო უკეთესი სახსარი, უკეთესი გზა ამოურჩევიათ. იმათ უფიქრნიათ, რომ ქვეყანას უნდა დავანახვოთ, რომ ჩვენც შეგვიძლიან რადმე ყოფნა ქვეყანაზედ, ჩვენც შეგვიძლიან ყველა მოვალეობას ადამიანისას გავუძღვეთ, ჩვენც შეგვიძლიან არამც თუ ხელით გარჯა, შრომა, საქმის კეთება, არამედ გონებითაც, ჭკვითაც და არც ერთსა და არც მეორეში მამაკაცს არ ჩამოვუვარდებითო. ამ პატიოსანს გაზრახვას შესდგომიან და, როგორც ჰნახავთ, საკვირველის ძლევამოსილობითაც შეუსრულებიათ.

1917 წ. მარტი.  ნიუ–იორკელი ქალების აქცია 

ამის დასამტკიცებლად ჩვენ მოვიყვანთ საოცარს ამბებს, ერთის გერმანულის ჟურნალიდამ ამოკრებილს. ამ ამბების მიხედვით უტყუარად გამოარკვევს კაცი თუ, რის შემძლებელი არის ქალი და რა მონაწილეობას ჰღებულობს იგი ამერიკაში საზოგადო ცხოვრების წარსამატებლად და რარიგად ეცილება მამაკაცს ცხოვრების მოედანზედ, სატეხნიკო სარბიელზედაც კი. ეს ამბები მით უფრო საკვირველია, რომ ქალის გამჭრიახობასა და შემძლებელობას იმისთანა საქმეში გვიჩვენებს, რომელიც დღეს აქამომდე ქალისათვის უფრო ხელმიუწვდომელი ეგონა ადამიანს.

იგი გერმანული ჟურნალი ამბობს: ჩრდილო-ამერიკის არხივებიდამ ამოკრებილიაო ცნობანი, რომ ქალებს ამერიკაში 1900 პატენტი მიუღიათ მათ მიერ მოგონილ სხვადასხვა მაშინების გამო. ერთი ამ საქმის მცოდნე ამერიკელი უმატებს: ის კი ანგარიშში არ მოგვყავს, რომ ბევრი ქალი დაჰხმარებია მამაკაცს ამისთანა საქმეშიო. ეს ხომ საოცარია და საოცარი, უფრო საკვირველი ის არის, რომ იქაურ ქალებს იმისთანა საქმეშიც გამოუჩენიათ თავი, რომელიც ქალის ცხოვრებაზედ ერთობ შორს არის და ქალის ბუნებას უნდა ეუცხოვებოდეს. მაგალითებრ, ერთს ქალს, გვარად მატერს, ნიუიორკში მოუგონია ტელესკოპი მიწის ქვეშეთისათვის (подземный телескоп), ქალს გვარად მონტგომერს _ ფოლადის ჯავშანი საომარ ხომალდისათვის, ქალს გოშამს _ ახალგვარი ზარბაზანი, ქალს ბიზელს _ წყლისაგან გადასარჩენი ნავი, ქალს ტანნეის _ მაშინა ზღვაში დაღუპულ ხომალდების ამოსაღებად და სხვანი. საქალო საქმეშიაც გამოუჩენიათ თავი. მაგალითებრ, ქალს როზენტალს უფრო უკეთესი საკერავი მაშინა მოუგონია, ვიდრე აქამომდე იყო.
ყოველივე ეს, რასაკვირველია, ძლიერი საბუთია `დედათა ემანსიპაციის~ მომხრეთათვის და ამისთანა საბუთს სიტყვას შეუბრუნებს მხოლოდ კერპობა და ჯიუტობა ადამიანისა. არ იქნება ურიგო, რომ ჩვენმა ქალებმაც ყური ათხოვონ ამისთანა მაგალითებს და ხალისი მოიპოვონ ამისთანა მოღვაწეობისა და მოქმედებისათვის.

ილია ჭავჭავაძე, თხზულებათა აკადემიური გამოცემა, ტ. X, თბ. 1988

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button