ესელიტერატურა

იაკობ ცურტაველი, „შუშანიკის წამება“, ანალიზი

– „პირველი ქართული ორიგინალური ნაწარმოები – იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამება – თექვსმეტსაუკუნოვანი ქართული მწერლობის ბრწყინვალე თავფურცელია. ამ საუკუნეების მანძილზე ბევრი კარგი და ბევრიც ცუდი გადახდა თავს ჩვენს სამშობლოს. უამრავი რამ დაიკარგა და განადგურდა, მაგრამ მეხუთე საუკუნეში შექმნილმა აგიოგრაფიულმა ქმნილებამ გაუძლო დროის გამოცდას, პირიქით, თამამად შეიძლება ითქვას, რომ საუკუნეებმა ის გამოაწრთეს და ახალი ელვარებაც შესძინეს. მართლია, სხვადასხვა ეპოქაში თაობები ახლებურად კითხულობენ ამ დიდებულ თხზულებას, მაგრამ უცვლელი რჩება ერთი რამ: აღფრთოვანება იაკობ ხუცესის მხატვრული ოსტატობით, მისი თხრობის განსაცვიფრებელი ხელოვნებით. „შუშანიკის წამება“ შეიქმნა 476-482 წლებს შუა. ამას ვგებულობთ თავად ნაწარმოებიდან. შუშანიკი გარდაიცვალა 476 წელს, ხოლო ვარსქენ პიტიახში ვახტანგ გორგასალმა მოაკვლევინა 482 წელს. თხზულებაში არ ჩანს ამ უკანასკნელის გარდაცვალება. შუშანიკი ამბობს: „მიაგოს მას უფალმანო“. ტექსტიდანვე ხდება გასაგები, თუ ვინ არის „შუშანიკის წამების“ ავტორი. საქმე ისაა, რომ ავტორი თავად მთხრობელია: პირველ პირში გვიყვება იმას, რაც საკუთარი თვალით ნახა და განიცადა ქართლის პიტიახშის სასახლეში: „და მე ვარქუ მას“; „ხოლო მან მრქუა მე.“ ალბათ, ამის შედეგია, რომ აგიოგრაფი ასე ცოცხლად, ხელშესახებად ხატავს პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, უშუალოდ გვაგრძნობინებს იმ დიდ ვნებათღელვას, დაძაბულობას, ტრაგედიას, რომლის თვითმხილველი და აქტიური მონაწილე თვითონ იყო. მართლაც, განსაკუთრებულია იაკობ ცურტაველის მიერ ქართული სიტყვის ფლობის უნარი, მისი მწერლური ხელოვნება. ის მკითხველსაც ხდის მონაწილედ იმ ფარული თუ აშკარა ბრძოლებისა, რომლებიც ერთიანი, დამოუკიდებელი საქართველოსთვის მებრძოლ ვახტანგ გორგასალსა და მოღალატე სეპარატისტ ფეოდალებს შორის მიმდინარეობდა. სწორედ ამ დიდებული მეფის მომხრეთა ბანაკის წარმომადგენელია იაკობ ხუცესი – შუშანიკ დედოფლის სულიერი მოძღვარი. ფაქტობრივად, ის არის იდეური სულისჩამდგმელი ქვეყნისა და რჯულის გამყიდველის – ვარსქენ პიტიახშის, შესაბამისად, სპარსეთის დამპყრობლური პოლიტიკის, წინააღმდეგ თავდაუზოგავი ბრძოლისა. იაკობი არ იძლევა თვითდახასიათებას, თუმცა წამებული დედოფლისა თუ სხვა პერსონაჟებისადმი დამოკიდებულებით აშკარად ჩანს მისი პოზიცია, იხატება მებრძოლი მამულიშვილის სახე, ვისთვისაც რწმენა და სამშობლო უპირველესი მცნებებია. იაკობ ხუცესისა და შუშანიკის დიალოგებისა თუ სხვადასხვა ეპიზოდის მიხედვით, ჩვენ ნათელი წარმოდგენა გვექმნება ავტორის პიროვნული თვისებების შესახებ: ის არის დინჯი, გაწონასწორებული, მიზანსწრაფული, იმავდროულად, ადამიანის დიდი სიყვარულითა და თანაგრძნობის უნარით დაჯილდოებული პიროვნება. რომ არა ხუცესის თანადგომა, მისი ბრძნული, თან საოცრად გულწრფელი და გულშემატკივარი ადამიანის პოზიციიდან წარმოებული საუბრები, მრავალი წლის მანძილზე გვერდით დგომა, დედოფლის ყველა ტკივილისა და სიხარულის გაზიარება-გათავისება, ვფიქრობ, წმინდა შუშანიკს გაუჭირდებოდა აუტანელ ტანჯვა-წამებასთან გამკლავება, პიტიახშის მომხრეთა მხრიდან მუდმივი წნეხის ატანა. აუცილებლად უნდა აღვნიშნოთ ავტორის თავმდაბლობაც. ის თავისთავს ასე მოიხსენიებს: „კაცი ცოდვილი და გლახაკი ესე.“ ავტორის პიროვნების უკეთ წარმოსადგენად გავიხსენოთ შუშანიკისა და იაკობ ხუცესის პირველი დიალოგი, რომელშიც ნათლად ჩანს, რომ პიტიახშის სასახლის კარზე არა მარტო ოჯახური, არამედ სერიოზული პოლიტიკური კონფლიქტი მწიფდებოდა. ერთმანეთს დაუპირისპირდნენ რჯულისა და ქვეყნის დამცველი დედოფალი და ქრისტიანობისა და სამშობლოს მოღალატე განდგომილი ფეოდალი, სპარსეთის პოლიტიკის გამტარებელი ვარსქენ პიტიახში. იაკობ ხუცესი სულიერად ამზადებდა დედოფალს ამ საბედისწერო შერკინებისთვის. თუმცა, მის სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არც სიმართლეს უმალავდა შუშანიკს: აფრთხილებდა მომავალი განსაცდელის, ტანჯვა-წამების შესახებ, რასაც რჯულშეცვლილი, გაბოროტებული მეუღლისგან უნდა მოელოდეს. ამასთან ერთად, მოუწოდებდა სიმტკიცისაკენ, რათა ეშმაკმა არ შეაცდინოს ქრისტესთვის წამების გზაზე დამდგარი დედოფალი. იაკობის სიტყვებით, შუშანიკს ვარსქენის წინააღმდეგ ბრძოლაში დიდი მოთმინება, ნებისყოფა და სულგრძელობა დასჭირდებოდა. მოძღვარი აქვე ანუგეშებდა დედოფალს და არწმუნებდა, რომ ის ამ ბრძოლისას მარტო არ დარჩებოდა, ყველა გაიზიარებდა მის გასაჭირს. იაკობი შუშანიკს სთხოვდა: გაემხილა თავისი გულისნადები, განცდები, გეგმები, რათა შემდეგ აღეწერა მისი ღვაწლი. ასეთია სახე ავტორისა, რომელსაც ვხედავთ ნაწარმოებში. სხვა რაიმე ცნობა ქართული სიტყვის ამ დიდოსტატის შესახებ არ მოგვეპოვება. მკვლევრები ფიქრობენ, რომ, შესაძლოა, 506 წლის დვინის საეკლესიო კრების მონაწილეთა შორის მოხსენებული ცურტავის ეპისკოპოსი იაკობი იყოს „შუშანიკის წამების“ ავტორი. „შუშანიკის წამებაში“ ასახულია მეხუთე საუკუნის საქართველოს სოციალურ- პოლიტიკური ცხოვრება. ცნობილია, რომ 337 წელს ქართლში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებამ უდიდესი გავლენა იქონია ჩვენი ქვეყნის კულტურის განვითარებაზე, პოლიტიკურ სიტუაციაზე. მეცნიერები მეხუთე საუკუნეს ვახტანგ გორგასლის საუკუნეს უწოდებენ. ის იყო დაუშრეტელი ენერგიის პოლიტიკური მოღვაწე, გამჭრიახი დიპლომატი, მომხიბვლელი პიროვნება, ახოვანი, გასაოცარი ფიზიკური ძალის მქონე, რაც ფოლკლორმა ასე შემოგვინახა: „ვახტანგ მეფე ღმერთს უყვარდა, ციდან ჩამოესმა რეკა, იალბუზზე ფეხი შედგა, დიდმა მთებმა იწყეს დრეკა!“ რაც მთავარია, ვახტანგ გორგასალი იყო უდიდესი სახელმწიფო მოღვაწე, არაჩვეულებრივი მხედართმთავარი, აღმშენებელი, ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის დაუღალავი მებრძოლი. მისი სახელის უკვდავსაყოფად ხომ ჩვენი დედაქალაქის – თბილისის დაარსებაც საკმარისია, თუმცა მან, ასევე, ააშენებინა არტანუჯისა და უჯარმის ციხეები, ეკლესია-მონასტრები, მათ შორის, ბოლნისის სიონის ტაძარი, სადაც შემორჩენილია უძველესი ქართული წარწერები. მართალია, იაკობ ცურტაველის ნაწარმოებში ეს უდიდესი პატრიოტი მეფე არაა ნახსენები, მაგრამ ქვეტექსტში იგრძნობა მისი არსებობა და აქტიური მონაწილეობა 2 ქართლის საერისთაოში მიმდინარე პოლიტიკურ ბრძოლებში. სწორედ ისაა, ვინც ვარსქენ პიტიახშს ძილს უფრთხობს და ვისი ბრძანებითაც მას მიეზღვება საკადრისი უდანაშაულო დედოფლის წამებისთვის. სწორედ ვახტანგ გორგასლის მიერ ვარსქენის მკვლელობა იყო სპარსეთისათვის ომის არაოფიციალურად გამოცხადების ტოლფასი მოვლენა. როგორც ვხედავთ, „შუშანიკის წამება“, გარდა იმისა, რომ მაღალმხატვრული ნაწარმოებია, უტყუარი ისტორიული დოკუმენტიცაა. მასში აღწერილია ის ბრძოლები, რასაც ეროვნული მეობის შენარჩუნებისათვის აწარმოებდა ქართველი ხალხი. ტექსტი, ასევე, საინტერესო ცნობებს გვაწვდის მეხუთე საუკუნის მეორე ნახევრის ქართლის სოციალურ-კულტურული ვითარების შესახებ, კერძოდ, ვგებულობთ, რომ იმ დროისათვის საზოგადოება იყოფოდა ფენებად, იყვნენ „აზნაურნი და უაზნონი“, „აზნაურნი დიდ-დიდნი და ზეპურნი დედანი“. ნაწარმოებიდანვე ვეცნობით ქართული ეკლესიის მდგომარეობას, ვიგებთ, რომ არიან ხუცები, დიაკვნები, ეპისკოპოსები; ქართულ ენაზე თარგმნილია ბიბლია და წმინდა მოწამეთა წიგნები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ „შუშანიკის წამებაში“ უკვე ვხვდებით ყველა იმ თემას, მოტივსა თუ პრობლემას, რომლებიც შემდეგ გაიშალა და განვითარდა ჩვენს მწერლობაში: რწმენისა და ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის, ხალხთა შორის მეგობრობის თემებს, პირადი და საზოგადოებრივი ინტერესების კონფლიქტს და ა.შ. ის ღრმა პატრიოტული და ინტერნაციონალური იდეებითაა გამსჭვალული. შუშანიკის მამა, სომეხთა ცნობილი მხედართმთავარი, ვარდან მამიკონიანი ხომ ვახტანგ გორგასლის ერთგული თანამებრძოლი იყო და დაიღუპა კიდეც სპარსელების წინააღმდეგ ბრძოლაში, ამიტომ გასაკვირი არაა ავტორის გამოკვეთილი ანტისპარსული პოზიცია, რომელიც ნაწარმოებში იგრძნობა. ნაწარმოების მთავარი გმირი არის სომეხთა მთავარსარდლის, ვარდან მამიკონიანის, ასული შუშანიკი. ის მშვენიერი გარეგნობის ქალი იყო, მოფერებით მამა მას ვარდსა და შროშანს ეძახდა. იაკობ ცურტაველი დიდებულად გვიხატავს ქრისტიანობისათვის წამებული დედოფლის სახეს; გვიჩვენებს იმ შინაგან ბრძოლას, რაც შუშანიკის პიროვნებაში მიმდინარეობს. ის არ არის ტიპური ასკეტი, ვინც იოლად თმობს სიცოცხლეს, ვისაც სძულს ეს ქვეყანა, პირიქით, მას უყვარს ეს წუთისოფელი, უძნელდება მასთან განშორება, უფრო მეტიც, თავის ტანჯვას, თავისდაუნებურად, მკრეხელურად „ჭირსაც“ უწოდებს, როცა ამბობს: „ჩემდა მარტოისა არიან ჭირნი ესე“. ასევე, გავიხსენოთ დედოფლის გოდება ფიზიკური მშვენიერების დაკარგვის გამო: „მიაგოს მას უფალმან, ვითარ მან უჟამოდ ნაყოფნი ჩემნი მოისთულნა და სანთელი ჩემი დაშრიტა და ყუავილი ჩემი დააჭკნო, მშვენიერება სიკეთისა ჩემისა დააბნელა და დიდება ჩემი დაამდაბლა.“ მართლაც, შთამბეჭდავად, გულწრფელად გადმოსცემს თავის განცდებს შუშანიკი. ჩვენ ვხედავთ, რომ შუშანიკი არ ქცეულა ფერმკრთალ, უსიცოცხლო, დაძაბუნებული ასკეტის ლანდად, ის უაღრესად მიმზიდველი, სიცოცხლით სავსე ახალგაზრდა ქალია, რომელიც ღრმა სევდითა და ტკივილით დასტირის თავისი მშვენიერების უდროოდ დაკარგვას. ვფიქრობთ, სწორედ ამიტომაა განსაკუთრებულად დასაფასებელი ქართლის დედოფლის მსხვერპლი. ის ხომ დიდი სულიერი და ფიზიკური ტანჯვის შდეგადაა გაღებული. რა სჭარბობს შუშანიკის ცხოვრებაში: ტრაგედია თუ ბედნიერება? ალბათ, ერთიც და მეორეც. უნდა აღვნიშნოთ, რომ დედოფალი თავსდატეხილ უბედურებას შინაგანად მომზადებული შეხვდა. ამაზე მიგვანიშნებს მისი სიტყვები: „დასაბამ სიხარულისა იქმნა ჩემდა ღამეი ესე“ და „სისხლი ესე განმწმენდელ არს ცოდვათა ჩემთა.“ ის მზადაა, მოიხადოს ერთგულების ვალი ღვთისა და ქვეყნის წინაშე. უფრო მეტი, შუშანიკი კარგად იცნობდა მეუღლის გაიძვერულ ხასიათს, ხვდებოდა, რომ ძალაუფლებისმოყვარე ერისთავი უკან არაფერზე დაიხევდა, ოღონდ მიზნისთვის მიეღწია. ის წინასწარ გრძნობდა, რომ ვარსქენს რჯულისა და ქვეყნის ღალატი ჰქონდა განზრახული, ამიტომაც სთხოვდა ყველას: ელოცათ, რათა პიტიახში სწორ გზაზე დამდგარიყო. ქართველი ხალხი კი შუშანიკს შესცქეროდა, მისგან იღებდა რწმენისათვის თავდადების მაგალითს, სწავლობდა საკუთარი ღირსების დაცვისათვის ბრძოლას. აქედან იღებდა სათავეს დედოფლის ბედნიერების წყაროც. თუმცა, სავსებით ბუნებრივია, რომ ჯერ კიდევ ახალგაზრდა მომხიბლავი ქალი განიცდიდა სილამაზის უდროოდ დაჭკნობას. ვფიქრობ, შუშანიკის ტრაგედია ყველაზე მეტად გამოვლინდა არა ვარსქენის მიერ მისი წამების ეპიზოდებში (ამ დროს დედოფალს ერთი კვნესა და ვაიც არ ამოხდენია!), არამედ მისი შვილების დედასთან ურთიერთობის პროცესში. ფაქტობრივად, მისი ოთხივე შვილი დაემორჩილა მამის კატეგორიულ მოთხოვნას, უღალატა ქრისტიანობას და, შესაბამისად, დედას. შემთხვევითი არაა, რომ ისინი – „სირცხვილეულნი“ – ვეღარ ენახვებოდნენ შუშანიკს. ამ უკანასკნელსაც „სძაგდა მათი ხსენება.“ ეს, მართლაც, ტრაგედიაა დედისთვის. ქართლის დედოფალმა იცოდა, რომ რწმენისა და ხალხის მოღალატის სიცოცხლეს ისევ სიკვდილი სჯობდა. სწორედ ამ შეგნებამ აატანინა ფუფუნებაში გაზრდილ, ნაზსა და სიყვარულისთვის გაჩენილ ქალს უზომო ტანჯვა-წამება. ის, უდაოდ, უდიდესი ნებისყოფისა და სულიერი ძალის მქონე ადამიანი იყო. ეს ძალა კი მას რწმენის ერთგულებამ და ხალხის მხარდაჭერამ შესძინა. შუშანიკის ტრაგედია საყოველთაო-სახალხო ტრაგედიად იქცა, ის გრძნობდა, რომ მარტო არ იყო ამ წმინდა ბრძოლაში. გავიხსენოთ ეპიზოდი, როცა ნაწამები დედოფალი ვარსქენმა ციხეში გადაყვანისას ქუჩაში თავდაუხურავი და ფეხშიშველი გაატარა, შუშანიკს უკან ტირილით მიყვებოდა ხალხი: „და მივიდოდა წმიდისა მის თანა ამბოხი მრავალი დედებისა და მამებისაი, სიმრავლეი ურიცხვ… და საწყალობელად დასთხევდეს ცრემლთა მათთა წმიდისა შუშანიკისთვის.“ შუშანიკი არცერთ ეპიზოდში არაა უსიტყვო, პასიური მონა-მორჩილი თავისი ხვედრისა. მას გააჩნია პიროვნული ღირსება და ბოლომდე იცავს თავის რწმენას, პრინციპებს. მასზე ნამდვილად ვერ იტყვი სპარსი კაცივით: „დედათა ბუნებაი იწრო არსო.“ ბევრისმთქმელია ისიც, რომ შუშანიკი ოცნებობდა იმ დროზე, როცა ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანები იქნებოდნენ: „განვისაჯენით მე და ვარსქენ პიტიახში მუნ, სადა არა არს რჩევაი მამაკაცისა და დედაკაცისაი“. მართალია, ეს „მუნ“ მას ზეცაში ეგულებოდა, რადგან დედამიწაზე ამის განხორციელების რეალურ საფუძველს ვერ ხედავდა, მაგრამ საკითხის ამ კუთხით დასმაც უკვე დედოფლის მეამბოხე, სამართლიანობისმოყვარე, დაუმორჩილებელ ხასიათსა და მისწრაფებებზე მიგვითითებს. შესაძლოა, შუშანიკის ზემოთმოყვანილი აზრის საწინააღმდეგოდ მოგვეჩვენოს დედოფლის მოქმედება, როცა მან, განრისხებულმა, ჯოჯიკის ცოლს ღვინით სავსე ჭიქა შეალეწა სახეში ამ სიტყვებით: „ოდეს ყოფილ არს აქამომდე, თუცა მამათა და დედათა ერთად ეჭამა პური.“ ჩემი აზრით, ეს ფრაზაცა და ქმედებაც კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე უნდა გავაანალიზოთ. შესაძლოა, შუშანიკი მიხვდა, რომ „ერთად პურის ჭამით“ მის მაზლსა და რძალს სურდათ, შემოერიგებინათ ოჯახიდან განდგომილი ქალი; მოღალატე მეუღლესთან რაიმე კომპრომისზე წასვლის სურვილი კი დედოფალს არ ჰქონდა. ამით აიხსნება მისი, ერთი შეხედვით, არაადეკვატური რეაქცია. როგორც ვნახეთ, შუშანიკის სახით იაკობ ხუცესმა დახატა ქრისტიანობისათვის თავდადებული დედოფალი. იმ პერიოდში ეს სამშობლოსათვის თავგანწირვის ტოლფასი იყო, რადგან სარწმუნოების საფარქვეშ მიმდინარეობდა პოლიტიკური ძალაუფლების მოპოვებისათვის ბრძოლა. ქართლის პიტიახშის მეუღლე ცხოვრებამ არჩევანის წინაშე დააყენა: რწმენისადმი ერთგულება და წამება ან დედოფლის გვირგვინი და ამქვეყნიური უზრუნველი ცხოვრება. მან ქრისტიანობისა და ქვეყნის ღალატს ნებაყოფლობით პატიმრობა, დამცირება და ტანჯვა ამჯობინა. მან გვიჩვენა, რომ ბრძოლაში გამარჯვებისთვის საკმარისი არ არის ფიზიკური ძალა, მთავარია სულიერი სიმტკიცე და რწმენა, სწორედ ამით დაამარცხა სუსტმა ქალმა ძლიერი ვარსქენი, ამიტომაც იქცა ის წმინდანად და იმ პიროვნებად, ვისგანაც ხალხი ქვეყნის ერთგულებას სწავლობდა. „შუშანიკის წამების“ ერთ-ერთი საინტერესო პერსონაჟია ვარსქენ არშუშას ძე პიტიახში, მეხუთე საუკუნეში ჰერეთის//ქართლის ერისმთავარი. ნაწარმოების პირველივე სტრიქონებიდან ვეცნობით სპარსეთის პოლიტიკის გამტარებელ პიტიახშს, რომელიც პეროზ მეფეს ეახლა მორჩილების გამოსაცხადებლად, უარყო ქრისტიანობა, მიიღო ცეცხლთაყვანისმცემლობა, ამასთან ერთად, შაჰს დაჰპირდა, რომ კანონიერ ცოლ-შვილსაც მოაქცევდა მაზდეანობაზე, უფრო მეტი, თავისი პოლიტიკური ლოიალობის დასამტკიცებლად, შაჰს ცოლად სთხოვა მეფის ასული. როგორც ვხედავთ, ვარსქენ პიტიახშისთვის არაფერი წმინდა არ არსებობდა: ის საკუთარ ამბიციებს უყოყმანოდ ანაცვალებს მამაპაპეულ რჯულს, ოჯახს, სამშობლოს დამოუკიდებლობას. ვარსქენი დაბადებიდან ქრისტიანი იყო. იაკობ ხუცესი ხაზგასმით აღნიშნავს: „პირველ იგიცა იყო ქრისტიანე, ნაშობი მამისა და დედისა ქრისტიანეთაი.“ როგორც ვთქვით, მისთვის უცხოა სამშობლოსა და ხალხის ერთგულება: ის არის ტიპური გულხარბი ფეოდალი, რომლის უმთავრესი მიზანი იყო საკუთარი სამთავროს გაძლიერება, ცენტრალური ხელისუფლების შეზღუდვა, მოკლედ, ქართლში „პატარა მეფედ“ ქცევა. ცხადია, ამ მიზნის განხორციელებაში, აბსოლუტური ძალაუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაში მას არც საქართველოს დამოუკიდებლობისა და გაერთიანებისათვის მებრძოლი ვახტანგ გორგასალი გამოადგებოდა და არც სხვა დიდფეოდალები, რომლებიც არ მოისურვებდნენ მეზობელი სამთავროს გაძლიერებას. ამიტომ ვარსქენმა მოკავშირე სხვაგან მოძებნა, მართალია, ის მისი ქვეყნისა და სარწმუნოების მტერი იყო, მაგრამ ასეთი „წვრილმანები“ ვერ შეაჩერებდა ძალაუფლებისა და სიმდიდრის მოყვარულ პიტიახშს. სწორედ ამ მიზანს ემსახურებოდა მისი ვიზიტი სპარსეთის შაჰის კარზე. ნაწარმოებში არსად არ ჩანს ვარსქენის სინანული რჯულის შეცვლის გამო და ეს არცაა გასაკვირი, რადგან სარწმუნოება მისთვის მიზნის მიღწევის საშუალება იყო და მეტი არაფერი. ვფიქრობ, თუ დასჭირდებოდა, ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდებოდა. რწმენა, სამშობლო, ოჯახი პიტიახშისთვის მიზნის მიღწევის საშუალებები იყო და მეტი არაფერი. მისი მოქმედების დევიზი ყველა დროის პოლიტიკური ავანტიურისტისთვის საერთო ფორმულა იყო: „მიზანი ამართლებს საშუალებას.“ როგორც ვხედავთ, ძალაუფლება, სიმდიდრე ვარსქენ პიტიახშისთვის რწმენის ტოლფასი ცნებები იყო, მაგრამ სწორედ აქ შეცდა, რადგან მას დაუპირისპირდა ჭეშმარიტი რწმენით შთაგონებული და ძალმოცემული ქალი და, როგორც ნაწარმოებიდან ჩანს, ამ რწმენამ დაამარცხა კიდეც პიტიახში. მართალია, ტექსტში არ ჩანს მისი სიკვდილი, მაგრამ ქართლის მოსახლეობის მიერ წამებული დედოფლის მიმართ გამოხატული საყოველთაო თანაგრძნობა, თუნდაც ის უხმო აღშფოთება და პროტესტი, რასაც ისინი სპარსოფილი ვარსქენის მიმართ იჩენენ, უკვე მიგვანიშნებს მოღალატის სამარცხვინო აღსასრულის გარდაუვალობაზე. შემთხვევითი არაა, რომ იაკობ ხუცესი ვარსქენ პიტიახშს მუქ ფერებში ხატავს: „ვითარცა მხეცი მძვინვარეი ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი.“ „მოვიდა მგელი იგი“, თუმცა მწერლის დიდოსტატობაზე მეტყველებს ისიც, რომ პერსონაჟები ცალმხრივად, სწორხაზობრივად, მხოლოდ დადებითი ან უარყოფითი კუთხით არ დაუხატავს. გვიჩვენა მათი ხასიათის წინააღმდეგობრიობა, მრავალფეროვნება, ადამიანური სისუსტეები. გავიხსენოთ „პურის ჭამის“ დრამატული ეპიზოდი, როცა სასტიკად ნაცემი დედოფალი ცოცხალ-მკვდარი გაიტანეს სასახლიდან. მეორე დღეს, გათენებისას, „ცისკარ ოდენ იყო“, ვარსქენმა იკითხა მეუღლის მდგომარეობა და როდესაც დაინახა: „დაუკვირდა დიდძალი იგი სიმსივნეი მისი.“ მოკლედ, ისე გაიკვირვა, თითქოს, ეს მისი ჩადენილი არ იყო. შესაძლოა, პიტიახში არ მოელოდა შუშანიკისგან ასეთ წინააღმდეგობას, მისმა საქციელმა, მართლაც, დაურღვია ფსიქიკური წონასწორობა და აღარც კი ახსოვდა, რა გააკეთა. მას, როგორც ქმარს, განსაკუთრებით აღაშფოთებდა ის ფაქტი, რომ მეუღლემ გაბედა და მის დაუკითხავად დატოვა სასახლე, დაუპირისპირდა მის გადაწყვეტილებას, არ გამოიჩინა სოლიდარობა, მოკლედ, ყველაფერი იმის საპირისპირო ჩაიდინა, რასაც ერთგული ცოლისაგან, თავისი ოთხი შვილის დედისაგან მოელოდა პიტიახში. შუშანიკის მისამართით თქმული მისი ბრალდებები ხომ ასეთია: „შენ ჩემი ხატი დაამხუ, და საგებელსა ჩემსა ნაცარი გარდაასხ, და შენი ადგილი დაგიტევებიეს და სხუად წარსრულ ხარ.“ ასე რომ, ვარსქენისთვის მიუღებელი იყო ცოლის მიერ საკუთარი პრინციპული პოზიციის გამომჟღავნება და დაცვა, ამას ოჯახისა და პირად შეურაცხყოფად თვლიდა. საინტერესოა, რომ ტექსტში არ ჩანს ვარსქენის მიერ მეორე ცოლის მოყვანის ფაქტი. როცა ის შუშანიკს სთხოვს სამკაულების დაბრუნებას, ამბობს: „მერმეცა იპოოს ვინმე, რომელმან ესე შეიმკოს.“ პიტიახშს, ასევე, აშინებს ისიც, რომ, თუკი შუშანიკს სხვაგან, ვთქვათ, დარუბანდში გაგზავნის („ჩორდ წარგცე…“), ვინმე მთავარს ცოლად არ გაჰყვეს: „ნუუკუე მთავართაგანსა ვისმე ეცოლოს.“ ვარსქენი, გარკვეულწილად, საზოგადოებრივ აზრსაც უწევდა ანგარიშს, ყოველ შემთხვევაში მანამ, სანამ მოვლენების განვითარებაზე კონტროლს დაკარგავდა. სამშობლოში დაბრუნებული ცდილობდა: „ვითარცა ერთგული შევიდეს სოფლად; “ თავისთან მისულ სასულიერო პირებს კი სთხოვდა: „აწ ნურას მერიდებით მე და ნუცაღა გძაგ.“ მიუხედავად ამისა, ვარსქენ პიტიახში, სარწმუნოებრივ-პოლიტიკური მოღალატეობით, საზოგადოების ზიზღსა და სიძულვილს იმსახურებს მაშინ, როცა დედოფალი შუშანიკი – ქრისტიანობისა და ქვეყნის ერთგულებით – ყველას აღაფრთოვანებს, არწმუნებს, რომ სულიერი სიმტკიცისა და ნებისყოფის, პრინციპულობისა და ნამდვილი რწმენის წინაშე ყველანაირი ძალმომრეობა უძლურია. იაკობ ხუცესის მწერლური ოსტატობა ჩანს არა მარტო მთავარი გმირების დასამახსოვრებელი მხატვრული სახეების გამოკვეთისას, არამედ ე.წ. ეპიზოდური პერსონაჟების ხატვისას. ესენი არიან: გველაძუა „ვინმე სპარსი“, წუთისოფლის მოყვარე ჯოჯიკი, მშიშარა დიაკვანი და სხვები. ქართველი ხალხი, „აზნაურნი და უაზნონი სოფლისა ქართლისანი“ ნაწარმოების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, თუ შეიძლება ასე ითქვას, კრებითი პერსონაჟია. პიტიახშის მიერ პროვოცირებული პოლიტიკურ- სარწმუნოებრივი კონფლიქტის შემყურე ქართლის მოსახლეობა გაერთიანდა შუშანიკის, როგორც სარწმუნოებრივი და სახელმწიფოებრივი თვითმყოფადობის სიმბოლოს, გარშემო. ისინი თანაუგრძნობდნენ დედოფალს. მართალია, პიტიახშის შიშით, რომელიც ცხენზე ამხედრებული მათრახით ფანტავდა შუშანიკის მხარდასაჭერად შეკრებილ ადამიანებს: „და ვითარცა იხილა პიტიახშმან ამბოხი იგი და ტირილი მამათაი და დედათაი, მოხუცებულთა და ყრმათაი, მხედრ მიმოდასდევნინ და მეოტ-ჰყოფნ მათ ყოველთა“ – ისინი ხმამაღალ პროტესტს ვერ გამოხატავდნენ, მაგრამ მოღალატისადმი სიძულვილით გამსჭვალული ეს დუმილი თუ უხმო მოთქმაც ბევრისმთქმელი, ფარული მუქარის მანიშნებელი იყო და წონასწორობას აკარგვინებდა პიტიახშს. სამწუხაროდ, პიტიახშის სასახლის კარზე იყვნენ ვარსქენის მომხრე სასულიერო პირებიც. მათ შორისაა აფოცი, რომელიც მოციქულად დაუდგა პიტიახშს და არწმუნებდა შუშანიკს, რომ დაბრუნებულიყო სასახლეში რჯულგამოცვლილ მეუღლესთან. ქრისტიანი ეპისკოპოსის ასეთი საქციელი აკვირვებს შუშანიკსაც: „ვითარ მეტყვი მე დაჯერებად ჩემდა, რამეთუ მან ღმერთი უვარ-ყო?!“ – და, რა თქმა უნდა, – მკითხველსაც. სპარსოფილი, გამყიდველი პიტიახშის წინააღმდეგ ფარულად იბრძოდნენ იოანე და სამოელ ეპისკოპოსები. ისინი ციხეში მყოფ შუშანიკს საჭმელს უგზავნიდნენ, გარდაცვალების შემდეგ კი გააპატიოსნეს მისი ცხედარი. უღირსი საქციელის გამო ვარსქენის შერცხვენასა და დედოფლის დაცვას ცდილობს კიდევ ერთი ხუცესი, მაგრამ პიტიახშის მათრახის სიმწვავე მასაც დაადუმებს: „ხოლო მან უხეთქნა კუერთხითა ხუცესსა მას ზურგსა და მან ვერღარა იკადრა სიტყუად.“ უაღრესად კოლორიტულად, შეფარული ირონიითაა დახატული შუშანიკის მომხრე „ვინმე დიაკონის“ სახე, რომელსაც სურდა დედოფლის გამხნევება, მაგრამ პიტიახშისგან შეშინებულმა „მტკიცედ დეგ-ის“ ნაცვლად მხოლოდ „მტკი-ს“ თქმაღა მოახერხა და გაიპარა. ძალიან საინტერესოა ჯოჯიკისა და მისი ცოლის მხატვრული სახეები. ისინი თანაუგრძნობენ მათთან ერთად დასავით გაზრდილ დედოფალს, ხშირად სთხოვენ პიტიახშს მისი ხვედრის შემსუბუქებას, ბორკილებისგან განთავისუფლებას. ჯოჯიკმა გადაარჩინა შუშანიკი უეჭველ სიკვდილს „პურის ჭამის“ ეპიზოდში, როცა წინ აღუდგა გამხეცებულ ძმას, რომელმაც არც მას დააკლო ცემა, ტანსაცმელიც შემოახია, მაგრამ ჯოჯიკმა მოახერხა და „მგელ“ ვარსქენს შუშანიკი, როგორც კრავი, ხელიდან გამოგლიჯა. კიდევ არაერთხელ დაიცვა შუშანიკი ჯოჯიკმა, თუმცა მისმა გულწრფელმა მცდელობამ შედეგი ვერ გამოიღო, ალბათ, ამიტომაც ასე გულმდუღრად ევედრება ის მომაკვდავ წმინდანს, რომ შეუნდოს მას – „საწუთროს მოყვარე კაცსა“ და მის ოჯახს ცოდვები. უაღრესად დასამახსოვრებელი ეპიზოდური პერსონაჟია „ვინმე სპარსი“, რომელიც, სავარაუდოდ, პეროზ მეფის წარმომადგენელი თუ მსტოვარი, მეთვალყურეა პიტიახშის კარზე. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს ის, რომ მაზდეანი სპარსელი ცდილობს, შეუმსუბუქოს ხვედრი ქრისტიანობისათვის წამებულ დედოფალს. ბუნებრივია, მას გარკვეული პოლიტიკური მიზნები ამოძრავებს, არ სურს სპარსეთის შაჰის მომხრე პიტიახშის სასახლეში არეულობა. ის ჭკვიანი, ეშმაკი დიპლომატია და წინასწარ ხედავს, რა შედეგებამდე მიიყვანს ვარსქენს ეს შიდა დაპირისპირება, რა ფართო გამოძახილი ექნება დედოფლის წამებას საზოგადოებაში, ამიტომაც ცდილობს, ყალბი თანაგრძნობითა და ტკბილი სიტყვებით, შუშანიკის გადაბირებას, კონფლიქტის თავიდან აცილებას. შუშანიკ დედოფალი მიუხვდა მას, დაინახა, რა იმალებოდა სპარსელის თვალთმაქცური ზრუნვის მიღმა და „მოიზღუდა თავი მისი მტკიცედ.“ როგორც ვხედავთ, „შუშანიკის წამების“ ავტორი არა მარტო დიდი პატრიოტია, არამედ ქართული სიტყვის სწორუპოვარი ოსტატიცაა. ის იგავმიუწვდენელი ხელოვნებით გამოკვეთს რთულ ადამიანურ ხასიათებს, რაც უნდა უჩვეულო იყოს აგიოგრაფიული ნაწარმოებისთვის, ხატავს პერსონაჟთა ფსიქოლოგიურ პორტრეტებს, ახერხებს ისტორიული კოლორიტის შექმნას, ნაწარმოებში აშკარად იგრძნობა ეპოქის მაჯისცემა. ბუნებრიობა, დინამიკურობა, უშუალობა და გულწრფელობა გამოარჩევს იაკობ ცურტაველის თხრობის მანერას. მისი სტილი მოქნილია, ლაკონიური, დახვეწილი. სხარტი და ქვეტექსტებითაა მდიდარი მისი დიალოგები. მის ფრაზაში ვერ ნახავთ ზედმეტ, არაფრისმთქმელ სიტყვებს. ასე რომ, მწერლის ენა ხატოვანია, სტილი – ლაპიდარული, სიტყვები – ემოციურად და შინაარსობრივად დატვირთული, ფრაზები – მოკვეთილი და ექსპრესიული. კიდევ ერთხელ გავიხსენოთ მის მიერ ოსტატურად გამოყენებული შედარებები: „ვითარცა მხეცი მძვინვარეი ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი“, ან: „ვითარცა კრავი მგელსა, გამოუღო ხელთა მისთა.“ ეპითეტები: „მოვიდა მგელი იგი“ და ა.შ. იაკობ ხუცესი, ასევე, შესანიშნავად ფლობს პეიზაჟის ხატვის ხელოვნებას. ამის დასტურად ჰერეთის ბუნების აღწერაც კმარა: „ჟამსა ზაფხულისასა ცეცხლებრ შემწუელი იგი მხურვალებაი მზისაი, ქარნი ხორშაკნი და წყალნი მავნებელნი…“ აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმასაც, რომ ნაწარმოებს ერთიანი, მწყობრი კომპოზიცია გააჩნია: ავტორი არსად უხვევს ძირითადი ამბის განვითარებიდან, თუმცა მხატვრული ეფექტის გასაძლიერებლად მოხდენილად იყენებს ლირიკულ წიაღსვლებს, ფაქიზად გადმოგვცემს თავის სუბიექტურ განცდებს დედოფლის მდგომარეობასთან დაკავშირებით. ამრიგად, იაკობ ცურტაველის „შუშანიკის წამებამ“ ქართულ ლიტერატურას ღირსეული საძირკველი ჩაუყარა, დასაბამი მისცა „ქართლის ბედის“ პრობლემის დასმასა და ანალიზს სიტყვაკაზმულ მწერლობაში. თამაზ ჭილაძემ „შუშანიკის წამებას“ „ადამიანთა ბობოქარი ვნებების წიგნი“ უწოდა, რომელიც დღესაც იბრძვის მთელი ისტორიის მანძილზე ყველაზე დიდი წმინდანობის – ადამიანობის დასამკვიდრებლად.“ ეს, მართლაც, ასეა: 476-482 წლებს შუა დიდი ხელოვანის მიერ შექმნილი ძეგლი დღესაც გვასწავლის სამშობლოს, რწმენის, საკუთარი ღირსების დაცვისა და პრინციპების ერთგულებისათვის ბრძოლას.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button