
– „რუსთაველმა „ვეფხისტყაოსანში“ დახატა ორი სრულიად განსხვავებული სამყარო: პატრონყმური სახელმწიფოები და ვაჭართა სამეფო. მებაღე პირველი ადამიანია, რომელიც გულანშაროში შესულ ავთანდილს ხვდება. ის უსენის, ვაჭართა უხუცესის, მებაღეა, ამასთან, ეტყობა, საკმაოდ დაახლოებულია მის მეუღლესთან, ფატმან ხათუნთან. მებაღე გაოცებულ-აღტაცებული შესცქერის ავთანდილს, მისი მშვენიერებით გაოგნებული ჰპირდება, რომ ვაჭართა ქალაქის ამბებს დაწვრილებით მოუყვება: „ჰკადრა: „გხედავ, პირი შენი მზისა პირად მემეცნების; რაცა ვიცი, მართლად გკადრებ, მრუდი არა არ გემცნების.“ სწორედ მებაღისგან ვიგებთ, რა ქალაქია გულანშარო, ვინ არის მისი ხელმწიფე, ვაჭართა უხუცესი, ფატმან-ხათუნი. მას აშკარად აქვს თხრობის ნიჭიც. ის გახარებული ამცნობს ფატმანს მზის მსგავსი ახალგაზრდა ვაჭართა უხუცესის მოსვლას: „ყმა მოვა, მისთა მჭვრეტელთა შუქნი მზედ გაიცადიან.“ მებაღის მხატვრული სახის დახატვით რუსთაველმა გვიჩვენა საზოგადოებრივი კიბის დაბალ საფეხურზე მდგომი ადამიანი, რომელსაც აქვს მშვენიერების აღქმის გრძნობა.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან