– „მელიქ-სურხავი საინტერესო პერსონაჟია „ვეფხისტყაოსანში.“ ის სრულიად განსხვავებულ სამყაროში მეფობს: ვაჭართა ქალაქ გულანშაროს მბრძანებელია. არაბეთისა და ინდოეთისაგან დიდად განირჩევა ის ცხოვრების წესი და მორალი, რომელიც აქ მეფობს. ესაა ვაჭართა ქალაქი-სახელმწიფო, სადაც „მელიქ-სურხავი ხელმწიფობს, სრული სვითა და დავლითა.“ ის, რომ მელიქ-სურხავი ბრძენი მმართველია, ჩანს იქიდან, რომ მისი ქალაქი უმდიდრესია, აყვავებულია, განვითარებულია ვაჭრობა. აქ მოსვლით მოხუციც კი გაახალგაზრდავდება, მტერიცა და მოყვარეც მის მცხოვრებთ შენატრიან: „აქა მოსვლითა გაყმდების, კაციცა იყოს ბერები: სმა, გახარება, თამაში, ნიადაგ არს სიმღერები; ზამთარ და ზაფხულ სწორად გვაქვს ყვავილი ფერად-ფერები; ვინცა გვიცნობენ, გვნატრიან, იგიცა, ვინ-ა მტერები.“ მელიქ-სურხავს კარგი ურთიერთობა აქვს ქვეშევრდომებთან. როგორც ვთქვით, ვაჭართა სამეფოში აბსოლუტურად განსხვავებული ეთიკური ღირებულებებია. აქ მთავარი ფასეულობა ქონებაა, ფულია. სწორედ ამ ნიშნით მეგობრობს მეფე ვაჭართა უხუცეს უსენთან, რომელსაც სიმდიდრის გარდა სხვა ღირსება არ გააჩნია: „უსენ მივიდა, ხელმწიფე დაჰხვდა ნადიმად მჯდომელი, უსენ არიფი მეფისა, მეფეცა მისი მნდომელი, წინა მიისვა, შეიძღვნა, ძღვენი მიართვა რომელი. აწ ნახო მთრვალი ვაჭარი, ცქაფი, უწრფელი, მსტრომელი.“ სამეფო კარისა და ვაჭრების ურთიერთობა ემყარებოდა ორმხრივ სარგებლობას: მეფე და მისი მეომრები იცავდნენ ვაჭრებსა და მათ ქონებას, ხოლო ვაჭრები, სამაგიეროდ, ძვირფას საჩუქრებს მიართმევდნენ მათ. მელიქ-სურხავის სასარგებლოდ მეტყველებს ისიც, რომ მას შესანიშნავი ვაჟი-მემკვიდრე ჰყავდა: ვაჟკაცი, უშიშარი, კარგი მეომარი. ფატმანი მას ახასიათებს, როგორც „უებროსა ზნედ და თვალად, შვენიერსა პირსა, ტანსა.“ გულანშაროს მეფეს მშვენიერების დანახვა-დაფასების ნიჭიც აღმოაჩნდა, გამჭრიახობაც, რომ ნესტანში განსაკუთრებული ქალი დაენახა არა მარტო გარეგნულად, არამედ – სულიერადაც. აი, რა ზუსტად დაახასიათა მან უცხო ასული: „ან ვისიმე მიჯნურია, საყვარელი ეგონების… ანუ არის ბრძენი ვინმე, მაღალი და მაღლად მხედი.“ მელიქ-სურხავი გულუხვი და კეთილგანწყობილი მეფეა. ამაზე მეტყველებს მის მიერ ქაჯეთიდან მომავალი მეგობრების დიდებული დახვედრა და ტარიელ-ნესტანის შვიდდღიანი ქორწილი. როგორც ვხედავთ, ვაჭართა სახელმწიფოს, მელიქ-სურხავის სახით, ნამდვილად ღირსეული მეფე ჰყავს, რომელიც გამუდმებით ზრუნავს მოქალაქეთა და ქვეყნის კეთილდღეობაზე.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - Interstellar – ინტერსტელარი მიმოხილვამარტი 18, 2020