– „„ვეფხისტყაოსანში“ დახატულ მეფეთა სახეებიდან ერთ-ერთი საყურადღებო, გამორჩეული და წინააღმდეგობრივი მხატვრული სახეა რამაზ მეფე – ხატაელთა დაუშოშმინებელი ლიდერი, დაჩაგრული, ვასალი ქვეყნის მეფე, რომელიც ყველა საშუალებას იყენებდა, რათა მის ქვეყანას თავი დაეღწია ინდოელთა უღლისაგან, გათავისუფლებულიყო. ის ამისათვის არ ერიდებოდა ეშმაკობას, ღალატს, ამბოხებას, სამხედრო ექსპანსიას. რამაზ მეფე ვაჟკაციცაა, ბედავს იმპერიის უმაღლეს სამხედრო პირს თავხედურად შეუთვალოს სიტყვები – „ლაღნი და უკადრონია“: „არც რამე ჩვენ ვართ ჯაბანნი, არც ციხე-უმაგრონია, ვინ არის თქვენი ხელმწიფე? ჩვენზედა რა პატრონია?“ უფრო მეტი, ის არ ემორჩილება ინდოეთის ამირბარის ბრძანებას და აფრთხილებს, რომ ამის შემდეგ აღარ გაბედოს მრავალი ერის პატრონის, რამაზ მეფისთვის მსგავსი წერილის მიწერა. როცა ძალა არ ჭრის, რამაზი ხერხს მიმართავს, ემლიქვნელება ინდოელებს: „ჩვენთა მგელთაცა დასჭამენ, თქვენნი, ინდოთა თხანია“, დროს იგებს, ცდილობს, მცირე რაზმით მიიტყუოს ტარიელი და გაანადგუროს, თუმცა თავადაც შინაურთა გამცემლობის მსხვერპლი ხდება. გავიხსენოთ რამაზის გამოგზავნილი მესამე მოციქული, რომელმაც შეატყობინა ტარიელს, რომ ხატაელები ღალატობდნენ, გაუმხილა მათი გეგმა. რამაზი ყველაფერს აკეთებს, რომ თავის ქვეყანასა და ხალხს კატასტროფა ააცილოს: გამარჯვებულ ტარიელს ციხე-სიმაგრეთა გასაღებებს უომრად აბარებს. მაგრამ, როგორც კი ინდოეთი უმემკვიდროდ დარჩა, დასუსტდა, რამაზმა დიდი ლაშქრით შემოარტყა ალყა ინდოეთის სატახტო ქალაქს, აიღო ციხე-სიმაგრეები და ტარიელს რომ არ მოესწრო, შესაძლოა, დაეპყრო კიდეც ქვეყანა. სხვათა შორის, ხატაეთის მეფის კეთილშობილ ბუნებაზე მიგვანიშნებს ისიც, რომ მზადაა, მთელი პასუხისმგებლობა თავის თავზე აიღოს, თვითონ და მისი ხუთასი ვაზირი დაიღუპონ, ოღონდ უდანაშაულო მეომრები გადაარჩინოს სიკვდილით დასჯას: „სპა უბრალოა, ნუ დაჰხოც, ვტირ ამად გულ-მდუღარია!“ ალბათ, ამიტომაც იწვევს თანამედროვე მკითხველში რამაზ მეფე სიმპათიასა და თანაგრძნობას. თუმცა რუსთაველს ის აშკარად უარყოფით პერსონაჟად ჰყავს დახატული. ამის მიზეზი ერთია: შემოქმედი თავისი დროის შვილია, თამარის ერთიანი, ძლიერი სახელმწიფოს მოქალაქე. ეს ხომ ის დროა, როცა, თუ მურმან ლებანიძის ცნობილი ლექსის სტრიქონებს გავიხსენებთ: „ფიე, საქართველოს ჰყოლია ვასლები, თამარს უკრეფია სულ ოქროს ვაშლები, ტევრი გვიწალდია, ისე გვიზარდია, რომ განვმზადებულვართ ახალ ბიზანტიად!“ ამ „ახალი ბიზანტიის“ იდეოლოგია შოთა რუსთაველი და არაა გასაკვირი, რომ მოხარკე, ვასალი ქვეყნების ამბოხებისაკენ მიდრეკილებას ის არ მიესალმებოდა და მუხანათობად, სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ ქმედებად ჩათვლიდა. სხვათა შორის, მწერლის ეს პოზიციაც იმის დასტურია, რომ პოემა თამარის მეფობის „ოქროს ხანაშია“ შექმნილი, თორემ შემდეგ ეპოქებში, ჩვენდა საუბედუროდ, ოცდამეერთე საუკუნის ჩათვლით, საქართველო თავადაა ხატაეთის დღეში: უზარმაზარ სახელმწიფოთა იმპერიული ზრახვების ობიექტი. აი, შემდეგ საუკუნეებში რომ დაწერილიყო „ვეფხისტყაოსანი“, დარწმუნებული ვარ, რამაზ მეფე ქვეყნის პატრიოტ, სწორუპოვარ გმირად დაიხატებოდა.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - გალაკტიონ ტაბიძე თოვლი – განხილვადეკემბერი 13, 2023