– „რუსთაველის დიდოსტატობა ჩანს არა მარტო იდეალური, რენესანსული პიროვნებების (ვთქვათ, ბრძენი ავთანდილის ან მეამბოხე ნესტანის) სახეების შექმნის დროს, არამედ ეპიზოდური პერსონაჟების ხატვისას, მაგალითად, სოგრატის მხატვრული სახის გამოკვეთისას. სოგრატი არაბეთის მეფის უსაყვარლესი ვაზირი, მისი ნდობით აღჭურვილი პირია: „ვაზირი სოგრატ, მოახლე მეფისა დასთა დასისა.“ თინათინის გამეფების ეპიზოდში კარგად ჩანს სოგრატის საკმაოდ ფამილარულ-შინაურული დამოკიდებულება მეფესთან. ის მოურიდებლად ეკითხება როსტევანს მოწყენის მიზეზს, უფრო მეტი, ვარაუდსაც გამოთქვამს, რომ თინათინის მიერ დიდძალი ქონების გაცემამ დაამწუხრა მეფე და შეჰბედავს: „დაგიღრეჯია, მეფეო, აღარ გიცინის პირიო. მართალ ხარ: წახდა საჭურჭლე თქვენი მძიმე და ძვირიო, ყველასა გასცემს ასული თქვენი საბოძვარ-ხშირიო; ყოლამცა მეფედ ნუ დასვი! თავსა რად უგდე ჭირიო?“ სოგრატი მჭევრმეტყველი და ბრძენი ვაზირია: „ვაზირი ლაღობს ენითა, წყლიანად მოუბნარითა.“ მას კარგი იუმორის გრძნობაც გააჩნია, ხუმრობაცა და თვითირონიაც მისი პიროვნების განუყოფელი ნაწილია. ის მძიმე მდგომარეობაშიც არ კარგავს მას. სოგრატის ხასიათი შესანიშნავად იხსნება ავთანდილთან დიალოგში. არაბი სპასპეტი ესტუმრება ვაზირს. ენამზიანი სოგრატი გახარებული ეგებება დიდებულ სტუმარს და სათანადოდ მასპინძლობს: „ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.“ ავთანდილი სთხოვს სოგრატს, რომ უშუამდგომლოს როსტევან მეფესთან. მას ხომ ტარიელის დასახმარებლად წასვლა აქვს გადაწყვეტილი. აი, როგორ ახასიათებს ის ვაზირს: „ეტყვის: „შენი დამალული დარბაზს არა არ იქმნების; რაცა გწადდეს საურავი, მეფე იქმს და შენ გეთნების.“ საინტერესოა, რომ ავთანდილი სოგრატს დახმარებისთვის ქრთამს, ასი ათას ოქროს აძლევს, მაგრამ, მიუხედავად ამოდენა ქრთამისა, სპასპეტს დიდი ძალისხმევა დასჭირდება, სანამ ვაზირისაგან დახმარებაზე თანხმობას მიიღებს. საქმე ისაა, რომ სოგრატმა წინასწარ იცის, მეფის როგორი რეაქცია მოჰყვება მის თხოვნას. მან ამის მთქმელი შეიძლება მოკლას კიდეც: „მომკალ, კაცსა სიცოცხლისა სწორად რაცა მოეხმაროს!“ სოგრატის სიბრძნის მაჩვენებელია ის არგუმენტები, რომლებიც მას მოჰყავს ავთანდილის წასვლის შეუძლებლობის დასასაბუთებლად: არაბეთის მტრები გათავხედდებიან, ლაშქარი უპატრონოდ დარჩება, ამიტომაც ასე მოკლედ მოჭრის: „ეგე ასრე არ იქმნების, ვითა ჩიტნი არ გაქორდეს.“ ავთანდილის ოქროპირობამ, ადამიანების დარწმუნების ხელოვნებამ მაინც თავისი გაიტანა და სოგრატი დაითანხმა, მან ამჯერად სპასპეტის მოციქულობა იკისრა, თუმცა კარგად იცოდა: „ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა, ზოგჯერ თქმითაც დაშავდების.“ რუსთაველი ამ მოციქულობის ამბავს დიდებულად აღწერს. ჩვენ ვხედავთ სირცხვილის ოფლში გაწურულ, გაწბილებულ, შეურაცხყოფილ ვაზირს, რომელიც სამეფო დარბაზიდან: „გამოძრწა და გამომელდა.“ ეს ორი ზმნა შესანიშნავად გამოხატავს მისი ხასიათის თვისებებსაც ისევე, როგორც მისი ძალად მხიარულება და ენაწყლიანობა ავთანდილთან, რომელსაც დაპირებულ ქრთამს სთხოვს: „ქრთამსა სთხოვს და ამხანაგობს, თუცა ცრემლსა ვერ იწურვებს: მიკვირს, რად სცალს წყლიანობად, რად არ გულსა შეიურვებს!“ ვაზირის ამ „წყლიანობის“ მიზეზსაც გვიმხელს თვითონ სოგრატი. მან იცის, რომ გაბრაზებული მეფე აუცილებლად მოიბრუნებს მისკენ გულს, აპატიებს და შეუნდობს შეცდომას. როსტევანი ხომ მას უწოდებს „შენ, ვაზირი გულის-გული.“ როგორც ვხედავთ, სულ ორიოდე ეპიზოდში ვხვდებით ვაზირ სოგრატს, მაგრამ იმდენად შთამბეჭდავადაა დახატული ეს ხუმრობისა და მოხდენილი, სამეფო კარზე მიღებული „ჭრელი“ საუბრის ოსტატი, ქრთამისმოყვარე და ბრძენი, მელიასავით ეშმაკი ვაზირი, რომ ის პოემის მკითხველს არასოდეს დაავიწყდება.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - დაკარგულთა არქივები. ანუ: წითელი ზურგის ქარითნოემბერი 29, 2020