– „„ვეფხისტყაოსნის“ ერთ-ერთი გამოკვეთილად კოლორიტული სახე-ხასიათია ვაჭართა უხუცესის, უსენის მეუღლე, ფატმან-ხათუნი. მართალია, რუსთაველი მის დასახატავად მზესა და მთვარეს არ იყენებს მეტაფორა-შედარებებში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ფატმანიც ძალიან მიმზიდველი, სიცოცხლით სავსე, მხიარული ქალია: „ფატმან ხათუნ თვალად მარჯვე, არ-ყმაწვილი, მაგრა მზმელი, ნაკვთად კარგი, შავ-გრემანი, პირ-მსუქანი, არ პირ-ხმელი, მუტრიბთა და მომღერალთა მოყვარული, ღვინის მსმელი; დია ედვა სასალუქო დასაბურავ-ჩასაცმელი.“ როგორც ავტორისეული დახასიათებიდანაც ჩანს, ფატმანი ამქვეყნიურ სიამეთა მოყვარული ქალია, არ იკლებს გართობასა და ლხინს, უყვარს კარგი მასპინძლობა და სტუმრებთან მხიარულება: „პურად კარგი მასპინძელი, მხიარული, არ თუ მქისი.“ ავთანდილსაც: „მას ღამესა ფატმან ხათუნ უმასპინძლა მეტად კარგა.“ რა თქმა უნდა, ფატმანის სამყარო და აქ მოქმედი წესები აბსოლუტურად განსხვავდება რაინდთა საზოგადოებაში მოქმედი ზნეობრივი ნორმებისაგან. ალბათ, ამიტომაცაა, რომ ცოლქმრული ღალატი, ფიცის გატეხა, განსაცდელის წინაშე ლაჩრული შიში, შანტაჟი და ახლობელი ადამიანის უყოყმანოდ გაწირვა ვაჭართა ქალაქში მცხოვრები ადამიანებისთვის ჩვეულებრივი მოვლენაა. ფატმანისთვის სრულიად ბუნებრივია დროებითი, წუთიერი გატაცებები იმ დროს, როცა რაინდთა წრეში მიღებულია „შორით დაგვა, შორით ალვა“, როცა იქ სავალდებულოა, რომ მიჯნურმა „გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში“, ფატმანს არ მოსწონს მეუღლე, რადგან: „მით არ ჯერ-ვარ ქმარსა ჩემსა, მჭლე არის და თვალად ნასი.“ ის ეძებს ჭაშნაგირის მსგავს წარჩინებულ და მოხდენილ ჭაბუკებს, თუმცა იმათაც დაუნანებლად გასწირავს სასიკვდილოდ, თუკი მის ინტერესებს საფრთხე შეექმნება. ხოლო როცა ჭაშნაგირზე უფრო მშვენიერი ახალგაზრდა გამოჩნდება, მაშინვე გაუმიჯნურდება და ავთანდილს თავშეუკავებელი ვნებით სავსე ბარათს წერს. შემთხვევით არ ამბობს არაბი ჭაბუკი ფატმანის ე.წ. სიყვარულის შესახებ: „რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია.“ ფატმანის მხატვრული სახე კარგად გვიჩვენებს, რომ რუსთაველი არასოდეს ხატავს ადამიანს მხოლოდ დადებით ან უარყოფით პერსონაჟად, ის ცდილობს მასში დაინახოს კარგიც და ცუდიც. ვაჭართა უფროსის ცოლს აქვს რამდენიმე თვისება, რითაც ის ჩვენს სიმპათიას იმსახურებს. ჯერ ერთი, მას გააჩნია მშვენიერების დანახვა-აღქმისა და დაფასების უნარი. ამის მაჩვენებელია მისი ნესტანისადმი დამოკიდებულება. მას შეუძლია უერთგულოს ნესტანს, იყოს უხვი. ტყუილად როდი მიმართავს მას ინდოეთის მეფის ასული ასე: „დედისა მჯობო დედაო!“ ფატმანმა, მართლაც, დიდი დახმარება გაუწია ავთანდილს, ფაქტობრივად, აპოვნინა ნესტანი. ასე რომ, ფატმან ხათუნი ვაჭართა წრის ტიპური წარმომადგენელია, თავისი საეჭვო მორალით, თუმცა მას აქვს დიდი, თბილი და მოსიყვარულე გული, შეუძლია ერთგულებაც და უანგაროდ მხარში დგომაც. როგორც ვხედავთ, „ვეფხისტყაოსანში“ დიდოსტატურადაა დახატული ქალთა მრავალფეროვანი სახე-ხასიათები. მათ გალერეას ამშვენებენ ერთდროულად ნაზი და მრისხანე ნესტან-დარეჯანი, ბრძენი და გაწონასწორებული მზე-თინათინი, ერთგული მეგობარი ასმათი, ვაჭართა უხუცესის მიმზიდველი მეუღლე ფატმან ხათუნი, ქაჯთა ძლიერი ქალები: მეფე დულარდუხტი და დავარი.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close