განხილვაესე

ქალაქები ვეფხისტყაოსანში

„ „ვეფხისტყაოსანში“ ბევრი ქალაქია დახატული, მათ შორის, როგორც რაინდების ციხე-ქალაქები, ისე ქაჯეთის ციხე-ქალაქი და ვაჭართა ქალაქი-სახელმწიფო. თითოეული მათგანი საინტერესოა თავისი ადგილმდებარეობით, ცხოვრების წესითა და იქ მცხოვრები მოქალაქეებით. იმთავითვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ყველა რაინდს თავისი ციხე-სიმაგრე ანუ გამაგრებული ქალაქი გააჩნია. ავთანდილის ქალაქს ასე ახასიათებს პოეტი: „ქალაქი ჰქონდა მაგარი საზაროდ სანაპიროსა, გარე კლდე იყო, გიამბობ ზღუდესა უქვითკიროსა.“ ასეთივე ძლიერი ციხე-ქალაქის მფლობელი იყო ტარიელი: „ქალაქი მქონდა მაგარი, მტერთაგან მოურევარი.“ სწორედ მას შეაფარა თავი ამირბარმა ხვარაზმშას შვილის მოკვლის შემდეგ. ამ ქალაქების მცხოვრებნი ღირსეული მოყმეები არიან, ავთანდილისა და ტარიელის ვასალები, ისეთი სწორუპოვარი ვაჟკაცები და ერთგული მეგობრები, როგორიც შერმადინია. დიდებული ქალაქ-სახელმწიფოს, მულღაზანზარის, მფლობელი და მეფე იყო ფრიდონი. ვნახოთ, როგორ ახასიათებს მას და მის მცხოვრებთ ტარიელი: „მივედით მისსა ქალაქსა ტურფასა, მაგრა ცოტასა.“ „მივედით, ვნახეთ ქალაქი მისი ტურფა და მდიდარი, ყველასა ტანსა ემოსა ზარქაში განაზიდარი.“ პატარა, მაგრამ მშვენიერი და მდიდარი ქალაქი-სახელმწიფოა მულღაზანზარი. მისი მცხოვრებნიც კეთილშობილი, გმირი ვაჟკაცები არიან. შემთხვევითი არაა, რომ ქაჯეთის ციხის აღებას, ანუ ბოროტების ციტადელის დამხობასა და მზე-ნესტანის დახსნას ას ორმოცი მულღაზანზარელი მებრძოლი შეეწირა. ფრიდონის მოყმეები სხვაგვარი ვერ იქნებოდნენ, ეს არცაა გასაკვირი, რადგან, ავთანდილის სიტყვებით: „ქება რად უნდა მას, ვინცა თქვენთანა ხან-დაზმულია? მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია.“ პოემაში უფრო დაწვრილებითაა აღწერილი ქაჯთა ციხე-სიმაგრე: მტრებისგან შეუვალი, ყოველი მხრიდან ბუნებრივად დაცული თვალუწვდენელი კლდეებით. ციხე-კოშკში შესვლა მხოლოდ კლდეში არსებული გვირაბითაა შესაძლებელი, რომელსაც ათი ათასი მოყმე იცავს. ქალაქის შესასვლელ თითოეულ კარს სამ-სამი ათასი რჩეული მეომარი იცავს. ეს მოყმეები გამოირჩევიან სიმამაცითა და განსაკუთრებული ბრძოლისუნარიანობით. აი, რას წერს ტარიელს მათ შესახებ ნესტანი: „ნუთუ ესენი გეგონნენ სხვათა მებრძოლთა წესითა.“ ქაჯები „მათთა შემბმელთა დაჰხოცენ, მართ ცეცხლად მოედებიან.“ სწორედ ამიტომ უწოდებენ ქაჯებს, თორემ ისე ჩვეულებრივი მოკვდავი ადამიანები არიან. მათ შეუძლიათ ქარიშხლის გამოწვევა, ზღვების დაშრობა, დღის დაბნელება, ღამის დღედ ქცევა, მტრებისთვის თვალების დაბრმავება. ისინი გრძნეულები, ჯადოქრები არიან: „ქაჯნი სახელად მით ჰქვიან, არიან ერთგან კრებულნი, კაცნი გრძნებისა მცოდნელნი, ზედა გახელოვნებულნი, ყოველთა კაცთა მავნენი, იგი ვერვისგან ვნებულნი; მათნი შემბმელნი წამოვლენ დამბრმალნი, დაწბილებულნი.“ რაც შეეხება ვაჭართა ქალაქ გულანშაროს, მის დასახატავად რუსთაველი ფერებს არ იშურებს. გულანშარო – ყვავილების ქალაქია, კოხტა, ტურფა, ფერადი, უამრავი ბაღით დამშვენებული. საინტერესოა, რომ ზღვაში ამოზრდილი ეს ქალაქი ავთანდილის მიერ ხრიოკ, დაუსახლებელ, უდაბურ ადგილებში მოგზაურობის შემდეგ, ერთგვარ ოაზისად, ამქვეყნიურ სამოთხედ მოსჩანს: „ზღვა გაიარა ავთანდილ, მივა ტანითა მჭევრითა, ნახეს ქალაქი, მოცული გარე ბაღისა ტევრითა, გვარად უცხონი ყვავილნი ფერითა ბევრის ბევრითა. მის ქვეყანისა სიტურფე რა გაგაგონო მევ, რითა!“ მებაღე უყვება ავთანდილს, რომ გულანშაროს ნავსადგურში დიდძალი სიმდიდრით, საქონლით დატვირთული გემები შემოდიან: „აქ მოდის ტურფა ყველაი, ნავითა ზღვა-ზღვა მავლითა.“ ვაჭართა ქალაქში აღებ-მიცემობაა გაჩაღებული. აქ მეფეთმეფე ოქროა, სიმდიდრეა. ადამიანიც იმით ფასდება, ვის რამდენი ქონება აქვს დაგროვებული. მითუმეტეს, რომ აქ ღარიბი ერთ დღეში შეიძლება გამდიდრდეს: ყიდვა-გაყიდვა, მოგება-წაგება – აი, ასე ცხოვრობენ ვაჭრები: „დიდ-ვაჭარნი სარგებელსა ამისებრსა ვერ ჰპოვებენ: იყიდიან, გაჰყიდიან, მოიგებენ, წააგებენ; გლახა თვე ერთ გამდიდრდების, სავაჭროსა ყოვლგნით ჰკრებენ; უქონელნი საქონელსა წელიწდამდის დაიდებენ.“ როგორც ვხედავთ, შუა საუკუნეებში საკმაოდ ბევრი კარგად განვითარებული ქალაქია და რუსთაველიც მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით გვიხატავს მათ.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Check Also
Close
Back to top button