– „კიდევ ერთი დიდებული რაინდის სახეს ხატავს რუსთაველი და ის იდეალური მეგობარი შერმადინია. მის სახელს პირველად ვიგებთ თინათინის გამეფების ეპიზოდში. როსტევანი და ავთანდილი დანაძლევდებიან და არაბეთის მეფე შესთავაზებს სპასპეტს, რომ ის გასროლილი ისრების დამთვლელად იახლებს 12 ყმას, ხოლო მან შერმადინი წამოიყვანოს, რომელიც ამ თორმეტ მოყმეს აღემატება თავისი ძლიერებითა და ვაჟკაცობით: „კვლა ბრძანეს: „მონა თორმეტი შევსხათ ჩვენ თანა მარებლად, თორმეტი ჩემად ისრისა მომრთმევლად, მოსახმარებლად, – ერთაი შენი შერმადინ არს მათად დასადარებლად, – ნასროლ-ნაკრავსა სთვალვიდენ უტყუვრად, მიუმცდარებლად.“ როსტევანის ამ უმაღლესი შეფასებით რუსთაველმა უცბად მიგვაქცევინა ყურადღება ამ პერსონაჟისადმი. არც ტყუილად, რადგან სწორედ ის არის ავთანდილის უახლოესი, ნდობით აღჭურვილი ადამიანი, ბავშვობიდანვე მასთან შეზრდილი, ვისაც ისე ენდობა, როგორც საკუთარ თავს. სწორედ შერმადინთან დაკავშირებით შეიძლება გაგახსენდეს ცნობილი ფრაზა: „მითხარი, ვინ არის შენი მეგობარი და გეტყვი, ვინა ხარ შენ.“ შერმადინს ეთათბირება ავთანდილი ყველა კრიტიკულ მომენტში, უზიარებს საიდუმლოებას: „ესეა მონა შერმადინ, ზემოთცა სახელ-დებული, თანა-შეზრდილი, ერთგული და მისთვის თავ-დადებული.“ ავთანდილი სამფლობელოში თავის მაგივრად შერმადინს ტოვებს, მან უნდა უსარდლოს ჯარს, დაიცვას და გაამაგროს საზღვრები, სამართლიანად მოექცეს ქვეშევრდომებს, მოიკითხოს, საჩუქრები უძღვნას არაბეთის მბრძანებელს: „ვართ უმოყვრესნი მე და შენ ყოველთა პატრონ-ყმათასა, ამისთვის გნუკევ სმენასა შენ ამა ჩემთა ხმათასა: ჩემ წილ დაგაგდებ პატრონად, თავადად ჩემთა სპათასა, ამა საქმესა ვერა ვიქმ მე განდობასა სხვათასა.“ მართალია, შერმადინმა სთხოვა მეგობარს, რომ თან გაეყოლებინა, მაგრამ ავთანდილი სხვას ვერავის ანდობდა თავის ციხე-ქალაქს. ის უბარებს თავის ყმებს, რომ: „ამას ასრე ჰმორჩილობდით, არს ვითამცა ავთანდილი.“ ალბათ, მეგობრისადმი მეტი ნდობის გამოცხადება შეუძლებელია და ეს შერმადინის მაღალადამიანურ, ზნეობრივ ღირსებებზე მიგვანიშნებს. მით უმეტეს, ადამიანის ფსიქოლოგიის უბადლო მცოდნეს, ავთანდილს არ შეეშლება არაფერი, ამიტომაც არის, რომ არაბი სპასპეტის ყმები უსიტყვოდ დაემორჩილნენ მას: „იგი მონა აპატრონეს, ყველაკამან თაყვანი სცა.“ ამიტომაც არის ასე გულდამშვიდებული ავთანდილი, იცის, ზურგი მაგარი აქვს, მის სამეფოს ვერავინ ვერაფერს დააკლებს. ტარიელის დასახმარებლად წასვლისას კიდევ ერთხელ სთხოვა მეგობარს შერმადინმა: „წამიტანე სამსახურად, მოგეხმარო, რადცა გინდი,“ მაგრამ ისევ მტკიცე უარი მიიღო ერთადერთი მიზეზით: „ვის მივანდო სახლი ჩემი, შენგან კიდე ვინმც მეფერა?!“ როგორც ვნახეთ, შერმადინი ერთგული, უღალატო მეგობრის იდეალური სახეა, ის კაცია, ვისაც შეიძლება სიცოცხლეც კი უყოყმანოდ ანდო.“ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - გოგჩა – მხატვრული ანალიზითებერვალი 11, 2024