„ვეფხისტყაოსანში“ თუ რომელიმე პერსონაჟის შესახებ შეიძლება ითქვას, რომ ის ავტორის „ალტერ-ეგოა“, ეს ავთანდილია: ერთი შეხედვით, თითქოს იდეალური, თუმცა უაღრესად საინტერესო ადამიანური სახე-ხასიათი. ფაქტობრივად, რუსთაველმა მთელი პროცესი დაგვიხატა ამ, ცოტა არ იყოს, გათამამებულ-განებივრებული უწვერული ჭაბუკის თავისუფლებისმოყვარე, დამოუკიდებელ, ძლიერ პიროვნებად ჩამოყალიბებისა. მაშ, ასე: „ავთანდილ იყო სპასპეტი, ძე ამირსპასალარისა, საროსა მჯობი, ნაზარდი, მსგავსი მზისა და მთვარისა, ჯერთ უწვერული, სადარო ბროლ-მინა საცნობარისა.“ ავთანდილი რომ გარეგნობით მზის მსგავსია, ამას არაერთ ეპიზოდში გვიხატავს პოეტი; მისი მშვენიერებით ხალხის აღფრთოვანება ზოგჯერ კომიკურ ეფექტსაც იწვევს. მხოლოდ ერთი მომენტი გავიხსენოთ. გულანშაროში მოხვედრილი არაბი ჭაბუკის სანახავად ყველა შეიკრიბა: „ზარი გახდა, შემოაკრბეს ქალაქისა ერნი სრულად, იქით-აქათ იჯრებოდეს: „ვუჭვრიტოთო ამას რულად!“ ზოგნი ნდომით შეჰფრფინვიდეს, ზოგნი იყვნეს სულ-წასრულად; მათთა ცოლთა მოიძულვნეს, ქმარნი დარჩეს გაბასრულად.“ ავთანდილიც, ტარიელის მსგავსად, დიდი ძალის მქონე ვაჟკაცია, უშიშარი, თუმცა ყოველთვის დაფიქრებით და გონივრულად მოქმედი. არაბი სპასპეტი მარტოდმარტო შეებრძოლა მრავალრიცხოვან მეკობრეებს: „მათ ლაშქართა გულ-უშიშრად ასრე ხოცდა, ვითა თხასა; ზოგი ნავსა შეანარცხის, ზოგსა ჰყრიდა შიგან ზღვასა; ერთმანეთსა შემოსტყორცის რვა ცხრასა და ცხრა ჰკრის რვასა; დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა.“ მეკობრეებთან ბრძოლისას ავთანდილმა ხერხს მიმართა, მან რკინის კეტით ჯერ სახნისი მოტეხა მათ ხომალდს, მწყობრიდან გამოიყვანა, შემდეგ აბორდაჟზე აიყვანა გემი და გადავიდა ხელჩართულ ბრძოლაზე. არანაკლები ვაჟკაცობა გამოიჩინა ქაჯეთის ციხის აღების დროოსაც. აღარაფერს ვამბობთ ნადირობის ეპიზოდში თავისი გამზრდელ-მასწავლებლის, როსტევან მეფის დამარცხებაზე. ავთანდილისთვისაც მიუღებელია დამარცხებული მტრის შეურაცხყოფა, მათი დახოცვა: „ზოგთა ჰკადრეს ზენაარი: „ნუ დაგვხოცო, შენსა სჯულსა.“ არ დახოცნა, დაიმონნა, დარჩობოდა რაცა წყლულსა.“ ამის გამო გადარჩენილი მეკობრეები მას ლოცავენ: „შიში შეიქმს სიყვარულსა.“ მაგრამ ავთანდილი ნებისმიერ სიტუაციაში რეალურად აფასებს თავის ძალებს, არასოდეს არ მოქმედებს დაუფიქრებლად, სპონტანურად. გავიხსენოთ, როცა ხატაელმა ძმებმა დაანახეს წინ მიმავალი უცხო მოყმე, ის უცბად არ მისულა მასთან. სწრაფად გაიაზრა, რომ ეს კაცი გაურბოდა ადამიანებს, არ შედიოდა მათთან კონტაქტში. პირისპირ რომ შეხვედროდა, ან ერთი მოკვდებოდა, ან მეორე; ვნახოთ, რა ჭკვიანურად მსჯელობს ავთანდილი: „მიეწურა, იგონებდა, ახლოს შეყრა ვითა აგოს: „საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს! ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამოაგოს, არ-სიწყნარე გონებისა მოიძულვოს, მოიძაგოს.“ ბრძენი ჭაბუკი უკან მიჰყვა უცხო მოყმეს, გაიგო მისი ადგილსამყოფელი და შემდეგ ისევ თავისი ჭკუის, მახვილგონიერებისა და მჭევრმეტყველების მეშვეობით მიაღწია მიზანს: მოიპოვა ასმათის ნდობა და გაიცნო ტარიელი. უნდა ითქვას, რომ ავთანდილი სწორედ თავისი არაორდინალური აზროვნებით, ნებისმიერი პრობლემის გადაჭრისადმი შემოქმედებითი-კრეატიული მიდგომით, სტერეოტიპებისაგან თავისუფალი მოქმედებით იპყრობს მკითხველის ყურადღებას. მისთვის არ არსებობს გამოუვალი მდგომარეობა. ნებისმიერ სიტუაციაში პოულობს შესაფერის ხერხს, რომ მიზანს მიაღწიოს. ამის შესანიშნავი მაგალითია დაბნედილი ტარიელის პოვნის ეპიზოდი, როცა უკიდურეს დეპრესიაში მყოფი მეგობარი ცხენზე შესვა, რადგან იცოდა: მოძრაობა ამ ღრმა შავნაღვლიანობიდან გამოიყვანდა ტარიელს: „ეხვეწებოდა: „შეჯეო,“ აჯას ხვეწნითა არვებდა, იცოდა, რომე შეჯდომა კაეშანს მოაქარვებდა.“ ტყუილად როდი ახასიათებს რუსთაველი ავთანდილს ასე: „სევდის მუფარახი“, „ცნობიერთა დასტაქარი“. ავთანდილი ბრძენია, მაგრამ მისი სიბრძნე აქტიურია, ის თავის ცოდნას პრაქტიკაში იყენებს, რადგან სხვაგვარად ეს უქმი, გამოუყენებელი, არაფრისმომცემი სიბრძნე იქნებოდა: „არა ვიქმ, ცოდნა რას მარგებს, ფილოსოფოსთა ბრძნობისა, მით ვისწავლებით, მოგვეცეს შერთვა ზესთ მწყობრთა წყობისა.“ ავთანდილი ღრმად მორწმუნე ადამიანია, მაგრამ არა – ფანატიკოსი. ამის დასტურად უამრავი ადგილის მოყვანა შეიძლება პოემიდან. მის მოქმედებას განსაზღვრავს დევიზი: „ბედი ცდაა, გამარჯვება ღმერთსა უნდეს, მო-ცა-გხვდების.“ ის მოქმედებისა და ბრძოლის გმირია, არასოდეს გულხელდაკრეფილი არ ელოდება ღვთის წყალობას; ამიტომაც ვუწოდებთ მას რენესანსულ პიროვნებას. მან იცის: უფალიც იმას ეხმარება, ვინც მოქმედებს, იბრძვის, ეცდება. ამ მიმართებით ტიპურია მისი მსჯელობა მეკობრეებთან ბრძოლის წინ, რომელშიც ის თავისი სიმამაცის ფორმულას გვიმხელს: „უგანგებოდ ვერას მიზმენ, შე-ცა-მებნენ ხმელთა სპანი; განგებაა, არ დავრჩები, ლახვარნია ჩემთვის მზანი; ვერ დამხსნიან ვერ ციხენი, ვერ მოყვასნი, ვერცა ყმანი. ვინცა იცის ესე ასრე, ჩემებრვეა გულოვანი.“ ავთანდილის ღმერთთან დამოკიდებულებაში გვხიბლავს მისი გულწრფელობა, საოცარი ინტიმი, რომელიც მას აკავშირებს იდუმალი ძაფებით უფალთან. ამის დასტურია მისი ლოცვა ტარიელთან მეორედ გამგზავრების წინ. ის უშუალოდ მიმართავს ღმერთს, როგორც მეგობარს: უცნაურს, უთქმელს, ხან სიხარულის, ხან – ტანჯვის მომცემს, ადამიანის სურვილთა მფლობელს, სიყვარულის გამჩენსა და მფარველს. სთხოვს დაიფაროს რთული მოგზაურობის პერიოდში და ბოლოს ერთგვარი თვითირონიითაც ჰპირდება: „თუღა დავრჩე, გმსახურებდე, შენდა მსხვერპლსა შევსწირვიდე.“ ავთანდილის გასაოცარი სიბრძნის მსაჩვენებელია მისი ანდერძი, რომელშიც მან ჩამოაყალიბა რაინდობის მორალური კოდექსი, ანუ როგორ უნდა იცოცხლო ადამიანურად და მოკვდე კაცურად. ამ ანდერძის უპირველესი მცნება ასე ჟღერს: „სიყვარული აგვამაღლებს.“ სიყვარული კი, თავის მხრივ, გამორიცხავს ორპირობას, სიცრუეს, ღალატს: „სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა, მერმე სულსა.“ ადამიანი მშიშარა არ უნდა იყოს, უმთავრესი შიში კაცს სიკვდილისა აქვს, მაგრამ სულ ტყუილად, რადგან ის გარდაუვალია: „ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი.“ სწორედ ამიტომ „სჯობს სიცოცხლესა ნაზრახსა, სიკვდილი სახელოვანი.“ სჯობს, ამქვეყნად დატოვო კარგი სახელი: „სჯობს სახელისა მოხვეჭა ყოველსა მოსახვეჭელსა;“ და კიდევ ერთი ავთანდილისეული მცნება ამ ანდერძიდან: ადამიანმა მხოლოდ საკუთარ თავზე არ უნდა იფიქროს, უნდა ახსოვდეს, რომ ქვეყნად არიან ქვრივ-ობლები, შეჭირვებული ადამიანები: „მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები.“ ქველმოქმედება, არაბი ჭაბუკის აზრით, რაინდობის აუცილებელი შემადგენელი ნაწილია. ავთანდილი თავისი ქვეყნის ღირსეული შვილია, მასზე მზრუნველი, ამიტომაც სთხოვს შერმადინსა და ქვეშევრდომებს, უპირველესად საზღვრების გამაგრებაზე იზრუნონ: „სანაპირო გაამაგრე, მტერმან ახლოს ვერ იბარგა.“ და კიდევ: „მე დამახვედრეთ სამეფო მტერთაგან დაულეწელი.“ ავთანდილი სიყვარულის დიდი ნიჭით დაჯილდოებული ადამიანია: „მას თინათინის გონება ჰკლვიდის წამწამთა ჯარისა.“ ამ სიყვარულის სახელითა და სატრფოს დავალებით წავიდა ის უცხო მოყმის საძებნელად. ეს სიყვარული აძლევდა ძალას, რომ აეტანა მძიმე მოგზაურობის წლები და დახმარებოდა უნუგეშოდ მყოფ ტარიელს. ის ფაქტი, რომ ავთანდილმა „შესცოდა“ ფატმანთან, თინათინის ღალატად ვერ ჩაითვლება, რადგან ამ შემთხვევაში მას გრძნობები არ ამოქმედებდა. გავიხსენოთ, ავთანდილმა მასზე გამიჯნურებული ფატმანი ყვავსაც კი შეადარა: „რა ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონია.“ ამ შემთხვევაში, ისევე როგორც ჭაშნაგირის მოკვლის ეპიზოდში, ავთანდილი მოქმედებდა დევიზით: „მიზანი ამართლებს საშუალებას.“ რა თქმა უნდა, ეს რაინდული მორალიდან გადახვევა იყო, მაგრამ იმ სიტუაციაში მას სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, ის ყველა ხერხს მიმართავდა, რათა ტარიელისთვის ეპოვა „წამალი მისისა წყლულისა განკურნებისა.“ განსაკუთრებულია ავთანდილი, როგორც მეგობარი. მის მოქმედებას განსაზღვრავს: „ვინც მოყვარესა არ ეძებს, იგი თავისა მტერია.“ ის მზადაა, ძმადნაფიცის ბედნიერებისათვის თავი გასწიროს: ტოვებს სამშობლოს, გამზრდელ მეფეს, სატრფოს, რადგან სწამს: „არ-დავიწყება მოყვრისა, აროდეს გვიზამს ზიანსა.“ ავთანდილი არაერთხელ იჩენს გასაოცარ მოთმინებას, ნამდვილ ძმობას უღრმეს დეპრესიაში ჩავარდნილი მოყვრის მიმართ, ყველანაირი საშუალებით: სიტყვით, მოქმედებით, დაძალებით, ეშმაკობით, მოფერებითა თუ დატუქსვით ცდილობს სიცოცხლისაკენ მოაბრუნოს, იმედი ჩაუსახოს რწმენადაკარგულ მეგობარს და ამას ახერხებს კიდეც. რომ არა ავთანდილი, სიკეთე ვერ გაიმარჯვებდა, მზე-ნესტანი ვერ განთავისუფლდებოდა ქაჯთა ტყვეობიდან. მხოლოდ დიდმა სიყვარულმა და მეგობრობამ მოიტანა დიდი გამარჯვება: „ბოროტსა სძლია კეთილმან, არსება მისი გრძელია.“ ერთი თვისება ავთანდილისა არ აღგვინიშნავს და ეს იუმორის შესანიშნავი გრძნობაა. ჩვენ უკვე ვთქვით, როგორი თვითირონიულია ზოგჯერ სპასპეტი, ახლა გავიხსენოთ ასმათთან პირველი შეხვედრის ეპიზოდი და ჭაში ჩვარდნილი კაცის ღიმილით სავსე არაკი. ავთანდილს ადამიანებთან ურთიერთობის ძალიან მაღალი კულტურა გააჩნია, ის საოცრად კომუნიკაბელურია; თავისი ქცევით, საუბრის მანერით ის უმალ კეთილად განაწყობს უცნობებსაც კი: „მგზავრთა ჰკითხვიდის ამბავთა, მათ თანა-ემოყვრებოდა.“ ფრიდონთან მიმავალს კი: „ვინცა გზას ნახნის უცხონი, ჰმსახურებდიან, ჰყმობდიან.“ ასე რომ, ავთანდილი განსაკუთრებული ხიბლის მქონე პერსონაჟია „ვეფხისტყაოსნისა“: მშვენიერი, როგორც გარეგნულად, ისე სულიერად, ზნეობრივად, ბრძენი, წინდახედული, შესანიშნავი მიჯნური და შეუდარებელი მეგობარი, ვაჟკაცი, მამაცი მეომარი, თავისუფლებისმოყვარე და ამაყი პიროვნება. საინტერესოა, რომ ავთანდილთან მიმართებით რუსთაველი, როგორც წესი, ყველაზე ხშირად იყენებს ეპითეტს „ლაღი“, რაც ამ გმირის შინაგან თავისუფლებაზე მიგვანიშნებს: „ავთანდილ ლაღი, უკადრი, მივა, არვისგან ჰრცხვენოდა.“ რაც მთავარია, ეს გარედან ნაბოძები თავისუფლება არაა, ეს გონიერი, საკუთარ ძალებში დარწმუნებული („თუ თავი შენი შენ გახლავს ღარიბად არ იხსენები!“) ადამიანის შინაგანი თავისუფლებაა, რომლის გამოვლინებაცაა ის, რომ ავთანდილისთვის უცხოა ავტორიტეტებისადმი ქედმოდრეკა, სხვისი დიქტატით ცხოვრება. გავიხსენოთ, როგორ გაბედულად, თუმცა მოკრძალებით შესთავაზა მშვილდოსნობაში შეჯიბრი მეფეს, ან როგორ არ დაემორჩილა როსტევანის ბრძანებას და საკუთარი თავისუფალი არჩევანი გააკეთა მეგობრობისა და ფიცის არგატეხის სასარგებლოდ. ამიტომაცაა ის რენესანსული ადამიანი. ძნელია, დაიწყო ავთანდილის შესახებ საუბარი და დროულად დასვა წერტილი, გრძელი სიტყვა მოკლედ თქვა, რადგან ამ პერსონაჟის თითოეული სიტყვა, მის მიერ გადადგმული ნებისმიერი ნაბიჯი მსჯელობისათვის განგაწყობს მკითხველს. ამიტომ ამჯერად ამით დავასრულოთ, რადგან „გრძელი სიტყვა საწყინოა.““ – ესე ვეფხისტყაოსნის აპლიკაციიდან
Related Articles
Check Also
Close - აკაკი ბაქრაძე საქართველო და გარე სამყაროაპრილი 15, 2021