გალაკტიონ ტაბიძე უბინაო ბავშვების შესახებ
ციკლიდან „რევოლუციონური საქართველო“
რევოლუციონურ
საქართველოში
თუ გააკეთებ –
საქმე ბევრია.
თუნდაც ბავშები,
ჩვენს ზრუნვის დროში
მათი ამბავიც ასაწერია:
მოდის ზამთარი.
მოიბურა მთა.
აქ მარტო სიტყვა
თუმცა არ კმარა.
გადუწყვეტელი
რჩება ბევრი რამ,
და ჩვენ გავჩუმდეთ? –
არა და არა!
მსოფლიო ომის
დაწყებისას, როს
მოდგა, მომრავლდა
დღეები შავში –
ძნელ ცხოვრებასთან
დაჯახების დროს
ვერ გაერკვია,
დაიბნა ბავში.
ჰოსპიტალები,
მამა დაჭრილი,
შიმშილი, ყინვა,
შარა საზარი,
ეს გზა უმწეო
გზად გადაჭრილი
სიმწრის წიგნია
უზარმაზარი.
დაჰკარგა სახლი,
დაჰკარგა მდელო,
ქუჩებს მოედო,
როგორც მუწუკი.
გებრალებოდესთ
ყველას, მკითხველო,
ეს პაწაწინა
ბაში-ბუზუკი.
ათ წელს არ გასცდა
მისი ასაკი,
ცხოვრების იცის
სიგრძე-სიგანე.
ბავში, რომელსაც
ადარებ ხოჯას,
რომელსაც სახე
სრულად არ უჩანს,
დიდი ხანია
დაშორდა ოჯახს
და საშინელ გზას
დაადგა – ქუჩას.
თუმცა მრავალი
ემუდარება,
მაგრამ სადაც კი
კარებს შეაღებს,
შეაქვს შფოთი
და არევ-დარევა,
ქაოსად აქცევს
საბავშო ბაღებს.
დრო თავის ახალ
შალაშინებით
ჰქმნის ახალ კარებს
და ახალ საკიდს.
დრო სიძლიერით
და დაჟინებით
ჩვენს წინ აყენებს
ბავშების საკითხს.