
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე უღრმესს, ურთულესს ..
უღრმესს, ურთულესს,
მწველს შეეჩვია
განცდებს მახვილი
და მკვეთრი ჩანგი;
სხვისთვის რომ შრომა
მხოლოდ ეჭვია,
ჩემთვის ქმედითი
არის უზანგი.
ახალი გრძნობა
მოვარდა მიწად,
ახალი ქვეყნის
შენების გრძნობა,
მე უფრო ნათლად
და უფრო მტკიცედ
მესმის დიადი
სიტყვა: გმირობა.
ამ გრძნობას მოაქვს
რაც დიდხანს მალა,
თავისუფლების
დინება დიდი –
შეუჩერებლად
მბორგავი ძალა:
ძალა უძლევი,
ძალა ქმედითი.