ფილოსოფია

გიგი თევზაძე – რა არის განმანათლებლობა?

ეს კითხვა „ბერლინის თვის გამოცემაში“ პირველად 1783 წელს დასვა იოჰან ფრიდრიხ ციოლერმა, რომელის ერთსა და იმავე დროს სასულიერო პირი და პრუსიის მთავრობის წევრი იყო. ციოლერმა სტატია ჟურნალის გამომცემლის, იოან ერხ ბისტერის 1783 წლის აპრილის ნომერში გამოქვეყნებულ წერილის „წინადადება ქორწინების აქტის წარმართვიდან სამღვდელოების გამორიცხვის შესახებ” პასუხად დაწერა.

წლის ბოლოს იმანუელ კანტმაც გადაწყვიტა პასუხი გაეცა ამ კითხვისათვის. თანამედროვე მკითხველის, განსაკუთრებით ქართველი მკითხველის თვალთახედვით, კანტის წერილი „იდეალისტური კონფორმიზმის“ ნიმუშია: წერილის მიზანი, საბოლოო ჯამში, არის ფრიდრიხ დიდის იძულება ქებით, რომ მან, მსჯელობის სფეროში სრული თავისუფლების დაშვების შემდეგ, საკუთარი საგანმანათლებლო პროექტში კიდევ ერთი განსაკუთრებული ნაბიჯი გადადგას: იმპერიის მაცხოვრებლებს თავისუფლება მიანიჭოს რელიგიის საკითხების გადაწყვეტისას, იქ, სადაც, როგორც კანტი ამბობს, ხელისუფლებას აქვს „ინტერესი მეურვის როლი შეასრულოს“. ამ მიმართვით კანტმა მსჯელობის დონეზე დაუკავშირა განმანათლებლობა ძალაუფლებას. იმის შესახებ, თუ რატომაა კანტს მიერ მონიშნული ეს დამოკიდებულება მნიშვნელოვანი, ამ ტექსტის ბოლოში ვიმსჯელებთ.

კანტის მსჯელობა შემდეგი მიმდევრობისაა – განამნათლებლობა არის ადამიანის გამოსვლა უმწიფრობიდან. კონკრეტულად კი, ეს გამოსვლა მდგომარეობს გაბედვაში იმსჯელო დამოუკიდებლად, ავტორიტეტებზე და უმსჯელობებზე დაყრდნობის გარეშე. „უმწიფრობაში ყოფნა ძალიან კომფორტულია. თუ მაქვს წიგნი, რომელიც განსჯას შემიცვლის, მოძღვარი, რომლიც სინდისის მაგივრობას გამიწევს, ექიმი, რომელიც დიეტას ჩემს მაგივრად განსაზღვრავს და ა.შ. – და ა.შ. მაშინ საკუთარი ძალისხმევა აღარ დამჭირდება..“ კანტი ასკვნის, რომ ძალიან ძნელია ინდივიდუალურად გამოსვლა უმწიფრობიდან და რომ ეს მხოლოდ ერთეულებს შეუძლიათ. ამიტომ კანტი უფრო „ადვილი საქმის“ – საზოგადოების უმწიფრობიდან გამოყვანის შესახებ მსჯელობას იწყებს: კანტი მსჯელობს გონების ორგვარ გამოყენებაზე: გონების კერძო და საჯარო მოხმარების შესახებ. როგორც ტექსტიდან ჩანს, კანტი თავის მსჯელობაში „გონების საჯარო მოხმარებაში“ იგივე მნიშვნელობას დებს, რაც ჩვენ დღეს გამოხატვის და მედიის თავისუფლების ცნებებს ვანიჭებთ. გონების საჯაროდ მოხმარება კანტისთვის არის მსჯელობა, რომელსაც არ ჰყავს კონკრეტული ადრესატი და რომლის მიღება პრინციპულად ყველას შეუძლია. გონების კერძო მოხმარება (გამოყენება) კი არის ყოველდღიური საქმიანობა, სამსახური, სამუშაო, ის, რაც ეხება კონკრეტულ ვითარებას, რომელშიც ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვიკავია და კონკრეტული სამუშაოს შესრულება გვევალება. გონების საჯარო მოხმარებისას ადამიანი მეცნიერი ხდება, გონების კერძო მოხმარებისას კი ის არის ის, რა სამუშაოსაც ასრულებს – მუშა, ჯარისკაცი, მღვდელი, ექიმი, მასწავლებელი. საზოგადოების გამოყვანა უმწიფრობის მდგომარეობიდან პიროვნების „განუმწიფორბასთან“ შედარებით უფრო ადვილი იმიტომაა, რომ ამ შემთხვევაში გონების საჯარო გამოყენება უნდა შეეხოს, შეიძლება ბევრ, მაგრამ მაინც, სასრული რაოდენობის საკითხებს. წერილის წერის დროს კანტს ასეთად მხოლოდ რელიგიის და აღმსარებლობის საკითხები მიაჩნდა.

Immanuel Kant

ბევრი შეუსაბამობა შეიძლება ვნახოთ კანტის თვალსაზრისსა და იმავე საკითხებზე თანამედროვე წარმოდგენებს შორის. ამავე ტექსტში კანტი ორ, თანამედროვე საჯარო თვალსაზრისისათვის დაუშვებელ განაცხადს აკეთებს – ერთი, რომ მშვენიერი სქესი (როგორ არათანამედროვედ ჟღერს!) მოწოდებულია ავტორიტეტებზე დაუყრდნობელი აზროვნება საშიშად ჩათვალოს, და მეორე – რომ დემოკრატიული წყობა (რესპუბლიკა) სულის თავისუფლებისათვის საზიანოა, რადგანაც არ ზღუდავს დემოსის თავისუფლებას და ამით ხელს უშლის ძალისხმევის სათანადო მიმართვას განმანთავისუფლებელ აზროვნებაზე. საბოლოო ჯამში კანტის გზავნილი ფრიდრიხ მეორესადმი ასეთია: მხოლოდ განათლებულ ავტორიტარიზმს შეუძლია საზოგადოების ზრდასრულობის გზაზე დაყენება, რადგანაც ის არ უფრთხის ხალხში არაპოპულარულ ნაბიჯებს.

კიდევ ერთი ტექსტი, რომელიც განმანათლებლობას ეხება და რომელიც ძალიან პოპულარული იყო მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში, არის თეოდორ ადორნოს და მაქს ჰორკჰაიმერის „განმანათლებლობის დიალექტიკა“ (1947). ეს წიგნი მარქსიზმის რევიზიის თვალსაჩინო მაგალითია. წიგნის ავტორები განიხილავენ კაპიტალიზმის განვითარებას, და მარქსის საპირისპიროდ, გამოჰყავთ დასკვნა, რომ ამ განვითარებას მივყავართ არა სოციალური რევოლუციისაკენ, არამედ, ტოტალიტარიზმისაკენ და ფაშიზმისაკენ; განმანათლებლობა საწარმოო ძალებსა (მუშებს) და საწარმოო ურთიერთობებს (ურთიერთობა, რომელიც არის მუშებსა და მეპარტონეებს შორის) შორის წინაამღდეგობას გარდაქმნის სიმბიოზად, რის შედეგადაც წარმოიშობა ფაშიზმი და ტოტალიტარიზმი. შედეგად, ადორნომ და ჰოქკჰაიმერმა დაასკვნეს, რომ განმანათლებლობის, როგორც პროექტის შედეგი ფაშიზმი და ტოტალიტარიზმია. ამაშივე მდგომარეობს განმანათლებლობის დიალექტიკაც: განმანათლებლობა, რომლიც გვგონია პროგრესის და განათლებული საზოგადოების საფუძველი, სინამდვილეში აგდებს საზოგადოებას ისეთი ტიპის ტოტალიტარიზმში და ნაციონალიზმში, საიდანაც გამოსავალი არ არის.

კიდევ ერთი ტექსტი, რომელმაც ასევე მნიშვნელოვანი საფეხური შექმნა განმანათლებლობის, როგორც კულტურული და სოციალური ფენომენის განხილვაში, არის იურგენ ჰაბერმასის „საჯარო სფეროს სტრუქტურული ტრანსფორმაცია” (1962); ჰაბერმასის თეორიის მიხედვით საჯარო სფერომ სახე იცვალა ახალ დროში – განმანათლებლობის პერიოდში – და დაკავშირებულია სალონების და ყავის/ჩაის სახლების გაჩენასთან. ანუ, იმ ადგილების წარმოშობასთან, სადაც ხდებოდა თავისუფალი განსჯა, კომუნიკაცია და თვით-პრეზენტაცია. ამის შედეგად, წერს ჰაბერმასი, ევროპული მაღალი კულტურა წარმომადგენლობითიდან იქცა ღიად: ახალ დრომდე თვით-პრეზენტაცია მხოლოდ ერთეულებს შეეძლოთ და ასევე, მხოლოდ ერთეულებს ქონდათ ამის უფლება. სალონებმა და ყავის სახლებმა ხელი შეუწყვეს იმას, რომ თვით-პრეზენტაცია პრინციპულად შესაძლებელი გახდა ყველასათვის. თანამედროვე კულტურის და საჯარო სივრცის ღერძი არის კომუნიკაციური რაციონალობა და კომუნიკაციური ქმედება – სწორედ კომინიკაციური რაციონალურობის გამო ხდება კულტურა ღია და ითვისებს მაქსიმალურად ბევრ ადამიანს. შედეგად, განმანათლებლობამ, ჩვენი საზოგადოების იმ სახით ჩამოყალიბებაში, რა სახითაც ის დღეს არსებობს გადამწყვეტი როლი შეასრულა: შექმნა პრინციპულად ახალი საჯარო კულტურა და საჯარო მოქმედების წესი, რომელიც დამყარებულია კომუნიკაციაზე და რომლიდანაც გამომდინარეობს კომუნიკაციის აუცილებლობა.

Michel Foucault

1984 წელს მიშელ ფუკომ გამოაქვეყნა „რა არის განმანათლებლობა?“-ის საკუთარი ვერსია. არ ვიცი, სპეციალურად დაამთხვია თუ არა ფუკომ თავისი ტექსტის გამოცემა ამ კითხვის კანტისეული პასუხის გამოცემის 200 წელს, მაგრამ, როგორც ეს ტექსტიდან ჩანს, ფუკო ცდილობს კანტისეული ტექსტის „ორეული“ შექმნას: ცდილობს წეროს იმავე თემებზე, რაზეც კანტი წერდა, ოღონდ ფუკოსეული თეორიის – არქეოლოგია-გენეალოგიის – პერსპექტივიდან. ამ ტექსტის ძირითადი ხაზი კანტის ტექსტის ფუკოს ფილოსოფიის /კრიტიკული თეორიის წინამორბედად ქცევაა. ფუკო იწყებს თავის ტექსტს დებულებით, რომ კანტი პირველია, ვინც განსაზღვრა თავისი დრო არა როგორც ეპოქა, ან პერიოდი, არამედ, როგორც გასასვლელი რაღაცისაკენ. ამ შემთხვევაში ფუკო, როგორც კრიტიკული თეორიის მემკვიდრე, კანტის მიერ პასუხგაცემული კითხვის რე-ფორმულირებას განსხვავებაზე (differance) ხაზგასმით ახდენს; კანტისეული ანალიზი ფუკოს ინტერპრეტაციაში ასე ჟღერს: რა განსხვავებულობას აკეთებს დღევანდლობა გუშინდელთან შედარებით? ეს განსხვავება, ფუკოს აზრით, არის განმანათლებლობის როგორც ჩვენი შესაძლებლობების საზღვრების გასინჯვა/ძიების/დადგენის განსაზღვრება. საზღვრების და მათი გადალახვის შესაძლებლობების დადგენა ხდება კრიტიკის საშუალებით. კრიტიკა არის ის, რაც წარმოადგენს განმანათლებლობის სახელმძღვანელოს და ასევე, განმანათლებლობა არის კრიტიკის ეპოქა. განმანათლებლობა, ფუკოს განსაზღვრებით, არის ნებას, ხელისუფლებას და გონების გამოყენებას შორის მანამდე არსებული ურთიერთობის სახეცვლილება. ეს სახეცვლილება უპირველეს ყოვლისა გამოიხატება ამ სამის ერთმანეთის გარეშე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებლად არსებობის შესაძლებლობის კვლევაში.

მეორე ავტორი, რომლესაც ფუკო მიმართავს იმისათვის, რომ განმანათლებლობის განმარტების საკუთარი ვერსია ააგოს, არის ბოდლერი. ბოდლერის კრიტიკულ წერილებში და ესეებში ფუკო ნახულობს საფუძველს თქვას, რომ რაკი ბოდლერის აზრითაც თანამედროვეობის არსი მდგომარეობს საკუთარი თავის კონსტრუირების ირონიულ ჰეროიკულობაში, შესაბამისად, ბოდლერიც კანტის მსგავსად თანამერდოვეობის ძირითად ნიშნად და თანამედროვეობაში წარმოშობილ შესაძლებლობად ჩვენი [გონების (REASONIEREN) და მოქმედების] საზღვრების გადალახვის შესაძლებლობის კვლევას მიიჩნევს. ოღონდ, ისევე, როგორც კანტი, რომელიც განმანათლებლობის სფეროდ გონების საჯარო, ანუ, ყოველდღიურობისაგან – პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი ცხოვრებისაგან -განყენებული გამოყენებას მიიჩნევდა, ბოდლერიც, ამ საზღვრების დადგენა/გადალახვის მცდელობას, რომელიც გამოიხატება – (ა) სინამდვილის ირონიულ ჰეროიზაციაში, (ბ) თავისუფლების მიერ რეალობის ტრანსფიგურაციის თამაშობაში, (გ) საკუთარი თავის ასკეტურ შექმნა/გამომუშავებაში, სოციალური თუ პოლიტიკური ცხოვრებიდან შორს მდგომად აღწერდა და ხელოვნებაში ათავსებდა.

ამავე ტექსტში ფუკო ბევრს ლაპარაკობს თუ როგორ შემთხვევით კავშირშია ერთმანეთთან ჰუმანიზმი და განმანათლებლობა: რომ ეს კავშირი არამც თუ არ არის ურთიერთგამომდინარე, არამედ, ბევრ შემთხვევებში ჰუმანიზმი უპირისპირდება კიდეც განმანათლებლობობას: თუნდაც იმიტომ, რომ ჰუმანიზმი კონკრეტულ ღირებულებებზე დამყარებული მსჯელობაა, განმანათლებლობა კი თანამედროვეობის საფუძვლების და წარმომავლობების კრიტიკული ძიება (ფორმით გენეალოგიური, მეთოდით არქეოლოგიური – sic! ვისაც მარქსზმი უსწავლია, ნამდვილად გაახსენდება რაღაც). ეს ძიება, ამბობს ფუკო, უკვე აღარ არის გონების უნივერსალური სტრუქტურების კანტიანური გამოკვლევა, მაგრამ მაინც რჩება საფუძვლების და მიზეზების ცოდნისკენ, და შესაბამისად, საკუთარი საზღვრების დადგენა/გადალახვისაკენ სწრაფვად.

ოთხივე ეს ტექსტი ფილოსოფიის და კულტურაზე აზროვნების ტრადიციის ფარგლებშია დაწერილი და ამ პერსპექტივით გვთავაზობს პასუხს კითხვაზე განმანათლებლობის შესახებ. სტრუქტურულად ოთხივე ეს პასუხი მოიცავს იმ პერიოდის აღწერას კაცობრიობის ისტორიაში რომელიც დაიწყო მე-16-17 საუკუნეებში როგორც ევროპული ისტორიის ნაწილი და შემდეგ მთელ დანარჩენ მსოფლიოზე მნიშვნელოვანი და შეუქცევადი გავლენა მოახდინა და დღემდე ახდენს.

ეს პასუხები ამომწურავია, მაგრამ რამდენად შესაძლებელია კვლავ გავხსნათ ეს პერსპექტივა და კიდევ ერთხელ ვცადოთ ამ კითხვაზე პასუხი. ამ პერსპექტივის კვლავ გახსნას ჩვენთვის, სამყაროს ამ ნაწილში მცხოვრებთათვის, გარდა ინტელექტუალური ცნობისმოყვარეობის დაკმაყოფილებისა, პრაქტიკული მნიშვნელობაც აქვს: ჩვენი განმანათლებლობა მე-20 საუკუნის 20-იან წლებში შეწყდა და თუკი გვინდა გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც „მაშინ“ დავიწყეთ, უნდა ვეცადოთ გავიგოთ რა არის განმანათლებლობა დღეს, აქ და ამ პირობებში და რა ხიფათებს და მომავალს შეიცავს.

ახალი პერსპექტივის გახსნა ხედვის ახალ კუთხეს მოაქვს. ეს არც თუ ისე მოხდენილი ოპტიკური ანალოგია თეორეტიზირების, ანდა, როგორც ფუკო ამბობს, პრობლემატიზირების სფეროში რომ გადავიტანოთ, უნდა ვიპოვოთ თეორია ან თეორიები, რომელიც იმავე თემებზე მსჯელობს, ოღონდ განსხვავებული ინსტრუმენტების საშუალებით და განსხვავებულ ტრადიციაზე დაყრდნობით.

მე-20 საუკუნეში მართლაც არსებობს თეორეტიზების კიდევ ერთი კულტურა, რომელიც ბრიტანული ფილოსოფიის ანალიტიკურ ტრადიაციას ეყრდნობა და იმავე პერიოდის შესახებ მსჯელობს, რაზეც „პასუხი კითხვაზე: რა არის განმანათლებლობა?“. ამ პრობლემატიზირებას, რომელსაც მე-20 საუკუნის 60-იან წლებში ჩაეყარა საფუძველი, ნაციონალიზმის თეორია და ნაციონალიზმის შესახებ თეორიული დისკურსი შეიძლება ეწოდოს.

ამ დისკურსის რეპრეზენტატორი სამი მოაზროვნეა: ენტონი სმიტი, ერნსტ გელნერი, ბენედიქტ ანდერსონი. მიუხედავად დეკლარირებული დაპირისპირებებისა, მათი თეორიები ავსებენ ერთმანეთს და მეტ-ნაკლებად სრულ სურათს იძლევიან ერის ცნების, იდეოლოგიის და იდენტობის წარმოშობის შესახებ. მათი „გაერთიანებული“ თეორია ასე გამოიყურება: ერის ცნება და მის შესახებ იდეოლოგიის გაჩენა შემთხვევითია. ის სხვადასხვა დროს და სხვადასხვა პირობებში წარმოიშობა მაშინ, როდესაც ძალაუფლების მფლობელი ერთი ჯგუფი ცდილობს საკუთარი ძალაუფლების ლეგიტიმაციას: ცდილობს დაამტკიცოს გარკვეულ ტერიტორიის და ამ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხის მიმართ საკუთარი გვარის/წარმოშობის „ბუნებრივი“ უფლება ამ უფლების წარმომავლობის შესახებ მითის შექმნით. ეს მითები არსებობენ როგორც იდეოლოგია, მანამ, სანამ არ წარმოიშობა ამ იდეოლოგიის მაქსიმალურად ფართოდ გავრცელების ტექნოლოგიები, კონკრეტულად, განათლების და მას მედიის სისტემები. ამ სისტემების წარმოშობის შემდეგ ერის შესახებ იდეოლოგია ხდება ქვეყნის მოქალაქეთა სოციალიზაციის ერთადერთი საფუძველი, რის შედეგადაც, ერის შესახებ იდეოლოგია, სკოლების და გაზეთების საშუალებებით გავრცელებული, გადაიქცევა საერთო „დიდ“ იდენტობად.

ამ თეორიის, როგორც გაერთიანებული, ასევე ცალკეული რეპრეზენტატორების მიხედვით, ეროვნული იდეოლოგიის დიდ იდენტობად ქცევა იწყება განმანათლებლობის ეპოქის შემდეგ – მე-19 საუკუნეში. მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქვემოთ ვნახავთ, განმანათლებლობის თეორიული და მორალურ-პრაქტიკული წვლილი ნაციონალური დიდი იდენტობის შემოღებაში დიდია, განმანათლებლობის შედეგად მიღებული პირველი დიდი იდენტობა სულაც არ იყო ნაციონალური – არამედ, უფრო სამოქალაქო თავისუფლებებზე და დემოკრატიაზე იყო დამყარებული. პირველ დიდ იდენტობას, რომელიც განმანათლებლობის შედეგად შეიქმნა ევროპაში საფრანგეთის რესპუბლიკა ერქვა. განმანათლებელების მიერ შექმნილმა კრიტიკულმა დისკურსმა, რომელიც, უპირველეს ყოვლისა, მიმართული იყო არსებული ხელისუფლების და ხელისუფლების რელიგიური იდეოლოგიის წინაამღდეგ, მოახერხა წარმოსახვით საზოგადოებად, ანუ, დიდ იდენტობად ქცეულიყო. მით უმეტეს, რომ ფრანგი განმანათლებლები არაფერს არ იშურებდნენ იმისათვის, ყოველ ადამიანს მათ გარშემო, განურჩევლად წარმომავლობისა და მდგომარეობისა, მიეღო ისეთი განათლება, რომელიც მას აზროვნების კრიტიკული უნარის გამოყენების საშუალებას მისცემდა. ამისათვის ისინი ცდილობდნენ მაქსიმალურად გამოეყენებინათ როგორც არსებული განათლების სისტემა, ასევე, მედიის საშუალებები. შედეგმაც არ დააყოვნა: კრიტიკული დისკურსის დიდი იდენტობა ადვილად ითარგმნა/გაგებულ იქნა სოციალური ცვლილების მოთხოვნად და ათწლიან რევოლუციურ პერიოდად. ასე გახდა განმანათლებლობა არა მარტო ინტელექტუალური, არამედ, ახალი ტიპის ძალაუფლების მოპოვების პროექტიც.

რევოლუციის შემდეგ განმანათლებლობის პროექტის დახურვა შეუძლებელი აღმოჩნდა, იმდენად ძლიერი იყო განმანათლებლური წარმოსახვითი საზოგადოება. ეს მოთხოვნა/სურვილი ევროპის სხვა ქვეყნებშიც გავრცელდა და მალე ევროპის ყველა ქვეყნის ხელისუფლებამ დაინახა, რომ განმანათლებლობის პროექტის ჩახშობა შეუძლებელია, არა მარტო იმიტომ, რომ ინფორმაციის ბეჭდური გავრცელება შეიძლებოდა და წერა-კითხვის მცოდნე ადამიანების რიცხვი ყოვლწლიურად გეომეტრიული პროგრესიით იზრდებოდა (ისევე, როგორც დღეს ინტერნეტის მომხმარებელთა), არამედ იმიტომაც, რომ განმანათლებლობის დისკურსი ამავე დროს ადამიანების თანასწორობის, უფლებების და ძალაუფლების დისკურსი იყო. თუმცა, ამავე დროს ხელისუფლებებმა აღმოაჩინეს, რომ განმანათლებლობის პროექტის მართვა შესაძლებელია – განათლების და მას მედიის სისტემებში მათთვის სასურველი შინაარსის და იდეოლოგიის ტრანსლირების საშუალებით.

შესაბამისად, სახელმწიფო იდეოლოგიის განათლების და მედიის სისტემების საშუალებით ტრანსლირების საფუძველი იყო არა „უბრალოდ“ ამ ტრანსლირების ტექნოლოგიების გაჩენა, არამედ, განმანათლებლობის „პირველ“ პროექტთან, როგორც ძალაუფლების წყაროსთან, დაპირისპირების და ამ პროექტის შედეგების „შეკავების“ აუცილებლობა. ანუ, ზემოთ შემოტანილი ცნებები რომ გამოვიყენოთ, დიდი იდენტობის ერთი კონრეტული პროექტისადმი დაპირისპირება დიდი იდენტობის სხვა პროექტის საშუალებით. სწორედ ამ დროს იწყება ელიტების მიერ შუა საუკუნეებში „გამოგონილი“ იდეოლოგიის გავრცელება და მისი ქცევა დიდ იდენტობად, ანუ, განმანათლებლობისადმი დაპირისპირებულ წარმოსახვით საზოგადოებად – ყოველი მოქალაქის სოციალიზაციის საფუძვლად და ყოველი ინდივიდის შინაგანი სამყაროს ღერძად.

მაშასადამე, განმანათლებლობამ, საკუთარი მცდელობით კრიტიკული დისკურსი და აზროვნება გარემომცველ სამყაროზე საყოველთაო გაეხადა, წარმოშვა ერთიანი, დიდი იდენტობის შექმნის შესაძლებლობა და ძალაუფლების ახალი წყარო. ამ მცდელობამ არსებულ პოლიტიკურ წესრიგს საგულისხმო საფრთხე შეუქმნა. შედეგად გაჩნდა საპირისპირო პროექტი, რომელიც გონების კერძო გამოყენებით ცდილობდა „პირველი“ პროექტის შედეგები ჩაენაცვლებინა დიდი იდენტობის დისკურსის საკუთარი ვერსიით.

შედეგად, მივედით განმანათლებლობის განსაზღვრებამდე – განმანათლებლობა არის გონების საჯარო გამოყენების საშუალებით დიდი იდენტობის შექმნაზე მიმართული პროექტი.

დიდი იდენტობის შექმნის ყოველი მცდელობა არ არის განმანათლებლური პროექტი. „მეორე“ დიდი იდენტობა – ნაციონალიზმი წარმოიშვა როგორც ხელისუფლებების (არსებული ძალაუფლების) რეაქცია განმანათლებლობის დიდი იდენტობის ხალხოსნურ/ლიბერალურ პროექტზე. ეს ‘ახალი“ პროექტი ცდილობდა ჩაენაცვლებინა განმანათლებლობა განათლების პოლიტიკის შემოღებით. განათლების პოლიტიკის შედეგად კი მივიღეთ სოციალიზაციის პირველი მყარი სისიტემა, რომელიც საბოლოოდ ჩამოყალიბდა, როგორც ნაციონალიზმი.

როგორც ჩანს, ჩვენს სამყაროში დიდი იდენტობის შექმნის ორი პროექტი უპირისპირდება ერთმანეთს: კანტის მიერ შემოღებული დიხოტომია რომ გამოვიყენოთ: დიდი იდენტობა, რომელიც იქმნება გონების საჯარო (განმანათლებლობა) და კერძო (განათლების პოლიტიკა) გამოყენების საშუალებით. საბოლოო ჯამში, ეს ძალაუფლების ორი პროექტია, რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან და თანამედროვე (ახალი დროის) ძალაუფლების საერთო ველს ქმნიან.

ნაციონალიზმის წარმოშობის ბევრი ვერსია არსებობს, მაგრამ ვფიქრობ, დიდი იდენტობის წარმოშობის ამ დიხოტომიაში ყველა ვერსია თავსდება: იმპერიულ ქვეყნებში გონების საჯარო გამოყენება ქმნის ლოკალურ ნაციონალურ დიდი იდენტობებს, მეტ-ნაკლებად ერთ-ეროვან სახელმწიფოებში – ნაციონალური დიდი იდენტობა გონების კერძო გამოყენების შედეგია რომელიც განმანათლებლური დიდი იდენტობის შემაკავებლად იქმნება.

ამ აზრით ადორნოს და ჰორკჰაომერის დასკვა სწორია, ოღონდ, მათ მიერ დასკვნაში ჩადებული ისტერიული ტრაგიზმის გარეშე: განმანათლებლობა მართლაც არის ნაციონალიზმის და „ერის-თანხმობის-მიზეზი“ („განმანათლებლობის დიალექტიკის“ ტერმინოლოგიით: საწარმოო ძალების და საწარმოო ურთიერთობების კონფლიქტის გაქრობა). ასევე, მართებულია ფუკოს იდეა განმანათლებლობის მიერ საზღვრების დადგენა/გადასინჯვის შესახებ: ფრანგული განმანათლებლობა მართლაც იყო მიმართული გონების საჯარო გამოყენების არსებული საზღვრების გადალახვაზე და ძალაუფლების ახალი შესაძლებლობების შექმნაზე – თუნდაც ფრანგული პირველი რესპუბლიკის სახით.

გონების საჯარო გამოყენება მას მერე გახდა შესაძლებელი, რაც გაჩნდა ამ გამოყენების საშუალებები: კონკრეტულად – კანტის დროს ეს იყო მედია, სალონები, ყავის და ჩაის სახლები. გონების საჯარო გამოყენება მას შემდეგ ხდება შესაძლებელი, რაც ხდება შესაძლებელი ეს გამოყენება მიემართოს მას, რომელსაც შენ პრინციპულად არ იცნობ/ვერ გაიცნობ და ასევე, როდესაც არსებობს საშუალება მიიღო სხვისი გონების საჯარო გამოყენების პროდუქტი.

გონების საჯარო გამოყენებაც ისეთივე თანამედროვე სოციალური კონსტრუქტია, როგორც საყოველთაო განათლება და მას მედია. მანამდე, კანტიანური ტერმინებით რომ ვიმსჯელოთ, როგორც ჩანს, არსებობდა გონების მხოლოდ კერძო გამოყენება, იმდენად, რამდენადაც არ არსებობდა საშუალება, აზრი დაუმახინჯებლად გადაცემულიყო დიდ აუდიტორიას. ასევე, ყოველი გამოთქმულ/დაწერილი იდეა პერსონიფიცირებული იყო: ან თვითონ ავტორის მიერ იყო ცოცხლად (live-ში) გამოთქმული, ან არსებობდა ძალიან შეზღუდული რაოდენობის ხელნაწერის სახით.

კანტიანურ პერსპექტივაში გონების საჯარო გამოყენება მჭიდროდ არის დაკავშირებული ბეჭდვის და გავრცელების საშუალებებთან, ანუ, წიგნების და გაზეთების ტირაჟებთან: გონების საჯარო გამოყენების აუცილებელი ნაწილია გამოთქმული აზრების და მსჯელობების განხილვის შესაძლებლობა მსჯელობის ავტორის გარეშე. ანუ, მხოლოდ ავტორისათვის კი არ არის პოტენციური მკითხველი ანონიმური, არამედ, მკითხველისთვისაც ანონიმურია ავტორი.

როგორც ჩანს კანტისთვის გონების საჯარო გამოყენება მხოლოდ დაწერილად აზრის გადმოცემასთან იყო დაკავშირებული. ეს ალბათ მისი ცხოვრების წესიდან, მისი პოლიტიკური პროექტიდან და პოლიტიკური ვითარებიდან უფრო გამომდინარეობდა, ვიდრე თვითონ გონების საჯარო გამოყენების ცნებიდან. ცხოვრების წესიდან იმიტომ, რომ ყველაზე კომფორტულად კანტი თავს საწერ მაგიდასთან გრძნობდა; პოლიტიკური პროექტიდან და პოლიტიკური ვითარებიდან კი იმიტომ, რომ მე-18 საუკუნის ბოლოს, ჯერ კიდევ საფრანგეთის რევოლუციის პირობებში, კანტისთვის გამორიცხული უნდა ყოფილიყო ფრიდრიხ მეორესათვის შეთავაზებულ აღსარებლობის თავისუფლების პროექტს საფუძვლად დასდებოდა, თუნდაც ძალიან ფრთხილი, მაგრამ მაინც, დასაბუთება, რომ საჯარო გამოსვლის გარკვეული ტიპები შეიძლება ჩაითვალოს გონების საჯარო, დაუინტერესებელ და სახელმწიფოსთვის უხიფათო გამოყენებად.

მაგრამ ჩვენ არაფერი არ გვიშლის ხელს გონების საჯარო გამოყენება დავინახოთ იქ, სადაც ხდება მეტწილად ანონიმური აუდიტორიისათვის პრობლემების შესახებ მსჯელობის პრეზენტაცია. არა მარტო ტექსტით, არამედ, სალექციო თუ საპრეზენტაციო გამოსვლითაც – ყველა თვით-პრეზენტაციით, რომელიც არ არის კერძო გამოყენება – საკუთარი მიზნების (მათ შორის პოლიტიკური) აღსრულებაზე მიმართული: პოლიტიკური მოწოდებების გარდა, პოლიტიკოსების მიერ წარმართული მსჯელობაც საგადასახადო სისტემაზე, პოლიტიკურ მოწყობაზე, ღირებულებებზე და იდეალებზე, გონების საჯარო გამოყენებაა.

ახლა გადავდგათ კიდევ ერთი ნაბიჯი განმანათლებლობის განხილვის ამ ახალი პერსპექტივისაკენ, და ვნახოთ, რას ნიშნავს ჩვენს გარემოში გონების საჯარო გამოყენება: გონების საჯარო გამოყენებას დღეს გაცილებით უფრო დიდი ადგილი უკავია ჩვენს ყოველდღიურობაში, ვიდრე მე-18 ან მე-19 საუკუნეში ეკავა. ამის მიზეზი კი ორია: 1. განათლებული ადამიანი, ვისაც შეუძლია მსჯელობის ფორმალური კრიტერიუმების დაკმაყოფილებით საკუთარი აზრი გამოხატოს არსებული პრობლემების შესახებ – განუზომლად ბევრია; 2. გონების საჯარო გამოყენების სივრცე განუზომლად დიდია: „ტრადიციულის“ – წიგნები, ტელევიზია, გაზეთები – გარდა, სოციალური მედია და ინტერნეტი გონების საჯარო გამოყენების თანამედროვე სივრცეა.

გონების საჯარო გამოყენების სივრცეების ეს სიმრავლე გვიხსნის ერთ, უკვე ზედაპირზე მყოფ სინამდვილეს: იმდენად, რამდენადაც გონების საჯარო გამოყენების თანამედროვე სივრცეეები პრინციპულად ღიაა, ასევე პრინციპულად ღიაა ამ საჯარო გამოყენების მიღების და პასუხის საშუალებებიც. შედეგად, ჩვენს გარემოში გონების საჯარო გამოყენების, საჯარო პრობლემიზირების პრინციპული მახასიათებელია შექმნას წარმოსახვითი საზოგადოებები, ანუ, მიმდევრების, თანამოაზრეების და მოწინაამღდეგეების ჯგუფები. თანაც, ასეთივე პრინციპული მახასიათებელია ის, რომ ეს მიმდევრები/თანამოაზრეები/მოწინაამღდეეგეები უმეტესად არ იცნობენ ერთმანეთს და არიან საერთო მიდგომის/სამყაროს ხედვის მატარებლები. ეს კი სხვა არაფერია, თუ არა დიდი იდენტობის ნაწილად ყოფნა, იმისდა მიუხედავად, რამდენ ადამიანს მოიცავს ეს დიდი იდენტობა. დიდი იდენტობის ძირითადი მახასიათებელი არის არა მასში ჩართულთა/მის მიმღებთა რაოდენობა, არამედ, წარმოსახვითი საზოგადოება: ამ იდენტობის მატარებელთა შორის ფიზიკური საერთო სივრცის შემთხვევითობა, არააუცილებლობა.

შედეგად, მივედით დასკვნამდე, რომ თანამედროვე სამყაროში გონების ყოველი საჯარო გამოყენება განმანათლებლობის პროექტში მონაწილეობაა, ვიცით და ვაცნობიერებთ ამას თუ არა. ასევე, ამ მსჯელობის შედეგია, რომ დღევანდელ სამყაროში გონების საჯარო გამოყენების მხოლოდ ერთი დიდი პროექტი არსებობს, და ამ დიდი პროექტის სახელი განმანათლებლობაა.

ამ დასკვნებიდან ასევე გამომდინარეობს დებულება, რომ თუ გონების ნებისმიერი საჯარო გამოყენება განმანათლებლობის პროექტში მონაწილეობაა, განმანათლებლობის კავშირი ისეთ მოძრაობებთან/იდეებთან, როგორიცაა ჰუმანიზმი, ლიბერალიზმი, შემთხვევითია. ამიტომ, ფუკოს დასკვნა სწორია არა იმ აზრით, რომ განმანათლებლობა კრიტიკული დამოკიდებულებაა, და ამიტომ გამორიცხავს რომელიმე იდეოლოგიისადმი მის მიკუთვნებას, არამედ, სწორედ იმიტომ, რომ ყველა განმანათლებლობას რომელიმე იდეოლოგიისაკენ მივყავართ, გამორიცხულია მისი გარდაუვალი დაკავშირება როგორც ჰუმანიზმთან, ასევე, თუნდაც, რელიგიურ ფუნდამენტალიზმთან; თუმცა, ორივე მათგანი, სხვადასხვა ისტორიულ დროს და პირობებში შეიძლება გონების საჯარო გამოყენების (განმანათლებლობის) შედეგი აღმოჩნდეს.

დასკვნები, რომელიც ყოველივე ზემოდთქმულიდან კეთდება, თეორიულ-კრიტიკულიცაა და პრაქტიკულიც: ამ მსჯელობის შედეგად ვიღებთ, რომ დრო, რომელშიც ვცხოვრობთ, განმანათლებლობისაა და შეიძლება აღიწეროს, ერთის მხრივ, როგორც განმანათლებლობის სხვადასხვა პროექტების ბრძოლა/თანაარსებობა, და ასევე, როგორც ძალაუფლების ორი სახის, ორი სივრცის (განმანათლებლობის და განათლების [პოლიტიკის]) ბრძოლა/თანაარასებობა.

ფუკო ცდილობდა გამოეკვლია, რამდენად არის შესაძლებელი განმანათლებლობა ძალაუფლების გარეშე. ფუკოს ტექსტიდან ჩანს, რომ ძალაუფლების მოშორება განმანათლებლობისათვის განმანათლებლობის მხოლოდ კრიტიკულ განხილვაზე (ანუ, ფილოსოფიაზე) დაყვანით შეიძლება. თუკი განმანთლებლობას სოციალურ სივრცეში „დატოვებ“, მისი „ბუნებრივი“ შედეგი ძალაუფლება ხდება: დიდი იდენტობის შექმნა-წარმოშობა დაკავშირებულია ძალაუფლების შესაძლებლობასთან – ერთი იდეოლოგიის მიხედვით სოციალიზაციასთან და რე-სოციალიზაციასთან. როგორც ეს იყო და არის საფრანგეთის რევოლუციის, თანამედროვე განათლების სისტემების და თანამედროვე დიდი იდენტობებების – მაგ. ანტიგლობალიზმის, მწვანე მოძრაობების – შემთხვევაში. იდენტობა ქმნის წარმოსახვით საზოგადოებას, რომლის წევრებიც, სხვადასხვა დოზით, მონაწილეობენ ძალაუფლების პროექტში, რომელიც განმანათლებლობას თან სდევს.

პრაქტიკული დასკვნა კი გამაფრთხილებელია: გონების ნებისმიერი საჯარო გამოყენება, რაოდენ არ უნდა ემიჯნებოდეს ის ნებისმიერ იდეოლოგიას და ძალაუფლებას, არის განმანათლებლობის დიდ პროექტში მონაწილეობა, შესაბამისად – დიდი იდენტობის შექმნაში და ძალაუფლების მოპოვებაში მონაწილეობის მიღება. იმ შემთხვევაშიც, როდესაც გონების საჯარო გამოყენება პრინციპულად უარყოფს ძალაუფლებას, ის უკვე მონაწილეობს განმანთლებლურ პროექტში, რომელიც წარმოსახვითი საზოგადოების შექმნაზე, და შესაბამისად ძალაუფლების მოპოვებაზეა მიმართული: იმიტომ, რომ: 1. ქმნის დიდ იდენტობას, რომლის მონაწილეებიც უპირობოდ აღიარებენ ძალაუფლებისაგან საკუთარი თავის გამიჯვნას; 2. ხელს უწყობს ძალაუფლების მოპოვებას იმ ინდივიდების მიერ, რომლებმაც იციან, თუ როგორ გამოიყენონ ამ ძალაუფლების უარმყოფელი იდენტობის არსებობა საკუთარი ძალაუფლების მოსაპოვებლად. შესაბამისად, როდესაც ვიყენებთ ჩვენს გონებას საჯაროდ, უნდა ვიცოდეთ ორი რამ: 1. ჩვენ ამით უკვე ვმონაწილეობთ განმანათლებლობის რომელიღაც მცირე პროექტში და ვიღებთ მონაწილეობას რომლიღაც წარმოსახვითი საზოგადოების შექმნაში; 2. შესაბამისად, ჩვენ ვიღებთ მონაწილეობას ძალაუფლების რომელიღაც პროექტში;

ამ დასკვნის შემდეგ ცხადი ხდება ძალიან ძველი ჩინური სენტენცია, რომლის შინაარსის სრული წვდომაც ზემოდმოყვანილი მსჯელობის გაზიარების შემდეგაა შესაძლებელი: ჯობს იცოდე, ვიდრე არ იცოდე.

წყარო: ჟურნალი “სოლიდარობა”

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button