ნიკა ჩერქეზიშვილი – ლექსები
soixante-neuf
ასე იწყება ყველაფერი – soixante-neuf,
თუმცა ცხოვრებას, რა ხანია, როგორც სახადი,
სჭირს უძლურება, სქესობრივი, რეპლიკა – \”ეუფ\” –
ოთხი მხრიდან და მე ამ ნაწერს ტანზე გავხადე.
დღეს მოდაშია (ეფექტი აქვს) დელეგირება
სურვილების და დელეგატი ვისაც სჭირდება –
მან იყოლიოს, მარტო ვარ და ერეგირებულ
ნერვებს ვატარებ გაყინული (მუდამ) თითებით.
არეულია, რა თქმა უნდა, როგორც ყოველთვის,
ანუ – პირიქით, დალაგებულს ჩემთან რა უნდა,
ეს ნაწერი და თუ დამერქვა ერთ დროს პოეტი,
ალბათ იმიტომ, რომ გავბედე – უკან დავბრუნდი –
და პოეზია განვიცადე, როგორც ორგაზმი,
ასე დაიწყო ყველაფერი – neuf-soixante,
მერე ისრებმა შუაღამის ოთხი მოხაზეს,
მერე – ვინც იყო მოსასვლელი – ყველა მოვიდა –
ფონ შტერნბერგი და საოცარი მარლენ დიტრიხი,
აქ უკვე სექსი მანიაა და არა ფაქტი,
აქ მხოლოდ შენი არჩეული გზებით მიდიხარ
მიზნისკენ – შენი უფლებაა პირველი აქტი.
აქ შეგიძლია ითავხედო, რაც გსურს დაწერო,
აუცილებლად დაეყრება საფლავს ნაგავი
მაინც და რატომ უნდა გახდე ხალხის ნაწილი,
ხალხის, ვინც მოკლა – რიუნოსკე აკუტაგავა.
ის არ მოუკლავთ, იტყვის ვინმე, თავი მოიკლა,
მე გეუბნებით, რომ ჩვენ ყველამ ერთად მოვკალით,
ერთი ჯანსაღი აზრი არ აქვს ათას მოფიქრალს,
ჩვენ, ყველა ერთად, მკვლელობებმა ოთხად მოგვრკალეს.
არაეულია, არეული, არეულია –
ეს ნაწერი და დრო არ მოდის, წლები მიდიან,
ყველა ჩვენგანი საქმეშია, გარეულია
ამ ყველაფერში, დედააზრი, თავი – იდეა –
ცხოვრებისათვის დღეს ეს არის – neuf-soixante,
საინტერესო თუ რამეა – ქამრისქვეშ ხდება,
განვმეორდი და დამათენდა, მზე ამოვიდა,
ვისი ჯერია დღეს? რომელი ჩვენგანი კვდება?
ვის ვკლავთ დღეს?
***
ციკლიდან – სახელის იეროგლიფები (მეორე იეროგლიფი)
ქეთუს
დედამიწა,
რომლის მოსახლეობამ
აგერ უკვე ექვს მილიარდს გადააჭარბა –
შეიძლება
ერთ წამში დაცარიელდეს.
ყოველთვის ასეთი მიდგახარ თვალწინ:
COURTYARD Marriott-ის
ფეშენებელური სასტუმროს კუთხესთან
მობუზული –
შავი,
დაბალძირიანი ჩექმებით და
წითელი,
თხელი “დუტის კურტკით”.
რა კავშირშია,
ახლა,
ამ უეცარი შთაგონებით დაწერილი ნაწერის
ეს ორი ნაწილი ერთმანეთთან,
ამაზე,
გულახდილად,
შიშის გარეშე,
მხოლოდ მას შემიძლია ვესაუბრო,
ვინც ერთიც და მეორეც ჩემამდე დაწერა.
ღმერთო…
***
გამობურცულ მუცელს
მეცხრე თვეა ვცოცხლობ,
ვსუნთქავ,
მესმის,
ვხედავ,
ჯერ არ დამდგარ დღეებს საფეთქლები უცემთ,
შენ კი – დგახარ მშვიდი,
მომავალი დედა,
ჩემი ცოლი,
ჩემი,
გამობურცულ მუცელს
ეფერები როგორც,
როგორც რავი,
რა ვთქვა,
ღვთის-მშობელის ხატი ჩვენი სახლის კედელს,
თქვენთვის ვარ და თქვენით,
მაინც მინდა დავთქვა,
შენს წინაშე,
შენს წინ,
მიმიღე და მენდე,
რომ თქვენ გიტრიალებთ,
სადაც უნდა ვიყო,
თქვენს სიკეთეს ფიქრობს
ჩემი ყველა ფიქრი,
სისხლი მაქვს და გისხამთ,
ჰაერი და – გიყოფთ,
თუ გადავდგე გზიდან –
გადავვარდე იქვე.
მეტი –
ჩემო,
ღმერთი
ჩვენთანაა მარად,
მთავარია,
შევძლო,
გადავიდე წყალზე –
ვიყო კარგი ქმარი,
ვიყო კარგი მამა,
მიყვარდეთ და მწამდეთ –
ამგვარად და ასე.
***
funeral tango (პატარა მადმუაზელებს)
ყველაფერი კარგად არის – მკვდარი ხარ.
მე ვსვამ ურთულეს კითხვას:
არის თუ არა – ეს ის მწვერვალი, საიდანაც ქვევით აღარ ეშვები და მხოლოდ ზევით მიფრინავ?
უდიდესი მასწავლებლები მპასუხობენ – \”შენ უკვე იცი\”.
მოკლედ – გუშინ საღამოს შევხვდით – მე, სულიერი კარიერისტი და პატარა უფლისწული.
ვილაპარაკეთ პოეზიაზე,
გადავიღეთ ფოტოები,
ყველაზე კარგი წარსულისმეტყველის ფოტო გამოვიდა,
მას კატა (სახელად – ბონდო) უჭირავს ხელში და გულზე ხის სათამაშო ორთქლმავალი კიდია,
როგორც მე – ჩემს ფოტოზე – ვერცხლის პატარა ბეღურა ჩიტი
და ვარსკვლავბიჭუნას – წმინდა გიორგის ხატი.
მეღიმება,
თქვენ კი – ტყუილად ცდილობთ გაიგოთ რამე,
მხოლოდ ზოგმა იგრძნოს შეიძლება,
სიმსუბუქე,
უშუალობა,
ჩვენი სინამდვილე და
რომ –
ყველაფერი კარგად არის – მკვდარი ხარ.
შენს მაგივრად ღამეს ახლა სხვა ათევს,
სხვა რა გზაა და მოუწევთ კაი ხანს
მოლოდინი – საკრედიტო ბარათებს –
პირველ რიგში, მათი მეტი გმართებდა,
მერე მოვყვეთ – მოშურნეებს, პოეტებს,
ერთ მეზობელს, ვინც პრობლემებს გმატებდა,
ორ მეზობლის ბიძაშვილს და მოვედი –
აქ გავჩერდეთ, რა ჩამოთვლით უკლებლივ –
ან – რას მოგვცემს მათი ერთად თავმოყრა,
ჩვენ ვიტოვებთ მხოლოდ იმის უფლებას,
ჩვენს ნებაზე სასხლეტს თითი გამოვკრათ –
ორ ხიდს შუა, სუიციდის ქუჩაზე,
საიდანაც ყველაფერი დაიწყო,
თქვენ მაინც ნუ შეშინდებით, მადმ(უ)აზელ,
ჩვენ არ ვცდილობთ, რომ ცხოვრება ავიწყოთ
თქვენი თხელი, სიფრიფანა თითებით,
თქვენს თვალებში მოციმციმე ოცნებით,
არა! ჩვენ ვართ მზისბეღურა ჩიტები,
მეღიმება, ვგრძნობდი – გაიოცებდით,
დიახ, დიახ, უბრალოდ და მარტივად,
უფრო მეტიც – თითქმის ჩვეულებრივად,
ქუჩა-ქუჩა ლეკვებივით დავდივართ,
მოგვწონს, როგორც კისკისებთ და…
ძმები ვართ,
ცოცხლები ვართ, ჰო, დამშვიდდით, ვიხუმრეთ,
მე ჟიულიენს მეძახიან – ეს ისე,
ზედვაკელო – შენ კეპი დაიხურე,
აბუთიძე – \”ბონდო\” მხარზე შეისვი.
გვაპატიეთ, ახლა უნდა დაგტოვოთ,
ფიზიკურად, მხოლოდ, ნუ მოიწყინეთ,
ნახეთ – ახლა გუბეებში გავტოპავთ
სამივე და თქვენ თუ გინდათ – იცინეთ.
p.s. დავლიეთ ორი ლიტრი ლუდი და არ გვეყო. საჭმელი ფაქტიურად არ გვიჭამია. დავიშალეთ გვიან. აბუთიძე დარჩა შუაში, მე წავედი მარჯვნივ, ზედვაკელი – მარცხნივ. სახლში მისულმა გადავშალე ვამეხის წიგნი და როგორც ყოველთვის ხდება ხოლმე – გადაიშალა ზუსტად იმ ფურცელზე, სადაც წერია:
\”ისევ უძლური ირონია მეუფლება. მე მოვიკლავ თავს, როცა აღარ იქნება მოსალოდნელი ყველაფერი ის, რაც მოხდა. დინჯად, მშვიდად გავტენი იარაღს და ღიმილით ვესვრი ჩემს შუბლს. \”ეს იქნება ერთადერთი ღირსშესანიშნავი ამბავი, ჩემო გურამ, შენს ცხოვრებაში, რომელსაც შემდეგ ვეღარ აღიქვამ თუ გადმოსცემ\” – ვეუბნები ჩემს თავს, ნერვიულად მეღიმება, მე ხომ ასე ძალიან მიყვარს კარგი ხუმრობა, როცა მარტო ვარ ხოლმე ჩემს თავთან დარჩენილი.\”
***
ინსულტი
საფეხური. თითები. იხლართება. თარიღი.
სიმარტოვე. სურათი. თმენა. მაჯა. გავხაზე.
მე ბეღურა ჩიტებმა ნისკარტებით წამიღეს
და დამტოვეს (სულ მარტო) მისი ფანჯრის რაფაზე.
ვიღაცისთვის ეს ლექსი მხოლოდ პათეტიკაა,
ჩემთვის – სისხლის ჩაქცევა ტვინში, კვდომა – ნერვებში,
სადაც წვიმა იწვიმებს ჩემი სისხლიც იქაა
დაღვრილი და არ ახლოთ ხელი! არა! შეეშვით!
მინდა – ასე დაქცეულს არიდებდეთ ნაბიჯებს,
ლოცვა რაღა ლოცვაა – თუ ცამდე ვერ ავიდა,
ბინდი. ნავსი. არევა. გარინდება. მახინჯი.
ხორცი. დამღა. მოწამვლა. უკან. დარდი. თავიდან.
ძველებურად. ინთება. იხატება – და მიღრენს –
სიმარტოვის სურათი – მოგლეჯილი ანფასი,
მე ბეღურა ჩიტებმა ნისკარტებით წამიღეს
და დამტოვეს (სულ მარტო) მისი ფანჯრის რაფაზე.
***
აღსარება (პოეტური მიგნებების გარეშე)
მარტივად,
ისე,
რომ სიკვდილზე კიდიხარ,
ცხოვრებას (დოგმაა) ტონი აქვს უხეში,
ყველა კონცეფცია და ყველა იდეა,
ყველა თეორია მცდარია – ფუჲ ეშმაკს –
აქ ხვდები პარადოქსს –
ჩანს წინ წაიწევა
საქმე და სიტყვები სიტყვებში გაგრევენ,
უფალი ყოველთვის უფრო მეტს იძლევა,
ვიდრე სთხოვ,
რწმენისგან დარჩენილ ნანგრევებს –
თუ არ მოუფრთხილდი – ერთხელაც მოხდება,
დადგება განგება შემთხვევის დონეზე,
პირველი რჩევაა – მკვდარი ნუ მოკვდები,
მეორე – კაცი რომ მეტია ცხოველზე.
იცინი,
(სიმწრისგან)
რომ სერიოზული,
არის განლაგება ქაოსში საგნების –
პოეტი გქვია და ცოლი გყავს ორსულად –
რა შუაშია და – ძნელია გაგნება
გზის,
როცა სივრცესაც სჩვევია დუმილი,
მართალი ყოველთვის თავს ჩათვლის ცოდვილად,
ეპოქა წყდება და გაბმული ყმუილის
აზრია უაზრო,
ფუ შენი,
მოდი რა,
აქციე ზურგი ამ ხმას – გულისარევის,
გეგმა ვინც დაიდო წინ – იმოგზაუროს
თვითონ და მოეშვი წეს-წყობის არევას,
წესი რა წესია – თუ აურზაური,
აღრევა,
დებოში არ გამოიწვია,
ფეხები რად გინდა – თუ ძლივს არ მიათრევ,
ასეა –
შენამდეც მრავალმა იწვნია,
რომ ყველას თავისი ჰქონია სიმართლე.
რადგანაც გრძელია გზა,
გარდაუვალი –
აქამდე ყოფილთა,
არდაბადებულთა,
და შეწყალებაზე ნათქვამი უარი –
დროა,
რომ უარყო,
სანამ ჩაგეხუთა
ჰაერი,
ცხოვრება ნამდვილი ომია,
შედეგი არასდროს ემთხვევა მოლოდინს,
ვერც შენ გადარჩები – თუ არ გითხოვია
უფლისთვის – ინებოს – გახვიდე ბოლომდე.
რადგანაც ყელში გაქვს გაჩრილი ცოდვები,
ჰგავხარ უსურვილო,
უსულო თვითმკვლელებს,
სანამ შენს მყიფე ძვლებს მიწიდან მოკრებენ,
ილოცე –
მიშველე,
უფალო,
მიშველე…
დღეს ყველა სწავლული შტერია,
პედანტი,
ყველა გულმხურვალე – საზიზღარად მლიქვნელი,
ამ თემის გარშემო გამართულ დებატებს –
გამოთქმულ სირეგვნეს – გამოთქმულ სიქველეს –
ვინ რა თავში იხლის,
დროს –
წარსულს –
რა შეცვლის –
ის მხოლოდ უდროოდ წასულებს ენდობა,
ვფიქრობ,
ყველა კითხვას პასუხი გაეცა –
დღეს თუ ხარ ცოცხალი – დღეს ითხოვ შენდობას.
მიყვები არაეულ-დარეულ დინებებს,
(აქ უკვე საშინლად გეშლება ნერვები)
ოცი საუკუნის წინ
ღმერთმა ინება
და შენთვის ჯვარს ეცვა და დღემდე ევნება.
***
შემოდგომა სიკვდილის შემდეგ
ჩამოეკიდა რეალობა შიშველ ხეებზე,
ილუზიურად ჩამოეხრჩო – ყოველთვის ნაღდი…
მოვალ, ჩავიცვამ გაყვითლებულ ფოთლებს ხელებზე
და ტკივილს გაგხდი.
დღეს ყველა ჩემს გზას შენს კარებთან უნდა მოდგომა,
ვხედავ – ყოველწამს ერთი სუნთქვით როგორ ვმოკლდები,
სამარადისოდ გაგრძელდება ეს შემოდგომა,
როცა მოვკვდები.
***
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ
ხლართავს ინტრიგებს ხორო,
ფაფხურობს ბარე ორი,
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ,
ჩემიდან გზაა შორი
ღმერთამდე,
ჰოდა,
ძმებო,
გვერდი უქციეთ ამ გზას,
რომ არ დაგემტვრეთ ფრთები,
რომ ყველაფერი რიგზე
იყოს
და განა ბევრი,
ერთი თხოვნა მაქვს მხოლოდ –
სხვაგან ეძებეთ მტერი,
მე სხვა ქუჩაზე ვცხოვრობ.
***
გადარჩენის ალეგორია
“გუგულის გალობა ამაოდ ისმის, ჩვენში პოეტები აღარ არიან” – მაცუო ბასიო
ქეთუს
ვიღაცა იტყვის, რომ თოვაა ალოგიკური,
შენ,
რა თქმა უნდა,
ღიმილს მოგგვრის მსგავსი ლოგიკა,
შენ დედამიწა ამრეზილი თვალით გიყურებს,
როგორც შეშლილი პოეტის ცოლს,
ბოლო მოჰიკანს.
შენ,
რა თქმა უნდა,
არ იქნები კანონმორჩილი –
შენს ხასიათში შტრიხებია ფერის ხულიგნურ,
შენს სიყვარულში მე მოვკალი ყველა მოცილე
და მათ მოწამის სახელები ჩამოვურიგე.
სადღაც – თერთმეტი ცის მიღმაა შენი სამყარო,
უფრო მარტივად – დედამიწა არის ფოიე,
შენს მაჯისცემას როცა ვუსმენ – დროა საპყარი
და თითებია – გადარჩენის ალეგორია.