პარმენ ცახელი – ილია ჭავჭავაძეს
მოჰკლეს მგოსანი… აღსრულდა
საქმე მტრის გულის ნებისა,
მოსპეს ტაძარი საქვეყნო,
სადგური ხელოვნებისა.
მოჰკლეს მგოსანი… შებღალეს
ფიქრში ნაწრთობი ჭაღარა,
დიდებულ შუბლით გამოსჩქეფს
ჭირნახულს სისხლი ღვარ-ღვარა.
ეს შუბლი უნდა შეემკო
ქვეყანას დაფნა-იითა,
ნაცვლად კი – აზრთა სადგური
შელეწეს მედგრად ტყვიითა.
მოჰკლეს მგოსანი მუხთლებმა,
დაგვმართეს საქმე საზარი,
დალეწეს, დაგვინაცარმტვრეს
ეს ხელოვნების ტაძარი.
აწ გათახსირდა ყველა ეს,
არარ აღენთოს ლამპარი,
ვერ ვნახოთ გრძნობა-სიტურფის
წინაშე მსხვერფლად დამწვარი.
მოჰკლეს მგოსანი!…შეწყდა ხმა,
მიდუმდა ჩანგი ფრთოვანი,
ამოშრა სიტყვის ნაკადი,
აზრთა ზღვა სურათოვანი.
არარაობამ შენს გულში
აზრთ ნაცვლად მოიკალათა;
შენგან შენამკობ ქვეყანას
გამოგასალმეს ძალათა.
ვაიმე! როცა გდევნიდნენ
რა ჭირმა შემკრა ბედშავი,
რად არ ვეკვეთნე შენს მდევნელთ,
რად არ გავსწირე მე ტავი.
თუ არ შემეძლო მებრძოლნა
შენებრ ძლიერის ენითა,
რად არ გაგერე მტერები
მე ჩემი სუსტის ღრენითა?!
ვაიმე!როცა გდევნიდნენ
რად არ შეგექმენ ფარადა,
რად არ გაისმა ჩემი ხმა
საკვდავი მთა და ბარადა,
რად არ შევკრიბე ყოველმხრივ
მსახურნი ხელოვნებისა,
და არ ჩავმიწეთ ენები
შენზედ ამტყდარის მტრებისა.
ვაიმე! რაკი შენს მდევნელთ
ხმა არ გავეცით მხდალებმა-
იქნებ იმისთვის შეგახეს
ხელი შენ ნაძირალებმა.
ლომის მყეფარა ქოფაკსა
თუ “სუს” არ გაუგონია,
გოშიაც წახალისდება
და თავი ლომი ჰგონია.
იქნებ ცილი რამ დაგწამეს
და არვინ გაჩნდა ქომაგი,
ჩვენზედ ფიქრობდი, რომ დავგმეთ
შენი წარსული ამაგი.
იქნება გული გაგიტყდა
და შენს ერს, აღზრდილს შურითა
აღსასრულის წამს უცქერდი
გულმშვიდის საყვედურითა!
ჩემს სიჭაბუკეს, სულმნათო!
შენ მარად ჰყავდი-აღმზრდელად,
შენთა ფიქრთა ზღვა ჩემს გულშიც
ღვიოდა მწარ-ტკბილ ნაღველად;
აწ გათახსირდა ყველა ეს,
შენთვის სამარე მზად არი,
ჩაქრა სანათი ბრწყინვალე,
გაუდაბურდა ტაძარი.
პარმენ “ცახელი” თვალჭრელიძე 1907 წ.