ნოდარ დუმბაძე – ჩემი გალაკტიონი
გალაკტიონი ის პოეტია, რომელიც ვერ შემაძულა სასკოლო ქრესტომათიამ და რომლის ხელახლა შეყვარება არ დამჭირვებია ათწლედის დამთავრების შემდეგ. იგი მუდამ ჩემთან იყო. მას ხატივით თავისი კუთხე ჰქონდა მიჩენილი ჩვენს სახლში და ჩემთვის უზომოდ დიდი ბედნიერება იყო მისივე ხატთან, მაგიდაზე გაშლილ მისივე წიგნში ლოცვასავით სუფთა და წმინდა ლექსების კითხვა.
…დანაშაული, რომელსაც ახლა მოგახსენებთ, ხანდაზმულია და ამიტომ ვბედავ გამხელას: 1945 წელს პლეხანოვზე ბუკინისტს თვალსა და ხელს შუა ავაცალე გალაკტიონის ყდაგაცრეცილი რჩეული, რომელიც 100 მანეთი ღირდა და სახლში მისულმა უსინდისოდ დავაწერე – “ჩემი გალაკტიონი!”
ამავე წელს მეღირსა გალაკტიონთან შეხვედრა. შემდეგ ეს შეხვედრა ოდნავ შეცვლილი სახით, რომან “მზიან ღამეში” აღვწერე. კიდევ ერთი შეხვედრა მქონდა გალაკტიონთან ჩემთვის დიდად ღირსშესანიშნავი.
ვერაზე წიგნების მაღაზიაში ლერმონტოვს ვკითხულობდი.
– გამარჯობა, ძამიკო, – მომესალმა ზურგს უკან ვიღაც. მოვიხედე, გალაკტიონი იყო. (ამ დროისათვის უკვე მცნობდა ბატონი გალაკტიონი)
– გამარჯობა, ბატონო გალაკტიონ! ლერმონტოვი გამოსულა ქართულად, უნდა ვიყიდო, თქვენც ხომ არ გნებავთ?- ვკითხე და ჯიბეზე გავიკარი ხელი.
– წამოდი, ძამიკო, ჩემთან! – გალაკტიონმა მკლავში გამიყარა ხელი და ვერის ბაზრის გვერდით ლუდხანაში შემიყვანა.
იმ წიგნის საყიდელ ფულსაც და ზოგ სხვასაც წირვა გამოვუყვანეთ, გალაკტიონმა ლოყაზე ხელი მომითათუნა და ღიმილით მითხრა:
– ლერმონტოვი, პუშკინი და ტოლსტოი რუსულად უნდა იკითხო, ძამიკო, გალაკტიონი კი ქართულად, მხოლოდ ქართულად…
…და მართლაც, რა უზენაესი ბედნიერებაა, როდესაც გალაკტიონს ქართულად კითხულობ, და რა უბედურებაა, როდესაც პუშკინს ვერ კითხულობ რუსულად.
მე თუ მკითხავენ, ვიტყვი: გალაკტიონის დაბადების დღიდან დედამიწის ზურგზე მისი სიმაღლის პოეტს არ გაუვლია და, რომ გალაკტიონი არის გენი რუსთაველისა, მეოცე საუკუნეში გაღვიძებული და მზემდე აღზევებული.
წყარო: http://lib.ge