მოთხრობა

ბექა ქურხული გაქცევა

ქარი ქროდა. დაწუილდებოდა ქუჩის ბოლოდან, წამოშლიდა მტვერს, ირხეოდნენ ხის კენწეროები.

გაჩერებაზე გოგონა იდგა. ჩვეულებრივი, მრგვალსახიანი გოგო იყო, მაგრამ ძალიან მაგარი ჩანდა. ყოჩაღად უშვერდა ქარს სახეს, მხოლოდ თვალებს ჭუტავდა.

მანქანის კარი გამოაღო და ჩაჯდა. მანქანა გაყინული იყო. სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ხელები ქურთუკის ჯიბეში ჩაიწყო. იჯდა და პირდაპირ იყურებოდა, საკუთარი სიგიჟეების გამო უფრო გაბეზრებული, ვიდრე გაბრაზებული.

მაგრად ციოდა. გასაღები საკეტში გაუყარა, ორჯერ დაუგაზა, “პადსოსი” თითქმის ბოლომდე გამოსწია და მხოლოდ მაშინ გადაატრიალა. მანქანა კარგა ხანს ხიხინებდა. დროდადრო იმედისმომცემად იცვლიდა ხმას. ბოლოს სული მოითქვა და მოტორმაც ხმა ამოიღო. “პადსოსს” ჩაუწია და სავარძლის საზურგეს მიაწვა. ცოტა დათბა. ბულდოგივით ჰქონდა ყბები ერთმანეთზე დაჭერილი და წინ იყურებოდა. მანქანა ცხენივით გრძნობდა, რომ პატრონს რაღაცა უჭირდა და კარგად იქცეოდა. ნელა გასცდა გაჩერებაზე მდგარ გოგონას და მოწყვეტით გაენთო ტრასაზე. სისწრაფისაგან ამსუბუქებული მანქანა ქარმა ააქანავა, პეკინზე ჩაუხვია და უფრო მაგრად დაგაზა.

შუქნიშანი გამორთული იყო და ბუკიას ბაღთან მანქანები ერთმანეთში ირეოდნენ. სისწრაფე არ დაუგდია, ეგრევე შევარდა მარშუტკასა და შინდისფერ, “დაშპაკლულ” ბეემვეს შორის. გაძვრა. მიფრინავდა და თვითონვე გრძნობდა, მურტალ აბგონებზე გასვლისას შიშისაგან როგორ თეთრდებოდა.

უცბად გამოვარდა რუსთაველზე, მანქანა გააჩერა და თეთრად განათებულ კაფეში შევიდა.

თავისუფალ მაგიდას მიუჯდა. გვერდით მაგიდასთან ძალიან ლამაზი წყვილი იჯდა. ბიჭს გოგონასათვის ხელი ხელზე დაედო და გემრიელად კოცნიდა ტუჩებში.

ძალიან კარგები იყვნენ, ბედნიერები და ერთი ამბავი.

თვითონ ისე იჯდა, თითქოს საიდანღაც ჩამოვარდა და ამ სკამზე დაეცა. უკან აღარაფერი დარჩა. წინ საკუთარი ხელით დაგებული უამრავი ხაფანგი ელოდა, რომელთა მონიშვნა დაეზარა და ახლა ყველგან მომლოდინე ჩახუნის ხმა ელანდებოდა.

კარი გაიღო და შემოვიდა. “ვახ” – ისე დაფეთდა, თითქოს არ ელოდა.

გოგოს გაფითრებულ სახეზე ქერა თმა ჩამოშლოდა. თვალის უპეები ჩაშავებოდა. ტყავის ქურთუკი და ჯინსის შარვალი ეცვა, ავარიაში მოყოლილ როკერსა ჰგავდა. სხვანაირად ლამაზი იყო, უცნაურად თავისუფალი. წასაღებად მოდიან ეგრე, რაც ეკუთვნით იმის წასაღებად.

მაგიდას მიუახლოვდა. სკამი გამოსწია, მაგრამ არ დაჯდა. ჩანთაში დაიწყო ფათური. ალბათ სიგარეტს ეძებდა.

შეყვარებულებმა მეზობელი მაგიდიდან გოგონა აათვალ-ჩაათვალიერეს და ერთმანეთს გაუღიმეს. თვითონაც შეხედა გოგოს, მაგრამ მაშინვე თვალი აარიდა და გარეთ გაიხედა.

გოგო ისევ ფეხზე იდგა. ახლა სანთებელას ეძებდა.

– დაჯექი, რა! – უთხრა ჩუმად.

გულის კოვზთან სხეულის ნაწილივით გრძნობდა სევდას და დაღლილობას.

მობეზრდა შიში. შიშზე მოსიარულე საკუთარი თვი.

გოგო იჯდა. სიგარეტის კოლოფს აწვალებდა. ლამაზი იყო.

– როგორა ხარ? – ჰკითხა ბიჭმა. მაგრად აცოფებდა გოგოს შეშინებული თვალები და აკანკალებული თითები.

– ჩაის დალევ? – ჰკითხა ისევ. გოგომ ჩუმად დაუქნია თავი და ბიჭს შეხედა მწვანე, დაფეთებული თვალებით. “რას მიყურებს საცოდავად” – თვითონაც შეხედა, მაგრამ მაშინვე აარიდა თვალი.

გოგო ჩუმად იჯდა.

ბიჭს თანდათან მთელი სხეული სიბრაზით დაეტენა და რაც შეიძლება ჩუმად ჰკითხა:

– რა ქენი?

გოგომ სიგარეტი ამოიღო და მოუკიდა. ბიჭმაც აიღო სიგარეტი.

გოგოს ისევ თითები უკანკალებდა.

– რა ქენი? – კიდევ უფრო ხმადაბლა და მოუთმენლად ჰკითხა.

გოგომ თავი ჩაღუნა.

“შენიი!..” – გაიფიქრა ბიჭმა.

– არ გამოჩნდა, არ ჩანსო! – ჩურჩულით თქვა გოგომ. ხმა ძლივს ისმოდა.

ბიჭს ხელები გაუცივდა და გოგოს გაბოროტებულმა შეხედა. რაღაცნაირად დაცარიელდა.

კაფეში ხმამაღლა ლაპარაკობდნენ. კიდევ უფრო ცხადად იგრძნო სიცარიელე, ცუდი, მხოლოდ მისთვის განკუთვნილი სიჩუმე.

ხურდების ჩხრიალი ისმოდა.

თეთრად განათებულ ქათქათა კაფეში შემოგზავნილივით იჯდა. “არ ჩანსო, არ გამოჩნდა”…

მაგრად დაფრთხა. “როგორ ტო, როგორ არ ჩანსო”.

არ ჩანსო და მორჩა.

ძლივს იჯდა სკამზე. ძლივს იკავებდა თავს. დიდი სიამოვნებით წამოხტებოდა და დაგაზავდა ბოზი კურდღელივით.

– არ ჩAანსო, – მოულოდნელად ხმამაღლა გაიმეორა გოგომ, – არადა, თვეზე მეტია, თვეზე მეტი გავიდა.

გოგო ქაღალდივით თეთრი იყო. იჯდა, ეწეოდა და უყურებდა.

“მაგრა შევტოპე”, – გაიფიქრა, – “როგორ ჩავდივარ ეს ჭკვიანი კაცი ამდენ სისულელეს?..”

რაღაც ძალიან მნიშვნელოვანს ცვლიდა და ამის არც უფლება ჰქონდა, არც – თავი.

ეს არ იყო “დამწვარი” საქმიდან კისრისტეხით გაქცევა. ჰაერში “ხლაპუშკასავით” ნასროლი ფეხს რომ გიბრუნებს კატასავით მსუბუქად, რბილად მიმქროლავს, წონასწორობის დასაცავად ოდნავ ხელებგაშლილს და უკანასკნელ წამამდე საკუთარი თავის მოიმედეს. ოღროჩოღრო, დანგრეული, სამალავებით და “ჩორნი ხოდებით” სავსე ქალაქი გამოცდილი “პადდელნიკივით” თვითონ რომ მიგიძღვის წინ… ხოშიანად რო გაფხიზლებს იარაღის ტარზე შემოჭერილი თითების ტკივილი უკვე თავშესაფარში შემალულს და თვალებგაფართოებულს.

გული რო გიცემს.

ახლა გული თითქმის არ უცემდა. ცარიელი იყო. ძალიან ცუდად ჰქონდა საქმე. ვეღარც ქუჩა უშველიდა, ვეღარც – სიბნელე.

ქარმა მაგრად შეაზანზარა კაფე. გრიალით შემოვარდა შიგნით და ყველაფერი აურია.

გაუნძრევლად ისხდნენ.

– იქნებ, ურევს ის ექოსკოპია და იმიტომ არ გამოჩნდა?

გოგოს საცოდავად გაეღიმა.

– ღირსი ხარ! – თქვა ბიჭმა.

– მე ვარ ღირსი?

– ღირსი ხარ. ამხელა გოგო ხარ, ოთხმოცდაშვიდის…

– ოთხმოცდაშვიდისაცა ხარ და ასისაც, დებილო-დეგენერატო…

ბიჭს მოულოდნელად გადაუარა სიბრაზემ და კიდევ უფრო ცუდად იგრძნო თავი. ბავშვობისას კლასში შეყვარებულს რომ აატირებდა და მერე შეცბუნებული და ნირწამხდარი შეჰყურებდა თვალებში: “კაი, ჰო, რა მოგივიდაო…” ეგეთი ბავშვური უმწეობა იგრძნო.

– რა ვქნათ ახლა?

– არ ვიცი, არაფერი არ ვიცი, – გოგოს ცრემლებით აევსო თვალები, – იცი, როგორ მეშინია?

ბიჭი გაიჯღანა.

გოგომ ტირილი დაიწყო.

ლამაზი წყვილი ფრთხილად კოცნიდა ერთმანეთს.

– მოვკვდები, – ჩუმად ტიროდა გოგო.

ბიჭს სადღაც წასული სიბრაზე ერთიანად მოუბრუნდა.

– მოკვდი მერე, – უთხრა ხმამაღლა.

– როგორ? – სერიოზულად იკითხა გოგომ.

თან არხეინად ტიროდა.

– ათასი საშუალება არსებობს. ჩაირბენ ელბაქიძის დაღმართზე, ისკუპებ ვერის ხიდიდან და ხუთ წუთში იქა ხარ. არც კი.

– კარგი!..

– კარგი და წადი მერე!..

გოგო ისევ სიგარეტს ეწეოდა, შეშინებული და ამავე დროს სასაცილოდ შთაგონებული სახე ჰქონდა.

– გიყვარვარ?

– არა, – უბრალოდ უპასუხა ბიჭმა.

– სხვა გიყვარს?

– ჰო, – ისევ უბრალოდ უთხრა ბიჭმა და პირდაპირ თვალებში შეხედა, – რა, არ იცი?..

– ვიცი, – თქვა გოგომაც მშვიდად, მარტო ტუჩები უკანაკალებდა, – ვიცი, მაგრამ არ მაინტერესებს, იმიტო, რომ ვინც არ უნდა გიყვარდეს, მაინც ჩემი იქნები, იმიტო, რომ მე უშენოდ არ შემიძლია. საშინელ სიმარტოვეს ვგრძნობ და იმიტო, რომ ყველაზე ძალიან მე მიყვარხარ. და კიდევ ბევრი რამის გამო იქნები ჩემი…

ბიჭს გაეცინა. თან სიბრაზისგან თითები უკანკალებდა.

– მაგარი გაგიჭირდება იცოდე, ჩემთან ეგრე არ შეიძლება, შენ არა ხარ ეგეთი “ატჩაინი”… ძალიან გაგიჭირდება…

– ვიცი, – თქვა გოგომ ისევ მშვიდად, ტუჩებიც აღარ უკანკალებდა, – გამიჭირდეს!..

“მე ნაცარქექია ვარ, ნაცარქექია ვარ, იცი? და დევები დავაბრინჯე”, – გაახსენდა ლოტოს სამი წლის ბიჭი. ამას რომ ამბობდა, რაც ძალი და ღონე ჰქონდა, მაღლა სწევდა ორივე ხელს და ამოჩაჩული პერანგიდან ტიტველი მუცელი მოუჩანდა.

– წავედით, – თქვა ბიჭმა.

– მოვწევ და მერე წავიდეთ, – თქვა გოგომ.

– რას მოწევ, ფეხმძიმედა ხარ, შე ბოზანდარავ!..

– ბოზანდარა შენა ხარ, თუ კაია, – თქვა გოგომ. ადგა და გასასვლელისაკენ ისე წავიდა, უკან არ მოუხედავს.

ბიჭი ტყვედჩავარდნილივით მიჰყვებოდა.

“წამიყვანა და ეგ არი… – გაიფიქრა ბიჭმა, – მე ამის ე, რო შემოვტრიალდე, ვწყვიტო აქედან და მოვხიო, გადავაჭრა გულრიფშში საიკა ხარაზიასთან… ჰა?.. ძაანაც ხოშიანად, რატომაც არა, მდიონ მერე და ითვალონ თლილ თითებზე, ვისი ვარ… იმას კიდევ ამ ომებში ერთი ეშელონი ქართველი ჰყავს მგონი მოკლული და როგორ გავუჩერდე, ბახა ვარ ეს ჩემისა?..”

ქუჩაზე გადადიოდნენ. ბიჭს გადასასვლელზე გადასვლის ყოველთვის ეშინოდა. ყოველთვის ფრთხილობდა, მაგრამ ახლა ცუდ ხასიათზე იყო და ფეხებზე ეკიდა.

გაუხარდა მანქანის დანახვა. ძველი “შესტი”, როგორც ყოველთვის, გასარეცხი იყო.

მანქანაში ჩაჯდა, დაქოქა, მაგრამ არ დაუძრავს. ორივე წინ იყურებოდა. გოგომ ღუმელი ჩAრთო. ნელ-ნელა დათბა.

უკვე ბნელდებოდა. ქარი ისევ გუგუნებდა.

– არ მივდივართ? – იკითხა გოგომ.

– სად? – ჰკითხა ბიჭმა.

გოგო გაჩუმდა.

“რა ვუყო, მოვკლა?” – შეხედა. გოგო არხეინად ჰქონდა ქერა თმა მწვანე თვალებზე ჩამოშლილი. პროფილიც კი არხეინი ჰქონდა. “რო ავიღო და მოვკლა, მართლა რო მივაბრიდო”. ბიჭს გაეცინა. გოგო არხეინად იჯდა და თითებს ითბობდა. “რა ვქნა, ტო?!.” ძალიან მოუნდა თავის სახლში, სავარძელში ჯდომა და სულელური ამერიკული ფილმის ყურება – ვიღაცას რო მაგრად ეჭოჭება, შენ კიდევ ზიხარ შენთვის, არაფერი გემუქრება, არაფერს აკეთებ, არაფერზე ფიქრობ, არაფერს ეძებ – არც გამოსავალს. გამოსავალი, რა გამოსავალი? მისავალი – მოსავალი, ხსოვნა იყოს, მშვიდად დაიძინებ, მშვიდად გაიღვიძებ

ფუი, შენი!..

– აღარ მივდივართ? – გოგო აშკარად კარგად გრძნობდა თავს.

“სულელი ვარ, ახლად გაღვიძებული განჯელი თათარივით სულელი.”

ბიჭმა მანქანა დაძრა და რუსთაველზე დაუხვია.

განათებულ პროსპექტზე კარგად ჩანდა ქარი როგორ დაშხუოდა.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button