ენიგმამეცნიერებაუცნაური

მრავალი სამყაროს თეორიის გასაოცარი ქვეტექსტები

კვანტურ ფიზიკაში, რომელიც ფიზიკური რეალობის ბუნებას სწავლობს, საკმაოდ ბევრი ინტერპრეტაცია შეიძლება გაკეთდეს არსებული ინფორმაციის საფუძველზე. მათგან ყველაზე პოპულარული და გავრცელებულია კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური პრინციპი არის ტალღური ფუნქციის კოლაფსი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ყოველი მოვლენა არსებობს „ტალღური ფუნქციის” სახით და მოიცავს მოვლენის ყველა შესაძლო შედეგს, თუმცა დაკვირვებისთანავე ხდება მისი „კოლაფსი” და ვიღებთ მხოლოდ ერთ რეალურ შედეგს. მაგალითად, თუკი ოთახს არავინ აკვირდება, მასში მყოფი ობიექტები არსებობენ „კვანტურ სუპერპოზიციაში” – განუსაზღვრელ მდგომარეობაში, რომელიც სავსეა შესაძლებლობებით მანამ, სანამ ვინმე შიგნით არ შეიხედავს და მოახდენს ტალღური ფუნქციის კოლაფსს, შედეგად კი ერთი რომელიმე რეალობა მიიღება.

დამკვირვებლის როლი დიდი ხნის განმავლობაში იყო დავის საგანი მათთვის, ვინც კვანტურ მექანიკას არ ეთანხმებიან. ამ ინტერპრეტაციის ყველაზე ძლიერ კონკურენტს და სავარაუდოდ მეორე ყველაზე პოპულარულ ინტერპრეტაციას სახელი ეწოდება ჰიუ ევერეტის მიხედვით, რომელმაც ის 1957 წელს წამოაყენა. ფართო საზოგადოებაში ევერეტის ინტერპრეტაცია ცნობილია, როგორც მრავალი სამყაროს ინტერპრეტაცია (მსი), რადგან პოსტულატად იღებს მოსაზრებას, რომ ტალღური ფუნქციის კოლაფსი არასდროს ხდება. ის უბრალოდ იტოტება უნიკალურ სამყაროებად და ნებისმიერი სიტუაციის ნებისმიერ შედეგს დამოუკიდებელ ფიზიკურ რეალობად ახორციელებს. მრავალი სამყაროს ინტერპრეტაცია მულტისამყაროს იდეის ერთ-ერთ ფორმას წარმოადგენს. თუკი გიჭირთ ამ ყველაფრის წარმოდგენა (რომ არაფერი ვთქვათ იმაზე, რომ მას ეთანხმება ბევრი გავლენიანი მეცნიერი, მაგალითად სტივენ ჰოკინგი), ბონუსად წარმოგიდგენთ მის 10 ქვეტექსტს.


● არსებობს მულტისამყარო, პარალელური ფიზიკური რეალობების უსასრულო რიცხვი.
ალბათ თქვენთვის უცხო არ არის „ალტერნატიული სამყაროს” ცნება და თუ ეს ასეა, სავარაუდოდ ფანტასტიკური ჟანრიდან გეცნობათ. ფიქციური მულტისამყაროს იდეა ისაა, რომ არსებობს უსასრულო რაოდენობის ალტერნატიული რელობა, თითოეული ცალკეულ და უნიკალურ ვერსიას წარმოადგენს და არსებობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებლად, ზოგჯერ კი ერთმანეთს კვეთენ.

ეს გახლავთ კვანტური მექანიკის მრავალი სამყაროს ინტერპრეტაციის ზოგადი განმარტებაც (გარდა გადაკვეთისა, ყოოველ შემთხვევაში ჯერჯერობით ასეა). რადგან ტალღური ფუნქცია არასდროს კოლაფსირდება, ყველანაირი შედეგი ხორციელდება სხვა რეალობაში, რომლებიც ჩვენი სამყაროს პარალელურად არსებობს. აღსანიშნავია, რომ ფანტასტიკის ჟანრში ალტერნატიული რეალობების იდეამ აქტიურად გავრცელება დაიწყო ევერეტის მიერ მსი-ს წამოყენებიდან 4 წლის შემდეგ. თუკი ეს ინტერპრეტაცია გამართლდა, ფანტასტიკა შესაძლოა უფრო მეტი იყოს, ვიდრე გამოგონილი ამბები და სინამდვილეში აღწერდნენ სადღაც სხვაგან მომხდარ მოვლენებს.

არსებობს თქვენი ვერსია, რომელსაც ამ დილას მანქანა გაუფუჭდა და იძულებული გახდა, ავტობუსით წასულიყო. ასევე არსებობს თქვენი ვერსია, რომელიც ბომბებით შეიარაღებული კამიკაძე არწივის მსხვერპლი გახდა. ეს ყველაფერი კი იმაზე მიანიშნებს, რომ…

960x0
● ნაკლებად დასაჯერებელი და უჩვეულო მოვლენები აუცილებლად ხდება.
წარმოვიდგინოთ, რომ მიმდინარეობს ფეხბურთის თამაში და ხდება საჯარიმო დარტყმა. ამ დროს გორდება უხილავი კამათელი, რომელიც მოიცავს შესაძლო შედეგების უსასრულო რაოდენობას. ყველაზე მოსალოდნელ შედეგებს – მეკარე ახერხებს ბურთის მოგერიებას, მეკარე ბურთს იჭერს, ბურთი კარს ცდება და ა.შ. – მაღალი ალბათობა აქვთ, პირობითად ვთქვათ მილიარდები. თუმცა ასევე არსებობს დაბალი ალბათობის მქონე შედეგები – დარტყმისას ბურთი სხლტება და უჩვეულო ტრაექტორიით მიდის, შემდეგ კი სხვა მიმართულებით უხვევს და მოედანს სცდება. ასეთ მოვლენებს დაბალი ალბათობა აქვს, თუმცა მათი მოხდენა გამორიცხული არაა.

მსი ასკვნის, რომ აბსოლუტურად ყველა შედეგი ხორციელდება სადმე, რომელიმე ისტორიაში და ადრე თუ გვიან, ის დროის ხაზი, რომელშიც დაუჯერებელი რამეები ხდება, იქნება ის, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ერთადერთი რამ, რამაც მოვლენის მოხდენას შეიძლება ხელი შეუშალოს, ბუნების კანონებია. ყველაფერი, რაც მათ არ ეწინააღმდეგება, სადღაც ხდება.

თუმცა ჩვენ დაზუსტებით იმის გარკვევაც არ შეგვიძლია, ფიზიკის კანონები მუდმივი რჩება თუ არა ყველა შესაძლო სამყაროში, რადგან მათთან კომუნიკაციას ჯერჯერობით მაინც ვერ ვახერხებთ. ასე რომ როდესაც გვესმის ისეთ ამბებზე, რომლებიც შეუძლებლად გვეჩვენება, მაგალითად მანათობელი ბურთი, რომელიც პოლიციის ვერტმფრენს უტევს, რეინჯერი, რომელსაც შვიდჯერ დაეცა მეხი ან დაკარგული ადამიანის შემთხვევით გამოჩენა იმ ფოტოს უკანა ფონზე, რომელიც ოჯახმა გაზეთისთვის გადაიღო მისი ამბის გასავრცელებლად, ნათელი ხდება, რომ უსასრულო რაოდენობის შანსების პირობებში მათი მოხდენა სავსებით შესაძლებელია. ნებისმიერი რამ, რასაც წარმოიდგენთ, არამარტო განხორციელებადია, არამედ გარდაუვალიც. ამას კი მივყავართ შემდეგ დასკვნამდე, რომ…


● თქვენ გაგიკეთებიათ და/ან გააკეთებთ ყველაფერს, რაც კი ოდესმე წარმოგიდგენიათ.
თუკი შეუძლებლად მიგაჩნიათ იმის წარმოდგენა, რომ ვინმემ შეიძლება უამრავი ადამიანი უმიზეზოდ დახოცოს, ან გადაურჩეს ისეთ დაზიანებებს, რომელიც ადამიანის გაძლების ზღვარს ბევრად აღემატება, ან პილოტმა სრულიად უვნებლად დასვას თვითმფრინავი, რომელსაც კონტროლის მექანიზმი მოშლილი აქვს, შეიძლება უფრო შესაძლებლად ჩათვალოთ იმის გათვალისწინებით, როგორ მოქმედებს ალბათობა მულტისამყაროში. მაგრამ როგორც კი ამ ყველაფერს მივუსადაგებთ საკუთარ თავებს, შედეგი არც ისე სახარბიელოა. არსებობს თქვენი მილიარდობით ვარიანტი და მათგან ბევრი ძალიან განსხვავდება „თქვენგან”.

სხვაობა იმხელა შეიძლება იყოს, რამდენად დიდიცაა თქვენი წარმოსახვის უნარი. სავარაუდოდ არასდროს არავინ მოგიკლავთ, მაგრამ გიფიქრიათ თუ არა ამაზე ერთხელ მაინც? სადღაც იარსებებს ისეთი ვერსია, რომელმაც ეს უკვე ჩაიდინა. რომელიღაც სამყაროში თქვენ ყველაზე ამაზრზენი სერიული მკვლელი ხართ. თუმცა სხვაგან თქვენი დაუღალავი შრომითა და თავგანწირვით მსოფლიო მშვიდობა დამყარდა. ოდესმე ყოფილხართ რომელიმე მუსიკალურ ჯგუფში? არსებობს რეალობა, სადაც ეს ჯგუფი ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. მოგწონებიათ ვინმე, მაგრამ თქმა ვერ გაგიბედავთ? რომელიღაც სამყაროში ახლა პაემანი გაქვთ.

ამან შეიძლება ბევრი რამ ახსნას: დეჟა-ვუს ძლიერი განცდა, სიახლოვის გრძნობა მათთან, ვინც არასდროს გინახავთ, არაბუნებრივი ლტოლვა ისეთი რამეებისადმი, რასაც უნდა ვერიდებოდეთ ან ის ადამიანები, რომლებიც უჩვეულოდ იქცევიან. ადამიანთა ნაწილს შესაძლოა, სხვა სამყაროებთან ან თავიანთ ვერსიებთან ერთგვარი რეზონანსის უნარი ჰქონდეს, რაც მიგვანიშნებს, რომ:


● თქვენ სხვებისგან არ განსხვავდებით.
ინდუიზმი, მსგავსად რამდენიმე სხვა რელიგიური და ფილოსოფიური აზროვნების სკოლისა, ქადაგებს რეინკარნაციას – რომ ადამიანები დედამიწაზე ბევრჯერ ვიბადებით, რომ შეგვიძლია ჩვენი წარსული და მომავალი „სიცოცხლეებიდან” რაღაცები ვისწავლოთ და ეს სწავლა რეალურად ჩვენი არსებობის მიზანია. ეს რწმენის სისტემა შეგვიძლია მულტისამყაროს ინტუიციურ გაგებად ჩავთვალოთ და თუ გავითვალისწინებთ ზემოთ მდებარე დასკვნას სერიული მკვლელობის შესახებ, ცხადი გახდება, რომ ადამიანური ბუნების ყველა წახნაგის გამოცდა ზრდის განუყოფელი ნაწილია.

ცხადია, ეს არ ნიშნავს, რომ ვინმემ ადამიანების ხოცვა დაიწყოს ან რაიმე სხვა ამორალურ ქმედებას მიჰყოს ხელი – ინდუისტური რწმენით, სწავლების ამ ხანგრძლივი ციკლის მიზანი არის ცოდნით სრულყოფა და არსებობის უფრო მაღალ დონეზე გადასვლა. თუმცა თუკი ზოგის აზრით, საბოოლოო დანიშნულება დადებითი მხარის ამაღლებაა, სხვები თვლიან, რომ ციკლი უბრალოდ მეორდება და როცა ყველა რეალობაში არსებული ობიექტები სასიცოცხლო მარაგს ამოწურავენ, ჩვენი აკუმულირებული ცოდნის მეშვეობით ციკლი ხელახლა დაიწყება და შეიქმნება შემდეგი მულტისამყარო. რაც ცხადია, ნიშნავს, რომ…


● ეს ყველაფერი ადრეც მომხდარა (და ისევ მოხდება).
რეალობა უწყვეტი ციკლია – დიდი აფეთქების, გაფართოების, სამყაროს სიკვდილის და შემდეგ ისევ დიდი აფეთქების პროცესების ჩათვლით – ამიტომ თუ მას დავუმატებთ ჩვენს ცოდნას მულტისამყაროსა და უსასრულო რეალობებზე, დავასკვნით, რომ თქვენ ადრეც არსებობდით. უფრო მეტიც, ადრეც არსებობდა თქვენი უსასრულო რაოდენობის ვერსია და მომავალშიც იარსებებს, იგივე ეხება ყველაფერს ჩვენ გარშემო, ყველა იდეას, შემოქმედებას თუ სიტუაციას ყოველი რეალობის აწმყოში, წარსულსა და მომავალში.

ამ კონცეპტით შეგვიძლია ავხსნათ დეჟა-ვუსა და წინათგრძნობის მოვლენები. გინდაც დეჟა-ვუ შემთხვევითი და უშინაარსო იყოს, და წინათგრძნობა მცდარი აღმოჩნდეს, მათი არსებობა გასაგები ხდება მსი-ს ინტერპპრეტაციით. შესაძლოა მართლაც არსებობდეს ზემოთ ნახსენები რეზონანსის უნარი, რომელიც პირველად კომიქსების წიგნებში გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, თუკი ყველაფერი რაც არსებობს ან იარსებებს, უკვე არსებობდა, მაშინ დავასკვნით, რომ…


● არ არსებობს ახალი ამბები, სიმღერები, მოვლენები და ა.შ.
ხელოვნება უნიკალური ადამიანური შემოქმედებაა, რომლის მეშვეობითაც გადმოიცემა ადამიანთა ცხოვრების ისეთი ასპექტები, რომელთა სხვა გზით გამოხატვაც რთული ან შეუძლებელია. თუკი ვერცერთ ენაში ვერ გამოიხატება ზუსტად, როგორი გრძნობაა სიყვარული, მრავალნაირად შეიძლება ამის გამოთქმა ხელოვნების ენაზე და ეს მხოლოდ ერთ-ერთი მაგალითია.

მულტისამყაროში ადამიანური ემოციების, ფიქრებისა და პერსპექტივების გამოხატვა ყოველთვის არსებობდა, რამდენადაც არსებობდა მათი წარმომშობი იმპულსები. თითოეული ნაწარმოები უკვე დაწერილია და თქვენმა სხვა ვერსიამ წაიკითხა.

ამის გათვალისწინებით წარმოვიდგინოთ, რომ ამბები უბრალოდ ამბები არაა. მარველის კომიქსების მულტისამყაროში გათვალისწინებულია ჩვენი რეალობაც, სადაც არ არსებობენ სუპერგმირები, არამედ ისინი მხოლოდ წიგნებსა და ფილმებში გვხვდებიან. შეიძლება სინამდვილეშიც ასე იყოს – სხვა სამყაროებში შესაძლოა ფიზიკის სხვა კანონები მოქმედებდეს – და მათში ეს ამბები ისტორიული მოვლენები და პიროვნებები იქნებიან. ეს შეიძლება მიესადაგოს ყველაფერს, რაც კი კაცობრიობას წარმოუდგენია ან შეუქმნია – არსებობს პარალელური სამყარო ჰოგვარტსის სკოლითა და ჰარი პოტერით, ბროლის ტბითა და ჯეისონ ვურჰისით, ქალაქ გოთემითა და ბეტმენით, თითოეული მათგანი რომელიღაც რეალობაში ხორციელდება.

და თუკი ფიქრობთ, რომ ამ მსჯელობის – რომ ყველაფერი არსებობს, არასდროს არაფერი იქმნება – მიხედვით არაფერი ნადგურდება, მაშინ:


● შეიძლება ითქვას, თქვენ უკვდავი ხართ.
სწორედ ესაა ერთ-ერთი ქვეტექსტი. მულტისამყაროში ჩვენი უკვდავება ბევრნაირად შეიძლება იქნას გამოხატული. თერმოდინამიკის პირველი კანონი – ენერგია (მაგალითად, თქვენი ტვინის მიერ გენერირებული ელექტრული იმპულსები ან სხეულის სითბო) არც წარმოიქმნება და არც ნადგურდება, არამედ მხოლოდ ფორმას იცვლის – მიანიშნებს, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ ენერგია სადღაც უნდა წავიდეს და ცნობიერებასაც რაღაც უნდა დაემართოს. უკეთ გასაგებად განვიხილოთ წარმოსახვითი ექსპერიმენტი, სახელად კვანტური უკვდავება.

ამ ექსპერიმენტში (რომელსაც ტყუილად არ ჰქვია „წარმოსახვითი”, უმჯობესია არ სცადოთ) ადამიანი ჯდება იმ მოწყობილობის წინ, რომელიც დაპროგრამებულია 50/50 ალბათობით, რომ ან ამოქმედდეს და ექსპერიმენტატორი მოკლას, ან დაწკაპუნებით გამოირთოს და გადაარჩინოს. მეორე შემთხვევაში ექსპერიმენტატორი და დამკვირვებლები ერთსა და იმავე შედეგს იხილავენ – დაწკაპუნებას. მაგრამ პირველ შემთხვევაში – რადგან (თუ ჩავთვლით, რომ მსი სწორია) შეუძლებელია, ექსპერიმენტატორმა ცნობიერების შეჩერება იგრძნოს (მულტისამყაროს მასშტაბით ცნობიერება უკვდავია) – იმ დროს, როცა დამკვირვებლები ექსპერიმენტატორის სიკვდილს იხილავენ, თავად ეს ადამიანი გამოცდის პირველ შედეგს, უვნებელ დაწკაპუნებას, სხვა რეალობაში. ექსპერიმენტატორი ვერასდროს გამოცდის სხვა შედეგს და ამიტომ – მიუხედავად იმისა, რამდენად შემცირდება ალბათობა მრავალჯერ გამეორების შემდეგ – ის ყოველთვის გადარჩება და თავის რეალობაში ყოველთვის წარმატებული შედეგი ექნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა ჩვენგანი იგრძნობს სიკვდილის მოახლოებას, მაგრამ არა სიკვდილს – ჩვენი ცნობიერების განადგურებას. როგორ შეიძლება ეს მოხდეს? აქ უკვე გადავდივართ თავად ცნობიერების ბუნებაზე და მივადგებით ძალიან რეალურ შესაძლებლობას, რომ…


● ჩვენ საკუთარი თავის პროექცია ვართ.
გვიან 1970-იანებში ფიზიკოსმა დევიდ ბომმა შეიმუშავა თეორია, რომელიც აღწერდა არსებობის ჩახლართულ და მოწესრიგებულ წყობებს. ამ თეორიაში, რომელიც თავსებადია მსი-სთან, წამოყენებულია არსებობის ჩახლართული წყობა, რომელიც რეალობის უფრო ღრმა და ფუნდამენტურ გაგებად აღიქმება. ხოლო მოწესრიგებული წყობა მოიცავს იმას, რასაც ფიზიკურად ვხედავთ და გამოვცდით, და წარმოადგენს ჩახლართული წყობის ასახვას (პროექციას).

ბომი (ფიზიკოს კარლ პრიბრამთან ერთად, რომელმაც დამოუკიდებლად დააასკვნა იგივე) მივიდა საკამათო დასკვნამდე, რომ მთელი დაკვირვებადი არსებობა წარმოადგენს ჰოლოგრამების ერთობლიობას. როგორც ლაზერის გაფილტრვის შედეგად იქმნება ჰოლოგრამა, ისე ჩვენი ჩახლართული წყობის კოლექტიური ენერგია იფილტრება ადამიანური ცნობიერების მიერ და იქმნება მოწესრიგებული, ფიზიკური რეალობა.

მაიკლ ტალბოტი წიგნში „ჰოლოგრაფიული სამყარო” დეტალურად განიხილავს ბომისა და პრიბრამის ამ და სხვა თეორიებს, მაგრამ გარდაუვალი და აუცილებელი დასკვნა – სადამდეც შეიძლება უკვე თქვენითაც მიხვედით – არის ის, რომ:


● ჩვენ კოლექტიურად ვქმნით ფიზიკურ რეალობას.
თუკი წესრიგი არეულობის პროექციაა, მაშინ ჩვენ – ჩვენი ფიზიკური მეები და მთლიანად ფიზიკური რეალობა – ნამდვილი, გაუფილტრავი ცნობიერების ჰოლოგრამას წარმოვადგენთ. მის შექმნაში ყველანი მუდმივად ვმონაწილეობთ, მიუხედავად იმისა, ვიცით ეს თუ არა.

ეს დასკვნა ხსნის თითქმის ყველაფერს, რაც სხვაგვარად აუხსნელია ჩვენთვის ცნობილ სამყაროში. ზებუნებრივი მოვლენები, აზრიანი დამთხვევები, პარანორმალური აქტივობა – ამ ყველაფერს აზრი ეძლევა იმის გაცნობიერებით, რომ რეალობა უბრალოდ წარმოსახვაა, რომელსაც ქმნის ყველაზე ძლიერი ცნობიერება.

თუკი ესაა ფიზიკური რეალობის ჭეშმარიტი ბუნება – რასაც საუკუნეების განმავლობაში ქადაგებდნენ ინდუისტი სწავლულები, მხატვრებისა და ფილოსოფოსთა თაობები და უკვე ზოგიერთი ბრწყინვაკლე მეცნიერის გონებაშიც იგივე ტრიალებს – მაშინ მხოლოდ ერთი დასკვნის გაკეთებაღა რჩება. ეს დასკვნა ნახსნებია საყოველთაოდ ცნობილი როკ-ჯგუფის „ბიტლზის” 1967 წლის სიმღერაში „Strawberry Fields Forever”:


● არაფერია რეალური.
მხატვრული და ფილოსოფიური აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი იდეა მძლავრად მკვიდრობს, დიდი ხანია არსებობს და გავლენიანი კონცეფციაა. ბიტლზის შემოქმედებიდან ჩჟუან-ძის პეპლის სიზმრამდე, დეკარტის ფრაზიდან „ვაზროვნებ, მაშასადამე ვარსებობ” ბილ ჰიკსის მონოლოგამდე „ცხოვრება მსვლელობაა”, და საბავშვო ლექსებშიც კი – ცხოვრება აღქმულია, როგორც სიზმარი. ძლიერი სიზმარი, რომელიც ჩვენთვის უამრავ გაკვეთილს მოიცავს – მაგრამ მაინც სიზმარი.

ბოლოს და ბოლოს, თუკი ყველაფერი – ატლანდიტა, ჰარი პოტერი, ლუკ სკაიუოკერი – სადღაც აუცილებლად რეალობაა, მაშინ რა არის რეალობა გარდა იმისა, რასაც აღვიქვამთ? და რა არის ჩვენი აღქმა, თუ არა ჩვენივე შემოქმედება?

მართალია, ძნელი აღსაქმელია, მაგრამ ამ მომენტში თქვენი მილიარდობით ვერსია ამუშავებს ამ კითხვას და პასუხის პოვნას ცდილობს. ხოლო მილიარდობით შანსის პირობებში თქვენი ზოგიერთი ვერსია ნამდვილად მივა სწორ დასკვნამდე.

Source
https://charlius.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button