ნოდარ დუმბაძე – მორის ფოცხიშვილი
არის წიგნები, რომელთაც წინასიტყვაობა საერთოდ არ სჭირდება. პირველივე ლექსი კრებულის წინასიტყვაობაა თავისთავად, ხოლო ყველა მომდევნო – ფიქრი, მსოფლმხედველობა და ბიოგრაფია ავტორისა.
ასეთ კრებულად მიმაჩნია მორის ფოცხიშვილის ეს კრებული და ასეთ პოეტად მიმაჩნია იგი თავად . . .
. . . მასთან ჩემი პირველი შეხვედრა (1950) ამაღელვებელი და ოდნავ სევდის მომგვრელი იყო: იდგა სცენაზე ახალგაზრდა კაცი და ათრთოლებული, ამღერებული ხმით სიყმაწვილეს ემშვიდობებოდა:
ენკი, ბენკი სიკლისა
ენკი, ბენკი… და!
დღენი სიყმაწვილისა
გა… ვი… .… და….
მახსოვს, როგორ აიჩუყა გული თვითონაც და როგორ აგვიჩუყა გული ჩვენ, მსმენელებს (მაშინ მეც ლექსებს ვწერდი). წარმატება ჩემთვის მოულოდნელი იყო, ტაში თითქმის ათ წუთს არ შეწყვეტილა – ათი წუთი ტაში ვისაც გამოუცდია, ძალიან ბევრია… და იმ დღიდან წარმატებას ერთი წუთითაც არ მიუტოვებია მორის ფოცხიშვილი.
მორის ფოცხიშვილი ერთ – ერთი იმათთაგანია საქართველოში, თუ არა ერთადერთი, რომელსაც საკუთარ ლექსებს ხალხი დარბაზიდან კარნახობს და ხმას აყოლებს კიდევაც…
საქართველოში საოცარი რამ ხდება, დღემდე არც ერთი პოეტის იმდენი ლექსი ხალხს არ უმღერია, რამდენსაც მორისის ლექსებს მღერიან. მორის ფოცხიშვილი ქარაგმულად თუ ვიტყვი ”ამღერებული ტალანტია”. ხალხი მის თითქმის ყველა ლექსს მღერის, და განა იმიტომ, რომ იგი სასიმღერო მარტივ ტექსტებს წერდეს, არა, მისი ლექსი საოცრად მუსიკალურია და შინაგანი ჰანგით არის ზეაწეული.
მორის ფოცხიშვილის ლექსს შეხვდებით ყველგან, ესტრადაზე, მაგნიტოფონის ფირზე, რადიოში, ტელევიზიაში, ყველგან – სახლის სარდაფსა და ფანჯარაში, ყველა ოჯახში თითქოს ათას ხმაზე თბილისსა და მის მოქალაქეებზე უსაშველოდ შეყვარებული მკლავგაშლილი პოეტი დადიოდეს ქუჩაში და ქვეყანას ეალერსებოდეს.
მაგრამ სწორი არ იქნება, თუ მორისს მხოლოდ სასიმღეროდ და სალაღობოდ მოცლილს წარმოვიდგენთ, მას აქვს სულისშემძვრელი და როგორც ტიციანი იტყოდა, ისეთი მეწყერივით ლექსები, რომ წაგიღებს და ცოცხლად დაგმარხავს. ამ ლექსების მოყოლა არ შეიძლება, არც სიმღერა, ისინი ჩუმად უნდა იკითხო, შენთვის. მე ამ ლექსებმა შურით ამავსეს, კეთილი შურით და ერთი გაელვება ასეთმა აზრმაც კი გამიელვა: ასეთი ლექსები რომ მეწერა თავის დროზე, ალბათ პროზის წერას არ დავიწყებდი – მეთქი.
წყარო: http://lib.ge/