პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ფრთხილად
ფრთხილად, ხელი არ შეახო ჩემს დაფარულ გულის ძგერას,
გული იგი არ დაინდობს შენს უმანკო ბედისწერას!
ფრთხილად, ფრთხილად! დაუკვირდი ჩემს ქცევას და თვალთა ცქერას
და ნუ ცდილობ თვალებიდან საიდუმლოს გადაწერას.
საიდუმლო, რომლის ტკივილს განიცდიდა მარად გული,
საიდუმლო, რომლის სევდამ გადმოღვარა სინანული.
საიდუმლო, რომლის გესლი სირცხვილივით მდევდა, მდევდა,
საიდუმლო, რომლის სიღრმეს ვერ დაიტევს შენი სევდა!
ო, ამ მწარე საიდუმლომ თავგანწირვა შექმნა მწარე
და ამოსწვა ჩემი სული, ერთხელ წმინდა, მოელვარე.
და ამოსწვა სული, მაგრამ შეუერთდა თვით ალს ნაქსოვს,
თვით დაიწვა და არ ვიცი, ეხლა მახსოვს თუ არ მახსოვს?
მე არც ვნანობ, იგი მიღირს თვით სიკვდილად, თვით სიკვდილად;
ჩემს დაფარულ გულის ძგერას, ნუ შეარხევ… იყავ ფრთხილად!