პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ქვეყანა გაცვდა,ვით …

ქვეყანა გაცვდა, ვით ძველი გროში,
უდაბურებად იქცა სოფელი,
ნუ გაოცდები, რომ ასეთ დროში
მცირე ბედისაც ვარ მადლობელი.

შეიძლებოდა, მქონოდა სული
კეთილი, ნაზი, როგორც დობილი,
მაგრამ ცხოვრება არაა სრული,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.

ვით შეიძლება იქნე ლამაზი,
როცა სიტლანქე მოდის მგმობელი,
დროა დავტოვო ფიქრი ამაზე,
მცირე ბედისაც ვარ კმაყოფილი.

საშინელება, სიბნელე, გესლი,
დემონიური ცეცხლის პროფილი,
ბოროტო, სუნთქვა ნუ გამიძნელე,
მადლობელი ვარ, ვარ კმაყოფილი!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button