ისტორიახელოვნება

ნიკოლოზ ვაჩეიშვილი, გიგი თევზაძე “სვანური კოშკები და სვანეთის მაღალი ხელოვნება”

ისტორია და ჰიპოთეზა

სვანური კოშკების კომლექსები, ეკლესიების სიმრავლე, მაღალტექნოლოგიური მშენებლობის და ხელოსნობის ცოდნის კვალი, მესტიის მუზეუმში დაცული მაღალი ხელოვნების ნიმუშები – ეს ყველაფერი არის იმ სახელმწიფო პროექტის შედეგი, რომელიც სამი საუკუნის განმავლობაში (XI-XIII საუკუნე) ხორციელდებოდა სვანეთში და მიზნად ისახავდა სვანეთის ქცევას კავკასიის სამხედრო, რელიგიურ, კულტურულ და ტექნოლოგიურ ცენტრად. ამ მიზნით:

1. აშენდა საფორტიფიკაცო ზღუდე ჩრდილო კავკასიდან მოსალოდნელი საფრთხის წინაამღდეგ (სვანური კოშკების კომლექსები);
2. შეიქმნა სისტემა, რომელსაც ჩრდილო კავკასიაში ქრისტიანული მისიონერობის ცენტრის ფუნქცია უნდა შეესრულებინა (ეკლესიების სიმრავლე და მათი განლაგების სიმჭიდროვე);
3. იქმნებოდა კულტურის და ტექნოლოგიების განვითარების/პრეზენტაციის ცენტრები, რომლებიც ჩრდილო კავკასიაში მცხოვრები ხალხების მიზიდულობის და დაინტერესების ადგილებად უნდა ქცეულიყო (მაღალი ხელოვნების და ტექნოლოგიის შემორჩენილი კვალი).

სვანეთი

ანტიკურ პერიოდში და ადრეულ შუა საუკუნეებში სვანეთის ტერიტორიაზე გადიოდა, როგორც ჩრდილო კავკასიისკენ, ასევე, შავი ზღვისაკენ მიმავალი სავაჭრო გზა: კოდორის ხეობის გავლით მოგზაურს ადვილად შეეძლო მიეღწია შავი ზღვის სანაპირომდე, სადაც ჯერ კიდევ ბერძნების დროს და მათ მიერ აშენებული სავაჭრო ფორტები ეგულებოდა. სავაჭრო ფორტებიდან კი გახსნილი იყო საზღვაო გზა როგორც ცენტრალური ევროპისაკენ (დასავლეთით), ასევე ბიზანტიისაკენ (სამხრეთით) და შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროზე მაცხოვრებელი ხალხებისაკენ.

ამიტომ, ამ გზას, როგორც სავაჭრო და სამხედრო პოტენციალის მქონეს, დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მე-6 საუკუნის ბოლომდე, ამ გზაზე კონტროლის მოსაპოვებლად, სპარსეთის და ბიზანტიის სახელმწიფოებს შორის რამდენიმე ბრძოლა მოხდა. შესაბამისად, სავაჭრო-სამხედრო გზის არსებობის გამო, მხარე მდიდარი იყო. ჰეროდოტეს ცნობით, სვანებს ამ პერიოდში 200 000-იანი ლაშქარის გამოყვანა შეეძლოთ. როგორც ჩანს, ამ ლაშქარში არა მარტო გზის გაყოლებაზე მცხოვრები სვანები, არამედ, ჩრდილო კავკასიაში მოსახლე ხალხიც ერთიანდებოდა.

მე-5 საუკუნეში დაწყებული რეგიონალური აციების გამო (ე.წ. „რომანული კლიმატური ოპტიმიმუს დასასრული“), შავი ზღვისკენ მიმავალი გზა ჩაიკეტა (გზის ყველაზე მაღალი წერტილი, კოდორის უღელტეხილი, ზღვის დონიდან 2000 მეტრზეა). ასევე, კლიმატური პირობების გაუარესების გამო, გართულდა ჩრდილო კავკასიელ ხალხებთან ურთიერთობა. სვანეთი მე-10 საუკუნემდე არსებობდა, როგორც ჩიხი, სადაც მიმავალი გზა წყდებოდა და იმის იქით არასაით გრძელდებოდა.

მე-10 საუკუნეში კვლავ დაიწყო დათბობა (ე.წ. „შუა საუკუნეების თბილი პერიოდი“). ამ პერიოდში ჰაერის ტემპერატურამ ვერ მიაღწია რომანული კლიმატური ოპტიმუმის დონეს, შესაბამისად, კოდორზე გამავალი გზა შავი ზღვისაკენ ვერ აღდგა. სამაგიეროდ, ამ დათბობამ გაანთავისუფლა ჩრდილო კავკასიაში გადასასვლელები, მყინვარებმა უკან დაიწიეს და აღდგა იმ გზების უმეტესობა, რომლებიც მე-6 საუკუნემდე ჩრდილო კავკასიას სვანეთთან აკავშირებდა.

Picture2


მე-10 საუკუნის ბოლოდან ქართველი მეფეები იწყებენ საქართველოს, როგორც რეგიონის უპირობო ლიდერის პროექტის განხორციელებას. ცხადია, ჩრდილო კავკასიაში მაცხოვრებელ ხალხთან ურთიერთობა, როგორც უსაფრთხოების, ასევე, ექსპანსიის მიმართულებით, მნიშვნელოვანი იყო. სწორედ ამ დროს გაჩნდა სვანეთის, როგორც ჩრდილო კავკასიასთან ურთიერთობის მთავარი ფორპოსტის იდეა და ამავე დროს უკავშირდება სვანური კოშკების კომპლექსების მშენებლობაც: 3
სვანური კოშკების კომპლექსები აშენებულია ჩრდილო კავკასიიდან გადმოსასვლელების ძირში: იმ გათვლით, რომ უღელტეხილებიდან ჩამოსულ ჯგუფს კოშკების კომპლექსზე უნდა გაევლო. თუკი ამ ჯგუფის მიზანი საომარი მოქმედება იყო, მათ პრაქტიკულად გადარჩენის შანსი არ ჰქონდათ.

სწორედ იმიტომ, რომ უღელტეხილებზე მხოლოდ უთოვლო პერიოდში შეიძლებოდა გადმოსვლა, სვანური კოშკების კომლექსები ააშენეს, როგორც საზაფხულო შენობები, გათბობის სისტემების გარეშე. სავარაუდოა, რომ მათი გამოყენება მხოლოდ უთოვლო პერიოდში ხდებოდა.

ის, რომ სვანეთი მე-11-13 საუკუნეებში ვითარდებოდა, როგორც ჩრდილო კავკასიიდან დაცვის ზღუდე, მაგრამ, ამავე დროს, ჩრდილო კავკასიისაკენ საქართველოს სამეფოს ექსპანსიის ფორპოსტი, ამავე პერიოდში გამოყენებითი ხელოვნების და საკულტო მშენებლობების აღმავლობით და მაღალი ხარისხითაც დასტურდება: ამ პერიოდში არის შექმნილი მაღალი ხელოვნების ნიმუშები და აშენებულია ეკლესიების უმეტესობა.

სვანეთის დიდ მნიშვნელობას X-XIII საუკუნეების საქართველოსათვის ყველაზე კარგად ასურათებს ლატალის მაცხოვრის ეკლესიის დემეტრე I-ს (1125-1156) მეფედ კურთხევის ფრესკა, სადაც მეფეს სამეფო მახვილს სვანთა ერისთავი გადასცემს.

დემეტრე I-ის მეფედ კურთხევის სცენა. მარცხვარიშის ფრესკა

ასევე, ჯერ-ჯერობით ერთადერთი პოლიტიკური პლაკატი-ხატი, სადაც წმინდა გიორგის მიერ ურჩხულის განგმირვის ცნობილი თემა გადათამაშებულია წმინდა გიორგის მიერ იმპერატორ დიოკლიტიანეს (ჩვ. წ. 245-311) (ქრისტიანობის მოწინაამღდეგე იმპერატორის, რომლის დროსაც აწამეს წმინდა გიორგი) მოკვლის სცენად, სადაც წმინდა გიორგი გაერთიანებული საქართველოს მეორე მეფე გიორგი I-ზე (1014-1027), ხოლო დიოკლიტიანე, იმდროინდელი ბიზანტიის იმპერატორის, ბასილ II-ზე (976-1025) მიმთითებელ ნიშნებს ატარებს. სავააუდოა, რომ ეს პლაკატი-ხატი არის რეაქცია ჩვ. წ. 1014-1023 წლებში საქართველოს და ბიზანტიის გართულებულ ურთიერთობაზე და ომზე (1021-1023), რომელიც ბიზანტიის გამარჯვებით დასრულდა.

სვანეთი
სვანეთი

ჩრდილო კავკასიიდან ზემო სვანეთში არსებული 11 გადმოსასვლელი. ყოველი გადმოსასვლელის ძირას კოშკების კომპლექსებია განლაგებული.

დაღესტანი

შესაძლებელია, ქართველი მეფეები ასე ცდილობდნენ ჩრდილო კავკასილი ხალხებისათვის მიზიდულობის ცენტრების შექმნას: მაღალი კულტურით/ტექნოლოგიებით მოხიბვლით და ქრისტიანობის გავრცელებით. ამ მოსაზრებას ადასტურებს ისიც, რომ ჩრდილო კავკასიაში ქართული ეკლესიები სწორედ ამ პერიოდშია (მე-11-13 საუკუნეები) აშენებული.

მე-11 საუკუნის ქართული ეკლესია დათუნა დაღესტანში. წყარო: http://www.batsav.com/pages/georgian-churches-north-caucasus.html 6

სვანეთი მე-11-მე-13 საუკუნეებში ვითარდებოდა, როგორც ჩრდილო კავკასიიდან ქვეყნის დაცვის და ამავე დროს, ჩრდილო კავკასიის მიმართულებით ქვეყნის საზღვრების გაფართოების ცენტრი. სვანეთის კოშკების ყველა კომპლექსი ამ პერიოდშია აშენებული. ამ პერიოდში აშენებული კოშკები შუა საუკუნეების არქიტექტურის ნიმუშებია: არა მარტო იმის გამო, რომ არცერთი კოშკი არ დანგრეული მიწისძვრის ან ზვავის გამო, არამედ, მშენებლობის ტექნიკის გამოც: ზოგიერთი კოშკის ზედა მხარეც კი რამდენიმე ტონიანი ქვებითაა ნაშენები.

მე-10 საუკუნეში დაწყებული შუა საუკუნეების თბილი პერიოდი დასრულდა მე-13 საუკუნის ბოლოს, მე-14 საუკუნის დასაწყისში. უღელტეხილები კვლავ ჩაიკეტა. აციების ახალი პერიოდი მე-19 საუკუნის დასაწყისამდე გრძელდებოდა. შესაბამისად, დასრულდა და დავიწყებას მიეცა სვანეთის განვითარების ის პროექტი, რომლის შედეგებსაც – სვანურ კოშკებს, ეკლესიებს, მაღალი ხელოვნებით შესრულებულ ხატებს და ფრესკებს, იმდროინდელი მაღალი ტექნოლოგიის ნაშთებს – დღეს ვუყურებთ.

გიგი თევზაძე, ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
2014. 06-09.

ბიბლიოგრაფია:

1. ათანელიშვილი გიორგი. სვანეთის საკითხი ბიზანტია-ირანის დიპლომატიურ ურთიერთობაში: 562-590 წწ.. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1959;
2. არღვლიანი ირაკლი. ეთნოლოგიური ძიებანი : სვანეთი I / [რედ.: თ. მიბჩუანი] ; ექვთიმე თაყაიშვილის სახ. საქ. საისტ. საზ. აფხაზეთის ორგანიზაცია. – თბ., 2003;
3. ბუხრაშვილი, პაატა. წმინდა გიორგი – დიდების მხედარი. (გამოუქვეყნებელი). 2014.
4. Crowley, Thomas J.; Lowery, Thomas S. (2000). “How Warm Was the Medieval Warm Period?”. AMBIO: A Journal of the Human Environment 29: 51; Jones, P. D.; Mann, M. E. (2004). “Climate over past millennia”.Reviews of Geophysics 42 (2): 2002.
5. Desprat, S., Goñi, M.F.S. and Loutre, M.-F. 2003. “Revealing climatic variability of the last three millennia in northwestern Iberia using pollen influx data”. Earth and Planetary Science Letters 213: 63-78. Röthlisberger, F. (1986), 10,000 Jahre Gletschergeschichte der Erde, Sauerländer.
6. გასვიანი გერონტი. დასავლეთ საქართველოს მთიანეთის ისტორიის საკითხები : [სვანეთი]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1979;
7. გასვიანი, გერონტი. ნარკვევები შუა საუკუნეების სვანეთის ისტორიიდან / [რედ.: გ. მარგიანი] ; საქ. მეცნ. აკად., ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტ., არქეოლოგიის და ეთნოგრაფიის ინ-ტი. – თბ. : მეცნიერება, 1991;
8. გეგეშიძე, მიხეილ. ბუნებრივი სტიქიები. განსახლებისა და დასახლების ფორმები (სვანური კოშკები). თბილისი. 1984;
9. გელოვანი, არჩილ. სვანეთის კულტურის ისტორიიდან / თბილ. ი. ჭავჭავაძის სახ. დ/ე და კულტურათა სახ. ინ-ტი. – თბ. : ეგრისი, 1998;
10. ზემო სვანეთის თანამედროვე ყინვარები და ძველი გამყინვარების ნიშნები : [სტატიების კრებული / ავტ.: გ. კურდღელაძე, შ. ინაშვილი, თ. ლაშხი, გ. კალანდაძე ; სარედ. კოლეგია: თ. დავითაია (მთ. რედ.) და სხვა] ; საქ. სსრ მეცნ. აკადემია. ვახუშტის სახ. გეოგრაფიის ინ-ტი. – თბ. : მეცნიერება, 1966;
11. ინგოროყვა პავლე. სვანეთის საისტორიო ძეგლები / საქ. სსრ მეცნ. აკად., ისტორიის ინ-ტი. – თბ.1941;
12. კაკრიაშვილი, ნაპო. უშგული-სვანეთის საქართველოს ევროპის სათავე თბილისი. უნივერსალი, 2010;
13. კვიციანი, იოსებ. სვანეთი II : (ეთნოლოგიური ძიებანი) / [რედ.: ვ. შამილაძე]. – თბ. : ენა და კულტურა, 2003;
14. Patterson, William Paul (1995), Stable isotopic record of climatic and environmental change in continental settings, University of Michigan;
15. სვანეთი: [სტატიების კრებული] / ს. ჯანაშიას სახ. საქ. სახელმწ. მუზეუმი, სვანეთის კომპლექსური შესწავლის კომისია. – თბ. : მეცნიერება, 1977;
16. ქალდანი, ანზორ. კოშკების სამყაროში: [ზემო სვანეთის გეოგრაფიულ-ისტორიული მიმოხილვა]. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1978;
17. ჩართოლანი, შოთა. კოდორის ხეობის “დალ”-ის მხარის არქეოლოგიური ძეგლები = თბილისი. “მწიგნობარის” გამ-ბა და სტ., 2010;
18. ჩართოლანი, შოთა. მასალები სვანეთის არქეოლოგიისათვის / ივ. ჯავახიშვილის სახ. ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინ-ტი. – თბ.1976;
19. ჩართოლანი, შოთა, ძველი სვანეთი / [რედ.: ო. ჯაფარიძე] ; საქ. მეცნ. აკად. არქეოლ. კვლევის ცენტრი. – თბ. : კერა XXI, 1996;
20. ხარაძე, რუსუდან, სვანეთის სოფელი ძველად / საქ. სსრ მეცნ. აკად., ივ. ჯაფახიშვილის სახ. ისტორიის ინ-ტი. – თბ. : საბჭ. საქართველო, 1964

Source
https://burusi.wordpress.com

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button