პოეზია

გრიგოლ ორბელიანი სო… ორ..

ვარდი ხარ? — არა!
ზამბახი? — არა!
მარამ, შენ ღაწვთზე აღყვავებულნი,
არიან ორნივ შეზავებულნი!
ნეტარ მას ბულბულს, ვინც შენს ვარდს, ზამბახს
ზედ დამღერს მარად, ვით ეშყის ბანაკს;
ვინც დასუნოსა
თმა ლადანასა,
დაუდევნელად ბროლ მკერდზე გაშლილს;
ანუ შეეხოს
შენს წელს კიპაროზს,
სიყვარულისა სარტყელით მოვლილს,
სიცოცხლე მისი,
ვითა მაისი
ნეტარებითა აჰყვავდეს ახლად,
და ვითა დილა გაზაფხულისა, საამოდ განვლონ მის
დღეთა ნათლად!
ეგ ორნი თვალნი,
ორნი ვარსკვლავნი,
ეშყის სადგურნი ბრწყინვენ გონებით,
მათ ტრფიალებით
მიჰმართავ ვისცა,
განიხსნას მისთვის სიხარულის ცა!
შენთა სიტურფეთ,
როს გუნდნი მოტრფეთ,
ვით ფარვანანი გარე დაჰფრინვენ,
და შექცევაში,
სიამის ზღვაში,
გონება გართულს რომ მიგიზიდვენ, —
მე განშორებულს,
სვე გამწარებულს
მაშინ გონებით თუ დამივიწყებ,
არ შევინანებ,
ოღონდ კი შენს გულს
ზოგჯერ ვახსოვდე ჩემდამო ერთგულს!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button