პოეზია

გრიგოლ ორბელიანი სადღეგრძელო ანუ, ომის შემდგომ ღამე ლხინი, ერევნის სიახლოვეს

შესწყდა ბინდისას ომი საზარი,
დადუმდა არე, სად ჰქუხდა ბრძოლა;
გამარჯვებითა მოილხენს ჯარი;
ურდო ცეცხლებით განათებულა!

აჰა, მთოვარეც ნელიად შუქსა,
ვითა ნუგეშსა მოგვფენს საშვებლად;
შევექცეთ, ვინც დღეს გადურჩით ომსა;
კვლავცა გვექმნების ზეცა მფარველად!

ძმანო, მორიგის სავსე ფიალით,
ჩვენცა მოუსხდეთ ცეცხლსა ანთებულს;
ვესალმოთ, ვინცა სიკვდილის ხელით
დაეცნენ ომში დღეს რისხვით წასულს!

და შენ, ჰე, ღვინოვ, ყოვლად ძლიერო,
ლხინით, შექცევით გულნი აღგვიგზნე;
გულის ჭირთ მდევნო, ნიჭო ციერო,
ვინ არს, რომელ გსვა და არ ალხინე!

მხედარნი

ჰოი, შენ ღვინოვ, ყოვლად ძლიერო,
ლხინით, შექცევით გულნი აღგვიგზნე;
გულის ჭირთ მდევნო, ნიჭო ციერო,
ვინ არს, რომელ გსვა და არ ალხინე?

სადღეგრძელო

ძმანო, აღვავსოთ ფიალა წინაპართ მოსახსენებლად,
რომელთა დაჰსდვეს სიცოცხლე მამულის ასამაღლებლად,
რომელთა სახე დიდების სხივს მოგვფენს გასამხნევებლად,
რომელთა სული მაღალი ჩვენც მიგვიზიდებს ცად მაღლად!

ვითარცა ცეცხლი მარტოდა ჰსჩანს ველსა ზედა ჰშთომილი,
რომლისა კვამლი ჰაერში ქარის შებერვით არს მქრალი, —
ეგრეთ იქმნების აღხოცილ ამ სოფლით მისი სახელი,
გზა ცხოვრებისა ვინც განვლო და არ აღბეჭდა ნავალი!

ვინ გვითხრას, ვინა გვიჩვენოს, სადა ჰსცხოვრობდენ ძველ-გმირნი?
დრომან შემუსრა, აღჰგავა მიწით მათნიცა საფლავნი;
მარამ, ჰსცოცხალან ჯერეთაც დიდების მათ მოედანი,
მათი სახელი, მათ ხმალი, საქმენი სახელოვანნი!

ძმანო, პატივით მივმართოთ თვალნი
წარსულთა ძველთა საუკუნეთა,
მათში სახელნი ჰსჩანან ნათელნი
გმირთა, მამულის განმადიდეთა!..

ეს ვინ გამოჩნდა? ვისი აჩრდილი
დაჰმზერს ივერსა ჩაფიქრებითა?
ნუთუ ვეღარა უცვნია შვილი…
მისგან აღზრდილი ტრფიალებითა?

შენ, ჰე, ფარნაოზ, ჰქმენ ერთ-მთავრობა,
შენ მოეც ქართველს წიგნი პირველი,
შენ დაუმკვიდრე ერსა ერთობა
და ერთობისა წესი და ძალი!

და ივერიის აღჩნდა მეფობა,
და განძლიერდა შენისა სიბრძნით,
შორსა განითქვა მისი გმირობა
და მის მეფენი დიდების ბრწყინვით!

ქრისტეს ნათელით განათლებული,
მეფე მირიან ჰბრწყინავს გვირგვინით,
ჯვარისა ძალით გარე-მორტყმული,
შეჰმუსრავს კერპთა მათის ბომონით!

და განჰქრა ახლის აღთქმისა ძალით
ძველის ივერის ბნელი რწმუნება;
ქართველთ მიხედეს ცას სიხარულით
და საუკუნო ჰსცნეს მუნ ცხოვრება!..

მუზარადს მგელ-ლომ გამოსახული,
ხელსა მახვილით, ვინ მოვალს გრგვინვით?
ვით ბრძოლის ღმერთი, თვით მბრძანებელი,
მზად არს საომრად სახე-შერისხვით!

ესე არს გმირი ის გორგ-ასლანი,*
რომლის შეხედვით სპარსელნი ჰთრთოდნენ,
მისწვდნენ სადაც მის ძლიერნი მკლავნი,
მტერთა შელეწდენ და შემუსვრიდენ!

ზეცა წყალობად, ნუგეშად, ივერსა გაოხრებულსა,
მეფედ მოუვლენს დავითსა,* ზეგარდმო სიყრმით ცხებულსა,
მხედართ-მთავარსა უძლეველს, გულ-მოწყალესა მსაჯულსა.
ზე-ჩაგონებით გასწავლულს, ენა მდინარე მეტყველსა!..

დავით ჰსთქვი: “იყავ ქალაქნი!” და აღმოცენდნენ ქალაქნი!
განჰვლე უდაბნო ოხერი, — სავსედ დაბებით შეჰქმენი!
დაჰკარ წერაქვი, — და აღჩნდნენ ტაძარნი, ტურფად ნაშენნი!
მუნ შენთან ღმერთსა ჰმადლობენ გალობით შენნი ივერნი!

ხმა-ჰყავ და აღსდგა ივერი фენიქსებრ განახლებული,
დიდების სხივით შემოსილ, მშვიდობით აღყვავებული!..
აღმხედრდი ლაშქრად,—და ილტვის სულთანი* შეძრწუნებული,
შირვან, დერბენდი ჰყავ სამზღვრად, შენი ხმლით შემოხაზული*

ვარსკვლავად გვინათს სახე ნათელი,
თვალნი სიამის გამომაცენნი,
სარო-ტანადი, ნაზად მრხეველი,
თითნი ნარნარად ბროლის ნათალნი!*

ვითარცა ღმერთა მშვენიერების,
ქველ-მოქმედების, სახიერების,
ვით მტრედი მადლის მშვიდი და წყნარი
ეგრეთ მშვენებით მოვალს თამარი!

სხივ-ცისკროვანი მისი გვირგვინი,
უპყრავს დიდებას და სათნოებას;
წინაშე მისსა ძლევა და მუზნი
განადიდებენ მისსა მეფობას!

მის დროშას მოჰსდევს დიდი ორბელი,
შოთა უკვდავი, ბრძენი ჭყონდიდი;
მხედართ-მთავარი დიდი მხარ-გრძელი
და გამრეკელი, ლომებრ გულადი!

თამარის დროშა გაშალეს,შეკრბა დიდუბეს*
ლაშქარი;
კახი ფარ-შუბით, თუში ხმლით, ფშავ-ხევსურს ჰშვენის აბჯარი,
მკლავით ძლიერი ქართლელი, ვით ციხე-ბურჯი მაგარი,
ოსი ფეხ-მარდი, მთიული ბრძოლაში შეუპოვარი!

მესხი სწავლითა ქებული, გმირი იმერი ზრდილობით,
და მშვილდოსნობით აფხაზი, გურული, მეგრი მკვირცხლობით…
თამარი ლოცავს ჯვარითა, ჯარს ამხნევს გულის უხვებით;
გული მეფისა ზღვა არის, უსამზღვროება წყალობით!..

გალაშქრდნენ, მისწვდნენ კარნუსა,* ერთის შეტევით მილეწეს!
ლომებრ მისცვივდნენ სინოპსა, მის ციხე ზღვაში გარდაგდეს,
განვლეს არეზი*, თავრიზი, ყაფლანქუ გარდაიარეს,
და მტვერი გაოხრებისა, ღვთის რისხვად ყაზმინს თავს დასცეს!

დრონი იცვალნენ… იხილეთ ქეთევან ნაზად აღზრდილი,*
მამულისათვის იტანჯვის, სარწმუნოების დამცველი,
ხორც-დაგლეჯილი შანგებით, მკერდზედა ცეცხლ-ანთებული,
სულის სიმაღლეს გვიმტკიცებს ზეცად დიდებით აღმსვლელი!

ნათელ გვირგვინით მოჰსჩანან კახეთის მხსნელნი გმირები
ელისბარ, შალვა, ბიძინა*
მტარვლისგან დატანჯულები!..
ტარიგად შესაწირავათ მახვილით განგმირულები,
ღმერთს ავედრებენ მამულსა მათ უკანასკნელ სიტყვები!

აჰა, ცხრა ძმანი, სახელ-განთქმულნი,
ძმანი გულითად შეთვისებულნი;
ვით წმიდა მსხვერპლი, ცად შეწირულნი.
ერთ ჟამს, ერთს ომში ერთად დაკლულნი.*

აჰა, ერთ-გული ამილახვარი*
თავდადებითა მეფისთვის მკვდარი!..
და მეფის ძალნი ოთხნი ზაალნი,*
თითო ერთ ჯარად დაფასებულნი!..

აჰა, სჯულისა წიგნითა ვახტანგ სვე-დამწარებული.*
სწავლის მოყვარე, მფარველი, გონება ამაღლებული!
უცხოსა ცის ქვეშ მარტოობს მისი საფლავი ობოლი,
დაუტირავი ჩვენთაგან, ჩვენთვის კი დამიწებული!

აჰა, ივერის ნუგეშ-დიდება,
თვისის დროისა გამშვენებელი,
მამაცთა შორის საკვირველება,
პატარა კახი, მეფე ირაკლი!*

წარბშეჭმუხვნილნი, ხმალ-ხელ მოწვდენით,
ვაი მას მტერსა, სად აღჩნდებოდა!
ერთის შეხედვით, მტერთა შემუსვრით
ბრძოლა წამსავე გარდასწყდებოდა!

დღენი ამისნი ემსგავსნეს ჩასვენებულსა ბრწყინვით მზეს,
მის შუქი თუმცა გვინათებს, მარამ ვეღარ ვმზერთ მისს სახეს!
მამული ვეღარ იხილავს ირაკლის ხმალსა მღელვარეს,
დიდება ივერიისა მასთან მარხია სამარეს!

მეფისა დროშით სად მიხვალ, ჰე, ლევან,*სულით ნათელო?
შენ მხოლოდ მამის იმედო, უდროდ მზე დაბნელებულო!
მსხვერპლო ბნელისა მტერობის, შეუბრალებით შეჭმულო!..
შეირყა ტახტი მეფისა, რა შთახვედ საფლავს ლომ-გულო.

რა ცეცხლი გაჩნდა გაღმა-მხარს, რა გრგვინვა მოდის ბრძოლისა?
მთლად დაღისტანი მოაწვა გასაოხრებლად ყვარლისა!
ოცდარვა დღეა, რაც ისმის ხმა ომის შეუწყვეტლისა!
გაჭირდა… ციხე მისუსტდა… სად არის ხელი მხსნელისა?

ორასის მხედრით სოლომან, ოთარი და რატიშვილი,*
ნოდარის ძენი, და ბოსტა,* დავით* და ბებურიშვილი
გაჩნდნენ… დაჰკივლეს… ხმალ და ხმალ შუა გააპეს ლეკთ ძალი
და გამოიხსნეს მბრწყინავი კახეთის თვალი ყვარელი!

დიდებულ სახით, გულუშიშარი
ვინ არს, რომ მისგან მტერი იშიშვის?
ჯარის იმედი, მტკიცე საფარი,
ძლევა მის დროშას წინა მიუძღვის!

შენ ხარ, ჰე დავით,* გმირი ლომგული,
ვინც იყავ მტრისთვის, ვით ცისა რისხვა;
მარჯვენას გეპყრა სიკვდილის ცელი,
სადაც შეჰსძახე, მუნ იყო მტერთ სრვა!

და ზაქარია,* მიწისა მგელი
ანაზდეულად მუნ აღჩნდებოდა,
სადაცა მტერი გალაღებული,
მისგან შემუსრვას არ მოელოდა!

ვითარცა ჭექა, მისი დაცემა
მტერთა ზედ იყო ესრედ საზარლად;
სადაც იელვა მახვილმა მისმა,
მუნ მტრის სიცოცხლე განქარდა მსწრაფლად!

გუნდნი და გუნდნი ვაჟკაცთა ჰსჩანან მამულის მფარველნი!
ზოგნი აზატის დამმხობნი, ზოგნი თემურის მებრძოლნი!
აი ასპინძის გმირები, ღირსებით თაყვან-ცემულნი,
რომელთ შეჰღებეს მტრის სისხლით მტკვრის ზვირთნი
აღელვებულნი!

აი სამასნი გმირები* დუშეთით თბილისს მოსულნი
მეფის შეწევნად, და მის წინ, მისთვისვე შეფიცებულნი:
— “თუ გაგვიწყრება ღმერთი და ვერა განვჰსდევნეთ მტრის ძალი,
იყოს შერცხვენილ, ვინც ჩვენგან, შინა წავიდეს ცოცხალი!”
და გარდიწერეს პირს-ჯვარი… ვაჟკაცებრ ხმალი იშიშვლეს…
და შავარდენებრ მივარდნენ სპარსთა ურიცხვსა სიმრავლეს!
შეჰსძრეს… გაჰფანტეს… მარამა… ზედ თავიც თვისი დააკლეს…
ფიცი ვაჟკაცთა წმიდა არს… მათცა სიკვდილით შემოწმეს!

თავგანწირულმა გმირობამ ვერა დაჰსძლია შავ-მხვედრი…
წახდა თბილისი და მასთან დაემხო ძველი ივერი!..
და სად დაჰსთხიეს გმირთ სისხლი აწ ვჰმზერთ სიამით ბაღთ მწვანეთ.
მუნით მოისმის ლხინის ხმა გულ-უზრუნველთა მოლხინეთ!
და მას წმიდასა ალაგსა, თაყვან-საცემსა ღირსებით,
გლახ-უმეცრება ფეხ-ქვეშე ჰსთრგუნავს გულითა უგრძნობით!..

გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება!
თქვენთა სახელთა ამაყად წარმოჰსთქვამს შთამომავლობა!
თქვენთა საქმეთა მოთხრობით მოხუცს ცრემლ-მოედინება,
მხნეობით აღტაცებული ჭაბუკი ხმალსა მიჰსწვდება!

მხედარნი

გმირნო, მამულის მადიდნო, თქვენა ხართ ჩვენი დიდება!
თქვენთა სახელთა ამაყად წარმოსთქვამს შთამომავლობა!
თქვენთა საქმეთა მოთხრობით მოხუცს ცრემლ-მოედინება,
მხნეობით აღტაცებული ჭაბუკი ხმალსა მიჰსწვდება!

სადღეგრძელო

ჰე, მამულო სასურველო, ვინ გახსენოს, რომ მის გული
არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი?
ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ დაჰსთხიოს თვისი სისხლი.
არ დააკლას თავი თვისი, შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი!
ვინ არ შევჰსტრფით მას ადგილს, სად აღგვეხილნეს პირველ თვალნი?

სად ჰრბიოდა მხიარული სიყმაწვილე ნათლად ჩვენი?
სად გვფარვიდა ნებიერად ხვევნა-ალერსი მშობლისა,
და სად აღგვენთო პირველად გულს ცეცხლი სიყვარულისა,
სად აწ ნაზისა რხევითა კეკლუცნი, გულის მიმტაცნი,
ტაძრად მიდიან ცრემლითა ჩვენთვის მხურვალედ მლოცავნი!

სადა შევჰხარით ლაჟვარდად ცისა კამარას მორთულსა,
მასზე მავალსა ხელმწიფებრ, მზეს ბრწყინვით განსხივებულსა,
ღამით ვარსკვლოვანს ფირუზსა, მთოვარით განათებულსა!
სიცოცხლის მომფენს ჰაერსა, სუნნელებრ შეზავებულსა!

სად მთანი ყინვის გვირგვინით არიან ცადმდე ასულნი
და მდინარენი ზახილით ზვირთის ზვირთებზე მსროლელნი;
უფსკრულნი — ჩაბნელებულნი, კლდენი — თვალ-გადუწვდენელნი,
სად მონადირე ჰსდევს ჯიხვსა და მის ქვეშ ჰვლენან ღრუბელნი.

სად ველნი, ფერით ზურმუხტნი, ნაზადა აღმწვანდებიან,
მათზე კასკასით წყარონი, გახარებულნი მორბიან;
მათ სიკამკამეს ყვავილნი თავ-დახრით განცვიფრდებიან;
გულს მათი ხილვა უხარის, თვალთ კვალად ენატრებიან;

სხვა საქართველო სად არის, რომელი კუთხე ქვეყნისა?
ერი — გულადი, პურადი, მებრძოლი შავის ბედისა?!
შავთა დროთ ვერა შესცვალეს მის გული ანდამატისა,
იგივ მხნე, იგივ მღერალი, მოყვარე თავის მიწისა!..

მამულისათვის ფიალა სავსე ვჰსვათ სიამოვნებით,
და იქმნეს აღყვავებული კეთილ-დღეობით, დიდებით;
იქმნეს მის ქედი აღყვანილ ცათამდის ძეთა მხნეობით,
და სიყვარულის მისდამი ვჰხარობდეთ გულსა აღგზნებით!

სოფელი იმად არა ღირს, კაცი ნატრობდეს ჟამს გრძელსა,
თუ ფუჭი მისი სიცოცხლე ვერა რას არგებს მამულსა!
მის სადიდებლად ჩვენც შევჰხვდეთ უშიშრად ათასს მახვილსა,
და მოვჰკვდეთ, თუკი სიკვდილით ვადიდებთ მისსა სახელსა!

მხედარნი

ჰე, მამულო სასურველო, ვინ გახსენოს, რომ მის გული
არ ათრთოლდეს სიხარულის აღტაცებითა აღვსილი?
ვინ გიხილოს დროსა საშიშს, არ დასთხიოს თვისი სისხლი,
არა დაკლას თავი თვისი, შენ დიდებად, ვითა მსხვერპლი!

სადღეგრძელო

ვაი ვინცა ეშხის ცეცხლით ჩემებრ გულსა მკვდრადა ჰხედვენ…
მაგრამ, ჰე შენ, მეგობრობავ, შვების ვარსკვლავად აღგვეგზენ!
გვინათლე ცხოვრებისა გზა, ზედა ყვავილნი მოჰფინენ,
და განჰვლოთ გულის სიმტკიცით, შენც თანა-მგზავრად შეგვექმენ!

რა არის ჩვენი სიცოცხლე, თუ არა საქმე კეთილი?
თუ არ აღვადგენთ დაცემულს, არ ვექმნეთ ნუგეშ-მცემელი?
თუ არა ვჰსდევნით ბოროტსა, მართლის არა ვართ მფარველი?
სხვის კვნესა თუ არ გვაწუხებს, სხვისა არ გვესმის ტკივილი?

ამ ჰაზრის გულსა დანერგვით ვჰსდევნიდეთ სულ-მოკლეობას!
ვჰსდევნიდეთ ძალას დამჩაგვრელს და მისსა უსამართლობას;
ვჰსდევნიდეთ კაცის წამპილწველს, უწმინდურს ანგაარებას:
ვჰსდევნიდეთ ყოველს, რაც უშლის კაცისა სულის მაღლობას!..

მიეცით ნიჭსა გზა ფართო, თაყვანის-ცემა ღირსებას:
ნიჭს აძლევს ზენა მხოლოდ კაცს და არა გვარის-შვილობას!
კაცი ის არის, ვინ არის ზეგარდმო მადლით ცხებული;
მის მხოლოდ ღვაწლი არს კეთილ, მით მხარე დამშვენებული!

კმარა მოძღვრება… დავლიოთ… ვინ იცის ხვალ ვინ მოგვაკლდეს?
ნაცვლად ლხინისა, იქნება ვისმე გვითხრიდნენ სამარეს?*
ოხ! ვით ძნელ არს მეგობრისთვის, მეგობარსა რომ მარხავდეს,
ანუ ჰსჭვრეტდეს საშიშს ალაგს, შემწეობას ვერ აძლევდეს!

მისთვის ეს ჟამი ლხინისა მოვჰსწყვიტოთ, ვითა ყვავილი,
რომლისა სუნი, სიტურფე, არა არს ჯერეთ გამქრალი!
ხვალის იმედით არ ვჰკარგოთ ეს ჟამი მალხინებელი,
თვარა მერწმუნეთ, რომ ხვალე ხშირად არს მაცდუნებელი!

მეგობრობასა წმიდასა შევჰსწიროთ სრულად რაც გვაქვნდეს!
დავლიოთ მისთვის ფიალა და აღთქმა არა გვავიწყდეს…
ვიყვნეთ ცოცხალნი მეგობრად და ვინცა ომში დაეცეს,
ცრემლნი, კურთხევა მეგობართ თან გავაყოლოთ სამარეს!

მხედარნი

აწვე შევექცეთ, ჰე, ძმანო! ვინ იცის ხვალ ვინ მოგვაკლდეს?
ნაცვლად ლხინისა, იქნება, ვისმე გვითხრიდნენ სამარეს.
ოხ! ვით ძნელ არს მეგობრისთვის, მეგობარსა რომ მარხავდეს,
ანუ ჰსჭვრეტდეს საშიშ ალაგს, შემწეობას ვერ აძლევდეს!

სადღეგრძელო

ძმანო, ივიწყეთ მცირეს ჟამს მტერი, ომი და დიდება;
მოიგონეთ სიყვარული, რომლით სიცოცხლე გვიტკბება,
რომლის შუქი აღგვამაღლებს, რომლით სული გვინათლდება,
რომლით კაცი მშვენიერობს, მაშინ თვით ღმერთს ემსგავსება!

სად ხარ, სიყვარულის დღევ, აღარა უკმოიქცევი?
ღიმილით შენსა შეყრასა ნუთუ ამაოდ ვისურვი?
გულისა მნათი, ლამპარი ნუთუ ჩემთვისა განჰქარდა
და ჩემი ბედნიერებაც წასულთა დღეთთან წარვიდა?..

გული რა იგრძნობს სიყვარულს, სიცოცხლეც მაშინ აჰყვავდეს,
ნეტარ ის ჟამი, როს სატრფო თავსა ჩვენსა გვავიწყებდეს:
მას შევსტრფოდეთ, შევხაროდეთ, თავს ვევლოდეთ, ის
გვტანჯავდეს;
ხან უწყალოდ გულს გვიკლავდეს, ხან ლმობითა ნუგეშგვცემდეს!

რა ნახოს კეთილ უგრძნობმან ტრფობისა ძნელთა ჭირებთა,
ვის არ შეეხო ეშხი გულს, არ ებრძვის გულის წყლულებთა?
მიჰხედეთ ვარდსა, მაშინ ჰფენს უმეტეს სუნნელებათა!
ოდეს ნიავი შეხებით შეარყევს მისთა რტოებთა!

სიყვარულისა ალითა ვის ჩვენში გული ეწოდეს,
და სატრფოს სახე მარად ვის სულსა აღბეჭდვით თან ჰსდევდეს,
ამა სოფელსა, მას რაი წინა საბრკმელად აღუდგეს?
გულს სიყვარულით, ხელს ხმალით, რას არა აღასრულებდეს?

მაშ აბა, ძმანო, გულის სატრფოსთვის
ფიალა სავსე შევსვათ წყურვილით!
ვისურვოთ, რომელ მის ცრემლი ჭმუნვის
გაშრეს, ვით ღვინო, ამა ფიალით!
შვებისა დღენი მისთვის არ შეჰსწყდეს,
არ ვნახოთ იგი ჭმუნვისა ღრუბლით!
ახ, სატრფოს ხილვის დღე როს აღმოჰსჩნდეს,
ენა გვემუნჯოს მეტ სიხარულით!
ჰე, ჩემო ღმერთავ!
აწ შენ მოგმართავ!
მისმინო კვალად შორით სიტყვანი:
ყოველ ჩემ ფიქრთა,
ჩემთ საუბართა,
იდუმალ ოხრვათ, ხარ შენ საგანი!

თუ-არა შენზე,
ვუბნობდე სხვაზე!
ბრალი არს ენა და მის როტვანი!

ვაი-თუ ჩემმან, უდროდ შავ-ბედმან, აქ განმისაზღვრა მეც
აღსასრული!
ვაი-თუ მოვკვდე, მეც ობოლ-მწირად, გულს არ დამეცეს
სატრფოის ცრემლი.
არ მესმას მისი ხმა ნუგეშისა, სიკვდილის ჟამის დამატკბობელი?
არა ვემთხვიო, ბაგით ძლივ-ცოცხლით, უკანასკნელად მშვენიერს
მის გულს.
რომ სახე მისი, თვალთა დახშულმან, თანა წარვიღო იმიერ სოფელს
მუნ საშვებელად, მუნ სანუგეშად, და რათა მითვე ვჰსცნა
უკვდავება!..
რაა გინდ მოვჰკვდე? მაინც შენდამო სულს სიყვარული თანა
წარჰყვება!..
არს უკვდავება, სულის დატკბობა, რომელს დასასრულ არა
ექმნების.
მაშ სახე, სულის დამატკბობელი, იმიერ სოფელს არ
განგვშორდების.
და სიყვარული, სულის მაშვენი, სიცოცხლეს-თანა არა დაჰშრტების,
თვარა სიყვარულს თუ დავჰკარგვიდე, უკვდავებამან მის წილ რა
მომცეს?
უსიყვარულოდ სასუფეველი, ვით საპყრობილე, ჩემთვის შეიქმნეს!..

მხედარნი

მაშ აბა, ძმანო, ერთიც სატრფოსთვის
ფიალა სავსე შევსვათ წყურვილით;
ვისურვოთ, რომელ მის ცრემლი ჭმუნვის
გაშრეს, ვით ღვინო ამა ფიალით!

ცისკარმან აღმოსავლეთი ვარდისა ფერად შეჰღება,
ცას სიხარული მოჰფინა და ქვეყანასა შვენება!
აენთნენ ცეცხლის ალებრივ შორს გაბნეულნი ღრუბელნი;
ცა მშვენიერობს, ნათლდება… მასა შევნატრით მხილველნი!

ილევა ბინდი ღამისა, ცაში ვარსკვლავნი ჰქრებიან!
ათასის ხმებით ფრინველნი განთიადს მიეგებიან!
მოჰქრის დილისა ნიავიც გულისა მაგრილებელი;
ფშვინვა დაიწყეს ყვავილთა და ბაღში ფოთოლთ შრიალი!

ოჰ, რა ლამაზად იღვიძებს ბუნება მიძინებული!
დაჩუმდით… ყური მიუგდეთ… არ გესმით, ჰგალობს ბულბული?
ირაკლის თაფაც* გამოჩნდა… აჰა მთაც კიდობანისა!..*
აი მყვირალა ზანგიცა და ბურჯნი ერევანისა!..

გათენდა

ვიშ ამ დილასა, ამ ჰაერს, ბუნების განმაცხოველსა,
გულისა ჭმუნვის გამქარველს, სიცოცხლის დამატკბობელსა!…
ღმერთო, ვინ მიჰსწვდეს შენგან ქმნილს, მისს ფერ უთვალავს
შვენებას?
სიბნელეს აქრობ ნათელით, სიკვდილით ჰბადავ ცხოვრებას!..

ურდოც შეიძრა… ხმაურობს… დაჰკრეს ნაღარა ცისკრისა…
განემზადება საომრად რაზმი და რაზმი ჯარისა!
აი თოფიცა გავარდა… აი რბის ცხენი მხედრისა!
ამ მშვენიერსა დილასა, კაცს რად ჰსურს სისხლი კაცისა?

ჩვენც ავდგეთ, ძმანო, და ერთიც გამარჯვებისა დავლიოთ!
და დღეს ვინც ვეღარ დაბრუნდეს, ის ცრემლით მოვიხსენიოთ!
დასრულდა, განჰქრა, სიზმარებრ ესე ლხინიცა ღამისა…
წარვიდეთ, სადაც მიგვიწოდს ხმა საიდუმლო მხვედრისა!

თ. ალექსანდრე ვახტ[ანგის]ძეს ორბელიანს

აწ სად არიან იგინი, მას ჟამსა ლხინში ვინც იყვნენ?
ძმანი და ტოლნი, ვაჟკაცნი, რომელნი ხილვით გვალხენდნენ?..
განგვშორდნენ გულის ნაცნობნი, ვინცა გულითა გვიყვარდნენ,
თვალთ მიგვეფარნენ… წავიდნენ… ძველთაგან დავშთით მე
და შენ!..

ან ეს რაცა ვჰსთქვი, რადა ვჰსთქვი, თუ რაც მინდოდა ვერა
ვჰსთქვი?
და ვერ ვჰსთქვი რაცა, ის წყლულად, გულს დაშთა და მით
ვიტანჯი!..
მაგრამ, თუ ვინმემ აქ ჰპოვა აზრი ნაცნობი გულისა,
ვივიწყებ, რაც ვსვი სიმწარე ეკლიანს გზაზე სოფლისა!..

ან რაღას ველი სოფლისგან, რა მიხარიან, რა მინდა?
რაც ვიყავ, იგი აღარ ვარ, ვერც კი ვგრძნობ, რაცა მიყვარდა;
დღე ყოველ, ჟამი ყოველი მაკლებს რასამე კეთილსა.
ვჰმზერ მწუხარებით მომავალს და ვჰსწყევლი ფუჭად წარსულსა..

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button