იგავ-არაკი

სულხან-საბა ორბელიანი – გრძნეული ცოლის პატრონი


იყო ისპაანს ერთი საბრალო კაცი. და ჰყვა ცოლი ერთი, ფლიდი და გრძნეული, რომე იმისთანა არ იქმნებოდა. ქმარსა სხვა რიგად ახედებდა. მუდამისად ყურანს იკითხვიდა, დღეში ხუთს ლოცვას არ აკლებდა, ნასვამის წყლით ხელს არ დაიბანდა, სულიერობას ჩემულობდა. 

თქვა მან კაცმან: რადგან ცოლი ასეთი მლოცავი მივის, მეცა ქაბას წავალ და ორნივ დაუცადებლად სამოთხეში შევალთო. 

ერთს დღეს ქარავანი გადგა ბაღდადისაკენ და კაცი თან გაჰყვა. ქალაქს გარეთ ქარავანი ახლოს დადგა და მან კაცმან ესრე თქვა: რადგან ესრეთ ახლოს დგანან, ამას ღამეს შინ მივალ და დილას ადრიან ამათ მოვუსწრობო. 

მის ცოლს ქმარი მისი წასული ეგონა. თავისი სატრფიალო კაცი ეწვივა და ლხინად დაჯდა. ღვინოს სმიდენ. კაცი იგი ღამე კარს მიადგა. ნახა დაფის ცემა, როკვა და სიმღერა იყო. მან კაცმან უჩუმრადვე გაიარა და ასრე წავიდა, მათ ვერა გრძნეს რა მისი მოსვლა და წასვლა, და ქარავანსავე მიეწია და წაჰყვა. 

წავიდნენ ბაღდადად. და მუნ მერწყულად დადგა. დღივ და ღამივ წყალსა ზიდევდა, და მით ფულს შოობდა და იზრდებოდა. ბაღდადის ქალაქში ასეთი ქურდობა შეიქმნა, სახლი დაუთხრელი არ დარჩა. აოხრდა ქალაქი იგი. შეიქმნა ჩივილი. 

იწყინა ხალიფამ და შეიპყრა ბაზრის მცველნი და უბრძანა: თუცა მპარავნი არ მიპოვნოთ, ვფიცავ თავსა ჩემსა, მუცლებს დაგიპობ ყოველთაო! 

წავიდნენ კაცნი იგი და ესე ღონე მოიპოვეს: იგი ისპაანელი კაცი შეიპყრეს. 

კაცმან ჰკითხა: რად შემიპყართ, რა შეგცოდეთო? 

მათ უთხრეს: ამ ქალაქის განძი სრულობით მოიპარეს და შენ უნდა მოგკლათ, მპარავი შენ ხარო. 

მან კაცმან ვედრება დაუწყო: ერთა კვირა მაცალეთ, თუცა ქურდი ვერ ვიპოვნო, მაშინ მომკალითო. 

მათ თავდები სთხოვეს. მას ვინ უთავდებებდა? ღმერთი მისცა თავდებად და წავიდა. ორი-სამი დღე იარა. ნახა მათი სჯულის თავი, რომელსაც სადრს ეძახიან, მოვიდოდა, წინარე ორნი კაცნი მოვიდოდენ, ცოცხით გზას მოჰგვიდენ. 

იკითხა მან კაცმან: ვინ არის კაცი ესე, ანუ გზას რისათვის მოჰგვიანო? 

უთხრეს: ამ ქვეყნის რჯულის თავია, ესეთი ღირსი და წმიდა არის, რომ ამისის ლოცვით დგას ეს თემი და წვიმაც და მოსავალიც ამისის ლოცვით მოვაო. 

თქვა მერწყულმან კაცმან: აჰა ამ ქალაქის მომთხრელი ქურდი ეს არისო. მის სადრის ჯარში აერია. 

მივიდა, სადრმან ხალიფა ნახა, გამობრუნდა, სადგომს მოვიდა. 

ის კაცი უცნაურად შინ შეჰყვა, ერთს სამალავს ადგილს დაიმალა. 

რა დაღამდა, კაცნი დაითხოვეს და მის სახლის საფენი წამოკეცეს, კარი ახადეს. თურე მის ქვეშ სახლი აკლდამად იყო, და მის ქალაქის ქონება მუნ იდვა. მუნით ათორმეტნი ქურდნი კაცი აღმოიყვანნეს, ღვინო ოქროს სურებითა მოიტანეს და სმად დასხდნენ. 

უბრძანა სადრმან: ძმანო, ახლა რას მოინადირებთო? 

მათ მოახსენეს: სამის სალაროს მეტი აღარ არის და მათაც წამოვიღებთო: ერთი ხალიფასია, ერთი ვაზირისა და ერთი ნაზირისა. ამაღამ ნაზირს ვეწვევითო. მათ ქურდთა მათი საქმე იურვეს. 

კაცი იგი გამოიპარა. მათ ბაზრის მცველებს ყოველივე უთხრა. მათ არ დაუჯერეს და მან კაცმან უთხრა: აჰა მე მომყევით და თვალით გაჩვენებთო! 

რა სადრი გამოვიდა და ხალიფა ნახა, დაბრუნდა და მოვიდა. ორნი კაცნი თან შეჰყვნენ, მასვე სამალავში დაიმალნენ და სანათურით უმზირეს. მას ღამესაც ნახეს. ვაზირის სალარო გატეხეს. 

წავიდნენ, ხალიფას აფიცეს მოუკლაობისათვის და, რა ფიცი გამოართვეს, მოახსენეს. ეწყინა ხალიფას. 

მოახსენეს: ხელმწიფევ, თუცა თავს დაიმდაბლებთ და სამოსელს შეიცვლით, თვით თქვენს ბედნიერს თვალს ვაჩვენებთო. 

ხალიფამ სხვა შეიმოსა და გაჰყვა მათ. მასვე ადგილს დაიმალნენ. რაც მოეხსენებინათ, ყველა მართალი იყო. 

მას ღამეს ხალიფას სალარო ინადირეს. წამოვიდა ხალიფა თავის სახლსა. მეორეს დღეს სადრი მობრძანდა. 

ხალიფამ უთხრა სადრს: რომ დღე ყოველ ჩემს სანახავად გაირჯები, მეც რატომ არ მაწვევ ხოლმეო? 

სადრმან დაიმადლა და ხალიფა აწვია. მოვიდა, სადილი მოართვეს. ხალიფამ ღვინო ითხოვა. სადრმან შორს დაიჭირა: ჩემს სახლში ღვინო რამ გახსენებინაო? 

მერმე ხალიფამ ქურდობისა უთხრა: ამისთანა მპარაობა შეიქმნა, რა უნდა ვქმნაო? 

სადრმან მოახსენა: შენის უღონობით არისო. 

ხალიფამ საფენი წამოაკეცინა, კარი იპოვეს და კაცნი გამოასხნეს. შერცხვა სადრსა. გამოათრივეს და, რაც ეკადრებოდა, უყვეს. 

მერმე ჰკითხეს მას ისპაანელს კაცს: რით იპოვე, როგორ შეამცნივეო? 

მან თავისი ცოლის ამბავი უამბო და მით გამოვიცანო, რომე ესეც მასავით ფლიდი იყო და მით ვპოვეო. 

– შენც მის კაცის ცოლსავით ფლიდი ხარ და მეფეს შენს სიკეთეს აჩვენებ. აწეც არ იყოს, შენს საქმეს ბოლოდ სცნობენ.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button