სულხან-საბა ორბელიანი – მეფე ანაკოფიისა
მეფე იყო ანაკოფიისა. მრავალი ერი მონებდა და ყოველი კაცი უყვარდა. ერთგულისას ამას იტყოდის: რა გინდ ბევრი ვაწყინო, ისევ ერთგული ბუნება აქვს და არ დამთმობსო და ორგულს ეგოდენს წყალობას ვუზამ, გავიერთგულოო.
გამოხდა ხანი. ორგული არ გაუერთგულდა და ერთგულიც გაუორგულდა. მტერნი აუჩნდნენ. მეფე სამკვიდროზე ვეღარ დადგა და სხვას თემს ივლტოდა. თან ორივ გარდაჰყვა: ერთგულიცა და ორგულიცა.
რა დიდად გასჭირდა ხანთ სიგრძისაგან, თუ რამ ორგულს უბრძანის სამსასური, აყვედრის: რა მეწყალობება? სახლი გაუშვი, მამული და შენ გახლავარ. აწ კიდევ აქა-იქ ტანტალს არ მაჯერებო!
რა ერთგულს უბრძანის, უთქმელად ჰყვის.
გამოხდა ხანი და უფრორე გაუძნელდა საქმე.
რა აღარას ხსნა იყო, მოახსენა ერთგულმან: გარდმოვარდნილხარ და საგანძური დაგლევია, აღარა გეშოვება რა. მე გამყიდე და ჩემის ფასით სხვანი დაარჩინე!
შეწუხდა მეფე და არა ქმნა ენება. მაგრა ღონე აღარ იყო. გაყიდა ერთგული და მისი ფასი იხმარა. მან ერთგულმან, რა თავი გაიყიდა და გაჰშორდა, გამოიპარა და პატრონთან მოვიდა. რამდენჯერ გაუჭირდის, თავი გაიყიდის და გამოიპარის და პატრონთან მოვიდის.
ჟამთა ვითარებით, მეფე იგი მუნვე მამულსა თვისსა მოვიდა და გამეფდა. მას ერთგულის ნამსახურს აღარა პატივი მისცა და მისი მამულიც მიუღო, და ორგულს ბევრი შეჰმატა, რომ ეს მხნე და გამძრავი კაციაო, და შენ უღონო და გულდედალი კაცი ხარო!
– ამით სცან, რომ კარგისათვის კარგი არავის უქმნიაო.