ლიტერატურა

სონია ქართველიშვილი – პაატა შამუგიას ენა

გაფრთხილება: ეს არ არის იმპრესიონისტული ანალიზი!

“ინკარნაცია”- ღმერთის განკაცებაა – პაატა შამუგიას პოეზიაში, პროტაგონისტი ხან “განკაცებული ღმერთია”, რომელსაც პოეტი ფამილარული ტონით სთავაზობს როლების გაცვლას, ხანაც თვითონ ავტორი, რომლის ალტერ-ეგო ხშირად მთელი სამყარო ხდება, გამოხატვის ფორმა _ საკუთარი თავის იდენტიფიცირება ცალკეულ საგნებთან, მოვლენებთან, სივრცესა თუ დროსთან; ამიტომაც არის მასთან მატერია “გაუცნაურებული”, ბუნდოვანი, დუალისტური. . . პოეტის რეციპიანტთან კომუნიკაცია რეფლექსური – რაც თავის თავში ატარებს იდეას, მოახდინოს საკუთარი განცდებისა და აზრების ანალიზი, ზოგჯერ კი თავი ღმერთის ამპლუაშიც წარმოიდგინოს, ან უფრო ადრეულ არქეტპად იქცეს _ იმად, რაც ღმერთამდე იყო: “დიდი ხნის მერე ჩემს ადგილას გაჩნდება ღმერთი”- საკუთარი “ეგოს” სამყაროს სუბსტანციად წარმოდგენა, ერთი შეხედვით ეპატაჟურ, სინამდვილეში კი საკმაოდ სიღრმისეულ წარმოდგენად აღიქმება: ჯერ საკუთარი თავის შეცნობა იწყება, რასაც რეალობის გაცნობიერება და ღმერთის (არ)არსებობის შემეცნება მოსდევს: (ის ხომ ყველგან ჯიუტად იმეორებს, რომ არ სწამს, თუმცა, საბოლოოდ იმ დასკვნამდე მიდის, რომ “ღმერთკვლა” არ შეიძლება). “დიდი ხნის მერე, კიდევ უფრო დიდი ხნის მერე ჩემს ადგილას მევე გავჩნდები” _ ამბობს ავტორი, მაგრამ ეს ის “მე” აღარ არის, ეს პოეტია “მე”-ში ჩასახლებული, რომლის ცნობიერება თავის თავში მთელი სამყაროს ტარებითაა დამძიმებული, შესაბამისად, მისი საგნებისადმი დამოკიდებულებაც განსხვავებულია. . .

შამუგიას აზრით, როცა პოეტი ფოკუსირებას ახდენს ამა თუ იმ საგანზე, მოვლენასა თუ პარადიგმაზე – თვითონ გადაიქცევა საგნად, მოვლენად, ემოციად, გრძნობად. . . “ჩემი სხეული ქარია, რომელსაც ხელში ჩიტები უჭირავს და აფრიალებს დროშასავით” – წერს ის. ასეთი წარმოდგენის შედეგი განცდილის ბუკვალური გამოხატვაა, რაც თავისთავად გამორიცხავს აზროვნების ლოგოცენტრულობას, გულისხმობს: სიტყვების საზღვების გაფართოვებას, მათ შორის ეკლექტურ კავშირს, პროტაგონისტის დეპერსონიფიცირებას. . . წერილში: “რატომ დავწერე ანტიტყაოსანი” ავტორი სწორედ სიტყვების მნიშვნელობათა გაფართოვებაზე ამახვილებს ყურადღებას, რომლის თვითმიზანი ტევადობა, საზღვერების გარღვევაა. ლიტერატურის თეორიაში მოვლენას, რომელიც ახდენს საწინააღმდეგო მნიშვნელობების სიტყვების ურთიერთშერწყმას, ოქსიმერონი, ანუ “გონებამახვილური სიჩლუნგე” ეწოდება. მისი ერთ-ერთი მაგალითი “ვეფხისტყაოსანშიც” გვხვდება: “მზიანი ღამე” – რომელიც, თავის თავში სიმბოლურ მნიშვნელობასაც იტევს და და პირობითად, ბნელისა და ნათლის ერთ სიბრტყეში თანაარსებობას გამოხატავს. როგორც მაგალითიდან ჩანს, ამგვარი ხერხი, მნიშვნელოვნად ზრდის ენის ფუნქციებს, ექსპრესიულობას. . . პაატა შამუგიას პოეზიაში ანალოგიური მაგალითების დაძებნა რთული ნამდვილად არ არის, თუნდაც: “სიმარტოვის ხალხმრავალ ადგილს შევეხიზნები” – რომელიც თანამედროვე ადამიანის ტრაგედიის დეტერმინირებაა, სადაც მარტოობა ფიზიკურ მარტოობას სულაც არ ნიშნავს, ის ბევრად გლობალური და მასშტაბული ცნებაა. გაცილებით ამაღელვებლად აღიქმება “ჩუმად, ნუ ყვირი! გაიღვიძებენ მკვდრები” _ “განკაცებული ღმერთი” თამამად დააბიჯებს შამუგიას სამყაროში, ბოლოს, ღრუბლებზე ფეხი უცურდება და უხერხული ღიმილით გეკითხება ძირს ჩამოვარდნილი: “ხვდები? ხვდები? ხვდები?” მკითხველი კი მხოლოდ ლექსის ჩაკითხვის შემდეგ ხვდება, რომ “მკვდრებს არასოდეს ეღვიძებათ”, პოეტი, თითქოს, ყურში გვიჩურჩულებს: “ჩუმად. . . სანამ სათქმელს ა(ვ)წონიდე, წარმოიდგინე, რომ “ლოგინიდან კი არა, საკუთარი სხეულიდან (ვ)დგები”. . . მოასწარი, სანამ: “მამაშენი გისაყვედურებს: არნაშოვნ სამსახურზე, არმოყვანილ ცოლზე, არმიღებულ ნობელზე”. . .

ლექსში “ლინგვისტიკის წრე”, ავტორი საგნებთან და მოვლენებთან კი არა, სიტყვის მნიშვნელობებთან იდენტიფიცირდება: “ვხდები ის სიტყვა, რომელიც მე მომემართება, და ყველა სიტყვა, რომელიც მე მომემართება, და მახსენებს სივრცის სიმყარეს, ცდილობს, მომცეს თავისი სახე, თავისი გარსი და სურვილთა მყიფე ლოგიკა, აი, ვთქვათ, “რამე”, ან ისეთი მარტივი რამე, როგორიცაა “პრეზიდენტი”, ან “ჯეიმს ბონდი”. წარმოთქმას ვერც კი დავასრულებ, ვხდები მე თვითონ და ბრიფინგების პარალელურად, ვიგერიებ საბჭოთა აგენტებს”. თუმცა, ეს ახალი პლასტი არ არის მის შემოქმედებაში, ეს მხოლოდ ერთგვარი ვარიაციაა კონცეპტუალური იდეისა, რომელიც ენის საზღვრების ისეთივე გაფართოვებას ისახავს მიზნად, როგორც ტექსტი ფართოვდება “წორდ”-ში ახალ-ახალი აბზაცების ჩამატების შედეგად და შამუგია _ “პოეტი, მეძავი, პატრიარქი, ტერორისტი, ლიბერალი, ავტომბრბოლელი, ცირკის მუშა, გენიოსი და ღვთიმშობელი” _ ზის და “უფრთხის მნიშვნელობებს, რომლებიც უკვე იქცნენ სხეულის დამატებით ორგანოებად”. თითოეული სიტყვა ავტორის ცნობიერებაში ტრანსფორმირდება და მისი შემოქმედების მთავარი პერსონაჟი ხდება, პერსონაჟი, რომელიც მას ერთდროულად აქცევს “ბრენდად და ფეისად”, კრიტიკოსების (პროფესიონალებისა და დილეტანტების) კვლევის თუ თავდასხმის ობიექტად, ბოლოს და ბოლოს, პოეტად, სიტყვების ლაბირინთში რომ კარგავს დაბნეულ მკითხველს, რომელიც მექანიკურად იმეორებს: “როცა კორპუსები ფანჯრებს მოხუჭავენ, როცა მთვარეები აყვავდებიან გუბეებში და მდინარეები ტალღებს დაიკაპიწებენ. . . და როცა სანთლები ჩაენთებიან და სიბნელეები აენთებიან და ხეები ჩიტებს მოისხამენ და კალთებს მწიფე ბეღურებით გავავსებთ და ვიტყვით, გვშია!. . “

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, შეიძლება, ვიღაცამ დაასკვნას, რომ შამუგიას ლექსებში მხოლოდ აპერცეფცული, “ზე იდეები” რეპრეზენტირდება, რეალობა კი უგულებელყოფილია, სინამდვილეში, ყველაფერი სხვაგვარადაა. აქ ტროპის სახეების მხარდამხარ, უხეში რეალობაც ერთ-ერთ ფიგურალურ ელემენტად გევლინება და ფრაზა: “აი, ის რედაქტორი, სამსახურიდან რომ გამომაგდო და მშიერი დამტოვა” ან “კაცი, რომელიც ახალ წელს ტელევიზორიდან გვილოცავს და ქვეყნის გამთლიანებას გვპირდება”, თუნდაც, “გუბაზ სანიკიძე და ინგა გრიგოლია”, “ერი, რომელიც წითელზე გადადის” და “მეორადი მოხმარების ტანსაცმელი” – ტროპული აზროვნების ისეთივე სრულუფლებიანი სახეა, როგორც “არალეგალური სიზმრები”, “ასიმეტრიული ღმერთები და სიმეტრიული მეგობრები”, “მკვდარი ჩიტების წვიმა და ჩიტებში ამოლუმპული (პოეტი)”, “ფოთლებაკაპიწებული შემოდგომა”, “ქუთუთოებზე გაკიდული მოლოდინები”. . . ავტორი თითქმის იგივე აზრს ავითარებს ერთ-ერთ წერილში, რომლის პერიფრაზირება რომ მოვახდინოთ, აზრი შემდეგნაირად ფორმულირდება: არ უნდა არსებობოდეს ელიტარული და ნაკლებადელიტარული სიტყვები პოეტისთვის: ყველა სიტყვა, ფაქტი, მოვლენა იმსახურებს, მოხვდეს პოეზიის ინტერესების ობიექტივში . . .

რაც შეეხება გახმაურებულ “ანტიტყაოსანს” _ რომლის არსებობა, რატომღაც, ერთგვარ დისკომფორტსაც უქმნის ავტორს _ პოსტ-მოდერნისტულ ტექსტად აღიქმება: ახასიათებს ალუზორულობა, ინტერტექსტუალურობა, ეკლექტურობა. . . (ზოგადად, პოსტ-მოდერნისტული ქაოსი პაატა შამუგიას შემოქმედების ერთ-ერთი მთავარი მოტივია: სადაც ერთად თანაარსებობს: ქართული პოლიფონია და ჩარლზ ბუკოვსკი, ლაო- ძი და ავტორის მეზობელი ნატა, ენდორფინი და მეგრული გებჟალია, ფროიდი და ფოტოშოპი, სადაც “მამაშენი” შეგიძლია “ბებიაშენად” გადააკეთო. . .) თუმცა, არ შემიძლია, არ აღვნიშნო, რომ ლექსების ტროპული მეტყველება, ბევრად შთამბეჭდავია, ვიდრე პოემისა, სამაგიეროდ, “ანტიტყაოსანი” სიმკვეთრითა და ბრიკოლაჟურობით (ინტელექტუალური აზრის ირიბი ახსნა) გამოირჩევა. არის მცდელობა, საკუთარი აფორისტული გამონათქვამების შექმნისა, მაგალითად: “ბოლოს და ბოლოს, ღმერთიც ბერდება და ვიღას უნდა ბებერი ღმერთი”, რაც ერთგვარ ალუზიად აღიქმება ნიცშეს ცნობილ გამონათქვამთან “ღმერთი მოკვდა”. ამ ტაეპში სტუდენტობის პერიოდში ახალნიცშეწაკითხული პოეტის ერთგვარი ეიფორიული განწყობაა გამოხატული, სწორედ ამიტომაა ის ბუნებრივი და ორგანული. სექსის სიტყვებში განსხეულებაც საკამოდ შთამბეჭდავია: “და შენ, სწორედ ისეთო, როგორიც შენ ხარ, სწორედ ისეთო, თეთრო, თეთრო და მშვიდო, როგორი თეთრი, თეთრი და მშვიდიც შენ ხარ, გახსენი შენი უსასრულო სივრცეები, რათა შემოვაჭენო ჩემი ვნების, ჩემი აღვირახსნილობისა და სიგიჟის ქარბორბალა შენს სივრცეებში” (ალმოდოვარის “ესაუბრე მას”) . . . ვერაფერს იტყვი, საკმაოდ ეთიკური და ოსტატური მიგნებაა _ კონსტანტინე გამსხარდიას, მიხეილ ჯავახიშვილის რომანებში, თუნდაც, “ვეფხისტყაოსანში”, ბევრად უფრო თამამი სექსუალური სცენების აღწერის მომსწრე ვხდებით. . . ეროტიკული მუხტი ბევრად ძლიერდება შემდეგ ტაეპში: “ამავსე შენი აქ არყოფნით, შენი აქ არ წოლით, აქ ამ ჩემს მკლავებზე, შენი თეძოები ვერ ჩამოისვენებენ ჩემს მრავალნაცად და მრავალნატანჯ მუხლებზე. შენი მკერდი (ოხ, შენი მკერდი!) ვერ გაებმება ჩემი პეშვების უხეშ მახეში, შენი კერტები ვერ ამოავსებენ ჩემი პირის ჭრილის სივრცეებს”. . . თუმცა, ჩემი აზრით, ეროტიული მუხტი ყველაზე ოსტატურად “პაქტში” განვითარდა. “დღეიდან ჩვენ გვაქვს უფლება, შევატოკოთ მძინარე ქალაქი გამჭოლი კივილით

და წარმოსახვის ურბანული საშო გავაპოთ ურცხვად, დაუდევრად, დაუნანებლად,

რომ ათასობით კივილი ათასობით ყურში დარიგდეს და სხეულის ყველაზე პროვინციული მიდამოებისათვის ჟრუანტელმა და ცნობიერების ყველაზე მიუდგომელ ადგილებში შეატანოს ახალმა ცოდნამ უძველესი სირცხვილის შესახებ და მდაბალი იყოს ჩვენი აზრები, რადგან ისედაც მდაბალია ჩვენი აზრები” – სადაც აბსტრაქტული ცნებებით საკმაოდ კონკრეტული სურვილები რეპრეზენ-ტირდა.

კვლავ “ანტიტყაოსანს” მივუბრუნდეთ: ტექსტში ერთი საკმაოდ საინტერესო ეროტიკული აფორიზმი გვხვდება: “ცხოვრება უფრო მწარე არის, ვიდრე ჰგონიათ, პოემები კი ორგაზმივით ტკბილად მთავრდება” _ რასაც ანმტკიცებს მეორე აფორისტული გამონათქვამი: “სექსის ღმერთი ყველაზე ძლიერი ღმერთი ყოფილა”, რომელიც, ერთგვარ “რედი მეიდად” აღიქნება _ თითქოს, ავტორის მიგნება კი არ არის, საყოველთაოდ მიღებული და აღიარებული კონცეფციაა.

პოემის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი ანაქრონიზმია, აქ ერთად არსებობენ ფროიდი და რუსთაველი, გალაკტიონი, ტარანტინო და სპილბერგი. . . ერთადერთი, რაც მათ ლოგიკურად აკავშირებს, მარტოობაა: “მარტოა ზეცა, ქვე-ცა და ქვაცა, მარტოა მთვარეც, სულს რომ გვიალებს, მეც ხომ მარტო ვარ, თუკი არ ჩავთვლით, ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს”- წერს ახალგაზრდა ავტორი.

“ანტიტყაოსნის” დაწერიდან რამდენიმე წლის შემდეგ, პოეტი წერს პოემას “უპირატესობა”, რომელსაც, კრიტიკოსები, პირველი პოემისგან განსხვავებით, საკმაოდ მაღალ შეფასებას აძლევენ. ავტორი მას “ძველი ამბის შესახებ დაწერილ ახალ ამბავს” უწოდებს, მკითხველს კი ისეთი შთაბეჭდილება რჩება, თითქოს, აქ ყველა წარმოდგენა, ფიქრი, განცდა და ემოციაა გაცოცხლებული, რაც კი მას 27 წლის განმავლობაში განუცდია. სტილი კვლავ ეკლექტურია, ექსპერიმენტულიც კი, ფორმა – ბევრად დახვეწილი და მრავალპლასტური, რემინესცენციები თვითმყოფადი და ოსტატური, თუმცა, ძნელია, თქვა, კონკრეტულად, რაზეა ლექსი: სავარაუდოდ, მთავარი პერსონაჟი შიშია, რომელიც ყველა ეპოქის თანმდევი მოვლენაა (“და, როცა ჩემი შიში ჩემზე დიდი ხდება და სანქცირებულ სიზმრებს ვხედავ”, “უნდა გვესმოდეს, რომ პირველად იყო შიში” “და შორეულ სიცივეში გაგასახლებით გვემუქრებოდა და იყო შიში”). შიში კი დუმილს შობს: “ის, ვინც დუმილი გაიხადა უპირატესობად, ის, ვინც დუმილი გაიხადა საუბრის თემად. . . ის, ვინც დუმილი გაიხადა იარაღად და გადაცხრილა მოსაუბრეები. . .” –ისტერიულად იმეორებს ახალგაზრდა პოეტი, რაც ეპოქის განწობას და პოლიტიკურ სურათს ერთდროულად აცოცხლებს. მოქმედება კიდევ უფრო დინამიკური და ტრაგიკული ხდება, როცა “დუმილის გახდაზე” და სიკვდილზეა საუბარი, დუმილის “გახდა” სიკვდილის სინონიმად იქცევა, დუმილი _ უპირატესობად, მაგრამ როდის, რომელ ეპოქაში? აქ ხომ დრო და სივრცე განზოგადებული, მისტიფიცირებულია, დარღვეულია ტემპორალობა (წარსულის, აწმყოსა და მომავლის თანმიმ-დევრულობა) _ მოქმედება “ზე დროში” ხდება.

ერთ-ერთ თავში, ცოცხლდება კაბალისტიკა, რაც პოემას ეზოთერულ სახეს სძენს. “ერთი მეთევზე, ორი მეთევზე, სამი მეთევზე, ბევრი მეთევზე… ისინი უკვე ყოველღამე ჩნდებიან სიზმრად, ოღონდ, რატომღაც, რიცხვებად ქცეულან და თითოეულს ჰქვია თავისი უნიკალური რიცხვითი სახელი” – რაც ჩემი აზრით, მინიშნებაა “უძრაობის ხანასთან”, როცა ადამიანები საკუთარი სურვილების, მიზნებისა და ბედნიერების “ჩაკვეხებას” ციფრებში ცდილობდენ, თუმცა, ამგვარი სწორხაზოვანი განმარტება, დააკნინებდა ტექსტს.

ყველაზე სისხლიან ეპიზოდში კი, სადაც, თითქოს, შედარებით ადვილია ისტორიული ქრონოლო-გიურობის აღდგენა _ დროის იმ მონაკვეთის რეკონსტრუქცია, რომელიც კონკრეტულ შინაარსს უკავშრდება, ჩნდება პირველყოფილი ადამიანის ცნობი-ერებაში გავრცელებული წარმოდგენა – ტოტემიზმი, პოემის მთავარი პერსონაჟი მგელი ხდება. . .

“და ციდან თოვდნენ წითელი მგლები, წითელენაგამოგდებული და თოვდნენ და თოვდნენ და თოვდნენ მგლები და მშიერი იყო მათი თვალები და მშიერი იყო მათი მუცელი და მშიერი იყო მათი კანის ყველა უჯრედი და დიდი იყო ჩვენი შიში უფრო დიდი, ვიდრე ჩვენ ვიყავით”.

მეორე ამბავი გუნტერ გრასის “თუნუქის დოლის” (ვოლკერ შლიონდორფის ამავე სახელწოდების ფილმის) რემინესცენციაა: სანამ ომია, გმირი გაზრდაზე უარს ამბობს: “ოდესღაც, 6 წლისა ვიყავი, თანაც რამდენიმე წლის განმავლობაში ვიყავი ექვსის”- წერს ავტორი.

მე-5 თავში “გრამატიკის გაკვეთილი პროტაგონისტისთვის” – ერთი და იგივე ფრაზა “ამხანაგ მამას ასახლებენ მიუდგომელ სიცივეში” _ სამივე სერიის თერთმეტივე მწკრივის ფორმაშია ნაუღლები, რაც, ჩემი აზრით, ავტორის ერთგარი მინიშნებაა იმაზე, რომ გადასახლებული მშობლების თემას არაერთხელ შეხებიან პოსტ-საბჭოთა სივრცეში და ამით ერთგვარი სპეკულირებაც ხდებოდა – გადასახლებულის შვილობა (შთამომავლობა) უპირატესობად ითვლებოდა. (მახსენ-დება ნიკო გომელაურის ჩანაწერი: “მამაჩემი პოლიტ. პატიმარი არ ყოფილა, ამის ბედი მე ვინ მომცა”). . . პაატა პოემას არშემდგარ გმირებს უძღვნის და სვამს რიტორიკულ შეკითხვას “სად არის გმირი?”, რომლის პასუხია – არსად. მაგრამ, “ჩვენ უნდა გვესმოდეს ყველაფერი”, გვესმოდეს, რატომ არ არიან (არსებობენ) გმირები. . .

ისე, მე რატომღაც, მაინც მჯერა (მინდა მჯეროდეს), რომ პაატას სჯერა, ღმერთმა მოახდინა ადამიანი და არა პირიქით.

წყარო: http://lib.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button