პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე ღამე დღეს შეხვდა

ღამე დღეს შეხვდა, აღდგენილს მკვდრეთით,
და გადაჰკოცნა აღმოსავლეთით!

დილით გაწითლდა მორცხვი სახე დღის,
მას შემდეგ იგი ღამის ჩრდილს უფრთხის.

ასე, მე მახსოვს კოცნით ნაალი
შენს ღაწვთა ეშხში წითელი ხალი.

პატარა ხალი, სულ უეცრად რომ
დააჩნდა სახეს და წაშალა დრომ.

კოცნების გროვით გადიდდა ხალი,
ბაგეს ძლიერი სცემს ნაპერწკალი.

მოედო – ასე თვით უმაღლეს მთებს
ავრორა ძლიერ ცეცხლით აანთებს.

და შემდეგ ოხვრით უგონებს გზნებას
განცდილ უდიდეს ბედნიერებას.

ღამე დღეს შეხვდა, აღდგენილს მკვდრეთით,
და გადაჰკოცნა აღმოსავლეთით!

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button