
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ყველას რაიმე აქვს სახსოვარი
ზოგს ჩაის ვარდი, ზოგს კინოვარი,
ზოგს ოქრომკერდით მონაქსოვარი,
სურათი რამე კარგზე მგლოვარი,
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
ბარათი, სისხლის ცრემლ-ნატბოვარი,
ბეჭედი, ძვირფას ალთა მთოვარი,
საყურე, ტკბილის ჩრდილის მთხოვარი –
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
თმა, როგორც განძი ძნელ საშოვარი,
წიგნი რამ ომით მონაპოვარი,
საფერფლე მამის დანატოვარი-
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.
სამშობლოვ, მარად მსასოოვარი,
ჰა, ჩემი ჩანგი სწორუპოვარი,
ჰა, ჩემი გულიც, რადგან მგზოვარი –
ყველას რაიმე აქვს სახსოვარი.