
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე ყველაფერი შეიძლება …
ყველაფერი შეიძლება მოხდეს:
მთა მთას შეხვდეს, მზე მთის იქით მოხვდეს,
ვარდი დაჭკნეს, როს ბულბული მოსხლტეს, –
ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შეიძლება, როს დაბნელდეს არე,
ხევებს იქით გადაქანდეს მთვარე,
შეიცვალოს ვარსკვლავების არე, –
ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
შეიძლება, შხამით სავსე სასმისს
გიწვდიდეს ხმა მეგობართა რაზმის,
თან საშინელს გიმზადებდეს რასმეს, –
ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
სამშობლოს წინ ყოველ ვალთა მოხდის,
მშვიდობის წიგნს გვირგვინს ვერვინ მოხდის,
მშვიდობის გზა რომ ოდესმე მოკვდეს,
არა, ეს არ შეიძლება მოხდეს.