ეპისტოლარული

გიორგი მაზნიაშვილის განცხადება

საქართველოს დემოკრატიული მთავრობის თავმჯდომარეს ბ-ნ ნოე ჟორდანიას.
ასლი საქართველოს დამოუკიდებლობლის კომიტეტის წარმომადგენლების წევრებს უცხოეთში.
საქართველოს შეიარაღებულ ძალთა ყოფილი მთავარსარდლის გიორგი მაზნიაშვილის

გ  ა  ნ  ც  ხ  ა  დ  ე  ბ  ა

ჩემს სტამბოლში ყოფნის დროს 1924 წლის ოქტომბერს და ნოემბერში, სადაც თქვენი განკარგულებით ვიყავი გაგზავნილი, საქართველოს მთავრობის წარმომადგენელმა ბ-მა კ. გვარჯალაძემ მაცნობა, რომ საქართველოში გავრცელდა ხმა, თითქოს მე გადამეცეს ბოლშევიკებისათვის გეგმა შეიარაღებული აჯანყებისა და ეს გარემოება ყოფილიყოს მიზეზათ დამარცხებისა. ამ ხმების გავრცელება დაადასტურეს საქართველოდან გადმოხვეწილებმაც და ამ სისაძაგლეს იმეორებდნენ ზოგიერთნი უკვე პარიზში. მე არავითარ ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ ეს ხმები მარტო აქ პარიზში ვრცელდებოდეს, რადგანაც აქ ყველასათვის ცხადია პროვოკაციული ხასიათი ამ ხმებისა; მაგრამ სულ სხვა მდგომარეობაა საქართველოში: იქ იმყოფება ჩემი ოჯახი, ნათესავნი და ნაცნობები და ადვილათ წარმოსადგენია რა უსიამოვნო და მძიმე წუთები უნდა განიცადოს ჩემმა ცოლ-შვილმა, თუ მამა მათის ღალატის შესახებ გაიგეს რამე და ეს იმ დროს, როდესაც მამა იმათმა თავის სამშობლოს სამსახურს შესწირა რაც ძალი შესწევდა და ეხლაც უცხოეთში მარტო იმ ფიქრებით სულდგმულობს, რომ რითიმე დაეხმაროს მას ამ განსაცდელში. მე ვიცი, რომ ბ-მა გვარჯალაძემ საჭიროთ სცნო შეეტყობინებინა თქვენთან ამ ხმების შესახებ. მე იმედი მქონდა, რომ იგივე მიიღებდით სათანადო ზომებს ჩემი კეთილი სახელის ეროვნული პატივის დასაცვავათ. უკვე ორი კვირა მიდის ჩემი პარიზში დაბრუნების შემდეგ, მაგრამ თქვენ არც კი სცანით საჭიროთ ან წერილით ან სიტყვით რომ მოგეცათ ჩემთვის ეს დაკმაყოფილება, ამიტომ, ეხლა თვითვე ვხდები იძულებული მოგმართოთ თქვენ ამ განცხადებით და შემდეგი თხოვნით: თქვენ რასაკვირველია უკეთესად მოგეხსენებათ, რომ მე არამც თუ არ ვიცოდი გეგმა აჯანყებისა (ასეთი გეგმა აქ არც კი არსებობდა), არ ვიცოდი ისიც კი, რომ აჯანყება მოხდებოდა და როდესაც პირველი ცნობები ამ აჯანყების დაწყების შესახებ მიიღო საქართველოს ლეგაციამ, იგი იმდენათ მოულოდნელი იყო ჩემთვის, რომ მე ამ ცნობის სიმართლე არ მჯეროდა. მე გთხოვთ თქვენ, დაუყონებლივ მისწეროთ საქართველოში და საგანგებო ფურცლებით აუწყოთ ქართველ ხალხს, რომ ამ ხმებს მხოლოდ მისი ბოროტი მტრები ავრცელებენ, გიორგი მაზნიაშვილი უმალ თავს მოაჭრევინებს, ვიდრე თავის სამშობლოს უღალატოს.
ასლი თქვენი წერილისა და განკარგულების გთხოვთ მე მომართოთ და დარწმუნებული ვარ, რომ თქვენ შეიწყნარებთ ჩემს კანონიერ თხოვნას.
უკიდურეს შემთხვევაში მე თვით ვიქნები იძულებული, პრესის საშუალებით დავიცვა ჩემი თავი და სახელი როგორც საქართველოში ისე უცხოეთში.

მიიღეთ ჩემი ღრმა პატივისცემა.

გიორგი მაზნიაშვილი
18 იანვარი, 1925წ.
ქ. პარიზი

საქართველოს ემიგრირებული მთავრობის პასუხი გიორგი მაზნიაშვილს

გენერალ გიორგი მაზნიაშვილს პარიზში
24.01.1925
პარიზი

თანახმად თქვენი განცხადებებისა საქართველოში გავრცელებულ ხმების შესახებ მთავრობის და დამ. კომიტეტის საზღვარგარ. დელეგაცის შეერთებულ სხდომამ მიიღო შემდეგი დადგენილება.
,,მიეწეროს საქართველოში მომქმედ ორგანიზაციებს, რომ თუ არსებობს ხმები, ვითომც გ. მაზნიაშვილს გაეცეს აჯანყების გეგმა, ეს ყოვლად უსაფუძვლოა და მიიღონ ზომები ამ ხმების გასაბათილებლად”.
ზემოაღნიშნული დადგენილება გაიგზავნა სტამბოლში სისრულეში მოსაყვანათ.

თქვენი კ. კანდელაკი

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ფინანსთა და ვაჭრობა-მრეწველობის მინისტრი.

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button