
პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე – ყვავილებს თეთრებს
შურით იფარებს ანგორის ქურქებს,
თვალს იმედი აქვს თოვლის დადნობის, –
ყვავილებს თეთრებს, ყვავილებს ურგებს
ამაოდ ისვრის უბე ტატნობის.
მთიდან ჩამოდის ასრქა, ასთითი,
უფარებელი და უთმო ცხვარი.
ხევებზე ხევებს გადააზრდიდი –
ფანტასტიური ხუროთმოძღვარი.
იელვებს შუქი – სამართებელი,
ხევებში გდია თეთრი საყელო,
ვიღაც სიკვდილის დამმართებელი
დგას უცნაური და უსახელო.