მსურს მოგაწოდოთ იდეა ერთი უწყინარი გართობისა, ვინაიდან ძალზე მცირეა ისეთი გართობანი, დანაშაულად რომ აქ იქცევიან ბოლოს.
თუ მოგეცემათ შემთხვევა გარეთ გასვლისა და დიდ შარაგზაზე ხეტიალისა, აივსეთ ჯიბეები სხვადასხვაგვარი, თითო სუდ ღირებული სათამაშოებით, როგორიცაა, მაგალითად, – ბრტყელი პოლიშინელი, ერთადერთი ძაფი რომ ამოძრავებს, მჭედლები, გრდემლზე რომ სცემენ უროებს, მხედარი და ცხენი, რომლის ძუაც სასტვენია ამავე დროს; ხოლო როდესაც სადმე, დუქანთან და ხეივნებში შემოგვხდებიან ღატაკთა ბავშვები, დაურიგეთ მათ ეს სათამაშოები.
თქვენ დაინახავთ, რარიგ გაუფართოვდებათ მათ თვალები. თავდაპირველად ისინი ვერ გაბედავენ აღებას; არ დაიჯერებენ ასეთ ბედნიერებას. შემდეგ მათი ხელები სწრაფი მოძრაობით ჩააფრინდებიან საჩუქარს და ისინი მოკურცხლავენ კატებივით, მათთვის დაგდებულ ლუკმას შორს რომ მიათრევენ, ვინაიდან ნასწავლი აქვთ რიდი ადამიანებისა.
გზისპირად, დიდი ბაღის მესერთან, რომლის სიღრმეშიც თეთრი, მშვენიერი სასახლე ელავდა მზის შუქზე, იდგა პირმშვენიერი ბავშვი, ჭრელ, საზაფხულო სამოსში მორთული.
ფუფუნება, უზრუნველობა და სიმდიდრე ამალაზებენ თითქოს ამ ბავშვებს, თითქოს ისინი სხვა ცომისაგან არიანო მოზელილი, ვიდრე საშუალო წოდების ან ღატაკთა შვილები.
მის გვერდით, ბალახზე ეგდო სათამაშო, მისივე პატრონივით ლამაზი, გალაქული, მოოქროვილი, ჭრელსამოსიანი, ბრჭყვიალა ფერებით დამშვენებული. მაგრამ ბავშვი ყურადღებას არ აქცევდა თავის საყვარელ სათამაშოს და სულ სხვა რამეს შესცქეროდა.
მესრის მეორე მხარეს, ჭინჭარში და ძეძვიანში იდგა მეორე ბალღი, ჭუჭყიანი, გამხდარი, გამურული, ერთი იმ პაწია მდაბიორთაგანი, რომელშიც მიუკერძოებელი კაცის მზერა თავისებურ მშვენიერებასაც კი ჰპოვებს, იმ შემთხვევაში თუ ხელოვნების მცნობივით, გონების თვალით გადააცლის დიდებულ სურათს უხეშ ზედნადებს ლაქისას, უნიჭო ხელოსნის მიერ დადებულს და ჩამოაცლის მას სიღატაკის საზიზღარ დაღს.
ამ მესრიდან, სიმბოლურად რომ ჰყოფდა ამ ორ სამყაროს – დიდ შარაგზასა და სასახლეს, პაწია ღატაკი უჩვენებდა პაწია მდიდარს თავის საკუთარ სათამაშოს, რომელსაც მდიდარი ხარბად ათვალიერებდა, როგორც არნახულ, საუცხოო ნივთს. ეს სათამაშო, რომელსაც ჩამოგლეჯილი ბიჭუნა ატრიალებდა ხელში, ხანაც ზევით ისროდა და აქეთ–იქით აქანებდა პატარა გალიით, იყო ცოცხალი ვირთხა, არც მეტი და არც ნაკლები. როგორც ჩანს, მისი მშობლები, ეკონომიის მიზნით, თავად ცხოვრებას დაესესხნენ ამ სათამაშოს.
ორივე ბავშვი შესციცინებდა ერთმანეთს, ძმური ერთობით იცინოდნენ და აჩენდნენ თანასწორად თეთრ კბილებს.