ფილოსოფია

გიგი თევზაძე -“თამაშის ფენომენოლოგია”

წიგნიდან: ”ჩვენი დრო, სფინქსი და ძენონის ისარი” – 1993.

ჩვენ არ დავიწყებთ მსჯელობას იმის დაფუძნებით, თუ რატომ ამოვარჩიეთ თამაში იმ აქტივობებს შორის, რომელიც ადამიანს (და არა მარტო ადამიანს) ახასიათებს. ეს განისაზღვრება მსჯელობის ბოლოში. ერთადერთი, რისი წარმოჩენითაც უნდა დავიწყოთ, არის ის, რომ თამაში ყოველგვარი ძალდატანებისა და სპეკულაციის გარეშე შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც გარკვეული წესი. სულ ერთია, ვის ან რა თამაშზე ვილაპარაკებთ. ყველა თამაშს აქვს ერთი საერთო: რაღაც წესის შესრულება მხოლოდ და მხოლოდ იმისათვის, რომ ეს წესი შესრულდეს. არანაირ თამაშს, თავისთავად განხილულს, არ აქვს რაიმე მიზანი და ორიენტირი თვითონ ამ თამაშის გარდა. ის, რომ ზოგიერთი თამაში მოგებით ან წაგებით მთავრდება, არის არა თამაშის გარეთ მდგომი რაღაც მიზანი, არამედ თამაშის დასრულების ფორმა.

თამაშის დროს მოთამაშე ჩართულია ამ თამაშში, მასში ცხოვრობს. ასე რომ, თამაში შეიძლება განვიხილოთ, როგორც არსებობის გარკვეული ფორმა; მაგრამ ეს ისეთი ფორმაა, რომელიც მხოლოდ არსებობის წესისაგან შედგება და რომელსაც ფორმა ანუ ორიენტირი ანუ მიმარების ობიექტი არ გააჩნია. ის არის არსებობის წესი ამავე არსებობის წესისათვის. ჩვენს მიერ აქამდე შემოღებული ცნებებით რომ ვთქვათ, თამაში არის რიტუალი ორიენტირის გარეშე. ე. ი. თამაში როგორც ცნობიერება არის მხოლოდ ცნობიერების შინაარსი, რიტუალის რიტუალი. ამდენად თამაშს შეიძება მეტა-რიტუალი ვუწოდოთ ანუ რიტუალი, რომელიც გასულია რიტუალის “იქით”, “გარეთ”, _ რიტუალის შესასრულებლად.

თამაში ზოგადად, რომ არ დავყოთ იგი ცალ-ცალკე კონკრეტულ თამაშებად, გულისხმობს რაღაც წესს, მრავალ რიტუალს, რომლებიც სრულდება მოთამაშეების მიერ. თამაში (ზოგადად) არის მეტა-რიტუალების ერთნაირობა, კომპლექსი.

ამ საფუძველზე შეიძლება წარმოვიდგინოთ თამაში, ერთი მხრივ, როგორც არსებობის მოდელი, ხოლო მეორე მხრივ, როგორც მომზადება არსებობისათვის. ჩვენს მიერ ზემოთავაზებული სამყაროს აღწერის საფუძველზე. ეს ორივე ასპექტი გასაგები ხდება; ცხოველისათვის (იგულისხმება ცხოველი, რომელსაც სოციუმისაგან დამოუკიდებელი ცნობიერება გააჩნია) თამაში არის მისთვის დამახასიათებელი არსებობის წესის მოდელი: ცხოველს აქვს უნარი ცვალოს თავისი არსებობის წესი, მას პოტენციურად მრავალი არსებობის წესი აქვს. თამაში _ ამის ილუსტრაციაა.

ადამიანისთვის თამაში არის მისთვით დამახასიათებელი არსებობის ხატი: როგორც ზემოთ ვაჩვენეთ, ადამიანი თავისი ცხოვრების განმავლობაში მიისწრაფვის ცვალოს თავისი არსებობის წესი (რაც თავისუფლებისაკენ სწრაფვაა), უარი თქვას არა მარტო ცნობიერების ფორმაზე, არამედ შინაარსზეც. თამაში, როგორც მეტა-რიტუალების კომპლექსი, ამის ილუსტრაციაც არის; ასე რომ, ფორმალურად, თამაშს ადამიანისათვის და ცხოველისათვის ერთი და იგივე ფუნქცია აქვს.

რაც შეეხება თამაშს, როგორ არსებობისათვის მომზადებას: ამ შემთხვევაში მეტა-რიტუალი (თამაში) უნდა განვიხილოთ როგორც რიტუალის ანუ არსებობის წესის შემოწმება. თამაშის დროს ხდება იმ რიტუალის გამეორება, რომელიც უკვე არსებობს, ხდება რიტუალების გათამაშება. ამით მოთამაშე სწავლობს რიტუალის გამოყენებას და ამოწმებს მის შესაძლებლობებს. გარდა ამისა, თამაში, როგორც სოციალური ცხოვრებისათვის მომზადება ამბობს: ნებისმიერი ურთიერთობა სოციუმში დამყარებულია გარკვეულ წესზე. ამავე წესებზე არის დამოკიდებული ადგილი, რომელიც სოციუმის წევრებს უკავიათ. თამაში, როგორც რიტუალის შემოწმება, ემსახურება სოციალური სტატუსის საფუძვლის შექმნას, ავლენს იმ უპირატესობებს თუ ნაკლოვანებებს, რომელიც ყოველი მოთამაშის არსებობის წესს ახასიათებს.

მაშასადამე, ჩვენ მივედით დებულებამდე, რომ თამაში არის მეტა-რიტუალი და მომზადება არსებობისათვის (1) და რომ თამაში არის არსებობის მოდელი იმისათვის, ვინც თამაშობს (2).

თამაში შეიძლება ახასიათებდეს მხოლოდ ისეთ არსებას, რომელსაც საკუთარი დამოუკიდებელი ცნობიერება აქვს; ანუ ისეთს, რომელსაც კონკრეტული ცნობიერების ფორმა აქვს და არა ისეთს, რომელიც თავისი არსებით მხოლოდ ცნობიერების შინაარსის ნაწილს, ერთ ასპექტს წარმოადგენს; მხოლოდ ავტონომიური ცნობიერების მქონე არსებას სჭირდება თამაში, რიტუალის მორგება, შემოწმება. მხოლოდ ასეთ არსებებს შორისაა საჭირო “შეთანხმება” მოქმედების წესზე. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ ისეთი სუბიექტისათვის, რომელიც მოზარდ ასაკში თამაშობს, თამაში არის ის ფენომენი, რომელზედაც რეალურად ეფუძნება საზოგადოება, სოციუმი. თამაშის გარეშე არ მოხდებოდა არსებობის წესის არანაირი მორგება-შემოწმება, რაც გამოიწვევდა საზოგადოების არასტაბილურობას და არასიცოცხლისუნარიანობას.

მაშასადამე, თამაში არის ის, რაც ინდივიდს ამზადებს ცნობიერების ფორმისათვის, და, საბოლოოდ, თამაში ეხმარება ცნობიერ ინდივიდს ბოლომდე ცნობიერი გახდეს.

მაგრამ ჩვენ ვხედავთ და ვიცით, რომ თამაში (მეტარიტუალური) მარტო მოზარდის თამაშით არ ამოიწურება. ჩვენ ვხედავთ, რმ თამაშს ზრდასრული ინდივიდის ცხოვრებაშიც საკმაო ადგილი უჭირავს. ასეთ შემთხვევაში თამაში უნდა იყოს დაკავშირებული ან რაიმე სოციალურ ცვლილებასთან (ცხოველის შემთხვევაში), ან ცნობიერების ფორმის დავიწყებისაკენ სწრაფვასთან (ადამიანის შემთხვევაში); ანუ, ზრდასრული ინდივიდი თამაშობს სოციალურ სტრესთან (ყველაზე ფართო აზრით) კავშირში.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მეტა-რიტუალის მიზეზი არის სულ ორი: თამაში, რომელიც ამზადებს ინდივიდს სრულყოფილი არსებობისათვის (1) და მეტა-რიტუალი, რომელიც ხდება სოციალური სტრესისაგან განსატვირთავად ანუ როდესაც ხდება რიტუალს “იქით” გასვლა, რათა თავი აარიდონ ამ რიტუალის შესაბამის მეტა-სამყაროს, ანუ თამაში გამოიყენება ცნობიერების არსებული ფორმისაგან თავის დასაღწევად (2).

ეს ორივე მოტივი შეიძლება ერთზე იყოს დაყვანილი. როგორც ვნახეთ, თამაშის ორივე ფორმა მიმართულია ცნობიერების ფორმაზე (I მიზეზი იმიტომ, რომ მხოლოდ არსებობის წესის ანუ ცნობიერების შინაარსის ჩამოყალიბების შემდეგ შეიძლება შემუშავდეს ცნობიერების ფორმა). ამ საფუძველზე შეიძლება ითქვას, რომ თამაშის მიზეზი, მიზანი არის მიმართების, ან დადებითი მიმართების შემუშავება სოციუმთან: _ I მიზეზის (მიზნის) მიხედვით, არ არსებობს არანაირი მიმართება და თამაში მოწოდებულია ამ მიმართების შესაქმნელად. II მიზნის მიხედვით _ არსებობს უარყოფითი მიმართება და თამაში მოწოდებულია მის დადებითად გარდასაქმნელად.

რაც უფრო იზრდება საზოგადოებაში მეტა-რიტუალების რაოდენობა, მით უფრო მოწოდებულია საზოგადროება თამაშად აღიქვას ყოველდღიური მოქმედებები, მით უფრო იკლებს ცნობიერების ფორმის რადიკალური შეცვლის შესაძლებლობა.

ომები და უბედურებები სწორედ ცნობიერების ყოველ ახალ ფორმასთან ერთად მძაფრდება. სწორედ თამაშების ანუ მეტა-რიტუალების გამო მცირდება ცნობიერების ფორმის (მეტა-სამყაროს) ჰიპერბოლიზაციის, მისით უკმაყოფილების და მისი შეცვლისაკენ სწრაფვის იმპულსი. თამაში ბევრად უკეთესად ასრულებს რევოლუციიის (ე. ი. განმანთავისუფლებლის) როლს, ვიდრე თვითონ რევოლუცია. თამაში ან ათავისუფლებს ადამიანს ცნობიერების ფორმისაგან, ან ახალ რიტუალს უქმნის ცნობიერების ფორმას. ეს კი გამორიცხავს ფორმის ცვალებადობას, რადგან ახალი რიტუალის შექმნით იქმნება წარმოდგენა, რომ ცნობიერების შინაარსია შეცვლილი და ფორმის შეცვლის აუცილებლობა იხსნება.

აქ თამაშის კიდევ ერთი მოტივი გამოჩნდა: ცნობიერების ფორმაზე მიმართული ახალი რიტუალი. ამ შემთხვევაში თამაში, რომელსაც არაფერი საერთო არა აქვს ცნობიერების არსებულ ფორმასთან, თავისი შედეგით (მოგება-წაგებით და სხვა) მოქმედი, პრაქტიკული სუბიექტის მიერ მიემართება არსებული ცნობიერების ფორმას და მისი გამომხატველი ხდება (ე. ი. ხდება ნამდვილი, უნაკლო რიტუალი. აქ ხდება რიტუალის ანუ ცნობიერების შინაარსის ჩანაცვლება მეტა-რიტუალით ანუ ცნობიერების მეტა შინარსით). მეტა-რიტუალის ასეთი გავრცობა კი მხოლოდ ჩვენს დროში გახდა შესაძლებელი. მეცნიერება, როგორც I ნაწილში ვნახეთ, არის დროების ცვალებადობის და აქედან გამომდინარე, იმ “უბედურებათა” მიზეზი, რომელიც ჩვენს თავს ხდება. მეორე მხრივ კი, მეცნიერება, ამის საწინააღმდეგოდ, ქმნის ცნობიერების ახალი ფორმის ჩამხშობ მექანიზმს. რადგანაც მეცნიერება თავისთავად არის მეტა- ანუ ცოდნის მოპოვებაზე მიმართული. ასე რომ, სწორედ ადამიანის ყოფიერების მეცნიერულობიდან ლოგიკურად გამომდინარეობს სამყაროს მეტა-სამყაროთი, ხოლო რიტუალის მეტა-რიტუალით ჩანაცვლება. დღესდღეობით თანდათან მთელი მსოფლიო იწყებს თამაშს. თანდათან დრო აღარ რჩება ცნობიერების ახალი ფორმის შესაქმნელად. თამაში აუქმებს ამის მოთხოვნილებას.

ეს ბოლო დებულებები რომ განვმარტოთ, საჭიროა ვუპასუხოთ კითხვას: რამდენადაა შესაძლებელი ცნობიერების ახალი ფორმის წარმოშობა? ახალი ფორმის შესამუშავებლად, თუკი ჩვენს მიერვე დადგენილი, ამ ფენომენთა მიმდევრობის ლოგიკით ვიმსჯელებთ, უნდა მოხდეს ისტორიის ახალი გაგების დაზუსტება. ამ დაზუსტებაზე არაფრის თქმა არ შეიძლება, გარდა იმისა, რომ ალბათ ამის შესაძლებლობა არსებობს. შეიძლება ვთქვათ, რომ არ არსებობს ისტორიის არსებული გაგების გადალახვის შესაძლებლობა და რომ ყოველი გადალახვა უკან დაგვაბრუნებს; მაგრამ სწორედ ამ გაგების გარეთ, არა ცნობიერების ფორმაში, არამედ ცნობიერების შინაარსში არსებობს იმის წინამძღვრები, რომ ცნობიერების ფორმა აღარ შეიცვლება; ამის საფუძველია მეცნიერების ის კურსი, რომელიც მას დღეს აქვს აღებული: დაზუსტებისაკენ სწრაფვა, როგორც ვნახეთ, არის მეცნიერებისა და ახალი დროის შექმნის საფუძველი. მეორე მხრივ, დაზუსტებისკენ სწრაფვა იჭრება ადამიანის მოღვაწეობის ყველა სფეროში, მათ შორის თამაშშიც. მეტა-რიტუალის დაზუსტება კი გამოიხატება, უპირველეს ყოვლისა, მეტა-რიტუალის წესის დაზუსტებით; ამის შედეგად თამაშის წესი ისეთივე ზუსტი და განსაზღვრული ხდება, როგორც არსებობის წესი; ანუ, მეტა-რიტუალი ისეთივე ზუსტი ხდება, როგორც რიტუალი. ამდენად, თამაში ისევ ემსგავსება არსებობის წესს, იმდენად ზუსტად ბაძავს მას, რომ თანდათან შეუძლებელი ხდება მათი ერთმანეთისაგან განსხვავება. თანამედროვე ადამიანიც, რომელიც თანდათან ტოტალურად ერთვება თამაშის პროცესში და თამაშობს (თითქმის მთელი ცხოვრება) ან, რაც ასევე ტოტალურად ხდება, ცხოვრობს ისე, თითქოს თამაშობს, თავისი არსებობით თანდათან ემსგავსება იმ არსებობას, რომელიც ჩვენ აღვწერეთ, როგორც მაღალორგანიზებული ცხოველისათვის დამახასიათებელი; ოღონდ მხოლოდ ემსგავსება და არ ხდება ადეკვატური: ასეთი ცხოვრება გულისხმობს, რომ ყოველ კონკრეტულ ადამიანს აქვს შესაძლებლობა თავისი ცხოვრების განმავლობაში მაქსიმალურად ცვალოს არსებობის წესები, ხოლო ცხოველს ეს შესაძლებლობა აქვს, როგორც გვარს.

ადამიანი, მეტა-რიტუალების მონაცვლეობით, ისე, რომ უკვე შეუძლებელი ხდება არსებობის წესის და თამაშის განსხვავება (ორივე რიტუალია), აღწევს არსებობას, რომელსაც აღარ ჭირდება ცნობიერების ფორმის ცვალებადობა. ის არსებული ცნობიერების ფორმის ფარგლებში იცვლის თამაშებს, _ მეტა-რიტუალების მონაცვლეობით, ისე, რომ უკვე შეუძლებელი ხდება არსებობის წესის და თამაშის განსხვავება (ორივე რიტუალია), აღწევს არსებობას, რომელსაც აღარ ჭირდება ცნობიერების ფორმის ცვალებადობა. ის არსებული ცნობიერების ფორმის ფარგლებში იცვლის თამაშებს, _ მეტა-რიტუალებს, ყოველთვის სხვანაირად თამაშობს და ამ შეცვლებს უსაბამებს ცნობიერების ფორმას. აქ უკვე აშკარაა, რომ ცხოველის არსებობის წესთან მხოლოდ ზედაპირული მსგავსებაა, განსხვავება კი კვლავ ძირეულია _ ადამიანის ცნობიერების ფორმა უცვლელი რჩება და იცვლება მხოლოდ ცნობიერების შინაარსი. აქ კვლავ ძალაში რჩება ადამიანის ის განსაზღვრება, რომელიც ოიდიპოსის და სფინქსის დიალოგით ჩამოყალიბდა; მაქსიმალური, რადიკალური ცვალებადობა. ოღონდ აქ ცვლას მეტა-რიტუალები იწყებენ. ადამიანის ცვალებადობის ამ ახალ განზომილებაში საინტერესოდ გარდაისახება თავისუფლების პრობლემა: როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავისუფლება ცნობიერების ფორმისა და შინაარსის უარყოფისკენ მიმართულობაში მდგომარეობს. ამ შემთხვევაში, როდესაც ცნობიერების შინაარსის ადგილს თამაში იკავებს, ხოლო ცნობიერების ფორმა უცვლელია, საკითხი შემდეგნაირად წარმოჩნდება: ცნობიერების ფორმა უარყოფილია მეტა-რიტუალით, როგორც მხოლოდ თავის თავზე მიმართულით. მეორე მხრივ, თამაში, როგორც ცნობიერების “არანამდვილი”, მეტა-შინაარსი, ამ უკანასკნელის უარყოფაცაა; მაგრამ როგორც ის მეტა-რიტუალი იკავებს რიტუალის ადგილს, ის იმავწამს ხდება არსებული ცნობიერების ფორმის _ მეტა-სამყაროს შესაბამისი. _ თავისუფლება კვლავ უქმდება. აქაც ჩანს, რომ თავისუფლება წამიერია და მოუხელთებელი. ასეთ ფონზე თავისუფლება მოიპოვება მეტა-რიტუალის ანუ არსებობის იმ წესის, რომელიც თანამედროვე ადამიანის ახასიათებს, მარადიული უარყოფით კვლავ მეტა-რიტუალითვე. აქ შეიძლება შეგვექმნეს წარმოდგენა, რომ მიღწეულია თავისუფლების მოპოვების “ადვილი” მდგომარეობა; მაგრამ ეს ასე არ არის: ადამიანის არსებობის ამ პერიოდში განთავისუფლების პროცესი ისეთივე რთულია, როგორ ნებისმიერ სხვა დროში; თანაც ეს მდგომარეობა ჯერ მიღწეული არ არის, თუნდაც იმის გამო, რომ თანამედროვე კაცობრიობის დიდი ნაწილი მხოლოდ შედის ცნობიერების იმ ფორმაში, რომელიც ისტორის ნიშნითაა დაბეჭდილი და რომელიც საფუძვლად უდევს ჩვენს მიერ ამ თავში აღწერილ მდგომარეობას. რეალურად, ცნობიერების ეს ფორმა ჯერ ტოტალურად არ არის. ასევე, მეცნიერების და ეკონომიკის განვითარებაც ჯერ არ არის ისეთ დონეზე, რომ თამაშის გატოტალურება გამოიწვიოს; ჯერჯერობით ამის მხოლოდ ჩანასახები არსებობს და კიდევ: რაც უფრო ზუსტი და დამუშავებულია თამაშის წესი, მით უფრო ძნელია მასზე უარის თქმა და ახალი თამაშის დაწყება. რაც უფრო ზუსტია თამაშის წესი, მით უფრო არის ის ცნობიერების შინაარსი, რიტუალი, მით უფრო კარგად ესაბამება ის ცნობიერების არსებულ, ჩვენეულ ფორმას და მით უფრო შეუძლებელი და მოუაზრებელი ხდება მასზე უარის თქმა. როდესაც მოხდება ცნობიერების ჩვენეული ფორმის გატოტალურება და ამასთან ერთად, თამაში ტოტალურად გარდაიქმნება არსებობის წესად (ჯერჯერობით ეს საკმაოდ შორეული, თუმცა უკვე შესამჩნევი მდგომარებაა), შეიცვლება ადამიანის მუნ-ყოფიერებაც. მუნ-ყოფიერება შეიცვლება არა პრინციპულად: რადიკალური ცვალებადობა მისი მახასიათებელი კვლავ იქნება. შეიცვლება მისი მდგომარეობა ანუ მისი ცნობიერების ფორმა (მეტა-სამყარო) უცვლელი გახდება.

თანამედროვე ადამიანის ცნობიერების სტრუქტურა შემდეგი ხდება; მეტა-შინაარსი _ მეტა-ფორმა ანუ მეტა-რიტუალი _ მეტა-სამყარო. მეტა-რიტუალი ცვალებადია, მეტა-სამყარო _ უცვლელი. ეს, უპირველეს ყოვლისა, ნიშნავს, რომ ცნობიერება თავის თავში ხდება თავისი თავის ტოლი და იქცევა მეტა-ცნობიერებად; ანუ ის ხდება მეტა-ყოფიერება, ე. ი. განეყენება არსებობას, ყოფნას, სცილდება მას. ყოფიერების გარეთ გადის. რით დაგვირგვინდება ყოფიერებასთან ეს განშორება _ ადამიანის ცნობიერების მოსპობით, თუ ყოფიერებასთან დაშორება მარადიული იქნება, ეს ჩვენი გაგების საზღვრებს მიღმაა დარჩენილი და არც არის საინტერესო. ამით ჩვენ ვიპოვეთ ის რეალური შინაარსი, რომელმაც ძენონისეული ფორმალური განსაზღვრება შეავსო და ხელშესახები გახადა.

მაშასადამე, ცნობიერება, ისევე როგორც თავისუფლება, დგინდება როგორც ნეგაცია და, მაშასადამე, იდენტურია თავისუფლების. ასეთ შემთხვევაში გერმანული კლასიკური ფილოსოფიის, კერძოდ კანტის და ფიხტეს შემოთავაზებული სქემა _ კაცობრიობა, როგორც საზოგადოება, მიისწრაფვის თავისუფლებისაკენ _ რეალურ საფუძველს იძენს და ნიშნავს, რომ ადამიანის ცნობიერება მიისწრაფვის თავისი თავის უარყოფისაკენ. მაშასადამე, ცნობიერების “მდგომარეობა” განისაზღვრა როგორც თავისუფლება. აქაც გამოვლინდა ის წინააღმდეგობრიობა, რომელიც ადამიანის სამყაროს ახასიათებს; თავისუფლება, რომლის განსაზღვრება დაიწყო, როგორ ადამიანის განსაკუთრებული ძალისხმევის, დაემთხვა ცნობიერებას (როგორც ზმნას).

ცნობიერების მეტა-ცნობიერებად გადაქცევა არც სიწყნარეს და უომრობას ნიშნავს _ შეიძლება კატაკლიზმი გამოიწვიოს თამაშის ანუ მეტა-რიტუალის ერთმანეთისათვის თავზე მოხვევის სურვილმა, რაც ასევე თამაშად იქნება აღქმული. მთავარი ის არის, რომ “კაცობრიობის” ყოველი შემდეგ ნაბიჯი იქნება არსებობის, ყოფიერების ან სრული უარყოფა, ან მასთან თანდათანობით დაშორება. “პარადოქსული” ის არის, რომ ამ დაშორებას (ანუ უარყოფას) მივყავართ თავისუფლებასთან ანუ იმ იდეალთან, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ეტრფოდნენ კაცობრიობის საუკეთესო წარმომადგენლები.

ძენონის მიერ გასროლილი ისარი მიზანს მიუახლოვდა. ჩვენ შეგვექმნა შთაბეჭდილება, რომ მეტა-სამყაროების ცვალებადობა მარადიული იქნებოდა და რომ ყოველ მეტა-სამყაროს ახალი მეტა-სამყარო შეცვლიდა. ეს ასეც უნდა ყოფილიყო ლოგიკის, აზროვნების მიხედვით. თუმცა, ამავე ლოგიკისა და აზროვნების მიზედვით, გასროლილი ისარი მუდმივ მოძრაობაში უნდა იყოს და მიზანში ვერასოდეს მივიდეს. ცნობიერების გაქრობა, უარყოფა, ისევე, როგორც ისრის მიზანში მოხვედრა _ “წარმოუდგენელია”; მაგრამ ადამიანი პირველს შიშით უყურებს, მეორეს კი ისე აღიქვამს, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას. ამაში კიდევ ერთხელ ვლინდება ადამიანის ცნობიერების (ყოფნის) ის წინააღმდეგობრიობა, რომელზეც ძენონმა მიგვითითა.

წყარო: http://lib.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button