ქართული გვარები

ვისი გორისა ხარ? ინასარიძეთა გვარი

ინასარიძე ეპონიმური ტიპის გვარსახელია. მის ფუძეში ფიქსირებულია წინაპრის საკუთარი სახელი. ძველ საქართველოში გავრცელებული იყო კაცის სახელები ინასა და ინასარ.

ქართულ საისტორიო წყაროებში ინასარიძეთა გვარი XIII საუკუნიდან გვხვდება. XIII საუკუნის ლაბეჭინის მონასტრისადმი შეწირულობის წიგნში იხსენიება “ინასარიძისეული გლეხი ბერმუჯისძე გაბრიელი”. ინასარიძე XIII საუკუნეში ყმის მფლობელი ყოფილა და სავარაუდოდ ლეჩხუმში ცხოვრობდა.

შემდეგი წერილობითი წყარო, რომელშიც გვარი ინასარიძე იხსენიება, XIV საუკუნის ქართული სამართლის ძეგლი “ხელმწიფის კარის გარიგებაა”, სადაც მეფის მოხელეთა შორის გვხვდება “საწოლის მწიგნობარი ინასარიძე”. ვერაფერს ვიტყვით ამ მწიგნობარი ინასარიძის სადაურობაზე. იმხანად საქართველო ერთიანი სახელმწიფო იყო ჯიქეთიდან შირვანამდე და “აფხაზთა და ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფის” კარზე გაერთიანებული სამეფოს ნებისმიერი კუთხის წარმომადგენელი შეიძლებოდა დაწინაურებულიყო.

ჩვენს ხელთ არის XIV-XV საუკუნეთა მიჯნაზე შედგენილი სვანური სამართლის ძეგლი “სასარჩელოს მიღების დაწერილი” აზნაურ ივანე სეტიელისადმი, რომელშიც იხსენიება მოურავი ინასარიანი ფურთუხუ. შესაძლებლად მიგვაჩნია იმ ვარაუდის დაშვება, რომ XIII საუკუნეში ლეჩხუმში მცხოვრები ინასარიძეები და XIV-XV საუკუნეებში სვანეთში მცხოვრები ინასარიანები ერთმანეთთან ნათესაურ კავშირში იყვნენ. ლეჩხუმი სავსეა სვანეთიდან ჩამოსახლებული გვარებით.

1463-1478 წლების იმერეთის მეფის ბაგრატ II-ის მთის წმინდა გიორგის ეკლესიისადმი ბოძებულ შეწირულობის წიგნში წერია: “…რაგვარათაც დავით აღმაშენებლისა და ძისა მისისა დიმიტრისაგან შემოწირული ყოფილიყო და ისევე ჩვენ… ახლად დაუმტკიცეთ და შემოვწირეთ მამულნი და გლეხნი სახადს აგარა… გლეხნი ჭაშლათისა ჭუნჭულასძენი, ქიშმეისძენი მათითა მიმდგომითა სამართლიანითა ასე და ამა პირსა ზედა, რომ ინასარიძეთა გვარსა ამათ ზედა არა საქმე არ ჰქონდეს”. ამ საბუთშიც ინასარიძეები ყმათა მფლობელებად ჩანან. სოფელი ჭაშლათი, ამჟამად ჭაშლეთი, ლეხუმ-იმერეთის საზღვარზე მდებარეობს.

იმერთა მეფის კარზე ჩანს 1488 წლის სიგელში მოხსენიებული აბესალომ ინასარიძე. მას სამეფო კარის სხვა მოხელეებთან ერთად დაუმოწმებია ალექსანდრე იმერთა მეფის წყალობის სიგელი, რომლითაც თავად ფალავანდიშვილებს სოფელი ოქონა ებოძათ.

1503 წლის სვანთა და ჯაფარიძეთა სასისხლო საქმის განჩინებიდან ირკვევა, რომ ინასარიძეებს, კუჭაიძეებთან, ლაშხიშვილებსა და გარაყანიძეებთან ერთად, მონაწილეობა მიუღიათ სვანებზე თავდასხმაში. ეს ის დროა, როცა თავადმა ჯაფარიძეებმა რაჭა-ლეჩხუმის თავადაზნაურობის დახმარებით სვანებს გზები შეუკრეს და სისხლის საზღაურს ედავებოდნენ.

XVII საუკუნე ინასარიძეთა გვარის აღზევების ხანაა. 1651 წლის ალექსანდრე იმერთა მეფის ერთ ფიცის წიგნში დასახელებულნი არიან მეფის უახლოესი თანამებრძოლები: ინასარიძე ქაიხოსრო, ლაშხიშვილი ხოსია და ცაგერელი ეპისკოპოსი.

1654 წელს მღვდელმონაზონი ევდემონ ინასარიძე ელჩად გააგზავნა იმერთა მეფემ რუსეთში. შორეულ მოგზაურობაში მამა ევდემონს წაუღია იანსარიძეთა საგვარეულო საძვალის ლაბეჭინის მონასტრის კუთვნილი ხელნაწერი წიგნი “თეოდორე სტოდიელის სწავლანი”. მამა ევდემონი რუსთ ხელმწიფეს დაუპატიმრებია და ჩრდილოეთში გადაუსახლებია. ამ წიგნის ერთ მინაწერში ვკითხულობთ მის სიტყვებს: “მიქელ და გაბრიელ, გვაღირსე ტაძრის თქუენის ლაბეჭინისა ხილვა და გამოგვიხსენ ტყვეობისა ამის ჩემისა. რაჟამ დავსტყვევდით ხელთაგან მოსკოვის ხელმწიფისათა, სადა არა ღამდება ზაფხული, კირილას მონასტერსა სავანესა ზღვისა პირსა”.

მამა ევდემონი რუსეთში გარდაიცვალა, ხოლო მისი წიგნი XIX საუკუნეში სპარსეთის ერთ სომხურ ეკლესიაში აღმოჩნდა, საიდანაც ვიღაც მადლიანმა ქართველმა თბილისში ჩამოიტანა და ახლა ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება.

XVII საუკუნის II ნახევარში ლეჩხუმში ინასარიძეთა ყმა-მამულის მატებასთან ერთად იქმნება ინასარიძეთა სათავადო – “საინასარიძო”. ეს ტერმინი გვხვდება 1681 წლის მარტვილის ეკლესიის ფრესკულ წარწერაში. ფრესკაზე გამოსახული ერთ-ერთი პიროვნება (ოდიშის მთავარი) იწოდება “ლეჩხუმისა და საინასარიძოს და სალიპარტიანოს პატრონად”.

სათავადო “საინასარიძო” იხსენიება ოდიშის მთავართა 1701 წლის ერთ საბუთშიც, სადაც მთავრის ტიტული შემდეგნაირად არის გადმოცემული: “ოდიშისა და სალიპარტიანოს მპყრობელი, ლეჩხუმისა და საინასარიძოს მჭირავ-მქონებელი”.

საბუთების მიხედვით, “საინასარიძო” მოიცავდა ყმა-მამულს ლეჩხუმის შემდეგ სოფლებში: ზოგიშში, ჭაულეთში, საჩხოურში, წუგნაში და სხვაგან. ხალხური გადმოცემით, ინაარიძეებს ეკუთვნოდათ რიონის ხეობის სოფლები ასკის წყლიდან იმერეთ-ლეჩხუმის საზღვრამდე. გარდა ამისა, ლეჩხუმში, ლეხიდარსა და ჯვარდამწვარს შორის რაც “სარჯულავი” და სხვა გამოსაღები შემოდიოდა, ორი წილი ცაგერელი ეპისკოპოსის იყო, ერთი წილი – ინასარიძეებისა. 1658 წელს ხოსია ინასარიძეს ეს ერთი წილიც ცაგერის ღვთისმშობლის ეკლესიისთვის შეუწირავს. როგორც სამშენებლო წარწერიდან ირკვევა, XVII საუკუნის 70-იან წლებში გიორგი ინასარიძეს აუშენებია ლაბეჭინის ეკლესიის ეკვდერი.

ინასარიძეების გვარი დოკუმენტურად დასტურდება ზემო ქართლშიც. XVII საუკუნის II ნახევრის ზემო ქართლის სადროშოს აღწერის დავთარში იხსენიებიან სოფელ ქინძათში მცხოვრები მესეფე გლეხები: დათუნა, ძულია, ბერიკა და გიორგი ინასარიძეები.

ინასარიძეთა ერთი ძველი ბუდე ჩანს სამცხე-ჯავახეთში. რაიმე წერილობითი წყარო ან ზეპირი გადმოცემა მესხ ინასარიძეთა ნათესაობის შესახებ ლეჩხუმ-იმერეთის ან ქართლის ინასარიძეებთან არ მოგვეპოვება.

ინასარიძეებს უცხოვრიათ კახეთშიც. 1801-1802 წლების კახეთის მოსახლეობის აღწერის მასალებში იხსენიებიან კახეთის გაღმამხარის სოფელ შაქრიანში მცხოვრები სახასო გლეხები ბერო და ივანე ინასარიძეები.

ღმერთისა და საქართველოსათვის და ბაგრატიონთა ტახტის ძლიერებისათვის ინასარიძეთა გვარის მეომრები გლეხები – კომლზე კაცად, თავადნი და აზნაურნი კი ქუდზე კაცად გამოდიოდნენ ერთიანი ქართული ლაშქრის მემარჯვენედ მიმსვლელ-მცემელთა სადროშოში, ხოლო “შემდგომად განყოფისა” – ცალკე იმერეთის სამეფო ლაშქრის შუაგულ სადროშოში, ცალკე ქართლის სამეფო ლაშქრის მემარჯვენე სადროშოში.

ამჟამად ინასარიძეები ცხოვრობენ სამცხე-ჯავახეთში, რაჭაში, ლეჩხუმში, იმერეთში, მცირე რაოდენობით – ქართლში, კახეთსა და ჰერეთში. განსაკუთრებით მრავლად არიან ახალციხის, ასპინძის, ამბროლაურისა და ცაგერის რაიონებში. საქართველოში ინასარიძეთა დიდ-პატარის, ქუდოსან-მანდილოსნის საერთო რიცხვი 2300-ს აჭარბებს.

ღმერთმა ამრავლოს გვარი ინასარიძეთა!
მოამზადა
ალექსანდრე ნაზღაიძემ

Source
http://karibche.ambebi.ge/skhvadaskhva/qarthuli-gvarebi/4145-visi-gorisa-khar.html

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button