სხვადასხვა

გრიგოლ ხანძთელის ცხოვრება – განხილვა

შრომაჲ და მოღუაწებაჲ ღირსად ცხოვრებისაჲ წმიდისა და ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისი არქიმანდრიტისაჲ, ხანძთისა და შატბერდისა აღმაშჱნებელისაჲ, და მის თანა ჴსენებაჲ მრავალთა მამათა ნეტართაჲ“ – არის ქართული ჰაგიოგრაფიული მწერლობის შედევრი, რომელიც შექმნა გიორგი მერჩულემ 951 წ., გრიგოლის გარდაცვალებიდან 90წლის შემდეგ. იგი არა მარტო მხატვრულ-სიტყვაკაზმული ლიტერატურის ბრწყინვალე თხზულებაა, რომელშიც წარმოდგენილია ქართული ეკლესიის მსახურთა მრავალფეროვანი გალერეა, არამედ VIII-IX სს. საქართველოს სახელმწიფოების და საეკლესიო სტრუქტურათა ჩამოყალიბებისა და მათი ურთიერთობათა უტყუარი მატიანეც.

გრიგოლ ხანძთელის „ცხოვრების“ დღეს არსებული ერთადერთი (XI-XIIსს..) ხელნაწერი მხოლოდ 1845 წელს გახდა ცნობილი, რომელიც იერუსალიმის საპატრიარქოს ბიბლიოთეკის ქართულ ხელნაწერთა კოლექციაში გამოავლინა ნიკო ჩუბინაშვილმა (Ier. 2). ცნობა მისი აღმოჩენის შესახებ1889 წელს დაიბეჭდა, ხოლო ქართული ტექსტი რუსული თარგმანით მხოლოდ1911 წელს გამოსცა ნიკო მარმა. ამ თხზულებას ბედი ნამდვილად არ სწყალობდა:951 წლიდან, როდესაც ეს თხზულება დაიწერა, შეიძლება ვიფიქროთ, გრიგოლ ხანძთელის მრავალრიცხოვანი მოწაფეები და მოწაფეების მოწაფეები თავიანთი მოძღვრის „ცხოვრებას“ მრავალ ცალად გადაწერდნენ და ავრცელებდნენ არამარტო საქართველოს ეკლესია-მონასტრებში, არამედ საზღვარგარეთის იმ მონასტრებშიც, სადაც გრიგოლის მოწაფეები მრავლად მოღვაწეობდნენ, თუმცა ამ უამრავი ხელნაწერიდან მხოლოდ ერთადერთი ხელნაწერი გადარჩა დაღუპვას, ისიც დაწერიდან200-250 წლის შემდეგ გადაწერილი და ისიც მხოლოდ საზღვარგარეთის ქართულ კერაში და კიდევ უფრო გასაკვირია, რომ ეს თხზულება აღმოჩენიდან მხოლოდ 66წლის შემდეგ გამოქვეყნდა.

გრიგოლი იზრდებოდა ტფილისში, ქართლის ერისმთავრის – ნერსეს ოჯახში (რომლის მეუღლე გრიგოლის მამიდა იყო და რომელმაც იშვილა გრიგოლი, ხოლო თვით ნერსე, გრიგოლის მამობილი, ჩვენთვის კარგად ნაცნობი პირია. „ჰაბო ტფილელის წამების“ მიხედვითაც). მან, როგორც ეს მის „ცხოვრებაში“ არის ნათქვამი კარგი განათლება მიიღო – შეისწავლა „სწავლაჲ საეკლესიოჲ, სამოძღუროჲ. ქართულსა ენასა შინა ყოველი დაისწავლა და მწიგნობრობაჲცა ისწავა მრავალთა ენათაჲ … ხოლო სიბრძნეცა იგი ამის სოფლისა ფილოსოფოსთაჲ ისწავა კეთილად“ (ძეგლები, I,249-250). გრიგოლის ბავშვობა და სიყმაწვილე, უფრო მონაზვნის ცხოვრებას ჰგავდა. როდესაც აღმზრდელებმა და მშობლებმა მისი მღვდლად კურთხევა მოინდომეს, შეშინებულმა თქვა: „და აწ პატივს ვხედავ და პატიჟისაგან მეშინის“, თუმცა დაემორჩილა მათ ნებას, მაგრამ როცა მისი ეპისკოპოსად კურთხევა გადაწყვიტეს, „ჴორციელ დიდებას“ გაერიდა და „რაჲთა უქმთა მათ უდაბნოთა შინა გამობრწყინდეს სანთელი ესე დაუვსებელი,“ დედაქალაქიდან სამ თანამოაზრესთან ერთად „განიზრახა ფარულად სივლტოლაჲ“ კლარჯეთის უდაბნოში, რათა გამხდარიყო „კლარჯეთის დიდებულთა უდაბნოთა ქალაქმყოფელი“.

აქედან იწყება გრიგოლის აღმშენებლობითი მოღვაწეობა ხანძთაში და ამიტომ დაიმკვიდრა მან „გრიგოლ ხანძთელის“ სახელი. გიორგი მერჩულე გრიგოლ ხანძთელს უსადაგებს დახასიათებას, რომელიც დაიმსახურეს მონაზვნობის გამორჩეულმა მოღვაწეებმა (მაგ. საბა განწმენდილმა და სხვა): „ზეცისა კაცი და მიწისა ანგელოზი“, რომელიც გამოხატავს მის სულიერ სისპეტაკეს, მიწიერი ვნებების დათრგუნვას, თავისი სამაგალითო ღვაწლით ღმერთთან მიახლოების გზას და წარმოგვიდგენს მონაზვნობის ეტალონს.
გრიგოლის „ცხოვრების“ შინაარსი გადმოცემულია სადა, მარტივი ენით. თხზულება გამოირჩევა გამოყენებული წყაროების სიუხვით, სიუჟეტის რეალისტური და დრამატული განვითარებით, მხატვრულად დახვეწილი სახეებით, საინტერესო ეპიზოდების სიმრავლით, სასწაულების სიუჟეტურ თხრობაში ოსტატურად ჩართვის მაგალითებით, ადამიანური სისუსტეების შემცველი ეპიზოდების იდეოლოგიური მრწამსის გამოხატვისათვის გამოყენებით, ბუნების სურათების აღწერის სიუხვით და რიტორიკულ- მჭევრმეტყველების ნიმუშებით.

„გრიგოლ ხანძთელის „ცხოვრების“ დიდტანიან თხზულებაში, როგორც სათაურიდანვე ჩანს, აღწერილია არამარტო გრიგოლის, არამედ „მის თანა მრავალთა მამათა ნეტართა“ ცხოვრებაც, ვინც მონაწილეობდა გრიგოლის მიერ წამოწყებულ გრანდიოზულ საქმიანობაში VIII-IX საუკუნეებში ტაო-კლარჯეთში ეკლესია მონასტერთა მშენებლობისა და მკაცრად ორგანიზებული სამონასტრო ცხოვრების დამკვიდრების საქმეში. „ცხოვრების“ ავტორი ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა მღვდელ-მონაზონთა და ერისკაცთა აუცილებელი ურთიერთდამოკიდებულება, მაგ: დიდებული ერისკაცი გაბრიელ დაფანჩული მიმართავს გრიგოლს: „აწ ჩუენ თანა არს ჴორციელი კეთილი და თქუენ თანა არს სულიერი კეთილი და ესე შევზავნეთ ურთიერთას“ (ძეგლ, I, გვ. 260). გრიგოლი მონაზვნობის აპოლოგეტია და ხაზს უსვამს მის უპირატესობას არამარტო სამრევლო (თეთრი) სამღვდელოებასთან შედარებით, არამედ მოწამეთა ღვაწლთან შედარებითაც, რადგან ავტორის სიტყვებით მონაზვნები „თანაზიარ იქმნებოდეს პირველთა მათ მართალთა და მონაწილე წმიდათა მოწამეთა და უფროჲს მათსა, რამეთუ მარტჳლნი ერთსა ხოლო შინა ჟამსა იწამნეს, ხოლო ესე ყოველსა ჟამსა იწამებოდეს სახელისათჳს ქრისტესისა“ (იქვე, გვ. 257). „ცხოვრებაში“ ხაზგასმულია ეკლესიისა და სახელმწიფოს პოლიტიკური მთლიანობის საკითხი: „ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაჲ ყოველი აღესრულების…“ (იქვე, გვ.290)

გრიგოლ ხანძთელმა, რომელმაც უმაღლეს ფეოდალურ ოჯახში მრავალმხრივი განათლება მიიღო, კარგად იცოდა მწიგნობრობის ფასი ადამიანის სულიერი აღზრდისათვის. ამიტომ იყო, რომ გრიგოლისა და მისი მოწაფეების მიერ დაარსებული ტაო-კლარჯეთის მრავალრიცხოვანი ეკლესია-მონასტრები იქცა მწიგნობრობისა და ლიტერატურული საქმიანობის კერებად, სულიერი საგანძურის შექმნის ცენტრებად. მართალია, ჩვენამდე ხელნაწერთა მხოლოდ მცირე ნაწილმა მოაღწია, მაგრამ თითოეული მათგანი ქართული კულტურის ფასდაუდებელი განძია. იშვიათად შეხვდებით ჰაგიოგრაფიულ თხზულებას, რომელშიც ამდენი სასულიერო და საერო პირის ღვაწლი იყოს წარმოჩენილი. თითოეულ მათგანთან ტაო-კლარჯეთის სამონასტრო მშენებლობის და საქმიანობის გარკვეული ეტაპი არის დაკავშირებული: საერო პირთაგან მეფე-დიდებულები, რომლებმაც მატერიალური საფუძველი შეუქმნეს გრიგოლის მიერ წამოწყებულ სამონასტრო მშენებლობის მთელ ქსელს, ხოლო სასულიერო პირთაგან ის მღვდელმთავრები, მღვდლები და მონაზვნები, რომლებიც ამ მონასტრებში მოღვაწეობდნენ. მრავალი მათგანი „დიდი“-ს ზედწოდებით მოიხსენიება, რაც მათ განსაკუთრებულ ღვაწლზე მიუთითებს. თითქმის ყველა მათგანი გრიგოლის მოწაფე იყო. მათ რიგში ცნობილი საეკლესიო მწერლებიც, რომლებიც, როგორც გიორგი მერჩულე ამბობს: „ჯერ-იყო დაწერაჲ ვიდრე ნათესავითი-ნათესავადმდე უკუნისამდე მოთხრობად ყოველთა“ გრიგოლის ღვაწლის შესახებ და რადგან მათ ეს არ შეასრულეს, თავმდაბლობა გამოიჩინეს და დუმილი არჩიეს („ბრძნად მეტყველებაჲ ვეცხლი არს წმიდაჲ, ხოლო დუმილი ოქროჲ რჩეული“). გიორგი მერჩულე იძულებული იყო აღეწერა ამ დიდი პიროვნების „ცხოვრება“ მისი გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ, რადგან: „ნაკლულევანებაჲ ჩემი არა მიფლობს დუმილად და ზოგს – რაჲმე უმჯობესად შემირაცხიეს, რაჲთა ვიტყოდი ღირსად ცხორებისა ღმერთშემოსილთა კაცთასა, ნეტარისა მამისა ჩუენისა გრიგოლისა და მოყუასთა და მოწაფეთა მისთასა მადლითა და შეწევნითა ღმრთისაჲთა …“ (ძეგლები, I, გვ. 248).

ერთი სიტყვით, გიორგი მერჩულემ ნათლად დაგვიხატა გრიგოლ ხანძთელის ღვაწლის მთავარი მიზანი: საქართველოს ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის საფუძვლების ისე განმტკიცება, რომ მას შეძლებოდა პოლიტიკურად შესუსტებული ქვეყნის (არაბთა მრავალწლიანი ბატონობის შემდეგ) სულიერი წინამძღოლი ყოფილიყო და ერთიანი ეროვნული ეკლესიის შესაბამისად, ერთიანი ეროვნული სახელმწიფოს ჩამოყალიბებაში ქართულ ეკლესიას გადამწყვეტი როლი შეესრულებინა. თხზულება გამოხატავს იდეას, რომ უმაღლეს სულიერებამდე აღმოცენებული სამონასტრო ძმობა არის არამარტო სამეფო ხელისუფლების ძლიერების ქვაკუთხედი, არამედ მისთვის ზნეობისა და სამართლიანობის მასწავლებელი და მათ საქმეებზე ღმერთთან შუამავალი. მართალია, ეკლესია ფორმალურად არ ერევა სახელმწიფოებრივ საქმეებში, მხოლოდ მისი ეთიკური და ზნეობრივი საფუძვლების კონტროლს სჯერდება, მაგრამ მაინც იგრძნობა ეკლესიის უპირატესობის მომენტი („დიდებულო მეუფეო, შენ ქუეყანისა ჴელმწიფე ხარ, ხოლო ქრისტე ზეცისა და ქუეყანისა და ქუესკნელთაჲ“…).

Source
allgeo.org

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button