კინემატოგრაფია

ნატა მურვანიძე – დრო მხოლოდ მაშინ არის ძვირფასი, როდესაც შენს ცხოვრებას ფასი აქვს

რადიო თავისუფლების „ინტერაქტიული დიალოგის“ სტუმარია მსახიობი ნატა მურვანიძე.

ინტერვიუ მიჰყავდა ია ანთაძეს

წარმატებულად მიგაჩნიათ თუ არა თქვენ მიერ შესრულებული როლი ფილმში „ჯაყოს ხიზნები”? ზოგადად, ფილმზე რას იტყოდით?

მსახიობი, ხშირ შემთხვევაში, ინსტრუმენტია რეჟისორის ხელში. უფრო სწორად საშუალება, რომლითაც მაყურებლამდე სათქმელი მიაქვს. ის რეჟისორის არჩევანია. ხან კარგი, ხან ცუდი. აქედან გამომდინარე, წარმატებული იყო თუ არა მარგოს როლი, მე მგონი ფილმის რეჟისორს ან საკუთარ თავს უნდა ჰკითხოთ, რადგან ის თქვენთვის გაკეთდა. პასუხიც მგონი მარტივია: ჰო, ან არა. რაც შეეხება ზოგადად ფილმს, ეს არის ვერსია, რომელსაც არსებობის უფლება აქვს. მე, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მხოლოდ პროცესი მეხება. მასალა, რომელზედაც ვმუშაობდით ძალიან საინტერესო იყო.

დღევანდელ საქართველოში წარმატებას რამდენად განაპირობებს პროფესიონალის თანმხლები ტრადიციული ოჯახი და საზოგადოების დამოკიდებულება ამ ოჯახის მიმართ?

არ ვიცი… მე მგონი საწყის ეტაპზე უფრო მარტივია, რადგან ინტერესი და ყურადრება მეტია, თუმცა მოლოდინის გამართლება ძალიან რთულია. ბევრად რთული ვიდრე ჩვეულებრივ შემთხვევაში. თავიდან გამადიდებელი შუშის ქვეშ ხარ, შემდეგ კი დიდი შანსია რომ ეს შუშა გადატრიალდეს.

რამდენად დიდ როლს ასრულებს წარმატების მიღწევაში ე.წ. მეექვსე გრძნობა, შესაძლებელია თუ არა, იგი დიდი შრომის ფასად ნებისმიერმა გამოიმუშაოს?

ცდა ბედის მონახევრეა

არის თუ არა შრომისმოყვარეობა და მიზანდასახულობა თანდაყოლილი ნიჭი?

მე მგონი არის. ყოველ შემთხვევაში ამ ორი კომპონენტის გარეშე ნიჭს სძინავს. ჩემი შვილი 6 წლის იყო, როცა ერთ რეჟისორზე სთქვა ნიჭიერიაო. გამეცინა, ვიფიქრე სადღაც მოისმინა და გაიმეორა მეთქი. მერე ჩემი ჭკუით ჩამჭრელი კითვა დავუსვი, ნიჭი რა არის მეთქი? ცოტა ხანს დაფიქრდა და მიპასუხა: როცა ბევრი გაქვს და არ შეგიძლია რომ არ აკეთო!

რომელი როლის შემდეგ იგრძნო ქალბატონმა ნატამ სიამაყე საკუთარი სამსახიობო შესაძლებლობის გამო?

საბედნიეროდ მსგავსი რამ ჯერ არ მიგრძვნია. თუ ვიგრძენი, ეს ალბათ დასასრულის დასაწყისი იქნება. თან არა მარტო როგორც მსახიობის.

მიგაჩნიაათ თუ არა, რომ ხელოვანი, რომელიც თავისი საქმიანობის პარალელურად აქტიურად ერევა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში (თუნდაც მხოლოდ სატელევიზიო თუ საგაზათო კომენტარებით შემოიფარგლებოდეს, მაგრამ ხშირად აკეთებდეს ამას) კარგავს უძვირფასეს დროს?

არა მგონია საგაზეთო და სატელევიზიო კომენტარებით ქვეყნის პოლიტიკურ პროცესში ერეოდე. ეს აზრის გამოხატვის თავისუფლება უფრო მგონია. ხელოვანი ადამიანია, რამდენადაც უცნაურად არ უნდა ჟღერდეს. ჩემი აზრით დრო მხოლოდ მაშინ არის ძვირფასი, როდესაც შენს ცხოვრებას ფასი აქვს.

თქვენ მიერ განსახიერებული კონოპერსონაჟებიდან, რომელია ყველაზე ახლოს თქვენს ხასიათთან?

კინოპერსონაჟებიდან არცერთი. თეატრში ალბათ ანტიგონე, თუმცა რა თქმა უნდა მხოლოდ ახლოსაა…

კინოში უფრო უკეთ ახერხებთ სამსახიობო შესაძლებლობათა რეალიზებას, თუ თეატრში?

რეჟისორს და მასალას გააჩნია.

უკანასკნელი ათი წლის მანძილზე ქართული კონოშემოქმედება უკუსვლას განიცდის, თუ – პირიქით?

ბევრს იღებენ. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ბევრ კარგს გადაიღებენ.

წყარო: http://www.radiotavisupleba.ge

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button