დეტექტივიმოთხრობა

აგათა კრისტი – ყალბი მარგალიტები

შაბათ საღამოს მე და პუარო „გრანდ-მეტროპოლიტენში“ ვსადილობდით. დასვენების დღეების გასატარებლად ბრაიტონში ჩამოვედით. აქ კი მთელ მაღალ საზოგადოებას მოეყარა თავი. ტანსაცმლის და სამკაულების ნამდვილი გამოფენა იყო.

– აი, სანახაობა! – ჩაილაპარაკა პუარომ, – გეგონება აქ თავი მხოლოდ სპეკულანტებმა მოიყარეს, რომლებმაც ქონება სამხედრო გადაზიდვებით დააგროვეს. აი, იმ ქალს შეხედეთ, ჰასტინგს, სვეტის გვერდით რომ დგას. სამკაულებით ისეა მორთული, საახალწლო ნაძვის ხე გეგონება.

– ეს ხომ მისის ოპალზენია! – წამოვიძახე მე, – მისი ქმარი ბირჟის მდიდარი მაკლერია.

სადილის შემდეგ ოპალზენების ოჯახს ჰოლში შევხვდით. ცოტა ხანში, საუბარი, ბუნებრივია, შეეხო ძვირფასეულობას.

– მე ერთი მარგალიტის ყელსაბამი მაქვს, – თქვა ქალმა, – მას საოცარი ისტორია აქვს… თუ გსურთ, გაჩვენებთ.

ქალი პუაროს პასუხს არც კი დაელოდა, ისე გაემართა თავისი ნომრისკენ. თუმცა, ჩვენ მის დაბრუნებას ამაოდ ველოდით. ცოტა ხანში, პუაროს მისის ოპალზენთან უხმეს. ოპალზენების აპარტამენტი მეორე სართულზე იყო. იქ რომ ავედით, თვალწინ უცნაური სურათი გადაიშალა. დიდ სავარძელში გაშოტილი მისის ოპალზენი მწარედ ტიროდა. გაბრაზებული მისტერ ოპალზენი ოთახში წინ და უკან დადიოდა. იქვე იყო ორი პოლიციელი. ბუხართან გაფითრებული და შეშინებული მოახლე იდგა. მის პირდაპირ, მისის ოპალზენის ფრანგი მოსამსახურე ბღაოდა… ამ ქაოსში პუარომ გაღიმებული სახით შეაბიჯა. მისის ოპალზენი მისი კომპლექციისთვის უჩვეულო სისხარტით წამოხტა და პუაროს ეცა:

– თუ თქვენ ვერ დამიბრუნებთ ჩემს მარგალიტებს, მაშინ ამას ვერავინ გააკეთებს.

პუარომ ქალის დამშვიდება სცადა და მომხდარის მოყოლა სთხოვა.

– ზევით რომ ამოვედი, – დაიწყო მისის ოპალზენმა, – ოთახში სასტუმროს მოახლე და სელესტინა

– ჩემი მოსამსახურე, დამხვდნენ. სელესტინას ვთხოვე, მოახლე ოთახში მარტო არასდროს დაეტოვებინა. ახლაც ერთად იყვნენ. ტუალეტის მაგიდის ზედა უჯრა გამოვაღე და ზარდახშა ამოვიღე. ყველაფერი თავის ადგილზე იყო, მხოლოდ მარგალიტის ყელსაბამი დაიკარგა!

– ბოლოს როდის ნახეთ ყელსაბამი? – ჰკითხა ინსპექტორმა.

– სადილზე ჩასვლის წინ. დიდხანს ვყოყმანობდი, რა გამეკეთებინა, მარგალიტები, თუ ზურმუხტები.

– ესე იგი, როდესაც თქვენ სადილზე ჩახვედით, ძვირფასეულობა ჯერ კიდევ აქ იყო. ხოლო თქვენს მოსამსახურეს მას შემდეგ ოთახი არ დაუტოვებია?

მოულოდნელად, სელესტინა თავისი მდგომარეობის სიმძიმეს მიხვდა, პუაროს ეცა და ფრანგულად მიაყარა:

– ისინი ფიქრობენ, რომ მადამი მე გავძარცვე! ყველამ იცის, რომ პოლიციელები სულელები არიან! მაგრამ თქვენ, მესიე, როგორც ფრანგი…

– ბელგიელი, – გაუსწორა პუარომ, რისთვისაც სელესტინას ყურადღება არც მიუქცევია. იგი დარწმუნებული იყო, რომ ყელსაბამი მოახლემ მოიპარა და მის გაჩხრეკას ითხოვდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს სიტყვები სწრაფად და თანაც, ფრანგულად იყო ნათქვამი, მოახლე თანდათან მიხვდა, რაშიც იყო საქმე და გაცეცხლდა.

– თუ ეს ვიღაც უცხოელი ამტკიცებს, რომ მძივები მე ავიღე, ეს ტყუილია. ეტყობა, თავად მოიპარა და მე მაბრალებს. ოთახში მხოლოდ სამი წუთით შემოვედი, ეს კი მთელი ეს დრო აქ იჯდა, როგორც კატა თაგვის სოროს წინ.

– თქვენ მართლა არ გასულხართ ოთახიდან? – ჰკითხა სელესტინას ინსპექტორმა.

– ოთახი არ დამიტოვებია, – უხალისოდ აღიარა სელესტინამ, – მაგრამ ორჯერ მომიხდა ჩემს ოთახში გასვლა: ერთხელ იმისთვის, რომ საქსოვი ძაფი მომეტანა და მეორედ მაკრატლისთვის. მას შეეძლო, ამით ესარგებლა.

– შენ მხოლოდ ერთი წუთით გახვედი, – ბრაზიანად წარმოთქვა მოახლემ, – გახვედი და მაშინვე დაბრუნდი. მოხარული ვიქნები, თუ გამჩხრეკენ. არაფრის მეშინია!

ვიდრე მოახლეს სპეციალურად გამოძახებული ქალი-პოლიციელი მეორე ოთახში ჩხრეკდა, მე აპარტამენტის ნახაზს ვადგენდი.

– სად გადის ეს კარი? – იკითხა პუარომ და ფანჯრის გვერდით, კარზე მიუთითა.

– სხვა აპარტამენტში, – უპასუხა ინსპექტორმა, – ის ურდულით იკეტება.

პუარო კართან მივიდა, ურდული გასწია, სახელურს დააწვა და გაღება სცადა. კარი არ დაემორჩილა.

– ეს იმას ნიშნავს, რომ ის მეორე მხრიდანაც ურდულითაა დაკეტილი, – შენიშნა მან. შემდეგ ფანჯრებს ჩამოუარა, – არც ერთი აივანი არაა.

ამ დროს მოახლეც გამოიყვანეს. პოლიციელმა, რომელმაც ის გაჩხრიკა, განაცხადა, რომ ვერაფერი იპოვა. ახლა სელესტინა გაიყვანეს მეორე ოთახში. შედეგი იგივე აღმოჩნდა. ინსპექტორმა ოთახების გაჩხრეკა გადაწყვიტა.

– დარწმუნებული ვარ, ყელსაბამი სადღაც აქაა, – თქვა ინსპექტორმა, – ქურდს არ ჰქონდა იმის დრო, ის აქედან გაეტანა. თქვენმა მოულოდნელმა დაბრუნებამ, მისის ოპალზენ, მისი გეგმა არია. ყელსაბამი ან სელესტინამ მოიპარა, ან მოახლემ. თუმცა, მოახლე ნაკლებ სავარაუდოა.

– თითქმის გამორიცხულია, – დაეთანხმა პუარო, – ის დრო, რაც სელესტინას ძაფის, ან მაკრატლის მოსატანად დასჭირდა, მოახლეს ყელსაბამის მოსაპარავად არ ეყოფოდა. თუმცა, მოდი, ექსპერიმენტი ჩავატაროთ.

პუარომ სელესტინას თავის ოთახში გასვლა და ძაფის მოტანა სთხოვა. მე დრო დავინიშნე. მოსამსახურეს ამისთვის 15 წამი დასჭირდა. შემდეგ პუარომ, რაც შეეძლო სწრაფად გამოაღო უჯრა, დაკეტილი ზარდახშა გასაღებით გახსნა, მერე ისევ გასაღებით ჩაკეტა და უკან, უჯრაში დააბრუნა. ამ მოქმედებას 41 წამი დასჭირდა. ცხადი იყო, მოახლე სელესტინას არყოფნაში, ამ ოპერაციას ვერ განახორციელებდა.

ინსპექტორი ოთახების ჩხრეკას შეუდგა და ყველაფერი გადააქოთა. ბოლოს სელესტინას საძინებელში შევიდა და რამდენიმე წუთში, იქიდან გაბრწყინებული სახით დაბრუნდა. ხელში ყელსაბამი ეჭირა. მისის ოპალზენი გახარებული წამოხტა და ხელებში ეცა.

– სად იპოვეთ? – იკითხა მისტერ ოპალზენმა.

– სელესტინას საწოლში. ლეიბებს შორის. მან იქ მისი დამალვა მანამდე მოასწრო, ვიდრე მოახლე შემოვიდოდა.

– მაჩვენეთ, ქალბატონო, – თქვა პუარომ, ქალს ყელსაბამი გამოართვა, გულდასმით დაათვალიერა და უკან დაუბრუნა. შემდეგ ორივე გარეთ გამოვედით. ყველაფერი დამთავრებული იყო – ყელსაბამი ნაპოვნი, ქურდი გამოვლენილი. როდესაც დერეფანში გამოვედით, პუარო მოულოდნელად გაჩერდა.

– ძალიან მინდა, მეზობელი ოთახის დათვალიერება. სწორედ იმის, ურდულით დაკეტილი კარი რომ გადიოდა.

ნომრის კარი ღია აღმოჩნდა. ამ დიდ, ორადგილიან ნომერში არავინ ცხოვრობდა. მთელი ავეჯი მტვრის სქელი ფენით იყო დაფარული.

– დასუფთავების ხარისხი ამ სასტუმროში აშკარად მოიკოჭლებს, შენიშნა პუარომ, – უნდა დავრწმუნდე, კარი აქეთა მხრიდანაც ურდულითაა დაკეტილი, თუ არა.

– დაკეტილია, ვუთხარი მე, – მაგრამ ამას რა მნიშვნელობა აქვს, საქმე ხომ დასრულდა.

– საქმე არ დასრულებულა. გამოძიება მანამ გაგრძელდება, ვიდრე არ გავარკვევთ ყელსაბამი ვინ მოიპარა.

– როგორ თუ ვინ მოიპარა?! სელესტინამ. ყელსაბამი ხომ მის საწოლში იპოვეს!

– საიდან მოიტანეთ, რომ ყელსაბამი იპოვეს! ის ნამდვილი არაა. ეტყობა, ჩვენი ინსპექტორი ძვირფასეულობაში ცუდად ერკვევა, მალე დიდი ხმაური ატყდება.

ჩვენ ოთახი დავტოვეთ. პუარომ მოახლე მოძებნა და ჰკითხა:

– მისტერ ოპალზენის ნივთებში ასეთი ბარათი ხომ არ გინახავთ?

ამ სიტყვებთან ერთად, მან ჯიბიდან თეთრი ქაღალდისგან დამზადებული რაღაც ბარათი ამოიღო. ქალმა გამოართვა, დახედა და უპასუხა:

– არა, ასეთი ნამდვილად არ მინახავს. იქნებ ლაქიამ იცის რამე. ის ხომ მისტერ ოპალზენის ოთახში უფრო ხშირად შედიოდა.

მოახლე რომ წავიდა, პუარომ ლაქიას გამოუძახა. ლაქია მოვიდა და პუარომ მასაც იგივე ბარათი აჩვენა. არც მას ჰქონდა ნანახი ის. ლაქია გავიდა და პუარომ გამომიცხადა, ლონდონში მივდივარ, რათა მტკიცებულებები შევაგროვოო.

– მთავარი ძაფი ჩემს ხელთაა. მისის ოპალზენის ოთახში, როდესაც უჯრებს ვათვალიერებდი, ფრანგული კირი ვიპოვე, მას დურგლები იყენებენ, – მითხრა და გამიღიმა.

პუარო სასტუმროში მხოლოდ მეორე დღეს, საღამოს დაბრუნდა. როდესაც შევხვდი, ოპალზენებს ელაპარაკებოდა. სახე კი უბრწყინავდა.

– ჰასტინგს, მეგობარო! – წამოიძახა მან, როდესაც დამინახა, – მომილოცეთ, ყველაფერი ისე კარგად დასრულდა! ისინი დაკავებულები არიან.

– ვინ ისინი?

– მოახლე და ლაქია, ეშმაკმა დალახვროს! ნუთუ მას შემდეგაც ვერაფერს მიხვდით, როდესაც ფრანგული კირი ვახსენე.

– თქვენ თქვით, რომ მას დურგლები იყენებენო…

– დიახ. იმისთვის, რომ უჯრები უკეთ იღებოდეს. ის ასევე აუცილებელია მისთვის, ვისაც უნდა, უჯრა ყოველგვარი ხმაურის გარეშე გააღოს. ჩვენს შემთხვევაში, ეს ვის სჭირდებოდა? რა თქმა უნდა, მოახლეს. მომისმინეთ, ლაქია მეზობელ ნომერში დაიმალა და დაელოდა. სელესტინა რამდენიმე წამით რომ გავიდა, მოახლემ უჯრა ძალიან სწრაფად, გამოაღო, ზარდახშა ამოიღო და მეორე ოთახში კარს მიღმა გადგა. ლაქიამ ზარდახშა წინასწარ დამზადებული, გასაღების დუბლიკატით მშვიდად გახსნა, ყელსაბამი ამოიღო და ისევ დაელოდა. როდესაც სელესტინა მეორედ გავიდა, ზარდახშა მომენტალურად ადგილზე დააბრუნეს, ყალბი სამკაული კი მათ დილითვე დამალეს ფრანგი მოსამსახურის საწოლში.

– ლონდონში რატომღა წახვედით?

– თეთრი ბარათი ხომ გახსოვთ? ეს ხაფანგი იყო. ამ ბარათს სპეციალური საფარი ჰქონდა თითის ანაბეჭდისთვის. პირდაპირ სკოტლანდ-იარდში მივედი. იქ ჩვენი მეგობარი ჯეპი ვიპოვე. როგორც ვვარაუდობდი, ანაბეჭდები ორი ცნობილი აფერისტის აღმოჩნდა, რომლებიც უკვე დიდი ხანია, იძებნებიან. ჯეპი ჩემთან ერთად ჩამოვიდა. ისინი უკვე დააკავეს. ყელსაბამი ლაქიას აღმოაჩნდა.

– არადა, კარგი გეგმა ჰქონდათ, – ვთქვი მე, – სად დაუშვეს შეცდომა?

– გეტყვი. მათი გეგმა – მოახლედ და ლაქიად დაეწყოთ მუშაობა, კარგი იყო, მაგრამ საკუთარი მოვალეობის შესრულებაზე უარი არ უნდა ეთქვათ. საჭიროდ არც კი ჩათვალეს, მეზობელ ნომერში, რომელიც ცარიელი იყო, მტვერი გადაეწმინდათ. როდესაც, ლაქიამ ზარდახშა პატარა მაგიდაზე დადგა, იქ მისი კვალი დარჩა. თავიდან, დარწმუნებული არ ვიყავი მათ დანაშაულში, მაგრამ როცა ეს კვალი დავინახე, ყველა ეჭვი გამიქრა!

Related Articles

კომენტარის დამატება

Back to top button