პოეზია

გალაკტიონ ტაბიძე – შენს ცისფერ თვალებს

შენს ცისფერ თვალებს როცა შევხედავ,
უსაზღვრო სევდას მე ვამჩნევ მათში…
და ფიქრი ფიქრზე თითქო სცურავენ
უსიტყვო ტბაში, უხმო კამათში.

და ხშირად მინდა გკითხო, თუ რისთვის
ასე სასტიკად გექცევა ბედი,
რისთვის წაგართვა სპეტაკი რწმენა,
რისთვის მოგიკლა ნორჩი იმედი.

მაგრამ, როდესაც წარმომიდგება,
რომ კაეშნისთვის სიტყვა არ არის,
მე მხოლოდ გიცქერ, გიცქერ და ვწუხვარ,
ჩუმად მიმონებს დარდი სამარის.

ასე, ორ გულში ერთი ნაღველი
გაუნელებლად იწვის და იწვის,
ასე იტანჯვის ორი არსება
და ვერრა უთქვამთ ერთმანეთისთვის.

Related Articles

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Back to top button