პოეზია
გალაკტიონ ტაბიძე შრომა და მოსვენება
როს ხელს გიშლის ხეობები,
ცივი კლდე და ხმელი ნერგი, –
შენ მიდამოს ეომები
და ხმაურობ, როგორც თერგი.
და ყოველ წუთს, ყოველ მხრიდან
გამოძახილს ისმენს ხევი,
რომ სიმძიმეს მკერდით იტან
და ზეცამდე მიირხევი.
მე ვხარბდები ხმაურს ხმოვანს
მქუხარებას, წინსვლის გრძნობას,
მასში ვხედავ ყვავილოვანს
სიხარულის მუდმივობას.
ცად – ფოლადის გედებია,
ძირს ჰქუხს თერგი და რიონი,
მთვარით თითქო ედემია
საყვარელნი გარემონი!
ხომ შენია, ხომ ჩემია
ეს მდინარე და ეს მთვარე –
დიდ ზრუნვას რომ მისცემია
მშობლიური არე-მარე.
სამშობლო – თავს გვადგას დედა –
მოსვენებულთ მყუდრო ძილით,
რომ სიცოცხლით აღსავსე და
ბედნიერნი ავდგეთ დილით.